როცა შენს გულზე გულიანი ექიმი ზრუნავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა შენს გულზე გულიანი ექიმი ზრუნავს

“ოჯახის მკურნალი” შავ-თეთრი იყო, არა ისეთი მიმზიდველი, როგორიც დღეს არის, არც ვებგვერდი მკურნალი.გე არსებობდა, თორემ, ალბათ, გამოხმაურებებს ვერ დაიტევდა.

მიუხედავად ამისა, რედაქციაში ზარები არ წყდებოდა, მადლობას გვიხდიდნენ ამ საოცარი ექიმის წარმოჩენისთვის, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მადლიერი პაციენტები მისი პიროვნების მიმართ, აქებდნენ და ადიდებდნენ.

იმხანად შუნტირება და საზოგადოდ, გულ-სისხლძარღვთა რეკონსტრუქციული ოპერაციები, შედარებით ახალი ხილი იყო ქართული მედიცინისათვის, შესაბამისად, ყველა ოპერაცია დიდ რეზონანსს იწვევდა, ინფორმაცია კლინიკიდან უმალ ჟონავდა. ასე შევიტყვეთ მაშინ, რომ შვეიცარიიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა კარდიოქირურგმა, ზაზა კაციტაძემ, 18 წლის პაციენტს ურთულესი ოპერაცია წარმატებით გაუკეთა, სასიკვდილოდ განწირული ყმაწვილი სიკვდილს გადაარჩინა. მაშინ ყველა, დიდი თუ პატარა, ამაზე საუბრობდა. ჩვენც ამ საკითხის გაშუქება გადავწყვიტეთ, ერთი კვირის მანძილზე ვცდილობდი ბატონ ზაზასთან შეხვედრას ინტერვიუსთვის, ფაქტობრივად, ვდარაჯობდი კლინიკაში, “ღია გული”, რადგან ის სულ საოპერაციოში იყო.

თითქოს არაფერი შეცვლილა, ამჯერადაც იგივე განმეორდა, ყველასათვის საყვარელი და სახელოვანი ქირურგი კვლავაც საოპერაციოშია. ერთი კვირის განმავლობაში თითქმის სულ გამორთული ჰქონდა მობილური ტელეფონი, სასწრაფო-გადაუდებელი, გეგმური ოპერაციები, განსაკუთრებული შემთხვევები, ურთულესი ოპერაციები ახალგაზრდებთან, მოზრდილებთან, ხანდაზმულებთან - მისი სამუშაო კვირები მუდმივად გადატვირთულია. თუმცა ერთ საღამოს, ორი ოპერაციის შემდეგ, მაინც შევხვდით. ამჯერად - სისხლძარღვთა და გულის დაავადების ცენტრში, სადაც ბატონი ზაზა კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დირექტორის მოადგილეა. იგი კარდიოქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სამედიცინო კორპორაცია ევექსშიც. 1999-2003 წლებში მოღვაწეობდა ჯო ენის სახ. კარდიოქირურგიულ კლინიკაში, 2003-2008 წლებში იყო კარდიოქირურგიული კლინიკა “ღია გულის” კარდიოქირურგი, 2008-2015 წლებში აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხელმძღვანელობდა კარდიოქირურგიულ და კარდიოლოგიურ დეპარტამენტებს, იმავდროულად, იყო კლინიკის სამედიცინო დირექტორიც.

ზაზა კაციტაძემ ასპირანტურა გაიარა ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში (თანდაყოლილი მანკების ქირურგიის განყოფილება, მოსკოვი).

სტაჟირება კი გავლილი აქვს:

  • მოზრდილთა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში (ევროპის კარდიო-თორაკალური ქირურგიის ასოციაციის ეგიდით, ლინცი, ავსტრია);
  • ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გულსისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილება);
  • ახალშობილთა გულის ქირურგიაში (პოზნანის ბავშვთა საავადმყოფო, კარდიოქირურგიული განყოფილება);
  • სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე კარდიოქირურგიულ ოპერაციებში (ტალინი, ესტონეთი);
  • გულის ტრანსპლანტაციაში (ციურიხი, შვეიცარია, საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული დეპარტამენტი).

დიდი პროფესიონალიზმისა და პრაქტიკული გამოცდილების გარდა, მას საოცარი გულისხმიერება და თავმდამბლობაც ამშვენებს. ის ძალზე უშუალო და თავდადებული ექიმია. საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ერთნაირად დარდობს და იღვწის როგორც 18, ასევე 85 წლის პაციენტისათვის. ყოველთვის მაოცებს მისი ხალასი ბუნება და კეთილი ხასიათი, როგორ შეუძლია ყოველთვის მშვიდი ტონით, კეთილგანწყობილმა ისაუბროს ყველასთან, თუნდაც ურთულესი ოპერაციიდან გამოსულმა, დღეობით უძილომ, გადაღლილმა (გაბრაზებული და აყვირებული ის ვერავის წარმოუდგენია), ეს არის სწორედ მისი მაღალი სამედიცინო კულტურისა და პროფესიონალიზმის ნიშანი, რაც ბევრი ქირურგისაგან გამოარჩევს და რის გამოც ის გულწრფელად უყვართ.

- ბატონო ზაზა, ყველამ იცის, რომ მრავალი სიცოცხლე გადაგირჩენიათ, ძალიან რთული და საინტერესო ოპერაციების შემოქმედი ხართ. რამდენიმე განსაკუთრებულ შემთხვევაზე იქნებ დეტალურად გვიამბოთ...…

- ერთხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოიყვანეს 32 წლის ბიჭი, წინასწარი დიაგნოზი რომელიღაც ფსიქოტროპული საშუალებით მოწამვლა იყო. ამ დიაგნოზით მოგვიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ახალგაზრდა ძალიან აგრესიული იყო, მედპერსონალიც კი გაგვილახა, ახლობლებს რომ გავესაუბრეთ - რა ფსიქოტროპული საშუალება, კაცი მოჭიდავეა და ცხოვრებაში არა თუ მსგავსს, საერთოდ წამალს არ გაჰკარებიაო. გულის არეში აღენიშნებოდა ძლიერი ტკვილი, დაუყოვნებლივ შევიყვანეთ გამოსაკვლევად, ჩავუტარეთ კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით, გამოვლინდა აღმავალი აორტის დისექცია, ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო ასეთი ახალგაზრდა ასაკისათვის, დაშლილი იყო მთელი აღმავალი აორტა, მწვავე ოკლუზია იყო მარჯვენა საერთო საძილე არტერიის, კლასიკური იშემია იყო განვითარებული, მხარეობრიობა არ გამოიხატებოდა, თუმცა ინსულტის მდგომარეობა ცხადად იკვეთებოდა, ამიტომაც იყო პაციენტი მოუსვენარი და აგრესიული. სასწრაფოდ შევიყვანეთ საოპერაციოში. გამოვუცვალეთ აღმავალი აორტა, აორტის სარქველი, აორტის რკალი, მხარ-თავის ღერო უკან ჩავაბრუნეთ, დამატებით გადავნერგეთ მარცხენა საერთო საძილე არტერია და მარჯვენა საერთო საძილე არტერიის დამატებითი პროთეზირება გავაკეთეთ, მარჯვენა კორონარული არტერია მთლიანად იყო დაშლილი, არტერიის რეკონსტრუქცია და შუნტირებაც მოხერხდა.

- ფაქტობრივად, თავიდან აგიწყვიათ საბრალო?!

- ნამდვილად ასეა. ძალიან რთული ოპერაცია ჩავუტარეთ. ჩვეულებრივ, ღია წესით გავაკეთეთ, 16 გრადუსამდე გავაცივეთ პაციენტის სხეული (შემდგომ, სულ ცოტა, სამი საათი სჭირდება სხეულის ეტაპობრივად გათბობას), ტვინი რომ არ მომკვდარიყო, რეალურად 45 წუთი გვქონდა მანიპულირებისათვის. ნახევარი საათის განმავლობაში საერთოდ გათიშული გვქონდა სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში, დიდხანს გვეწვა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა ნორმალურად წარიმართა პოსტოპერაციული პერიოდი. გულიკო ქილიფთარმა - რეანიმაციული განყოფილების გამგემ თავი არ დაზოგა, ყველაფერი გააკეთა ახალგაზრდა კაცის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. დღეს ის კარგად არის, სრულად ჯანმრთელი, აქტიურად ცხოვრობს, რამდენჯერმე გვესტუმრა კიდეც კლინიკაში.

* * *

- ძალიან საინტერესო იყო ეს შემთხვევაც - გვყავდა ერთი ახალგაზრდა, 30 წლის პაციენტი, აორტის რკალის ანევრიზმით, რკალი ძალიან გადიდებული იყო, დაახლოებით 6-6,5 სმ დიამეტრისა და აწვებოდა ტრაქეას, სახმო იოგებს, ახალგაზრდა გამუდმებით ახველებდა, ხმა შეცვლილი ჰქონდა. საზოგადოდ, აორტის რკალის გამოცვლა ძალიან რთულია, ჯერ ერთი ქირურგიულად მისადგომადაც ძალიან რთულია, მეორეც, მართალია 16 გრადუსამდე აციებ სხეულს და ჰიპოთერმიით იცავ თავის ტვინს, მაგრამ ეს მარტივი საქმე არ გახლავთ, სარისკო და სანერვიულოა გამოსავლის თვალსაზრისით.

ამ ბიჭისთვის ჩატარებული ოპერაციის მსგავსი, თამამად შემიძლია გითხრათ, საქართველოში არ გაკეთებულა. მეტიც, არც ამიერკავკასიაში და ალბათ, არც რუსეთში. ევროპაში კი კეთდება, მაგრამ ძალიან ცოტა.

- საერთოდაც, როგორ შეეჭიდეთ?

- კლინიკის დირექტორი, პროფესორი კოტე ყიფიანი, მე და ენდოვასკულური ქირურგი, ვახტანგ ყიფიანი დავსხედით და ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, გავაანალიზეთ და გამოსავალიც ვიპოვეთ, მოვიფიქრეთ როგორ გაგვეკეთებინა. ეს ოპერაცია რეალურად, მე, კოტე და ვახტანგ ყიფიანებმა ერთად გავაკეთეთ: მხართავის ღეროს გამოსვლის ადგილას აორტის რკალის დიამეტრი ნორმალური იყო, დიდი ანევრიზმა იწყებოდა მარცხენა საერთო საძილე არტერიის გამოსვლის ადგილიდან და ნაწილობრივ გადადიოდა გულმკერდის აორტაზე. ბატონ კოტესთან ერთად გაკეთდა აორტის რკალის ტოტების ექსტრაგადართვა. საუღლე ფოსოსთან გაკეთდა განაკვეთი და სპეციალური არმირებული პროთეზის მეშვეობით სისხლის ნაკადი გადავრთეთ მარჯვენა საერთო საძილე არტერიიდან მარცხენა საერთო და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიებისკენ, ამასთან, ეს ორი უკანასკნელი, რკალთან გამოსვლის ადგილთან გადაიკვანძა. მეორე დღეს ვახტანგ ყიფიანმა, ენდოვასკულურად (სისხლძარღვის შიგნიდან) პროთეზები ჩაუდგა აორტის რკალსა და გულმკერდის აორტაში (ფეხიდან შევიდა). კაცი სამ დღეში სახლში გავწერეთ. პროთეზები წინასწარ შევუკვეთეთ, ინდივიდუალური ზომების შესაბამისად მზადდება (კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებს ვუგზავნით და აკეთებენ), დაახლოებით ორ კვირაში ჩამოვიდა ევროპიდან.

- მართლაც სასწაულებს ახდენთ!

* * *

- აი, მაგალითად, ოქტომბრის თვეში კლინიკებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის საუცხოო შემთხვევა დაფიქსირდა: ანზორ მელიას კლინიკა “გულში” მოხვდა 79 წლის პაციენტი ფიბრილაციით. ამის ფონზე, ჩაუტარდა დეფიბრილაცია, განვითარდა ასისტოლია – გული გაჩერდა, 7-წუთიანი გულ-ფილტვის რეანიმაციის წყალობით გულის მუშაობა აღდგა, პაციენტი შეიყვანეს კორონაროგრაფიაზე, სისხლძარღვები ძალიან კალციფიცირებული ჰქონდა, თუმცა, რომელიც შევიწროებული (ოკლუზირებული) იყო, გახსნეს, დააბალონეს, სტენტი ჩააყენეს. ძალიან კარგად იმუშავეს კოლეგებმა, ადამიანი გონს მოვიდა, ინფარქტის ზონა ძალიან შეამცირეს და შემდეგ ჩვენთან სისხლძარღვთა და გულის დაავადების ცენტრში გადმოიყვანეს. ჩვენ მას სასწრაფო წესით ჩავუტარეთ ოპერაცია, მომუშავე გულზე გავუკეთეთ შუნტირება. როცა ოპერაციას ვაკეთებდი, პრაქტიკულად ვეძებდი უბანს, რომ სისხლძარღვი მიმეკერებინა, ისეთი კარგი დინამიკა იყო. ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად ასეთი თანამშრომლობა და თავდადება აღნიშვნისა და ქების ღირსია, მე ეს ყოველთვის განსაკუთრებულად მახარებს!

- ბატონო ზაზა, თქვენი დიდსულოვნება, კოლეგიალობის დიდი გრძნობა, საქმის უზომო სიყვარული და თავდადება გასაგებია, მაგრამ მაინც როგორ ახერხებთ მუდმივად კეთილგანწყობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას ყველასთან, განსაკუთრებით კი პაციენტებთან? ყოველთვის საფუძვლიანად უხსნით ყველაფერს, უშუალოდ და თბილად ეკონტაქტებით, არ ამადლით პასუხს, დახარჯულ დროს, უხეშობა და გულგრილობა ხომ გამორიცხულია, თქვენი კაბინეტიდან ყოველთვის კმაყოფილები და პირდაპირ ვიტყვი, თქვენზე შეყვარებულები გამოდიან (იღიმება ჩვეული თავმდაბლობით).

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მაოცებს ხოლმე ექიმთა უხეშობისა თუ სხვა მიუღებელი ქცევის ფაქტები. ყოველთვის ვამბობ და ახლაც აღვნიშნავ - ექიმობა მარტო პროფესია არ არის, ეს ცხოვრების წესია, ცხოვრების წესს კი ყველა ადამიანი თავად ირჩევს. თუ არ გინდა ექიმობა, არ გიყვარს პაციენტი, არ გყოფნის მასთან ურთიერთობისა და საუბრის ნერვები, სხვა საქმით უნდა დაკავდე, ექიმთან დალხენილი კაცი არ მოდის, მოდის ყოველთვის გაჭირვებული, თავისი პრობლემით შეწუხებული, ასეთ ადამიანს კი, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ეუხეშოს ექიმი, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა დაუმძიმოს, ისედაც დამძიმებული მდგომარეობა!

* * *

იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ, არაერთ უნიკალურ ოპერაციას გავეცანი.

“გუშინ 85 წლის კაცს მომუშავე გულზე სამი შუნტი დავადე, გასულ კვირას 79 წლის ქალბატონს სარქველი გამოვუცვალე, იმას ენდოპროთეზი ჩავუდგი, ამას აორტის რკალი გამოვუცვალე” - ისე მარტივად და ჩვეულებრივ მიყვებოდა ყოველივეს პროფესიონალი ქირურგი, თითქოს მართლაც ასეთი იოლი და მარტივი საქმე იყოს! რაც მთავარია, სიხარულსა და ბედნიერებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები მუდმივად ეკონტაქტებიან, “გუშინ იმ პაციენტმა დამირეკა, წინა კვირას იმან შემოგვიარა, ის დაქორწინდა, ის სპორტს დაუბრუნდა” - არ მთავრდებოდა ამაღელვებელი და გასახარი ინფორმაციები.

ბუნებრივია, მეც ძალიან დადებითი ემოციებით აღვსილი და კმაყოფილი წამოვედი საყვარელი კარდიოქირურგის კაბინეტიდან და მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - “მართლაც ბედნიერებაა, როცა შენს გულზე გულიანი ექიმი ზრუნავს!”