„გულის სარქვლოვანი პათოლოგიების ქირურგიული ჩარევის არსი არის ის, რომ პაციენტი უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„გულის სარქვლოვანი პათოლოგიების ქირურგიული ჩარევის არსი არის ის, რომ პაციენტი უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას“

რა ფუნქცია აკისრია გულის სარქვლოვან აპარატს?

- სარქვლოვან აპარატს გააჩნია სისხლის ერთი მიმართულებით გატარების ფუნქცია.

გულის მარჯვენა ნაწილი პასუხისმგებელია ჟანგბადით ღარიბი სისხლის მიღებაზე და გადასროლაზე ფილტვებში, ჟანგბადის გასამდიდრებლად.

მარცხენა ნაწილი კი, პირიქით - მთელი ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლით მომარაგებაზე.

სარქვლების ფუნქცია არის ის, რომ არ მოხდეს სისხლის სხვა მიმართულებით მოძრაობა.

გულის მარცხენა ნაწილს ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს - იგი ტუმბოს როლს ასრულებს. აქ განლაგებულ სარქვლებსაც ყველაზე ხშირად ექმნებათ პრობლემა.

ზოგადად, გულს გააჩნია შემდეგი სარქვლები: ფილტვის, პულმონური, სამკარიანი, მიტრალური და აორტის.

გულის მანკის რა სახეები არსებობს?

- ზოგადად, გულის მანკი დიდი და ფართო ცნებაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე ხშირად ზიანდება მარცხენა ნაწილში მყოფი სარქვლები - აორტის და მიტრალური სარქვლები.

შეიძლება იყოს ნაკლოვანება ამ სარქვლის - ამ დროს ჰერმეტულად არ იკეტება და უკან ატარებს სისხლს, ან სტენოზი - იგივე შევიწროება, როდესაც ვერ ატარებს საკმარისი რაოდენობით სისხლს.

რა იწვევს სარქვლების დაზიანებას?

- ზრდასრულ ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის რევმატიზმი - ბავშვობაში ან მოზარდობაში გადატანილი ფარინგიტები, სტრეპტოკოკური ინფექციები და შემდეგ სარქვლის რევმატული დაზიანებები.

ასევე, შეიძლება ეს იყოს გულის უკმარისობით, გულის გადაძაბვით, მაღალი წნევებით გამოწვეული დაზიანება.

დაზიანების ხელშემწყობი ფაქტორებია: სიგარეტი, მაღალი წნევა, სიმსუქნე, დიაბეტი და სხვ.

როგორ ვლინდება და რა ნიშნებით ხასიათდება?

- უმეტეს შემთხვევაში, თითოეული სარქვლის დაზიანებას ერთნაირი გამოვლინება აქვს.

ფიზიკურ დატვირთვაზე სუნთქვის გაძნელება, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, რითმის დარღვევა - მოციმციმე არითმია.

აღნიშნული პათოლოგია ასაკზე რამდენად არის დამოკიდებული?

ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუში შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა ძირითადად, სარქვლოვანი დაავადებები უფრო ხანდაზმულ ასაკში ვლინდება.

ასაკთან ერთად, სარქველს ისედაც ექმნება პრობლემა დიდი დატვირთვის გამო.

როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

- გულის ექოსკოპია არის ოქროს სტანდარტი. ხშირად, მძიმე სარქვლოვანი დაავადების მქონე პაციენტს სიმპტომები არ აქვს.

მისი გული ადაპტირებულია მდგომარეობასთან. სარქვლოვან პათოლოგიას კი პროფილაქტიკური კვლევისას აღმოაჩენს, სრულიად შემთხვევით.

როგორ ფასდება მანკის სიმძიმე?

- მისი შეფასება და ვიზუალიზაციაც გულის ექოსკოპიით ხდება - რამდენად მძიმეა ნაკლოვანება, შევიწროვება, რამდენად საჭიროებს ქირურგიას.

მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება სარქვლოვანი პათოლოგიების დროს?

- მკურნალობის ძირითადი მეთოდი არის ქირურგიული, ან ტრანსარტერიალური სარქვლის გამოცვლა, რომელიც ნაკლებად სისხლიანი, მინი ინვაზიური მეთოდია.

სარქვლოვანი პათოლოგიების მკურნალობაში მაინც ქირურგია არის მთავარი.

წამლებით გულის სარქვლოვან დაავადებებს ვერ უმკურნალებ.

შეიძლება, დროში გაახანგრძლივო, თუმცა ბოლოს მაინც ოპერაციაა საჭირო.

როგორია თანამედროვე მიდგომები?

- პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს - სარქველი შეკეთდება, თუ უნდა გამოიცვალოს.

ზოგჯერ შეკეთება შეუძლებელია და საჭიროა გამოცვლა.

ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ხასიათზე.

რა ტიპის ხელოვნური სარქვლები არსებობს?

- სარქვლები არის ორი ტიპის, ესენია: ბიოლოგიური და მექანიკური.

ბიოლოგიური მზადდება ხარის, ან ღორის პერიკარდიუმისგან.

მექანიკური არის სრულიად ხელოვნური გზით დამზადებული.

განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ბიოლოგიური 65 წლის ზევით ყენდება. 65 წლის ქვევით მექანიკური, ისინი უსასრულოდ ძლებენ.

თუმცა, რადგან მათ ხელოვნური ზედაპირი აქვთ, საჭიროა ცხოვრების ბოლომდე ძლიერი გამათხელებელი წამლის, ვარფარინის მიღება.

რასაც, თავისი გვერდითი ეფექტები ახლავს, დაწყებული ინსულტით, დამთავრებული ინფარქტით.

ბიოლოგიურ სარქველს არ სჭირდება ვარფარინის მიღება, თუმცა ძლებს 15-დან 20 წლამდე.

პაციენტთან შეთანხმებით ხდება გადაწყვეტილების მიღება.

ნებისმიერი განმეორებითი ჩარევა გულზე, ეს გაორმაგებული და გასამმაგებული რისკებია.

რა იცვლება ადამიანის ცხოვრებაში ამ ოპერაციით?

- პაციენტი უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას.

შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც მას გაუხარდება.

მხოლოდ, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა დაიცვას, მაგალითად წნევის კონტროლი.

თუ ვარფარინზეა პაციენტი, მაშინ დიეტაც სჭირდება. საკვები, რომელიც ვიტამინ K-ს შეიცავს არ უნდა მიიღოს. ის წამლის მოქმედებას უშლის ხელს.

ფიზიკური აქტივობა თუ არის შეზღუდული ოპერაციის შემდგომ?

- რეალურად, აკრძალვა არ არსებობს ოპერაციის შემდეგ, თუ არ არის სხვა დაავადებები.

ძალიან ხშირ შემთხვევაში, პაციენტს ერთ სარქველზე თუ სჭირდება ჩარევა, სჭირდება მეორეზეც, ან შუნტირება აქვს გასაკეთებელი.

თუმცა, არსი ქირურგიული ჩარევის არის ის, რომ პაციენტს სპორტითაც შეუძლია დაკავდეს (არა პროფესიონალის დონეზე) და სრულიად დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას.

თუ არის შესაძლებელი, დაავადების განვითარება ავიცილოთ თავიდან?

- რეალურად, არ არსებობს კონკრეტული პრევენციული საშუალება.

ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, თამბაქოზე უარის თქმა, არტერიული წნევის კონტროლი (გარკვეული ასაკის შემდეგ), პროფილაქტიკური კვლევები - არის ერთადერთი საშუალება.

გულის ექოსკოპია ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს საპროფილაქტიკოდ.

ოპერაციის შემდგომ გართულებაზე რას გვეტყვით?

- რისკები არის ნამდვილად ოპერაციის დროსაც და შემდგომაც.

თუმცა, ექიმის კონტროლის ქვეშ ყოფნით და ექოსკოპიის ჩატარებით, მნიშვნელოვანად მცირდება აღნიშნული რისკები.