არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები

ათეროსკლეროზი - არტერიული ჰიპერტენზია ათეროსკლეროზის რისკფაქტორია. ათეროსკლეროზს ახასიათებს სისხლში დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მნიშვნელოვანი მომატება, ასევე სისხლძარღვთა კედლებზე ათერომული ფოლაქების განვითარება. ეს ყოველივე, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არტერიულ ჰიპერტენზიას, ანუ ამ ორი პათოლოგიით ერთგვარი მანკიერი წრე იქმნება. ისინი ერთურთის ხელშემწყობ და განმაპირობებელ პათოლოგიებად გვევლინება.

გულის დაავადებები – არტერიული ჰიპერტენზია ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას, რადგანაც გვევლინება ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკფაქტორად და იმავდროულად ხელს უწყობს კორონარების (გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების) შევიწროებას.

ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები - მათ მიეკუთვნება ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა და სხვა მდგომარეობები.

თირკმლის დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია თირკმლის დაავადებათა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, მათ შორის, თირკმლის უკმარისობისაც, რაც, პრაქტიკულად, თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას უკავშირდება.

მხედველობის დარღვევა - არტერიული ჰიპერტენზიის გამო სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად ირღვევა თვალის ბადურა გარსში, ასევე ცუდად მარაგდება მხედველობის ნერვიც (რომელიც, ფაქტობრივად, ძალიან წვრილი არტერიოლებით იკვებება).

შაქრიანი დიაბეტის გართულებები - არტერიული ჰიპერტენზია შაქრიანი დიაბეტის არაერთი გართულების ძირითადი რისკფაქტორია, დიაბეტური ტერფის, რეტინოპათიის და სხვა გართულებათა მიზეზი უხშირესად სწორედ მაღალი არტერიული წნევაა.

ჰიპერტენზიული ნეფროპათია და თირკმლის უკმარისობა

ჰიპერტენზია მთავარი მიზეზია როგორც ჰიპერტენზიული ნეფროპათიის, ასევე თირკმლის უკმარისობის განვითარების. აღნიშნული გართულებების პროფილაქტიკა მოიცავს ჰიპერტონიის ადეკვატურ კონტროლს, სათანადო დიეტის დაცვასა და შესაბამისი მედიკამენტების მიღებას. ჰიპერტონია იწვევს თირკმლის არტერიათა დაზიანებას, რაც, საბოლოოდ, მათ ფილტრაციულ ფუნქციას არღვევს. შედეგად კი თირკმლის უკმარისობა ყალიბდება.

ჰიპერტონიის დროს თირკმლის პათოლოგიის სიმპტომებია: არტერიული წნევის მომატება, შარდის მოცულობის შემცირება, სახის რბილი ქსოვილების შეშუპება, შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით. ჰიპერტონიის მსგავსად, ადამიანი შესაძლოა ვერც კი მიხვდეს, რომ მას ჰიპერტენზიული ნეფროპათია უვითარდება. პათოლოგია ნელ-ნელა მიმდინარეობს. ამიტომაც მაღალი არტერიული წნევის მქონე პირები აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებენ, უნდა რეგულარულად გადიოდნენ კონსულტაციებს და იტარებდნენ შესაბამის გამოკვლევებს.

კვლევები, რომლებმაც შესაძლოა გამოავლინოს თირკმლის ფუნქციური დარღვევა: სისხლის ანალიზი კრეატინინზე, შარდოვანასა და საერთო ცილაზე, შარდის ანალიზი ცილაზე. არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული თირკმლის ფუნქციური დარღვევებისას სისხლში მატულობს კრეატინინისა და შარდოვანას დონე, ასევე იმატებს შარდში ცილის შემცველობაც, ხოლო ცილის საერთო რაოდენობა სისხლში მცირდება.

გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია

გულის უკმარისობა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც გული სათანადოდ ვეღარ ასრულებს ტუმბოს ფუნქციას და ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმში სისხლის ადეკვატურ ნაკადს. ეს განპირობებულია გულის კუნთის (მიოკარდიუმის) შესუსტებით ან ორგანოს კედლების ელასტიკურობის დაკარგვით (შემცირებით). ჰიპერტონიის დროს აღინიშნება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინაღობის გაძლიერება, რის შედეგადაც გულის კუნთს უფრო ძლიერად შეკუმშვა (მუშაობა) უხდება. ეს იწვევს კომპენსატორულად გულის მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის გასქელებას (ჰიპერტროფიას). მოგეხსენებათ, სწორედ გულის მარცხენა პარკუჭს უწევს მთელ ორგანიზმში სისხლის ნაკადის გადატუმბვა. დროთა განმავლობაში, გაძლიერებული (გადატვირთული) ფუნქციობის გამო, გულის კუნთი სუსტდება (დუნდება) და ვითარდება გულის უკმარისობა.

გულის უკმარისობის ნიშნებია: ქოშინი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, შეშუპება, უმთავრესად ქვემო კიდურების, სუნთქვის გაძნელება დაწოლილ მდგომარეობაში, გულისრევა, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე, ნიქტურია - შარდვის გახშირება ღამით (რომელიც ამ შემთხვევაში არ უკავშირდება პროსტატას).

ცნობილია, რომ გულის უკმარისობიან პაციენტებს ქოშინი და ზოგადი შეგრძნებები უუარესდებათ წოლისას და რამდენადმე უუმჯობესდებათ ჯდომისას. საქმე ისაა, რომ წოლისას სისხლის ნაკადის მოდენა გულამდე ადვილდება, შედეგად კი გულზე დატვირთვა იმატებს, ჯდომისას კი სისხლის ნაკადი ერთგვარად ქვემო კიდურებისაკენ ნაწილდება, რის გამოც გულზე დატვირთვა იკლებს და პაციენტის შეგრძნება თუ ზოგადი მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება.

გულის იშემიური დაავადება

ჰიპერტონია გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იშემიური პათოლოგიის დროს გულის გვირგვინოვან არტერიებში სისხლის მოძრაობა ფერხდება და შესაბამისად, გულის სისხლმომარაგება უარესდება. გულის იშემიური დაავადება, ჩვეულებრივ, ათეროსკლეროზული პროცესისა და კორონარული არტერიების შევიწროების შედეგია. ამ დაავადების ვერაგი გართულებაა მიოკარდიუმის ინფარქტი, მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება გულის გვირგვინოვან არტერიებში სისხლის მიმოქცევის უეცარი დარღვევა (გაუარესება), რაც დროული და ადეკვატური მკურნალობის არარსებობისას გულის კუნთის ნეკროზს (კვდომას) იწვევს.

ინსულტი და ჰიპერტონია

ინსულტი შრომისუნარიანობის დაქვეითებისა და ინვალიდობის მთავარი მიზეზია. ის სიკვდილის გამომწვევ ფაქტორებს შორის მესამე ადგილზეა.მისი თავიდან აცილება მხოლოდ რისკფაქტორთა კონტროლითაა შესაძლებელი. ინსულტი იკურნება მხოლოდ დროული და სათანადო სამედიცინო ჩარევით (დახმარებით).

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლააა. შეიძლება იყოს იშემიური და ჰემორაგიული. ჰიპერტონია დროთა განმავლობაში იწვევს ათეროსკლეროზსა და არტერიათა კედლების გასქელებას, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვთა ელასტიკურობის დაქვეითებასა და მათ ბალონურ გაფართოებას განაპირობებს, ყოველივე ამის შედეგად, თავის ტვინში ხშირად მიკროანევრიზმები ვითარდება. არტერიული წნევის უეცრად და მკვეთრად აწევისას ზოგჯერ მიკროანევრიზმები სკდება, რის გამოც ჰემორაგიული ინსულტი ყალიბდება. ჰიპერტონიის დროს პროგრესირებადი ათეროსკლეროზი თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროებით ინსულტისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის მთავარი მიზეზია.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ინსულტების შემთხვევათა ნახევრის არიდება შესაძლებელია, რადგან ინსულტის ბევრი რისკფაქტორი კონტროლს ექვემდებარება. ეს კონტროლირებადი რისკფაქტორებია:

  • არტერიული წნევის მომატება;
  • წინაგულების ფიბრილაცია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ქოლესტერინის მომატებული დონე;
  • თამბაქოს მოწევა;
  • ალკოჰოლის მოხმარება;
  • სიმსუქნე;
  • საძილე და კორონარული არტერიების დაავადებები.

გახსოვდეთ, ინსულტის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და საზოგადოდ, ჯანსაღი წესით ცხოვრება!