რას გულისხმობს მიოკარდიუმის ინფარქტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გულისხმობს მიოკარდიუმის ინფარქტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

- ქალბატონო ლია, რას გულისხმობს მიოკარდიუმის ინფარქტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა? ჩვეულებრივ, რომელ ნივთიერებებს განსაზღვრავთ და რატომ?

- მიოკარდიუმის ინფარქტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლენაა და გულისხმობს გულის კუნთის შემოფარგლულ იშემიურ დაზიანებას. კლინიკური და ეკგ მონაცემების გარდა, მიოკარდიუმის ინფარქტის მნიშვნელოვანი ნიშანია ნეკროზული სინდრომი. მისი კრიტერიუმებია: ცხელება, ჰიპერფერმენტემია (სისხლში ფერმენტების სიჭარბე) და სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება. ლაბორატორიული მონაცემებიდან მნიშვნელოვანია ჰიპერფერმენტემია. ამ დროს გულის კუნთის ნეკროზის შედეგად დაღუპული კარდიომიოციტებიდან (გულის კუნთის უჯრედებიდან) გამოთავისუფლებული ფერმენტების გამოკვლევა ინფარქტის მაღალინფორმაციული სადიაგნოსტიკო მეთოდია.

სადღეისოდ ყველაზე ხშირად განსაზღვრავენ ტროპონინს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია: კრეატინფოსფოკინაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და მიოგლობინის განსაზღვრა.

- მიოკარდიუმის ნეკროზიდან რა პერიოდში ვლინდება ჰიპერფერმენტემია, შესაბამისად, რა პერიოდში უნდა ჩატარდეს აღნიშნული ანალიზები?

- ტროპონინის დონე იზრდება სისხლში გულის კუნთის დაზიანების შემთხვევაში დაახლოებით 3 საათში, მაქსიმუმს აღწევს 8-10 საათში და მომატებული რჩება 10 დღის განმავლობაში. ნორმაში ტროპონინი 0.1 ნგ/მლ-ზე ნაკლებია. ტროპონინის ტესტს აქვს პროგნოზული მნიშვნელობა. ის არა მარტო მაღალსპეციფიკური, არამედ გვიანი სადიაგნოსტიკო მარკერიცაა, ყოველგვარი კლინიკისა და ეკგ ნიშნების გარეშე, გამოტოვებული ინფარქტის გამოვლენის საშუალებასაც იძლევა. თუმცა, ტროპონინი იმატებს ასევე შემდეგი დაავადებების დროს: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, თირკმლის უკმარისობა, ავტოიმუნური მიელოპათია; ასევე: სტენტირების, კარდიოვერსიის შემდეგ, ღია გულზე ოპერაციებისას, გულზე აბლაციური პროცედურის შემდეგ. ტროპონინი პირველად იზომება პაციენტის კლინიკაში მიღებისთანავე, განმეორებით განისაზღვრება 6-12 სთ-ში. თუ ტროპონინის გაზომვა შეუძლებელია, ალტერნატივას წარმოადგენს კფკ-ა (კრეატინფოსფოკინაზა), რადგან ის არის მხოლოდ მიოკარდში (გულის კუნთოვან შრეში). კრეატინფოსფოკინაზა იმატებს 6-8 სთ-ში, მაქსიმუმს აღწევს დღის ბოლოს, ნორმალიზდება 3-4 დღეში. კრეატინფოსფოკინაზას ფრაქციის განსაზღვრა მიზანშეწონილია ინფარქტის დაწყებიდან 12-24 სთ-ში. შესაძლებელია მისი მომატება ნაღვლის ბუშტის დაავადებების, პანკრეატიტის, თირკმლის ინფარქტისა და ინსულტის დროს. შედარებით დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციისას ლაქტადდეჰიდროგენაზა-1-ისა და ლაქტატდეჰიდროგენაზა-2-ის თანაფარდობა განისაზღვრება. ეს თანაფარდობა მატულობს ინფარქტიდან 24 სთ-ის შემდეგ და მომატებული რჩება 5-7 დღე. მიოგლობინი - კუნთოვანი ცილაა. მიოკარდიუმის დაზიანების დროს მისი რაოდენობა უკვე 1-2 სთ-ში 10-ჯერ და მეტადაც მატულობს, უმაღლეს ნიშნულს აღწევს 4-8 სთ-ში, ნორმას უბრუნდება 24 სთ-ში. მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირებისთვის ამ ფერმენტის სპეციფიკურობა არც ისე დიდია.

- საკმარისია თუ არა ექო- და ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემები ინფარქტის სადიაგნოსტიკოდ, რა შემთხვევაში ავსებს და როდის არის გადამწყვეტი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა?

- ნებისმიერი დაავადების და მით უფრო მიოკარდიუმის ინფარქტის დასადგენად მნიშვნელოვანია ანამნეზის სწორად შეკრება. ინფარქტის შეფასებისას წამყვანია 12-განხრიანი ეკგ ცვლილებები. ექოკარდიოგრაფიით ვლინდება რეგიონული კუმშვადობის მოშლა: ჰიპო- ან აკინეზია. მაგრამ ეს ყველაფერი სადიაგნოსტიკოდ არ კმარა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მიოკარდიუმის ენზიმების დონეს სისხლში უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც დიაგნოზის დასასმელად, ისე პროგნოზის შესაფასებლად.

- როდის, რა პერიოდში სტაბილიზდება შესაბამისი პარამეტრები და რას მიანიშნებს ის?

- რაც უფრო დროულად მოხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა კორონარებში, რაც უფრო დროულად მოხდება ინტერვენციული ჩარევა და რეკანალიზაცია, მით მალე შეიცვლება კარდიოგრაფიული და ექოლოგიური სურათი. დროს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ყოველი წამი ზრდის დაზიანებული კარდიომიოციტების რაოდენობას. ფერმენტების დონეც დამოკიდებულია ნეკროზის სიდიდეზე და ნორმას უბრუნდება სხვადასხვა ვადაში: ტროპონინი - 2 კვირაში, კრეატინფოსფოკინაზა – 4 დღეში, მიოგლობინი - 24 საათში.

დაბოლოს, ინფარქტი არ არის ვირუსული ინფექცია, რომ წამლით განიკურნოს. კარდიოლოგიური პაციენტები მუდმივ მეთვალყურეობასა და სწორ დაკვალიანებას საჭიროებენ.