გულის პათოლოგიით გამოწვეული ტკივილი გულმკერდის არეში
ყოველ შემთხვევაში, საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ გულმკერდის არეში ნებისმიერი ხასიათის ტკივილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან ან სტრესულ სიტუაციასთან. გულის არეში უეცრად აღმოცენებული ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ქოშინი, როგორც წესი, მიუთითებს სერიოზულ დაავადებაზე და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ამ ტიპის ტკივილს ხშირად ახლავს თან სიკვდილის შიში, ჰაერის ძლიერი უკმარისობა, თავბრუხვევა, გულისრევისა და ღებინების შეგრძნება, სისუსტე. ტკივილი გულის არეში, რომელიც გადაეცემა ხელში, მიუთითებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტზე. ტკივილი იწყება მკერდის ძვლის უკან და გადაეცემა მარცხენა ხელში, კისრის მარცხენა ნაწილში, ქვედა ყბაში. ამავე დროს, კისრის ოსტეოქონდროზს ახასიათებს სტენოკარდიის მსგავსი ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა ბეჭში გადაცემით, ხელის დაბუჟება. გამჭოლი ტკივილი გულის არეში, როგორც წესი, ახასიათებს ნეკნთაშორის ნევრალგიას. სტრესულმა და პანიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომოკომპლექსი, როგორიცაა ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა. კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების თანმხლები ტკივილიც შეიძლება გულმკერდის არეში გავრცელდეს.
- უმთავრესად რა ასაკში გვხვდება ეს მდგომარეობა და აქვს თუ არა კავშირი სქესთან?
- კორონარული არტერიების დაავადება წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილის წამყვან მიზეზს დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. ყოველწლიურად მილიონზე მეტ პაციენტს ემართება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. გაცილებით მეტის ჰოსპიტალიზაცია ხდება სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით. კვლევების მიხედვით, 45-დან 69 წლამდე გულის იშემიური დაავადებით ავადდება მამაკაცების 18-25% და ქალების 13-15%. გასათვალისწინებელია აგრეთვე გულის იშემიური დაავადების დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან მას შრომისუნარიანობის ნაადრევ დაკარგვამდე მივყავართ.
- უკავშირდება თუ არა ტკივილი ფიზიკურ აქტივობას?
- როდესაც სტენოკარდიული ტკივილი ფიზიკური დატვირთვისას წარმოიშობა, ის ძირითადად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან, გადაეცემა მარცხენა ხელში ან კისრის მიდამოში. ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა - ზეწოლით დაწყებული, მწველი, ძლიერი შეგრძნებით დამთავრებული. ჩვეულებრივ, ასეთი ტკივილი დიდხანს არ გრძელდება - სულ რამდენიმე წუთს გასტანს. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ტკივილის ხასიათის ზუსტი განსაზღვრა. საწუხაროდ, ზოგჯერ სტენოკარდიისთვის დამახასიათებელ ტიპურ ტკივილს პაციენტი მიიჩნევს გაციების დროს კუნთების დაჭიმვად და არათუ არ მიმართავს ექიმს, არამედ თვითმკურნალობასაც კი ცდილობს, რაც აუარესებს მდგომარეობას და ძალზე არასახარბიელო შედეგამდე მივყავართ. დაძაბვის სტენოკარდია ყველაზე ხშირად ვითარდება მოძრაობის აჩქარებისას, ჭამის შემდეგ, სიარულის ან მძიმე ტვირთის ტარებისას, ასევე - სხვა ფიზიკური დატვირთვის ან/და მნიშვნელოვანი ემოციური დაძაბულობის დროსაც. ფიზიკური დატვირთვის გაგრძელებისას ან გაზრდისას განუხრელად იმატებს ტკივილის ინტენსივობაც, ხოლო შეწყვეტისას ტკივილი სუსტდება და, როგორც უკვე მოგახსენეთ, რამდენიმე წუთში გაივლის.
- შესაძლოა თუ არა ტკივილის აღმოცენება მოსვენებისას?
- შესაძლოა. დაძაბვის სტენოკარდიისგან განსხვავებით, ეს ტკივილი წარმოიშობა ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ხშირად - ღამით, მაგრამ სხვა მხრივ ისეთივეა და ხშირად თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება. ავადმყოფთა უმრავლესობასთან სტენოკარდიის მიმდინარეობას შედარებითი სტაბილურობა ახასიათებს. აქ იგულისხმება სტენოკარდიის ნიშნების გარკვეული ხანდაზმულობა, როდესაც მცირედ იცვლება შეტევების სიხშირე და ძალა, თავს იჩენს ერთსა და იმავე პირობებში, არ ვითარდება ამ პირობების გარეშე და გაივლის მოსვენების დროს (დაძაბვის სტენოკარდია) ან ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ.
- რას ნიშნავს სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია?
- სტაბილური სტენოკარდიის დროს შეტევები დაკავშირებულია ამა თუ იმ სახის დატვირთვასთან და მათი სიხშირე დიდხანს არ იცვლება. პროგრესირებს ნელა. არასტაბილური სტენოკარდიის დროს შეტევები ხშირი და საკმაოდ ხანგრძლივია. ამ ტიპის სტენოკარდიის დროს ასიდან 20 პაციენტს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი უვითარდება.
- რა სახის გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ტკივილის დიფერენცირებისთვის?
- დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის წინასწარი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის ყურადღებით შეკრება. ავადმყოფის ჩივილების შესწავლისას აფასებენ ტკივილის სინდრომის ინტენსივობას, სიხშირესა და ლოკალიზაციას. მნიშვნელოვანია ასევე ისეთი რისკფაქტორების განსაზღვრა, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია (დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინების მაღალი, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი დონე) და ტრიგლიცერიდების მატება, ავადმყოფობის ოჯახური ისტორია (პირველი რიგის ნათესავებში) და სიმსუქნე. ფიზიკალური კვლევა მოიცავს არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირისა და არტერიული პულსის შემოწმებას, გულის უკმარისობის შეფასებას (ფილტვების აუსკულტაცია, გულის ტონები, შუილი, პერიფერიული შეშუპება). ფასდება სხეულის მასის ინდექსი (ვინაიდან სიმსუქნე სტენოკარდიის განვითარების რისკფაქტორად მიიჩნევა), გულისცემის სიხშირე, პულსი, არტერიული წნევა. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიზანია ჰემოგლობინის, ქოლესტერინის, გლუკოზის, ლიპიდებისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების განსაზღვრა. ტროპონინის გამოკვლევასთან ერთად რეკომენდებულია განისაზღვროს ადრეული მიოკარდიული მარკერებიც (მიოგლობინი, ფერმენტ კრეატინკინაზას MB ფრაქციის იზოფორმები). ახლა - რაც შეეხება ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს - ეკგ-ს, ექოკარდიოგრაფიას, გულმკერდის ორგანოთა რენტგენოგრაფიას, დატვირთვის ტესტს, ჰოლტერის მონიტორინგს, კორონარულ ანგიოგრაფიას და მიოკარდიუმის ტომოგრაფიას. ეკგ კვლევის აუცილებელი მეთოდია. იგი გვეხმარება მიოკარდიუმის იშემიის გამოვლენაში, რაც დამახასიათებელია სტენოკარდიისათვის. ნორმალური ეკგ დაავადებას არ გამორიცხავს. თუ ტკივილი გაგრძელდა, ეკგ განმეორებით ტარდება, რათა არ გამოგვეპაროს გიდ. ექოკარდიოგრაფია გამოიყენება გულის რეგიონული კუმშვადობის დარღვევის სადიაგნოსტიკოდ და განსაკუთრებით აქტუალურია არადიაგნოსტიკური ეკგ-ს მქონე პაციენტთა გამოსაკვლევად, თუმცა ექოკარდიოგრაფია არ არის საკმარისი მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზის დასადგენად, რადგან რეგიონული კუმშვადობის დარღვევა შესაძლოა სიმპტომატიკის დაწყებიდან საკმაოდ გვიან გამოჩნდეს. სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებთან რენტგენოგრაფიას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. იგი ტარდება, როცა ეჭვი გვაქვს გულის მანკზე, ფილტვების დაავადებაზე ან გულის უკმარისობაზე. კვლევის ამ მეთოდით ვაფასებთ გულის ზომების მომატებას, გულის კუნთში კალციუმის ჩალაგებას და წინაგულების გადიდებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სტენოკარდიის პროგნოზის განსაზღვრისთვის. დატვირთვის ტესტით ფასდება პაციენტის გულის რეაგირება ამა თუ იმ ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვაზე, გამოიყენება ველოერგომეტრი ან ტრედმილი (სარბენი ბილიკი). ჰოლტერის მონიტორინგი არის გამოკვლევა, რომლის მეშვეობითაც გულის მუშაობას მთელი დღე-ღამის განმავლობაში მეთვალყურეობენ. პორტატიული რეგისტრატორი აკეთებს ეკგ-ის ოცდაოთხსაათიან ჩანაწერს და გულის მუშაობის შესახებ ინფორმაციას გადასცემს კომპიუტერს. გამოკვლევის ამ მეთოდით ფიქსირდება გულის რიტმის ყოველგვარი დარღვევა, ასევე - ტკივილით ან ტკივილის გარეშე მიმდინარე სტენოკარდიის შეტევები. სადღეისოდ კორონარული ანგიოგრაფია მიჩნეულია გულის სისხლძარღვთა დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდად. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. ამ დროს მარცხენა და მარჯვენა კორონარულ არტერიებში სპეციალური კათეტერით შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება და რენტგენის სურათების სერიას იღებენ.
- როგორია პირველი დახმარება გულმკერდის არეში ტკივილის დროს?
- როდესაც ტკივილი აღმოცენდება უაცრად ფიზიკური დატვირთვის დროს ან თუნდაც მოსვენებისას, შეტევითი ხასიათისაა, ლოკალიზდება უმეტესწილად მკერდის ძვლის უკან, ეს გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმით გამოწვეული ტკივილია. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს. დროული ჩარევის შემთხვევაში გულის დაავადებები კარგად ემორჩილება მკურნალობას. თუ ტკივილი გახანგრძლივდა და საერთო სისუსტე, ოფლიანობა, გულისრევა ან ღებინება დაერთო, მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. ექიმის მოსვლამდე მიიღეთ ნიტრომინტი (0,4 მგ) ან ერთი აბი ნიტროგლიცერინი (0,0005 მგ) ენის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიმეოროთ 3-ჯერ 3-5-წუთიანი შუალედებით. ასევე მიიღეთ ასპირინი (250-500 მგ). გულმკერდის არეში ნებისმიერი ხასიათის ტკივილის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ტკივილის ზუსტი მიზეზის დასადგენად და მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევა.
- ცხოვრების, კვებისა და შრომის რეჟიმთან დაკავშირებული რეკომენდაციები როგორია?
- ცხოვრების წესის მოდიფიკაცია - დიეტა, მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება, ზედმეტი წონის დაკლება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. დიეტა ითვალისწინებს ცხოველური ცხიმისა და მარილის შეზღუდვას (შეიძლება ცხიმის დაბალი შემცველობის რძის პროდუქტები), რაციონში მეტი ხილ- ბოსტნეულის ჩართვას, ნახშირწყლების შეზღუდვას, რამდენადაც ისინი ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობენ ხელს, ამ გზით დიეტა წაადგება არა მარტო სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, არამედ დაგვეხმარება წონის კორექციაშიც, რაც, თავის მხრივ, გულზე დატვირთვას შეამცირებს. მავნე ჩვევები - დიდი რაოდენობით ალკოჰოლისა თუ თამბაქოს მოხმარება, ცხოვრების პასიური რიტმი - გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ მათ უნდა შეველიოთ. საჭიროა ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც.