ბრადიკარდია
გულის კუნთი განსაზღვრული ტემპითა და რიტმით იკუმშება. გულისცემა ავტომატური პროცესია, ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ასე რომ, ჯანმრთელი ადამიანი ვერც კი ამჩნევს, როგორ მუშაობს მისი გული, მაგრამ თუ რიტმი დაირღვა, უმალვე ვიგრძნობთ. რამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს პათოლოგიურ მდგომარეობაზე? ბრადიკარდია გულისცემის ისეთი შენელებაა, როდესაც გულის შეკუმშვა წუთში არ აღემატება 55-ს. ჯანმრთელ, ნავარჯიშევ ადამიანს გულისცემა ბუნებრივად უნელდება მოსვენებისა და ძილის დროს, მაგრამ ისიც შესაძლოა, ბრადიკარდია ამა თუ იმ პათოლოგიის ნიშანი იყოს. მაგალითად, ისეთისა, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამტარი სისტემის სხვა დაზიანება, მიოკარდიტი, თანდაყოლილი ანომალიები), ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ქალაშიგა წნევის მატება, ნეიროცირკულატორული დისტონია, ინფექციური დაავადებები, ფარისები ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია. ბრადიკარდიას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც (საგულე გლიკოზიდები, ბეტა-ადრენობლოკერები, ვერაპამილი, რეზერპინი) და სხვა. გულის შეკუმშვათა სიხშირეს გულშივე არსებული სინუსის კვანძი განსაზღვრავს. კვანძში წარმოქმნილი იმპულსი გამტარი სისტემის მეშვეობით ვრცელდება გულის სხვა ნაწილებში. თავდაპირველად - წინაგულებში, იქიდან - ატრიოვენტრიკულურ კვანძში, ბოლოს - პარკუჭებში. გულის კუნთის შეკუმშვა ხდება ისეთივე თანმიმდევრობით, როგორითაც იმპულსის გატარება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც გულის კუნთის დაზიანებით მიმდინარეობს, ხშირად სინუსის კვანძსა და იმპულსის გამტარ გზას აზიანებს, ეს კი სხვადასხვა ტიპის არითმიას, მათ შორის - ბრადიკარდიასაც, იწვევს. ესენია:
- გულის იშემიური დაავადება, მიმდინარე მიოკარდიუმის დაზიანებით;
- გულის მკვებავ სისხლძარღვებში, კორონარებში, განვითარებული ათეროსკლეროზული პროცესი;
- გულის კუნთის ანთებით მიმდინარე დაავადებები (მიოკარდიტი);
- თანდაყოლილი მანკები.
გარდა უშუალოდ გულის კუნთის დაზიანებისა, გულისცემის გაიშვიათების მიზეზად შესაძლოა იქცეს ვეგეტატიური ნერვული სისტემის, ენდოკრინული სისტემის, თავის ტვინის დაავადებები. დაბოლოს, ბრადიკარდია შესაძლოა წამლების სხვადასხვა კომბინაციამ და არასწორმა დოზირებამაც გამოიწვიოს. მოსახლეობისთვის კარგად ცნობილმა ანაპრილინმა, კონკორმა, ატენოლოლმა, ეგილოკმა, რომლებიც ბეტა-ბლოკერთა ჯგუფს განეკუთვნება, ასევე - დიგოქსინის ხანგრძლივმა და თვითნებურმა მიღებამ გულისცემის სიხშირე შესაძლოა კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოიყვანოს და არასასურველი ეფექტი გამოიწვიოს. მიზეზისა და მიმდინარეობის სირთულის მიხედვით ბრადიკარდიის კლინიკური გამოვლენა სხვადასხვაგვარია. ზომიერი ბრადიკარდია შესაძლოა მხოლოდ გულის რიტმის გაიშვიათებით გამოვლინდეს და სხვა სიმპტომები არ ახლდეს თან, მძიმე შემთხვევებში კი, როცა პულსი 40 და ნაკლებია, მოსალოდნელია გულის წასვლა, გონების დაბინდვა, წნევის მკვეთრი ცვალებადობა (აწევ-დაწევა), თავბრუხვევა, ცივი ოფლი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ტკივილი გულის არეში. ხშირად ვაწყდებით ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის, ანუ გულის რიტმის გაიშვიათება-გახშირების მონაცვლეობას. ამ დროს ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს სინუსის კვანძის სისუსტესთან. ის გულის კუნთის ანთებითი დაავადებების (მიოკარდიტის) ან ათეროსკლეროზული დაზიანების თანმხლები მოვლენაა. მკურნალობაც გამომწვევი მიზეზის აღკვეთით იწყება.
როგორ სვამენ დიაგნოზს
არითმიების დიაგნოსტირება, მათ შორის - ბრადიკარდიისაც, ჩვეულებრივ, კარდიოგრაფიულად ხდება. როცა პაციენტს რაღაც აწუხებს, მაგრამ კარდიოგრამაზე ცვლილება არ შეინიშნება, მიმართავენ 24- ან 48-საათიან ეკგ-მონიტორირებას - ჰოლტერის მეთოდს: კარდიოგრამა იწერება მთელი 24 ან 48 საათის განმავლობაში, რაც მეტად ინფორმაციულია, რადგან საშუალებას აძლევს ექიმებს, დააკვირდნენ გულის მუშაობას პაციენტის ცხოვრების ჩვეული რიტმის პირობებში. რასაკვირველია, კვლევის მეთოდები ამით არ ამოიწურება - არსებობს ელექტროფიზიოლოგიური სინჯებიც.
როგორ მკურნალობენ
ბრადიარითმიის მკურნალობის დაწყება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა ის ჰემოდინამიკას არღვევს, ანუ იწვევს იმ ჩივილებს, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ. წარმომშობი მიზეზის გათვალისწინებით, ინიშნება კოფეინი, ზელენინას წვეთები ელეუტეროკოკი, ხოლო მაშინ, როდესაც პაციენტი აღნიშნავს გონის დაკარგვის ეპიზოდებს ან გულისცემის სიხშირე წუთში 40-ზე ნაკლებია, დაისმის კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის საკითხი. თანამედროვე ტიპის კარდიოსტიმულატორები გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, გამოყენების სიმარტივით, ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით. დროულ იმპლანტაციას ძალუძს, თავიდან აგვაცილოს მკვეთრი ბრადიკარდიით გამოწვეული გართულებები. გულის შეკუმშვათა სიხშირის გათვალისწინება აუცილებელია ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის დროს. როგორც ვიცით, არტერიული ჰიპერტენზია იშემიური დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თავად ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებაში კი მთავარ როლს ათეროსკლეროზული პროცესი ასრულებს. აქედან გამომდინარე, გვხვდება როგორც ბრადიკარდიის, ასევე ტაქიკარდიის ფონზე მიმდინარე ჰიპერტენზია. მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია. თუ გულის რიტმის შენელებასთან გვაქვს საქმე, არ ვხმარობთ პრეპარატებს, რომლებიც იწვევს გულის რიტმის შენელებას. ამ დროს უპირატესობა ენიჭება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს (ლაციპილი, მოდიპინი, ნიფედიპინი) სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას.
როდის იდგმება კარდიოსტიმულატორი?
კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის საკითხი დაისმის:
- ბრადიკარდიის ფონზე გონების დაკარგვის ეპიზოდების არსებობის;
- მუდმივი ბრადიკარდიის ფონზე მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზიის;
- ბრადიკარდიით მიმდინარე ქრონიკული გულის უკმარისობის;
- ბრადიკარდიით მიმდინარე სტენოკარდიის დროს და სხვა.
რა ფუნქცია აკისრია კადრიოსტიმულატორს?
კარდიოსტიმულატორი სამედიცინო ხელსაწყოა, რომელსაც ელექტრული იმპულსების საშუალებით გულის რიტმის შეცვლა შეუძლია. იგი შედგება იმპულსის გენერატორისა და ელექტროდისაგან. არსებობს ერთ-, ორ- და სამელექტროდიანი სტიმულატორები. კარდიოსტიმულატორი საჭიროებისამებრ ირთვება გულის რიტმის შენელების დროს ან მუშაობს მუდმივ სიხშირეზე. ეს დამოკიდებულია იმ რეჟიმზე, რომელსაც შეარჩევს ექიმი კონკრეტული პაციენტისთვის. კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია ხდება ადგილობრივი ანესთეზიით. აპარატურა განუწყვეტლივ იხვეწება, რათა მაქსიმალურად კომფორტული მოსახმარი იყოს.