გულის შეძენილი მანკების ქირურგიული მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის შეძენილი მანკების ქირურგიული მკურნალობა

გულის შეძენილ მანკებს მკურნალობენ კონსერვატიულადაც, ანუ მედიკამენტებითაც, და ქირურგიულადაც.

როდის არის აუცილებელი ოპერაციული ჩარევა და ტარდება თუ არა საქართველოში გულის მანკის ქირურგიული მკურნალობა? ამ და სხვა კითხვებზე კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად ბახუტაშვილი გვიპასუხებს.

- ბატონო ზვიად, როდის შეიძლება დაისვას გულის შეძენილი მანკის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

- გულის შეძენილი მანკებიდან ყველაზე მეტად გულის სარქვლების დაავადებებია გავრცელებული. გულს სულ ოთხი სარქველი აქვს. ამათგან კარდიოქირურგიის ინტერესის არეალში უმთავრესად სამი ექცევა.

სარქვლებისა და მათი მიმდებარე სტრუქტურების ანატომიის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს სარქვლის ფუნქციის მოშლა: ის ან ბოლომდე ვეღარ იღება და მისი გამტარობა, ანუ სისხლის ნაკადის გატარების უნარი იკლებს, ანდა სრულად ვერ იხურება, რის შედეგადაც სისხლი სარქვლის სანათურში უკუმიმართულებითაც მოძრაობს. ეს დარღვევები სხვადასხვა პარამეტრით, მათ შორის - ექოკარდიოგრაფიულითაც, ფასდება, გამოკვლევის დასკვნაში კი მიეთითება ფუნქციის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე მოშლა.

ოპერაციულ ჩარევას მხოლოდ მძიმე დაზიანება მოითხოვს, მანამდე კი სიმპტომური მკურნალობაა საჭირო, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის სუბიექტური ჩივილი. თუ პაციენტი არაფერს უჩივის, ოპერაციის მიზანშეწონილობა მსჯელობის საგნად იქცევა.

გვხვდება საპირისპირო სიტუაციაც: თუ პაციენტი იკეთებს გულის ოპერაციას სხვა მიზეზით, შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიონ საშუალო დაზიანების სარქვლის შეცვლა ან შეკეთება ანუ პლასტიკაც.

- რა სახის ოპერაციული ჩარევა ხდება გულის მანკის დროს?

- საუკეთესო ვარიანტი საკუთარი სარქვლის პლასტიკაა. უკიდურეს შემთხვევაში დაზიანებული სარქველი იცვლება ხელოვნური - მექანიკური ან ბიოლოგიური - სარქვლით. თანამედროვე მექანიკური სარქვლები გამოირჩევა დიდი, ეფექტური სანათურით, კარგი გამძლეობით (მათი რესურსი 200 წელზე მეტია), თუმცა სჭირდება საგანგებო მოვლა თრომბოზის პროფილაქტიკისთვის: პაციენტმა მუდმივად უნდა იმკურნალოს ანტიკოაგულანტებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის შედედების უნარი, მინიმუმ, უნდა განახევრდეს. ბიოლოგიური სარქვლის ეფექტური სანათური შედარებით ნაკლებია. ასევე ნაკლებია მისი რესურსიც - ძლებს 10-15, იშვიათად 20 წელს, მაგრამ თუ პაციენტს სხვა დაავადების გამო არ დაენიშნა ანტიკოაგულანტური თერაპია, ბიოლოგიური სარქვლის შემთხვევაში მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება ანტიკოაგულანტებით მკურნალობა.

სარქველს არჩევენ პაციენტის მდგომარეობის, ასაკის, სურვილის და, რა თქმა უნდა, ზომის გათვალისწინებით - მისი ზომა გულისას უნდა მიესადაგოს.

- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს გულის მანკის ოპერაციამდე?

- გულის ოპერაციის წინ გულს დეტალურად იკვლევენ თანმხლები დაავადებების გამოსავლენად. გარდა ამისა, ტარდება მთელი ორგანიზმის ზოგადი გამოკვლევა ზოგადი რისკების შესაფასებლად.

- რომელი მანკების დროს ხდება ოპერაციული ჩარევა?

- ჩარევა ხდება ყველა დაზიანებული სარქვლის გამო, მაგრამ მანამდე უნდა შეფასდეს ოპერაციის ჩვენება და შესაძლო სარგებელი უნდა აღემატებოდეს შესაძლო რისკს.

- როგორ ამზადებენ პაციენტს ამ ოპერაციისთვის?

პაციენტის მომზადება კლინიკისა და სამედიცინო პერსონალის საქმეა. კლინიკის გარეთ შეიძლება მხოლოდ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ვისაუბროთ.


- როგორია ოპერაციული ჩარევის უკუჩვენება?

- არსებობს დროებითი უკუჩვენება - თანმხლები დაავადება, რომელიც იკურნება. ამ შემთხვევაში, თუ ოპერაციის დაუყოვნებლივ ჩატარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, სასურველია განკურნებამდე მოვიცადოთ.

არსებობს ისეთი უკუჩვენებაც, როდესაც სხვა დაავადების გამო პაციენტის შესაძლო სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა და ოპერაციის რისკი - მაღალი. ასეთია ზოგადი რეკომენდაციები, მაგრამ ექიმი გადაწყვეტილებას მაინც ინდივიდუალურად იღებს.

- რა გართულებამ შეიძლება იჩინოს თავი ოპერაციის შემდეგ?

- ოპერაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გართულება როგორც გულის, ისევე ნებისმიერი სხვა ორგანოს მხრივ. შედარებით ხშირია ნევროლოგიური გართულებები, გართულებები თირკმელებისა და ფილტვების მხრივ.

- რა უნდა გაკეთდეს მათ თავიდან ასაცილებლად?

- გართულებათა პროფილაქტიკას სამედიცინო პერსონალი ეწევა, ვიდრე კლინიკაში წევს.

- როგორ წარიმართება პოსტოპერაციული რეაბილიტაცია და რამდენ ხანში შეიძლება აღიდგინოს პაციენტმა შრომის უნარი?

- ნაოპერაციებ პაციენტს კლინიკიდან 1-2 კვირაში წერენ, თუმცა რეაბილიტაცია შემდეგაც გრძელდება. პაციენტი შრომისუნარიანი ხდება ოპერაციიდან 1-2 თვის შემდეგ, ასაკისა და პრეოპერაციული მდგომარეობის შესაბამისად. ვინც მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა, მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ.

- საჭიროა თუ არა თრომბოლიზური საშუალებების მიღება ოპერაციის შემდეგ და რამდენ ხანს?

- თრომბოლიზური საშუალებების მიღება საჭირო არ არის, ანტიკოაგულანტები კი აუცილებელია. ხანგრძლივობა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სარქვლის სახეობაზეა დამოკიდებული.

- როგორია პროგნოზი?

- ხელოვნურსარქვლიანი პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა უარესია ჯანმრთელ პოპულაციასთან შედარებით, თუმცა მკვეთრი განსხვავებაა იმ პაციენტებისგან, რომლებსაც ნაჩვენები ჰქონდათ სარქვლის გამო ოპერაცია და არ ან ვერ ჩაიტარეს.

- შესაძლებელია თუ არა საქართველოში მანკების ოპერაციული მკურნალობა?

- საქართველოში ეს დარგი საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ასევე შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის მექანიკური და ბიოლოგიური სარქვლები. ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში პაციენტმა შეიძლება პრაქტიკულად იმავე ხარისხის დახმარება მიიღოს, როგორიც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. სწორედ ამიტომ არის, რომ ნელ-ნელა გამოჩნდა პაციენტთა ნაკადი ქვეყნის გარედანაც.

- ასეთი ოპერაციები ძვირი ღირს? შესაძლებელია თუ არა თანადაფინანსება? ანაზღაურებენ თუ არა მას სადაზღვევო კომპანიები?

- ასეთი ოპერაციები საკმაოდ ძვირი ღირს. ფასს უმთავრესად სარქვლისა და იმ ერთჯერადი მოხმარების მასალების ღირებულება განაპირობებს, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში იწარმოება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენში ფასი მაინც საგრძნობლად ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების და, მეტადრე, აშშ-ის ფასებს. სარქვლების ღირებულების, მათი რაოდენობისა და სახეობის შესაბამისად, ოპერაციის ფასი 12-დან 17 ათას ლარამდეა.

60 წელს გადაცილებული პაციენტები სახელმწიფოსგან 70%-იან თანადაფინანსებას იღებენ. სადაზღვევო კომპანიებიც ანაზღაურებენ ასეთი ოპერაციების საფასურს - ნაწილობრივ ან სრულად, პაციენტთან კონტრაქტის პირობების შესაბამისად.