არანაირი სიმპტომი ინფარქტამდე: რა უნდა ვიცოდეთ „ცუდ“ ქოლესტერინზე? - კარდიოლოგ ანი ორკოშნელის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფარქტის „ჩუმი“ წინაპირობა: როგორ გავშიფროთ ქოლესტერინის ანალიზი და რა დონეა რეალურად საშიში? - კარდიოლოგის რჩევები

მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის: როდის ხდება მკურნალობა აუცილებელი მაღალი ქოლესტერინის დროს? - ინტერვიუ კარდიოლოგთან

ქოლესტერინზე საუბრისას ხშირად ორ უკიდურესობაში ვვარდებით: ზოგისთვის მაღალი ქოლესტერინი კატასტროფაა, ზოგი კი თვლის, რომ თუ ჭარბი წონა ან შემაწუხებელი სიმპტომები არ აქვს, ეს თემა მას საერთოდ არ ეხება.

რეალურად, ქოლესტერინი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტია, თუმცა მისი გარკვეული ფრაქციების მომატება წლების განმავლობაში, უჩუმრად აზიანებს სისხლძარღვებს და ინფარქტისა თუ ინსულტის რისკს ზრდის.

უნდა ვთქვათ თუ არა უარი კვერცხზე? - შეიძლება თუ არა მაღალი ქოლესტერინი ჰქონდეს ახალგაზრდა, სპორტით დაკავებულ ადამიანს? როდის ხდება აუცილებელი მედიკამენტების ჩართვა და რა არის „ცუდი“ ქოლესტერინის რეალური სამიზნე?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს კარდიოლოგი ანი ორკოშნელი პასუხობს. ექიმი გვიზიარებს ოქროს წესებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება

- ქალბატონო ანი, ხშირად გვესმის, რომ ქოლესტერინი „ჩუმი მკვლელია“. რეალურად რა ფუნქცია აქვს მას ორგანიზმში და როდის ხდება ის საშიში?

- ქოლესტერინი თავისთავად არც „ცუდი“ ნივთიერებაა და არც ისეთი რამ, რომლის არსებობაც ორგანიზმისთვის არასასურველია. პირიქით, ის აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის - მონაწილეობს უჯრედის მემბრანების სტრუქტურაში, ზოგიერთი ჰორმონისა და ნაღვლის მჟავების სინთეზში და სხვა მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესებში.

პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც სისხლში იზრდება ათეროგენული ლიპოპროტეინების, განსაკუთრებით კი LDL-ქოლესტერინის, კონცენტრაცია. LDL-ქოლესტერინი ორგანიზმში ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს, მაგრამ როდესაც მისი დონე ხანგრძლივად მაღალია, იზრდება LDL-ის არტერიის კედელში მოხვედრისა და შეკავების ალბათობა. ამას მოჰყვება ანთებითი და სხვა ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბებასა და პროგრესირებას უწყობს ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა, არამედ ათეროგენული ლიპოპროტეინების, განსაკუთრებით LDL-C-ის, დონე და ადამიანის საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკი.

qolersterini-1787339898.jpg

- არსებობს გავრცელებული აზრი, რომ მაღალი ქოლესტერინი მხოლოდ ასაკოვან ან ჭარბწონიან ადამიანებს აწუხებთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ეს მოსაზრება არასწორია. მაღალი LDL-ქოლესტერინი შეიძლება ჰქონდეს როგორც ჭარბი წონის მქონე ადამიანს, ასევე სრულიად ნორმალური წონის, ახალგაზრდა და ფიზიკურად აქტიურ ადამიანს. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი - გენეტიკა, კვების ტიპი, ასაკი, ფიზიკური აქტივობა, ზოგიერთი დაავადება, მედიკამენტები და სხვა მდგომარეობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია - გენეტიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც LDL-ქოლესტერინი შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს მომატებული ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში. ასეთ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იდეალური წონა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ მაინც ჰქონდეს ძალიან მაღალი LDL. ამიტომ გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში მაღალი ქოლესტერინის გამორიცხვა მხოლოდ ასაკის, სხეულის წონის ან ცხოვრების წესის შეფასებით არასწორია.

- მოსახლეობაში ხშირად არის გაუგებრობა - რა განსხვავებაა „კარგ“ HDL-სა და „ცუდ“ LDL-ს შორის და რომელ მაჩვენებელს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

- ტერმინები „კარგი“ და „ცუდი“ გარკვეულწილად გამარტივებული ფორმულირებაა. LDL-ქოლესტერინი მონაწილეობს ქოლესტერინის ქსოვილებში მიწოდებაში, მაგრამ როდესაც LDL-ის რაოდენობა ხანგრძლივად მაღალია, მისი ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს და შეკავდეს არტერიის კედელში და ხელი შეუწყოს ათეროსკლეროზული ფოლაქის განვითარებას. ამიტომ LDL-C ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზობრივი და მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორია. HDL-ის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მაღალი HDL ავტომატურად არ ნიშნავს დაბალ გულ-სისხლძარღვთა რისკს და HDL-ის უბრალოდ მედიკამენტურად გაზრდა მკურნალობის მიზანი არ არის. კლინიკურ პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ LDL-C-ს და მთლიან ათეროგენულ ლიპოპროტეინულ დატვირთვას.

guli-1787339955.webp

- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კვებით მიღებული ქოლესტერინი, მაგალითად კვერცხიდან, არ არის ისეთი მავნე, როგორც ადრე ითვლებოდა. სად გადის რეალური ზღვარი?

- თანამედროვე მტკიცებულებებით, გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საკვებიდან მიღებული ქოლესტერინის რაოდენობა, არამედ მთლიანად კვების რაციონის ხარისხი და განსაკუთრებით გაჯერებული ცხიმების რაოდენობა. ჯანმრთელი ადამიანისთვის კვერცხის ზომიერი რაოდენობით მიღება შეიძლება ჯანსაღი კვების რაციონის ნაწილი იყოს და მხოლოდ კვერცხში არსებული დიეტური ქოლესტერინის გამო, მისი სრულად აკრძალვა არ არის გამართლებული.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვერცხის რაოდენობას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს ან რომ ყველა ადამიანისთვის ერთნაირი რაოდენობაა ოპტიმალური. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა პროდუქტებთან ერთად მიირთმევს ადამიანი კვერცხს - მაგალითად, კვების რაციონში დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმების შემცველი პროდუქტების არსებობამ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს LDL-ქოლესტერინზე, ვიდრე თავად კვერცხმა. ამიტომ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მთლიანად ჯანსაღ კვებით მოდელზე, სადაც გაჯერებული და ტრანსცხიმები შეზღუდულია და უპირატესობა ენიჭება უჯერი ცხიმების წყაროებს, ბოსტნეულს, ხილს, პარკოსნებს, მთელ მარცვლეულს, თევზსა და თხილეულს.

- კონკრეტულად რა ზიანს აყენებს მომატებული ქოლესტერინი სისხლძარღვებს და რა პროცესები იწყება ორგანიზმში მისი დიდხანს იგნორირებისას?

- ხანგრძლივად მომატებული LDL-ქოლესტერინი ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. LDL-ის ნაწილაკებმა შეიძლება შეაღწიონ არტერიის ინტიმაში, იქ შეკავდნენ და განიცადონ სხვადასხვა ცვლილება, რაც ხელს უწყობს ანთებით პროცესს. აქტიურდება იმუნური პასუხი, მონაწილეობენ მაკროფაგები და წარმოიქმნება ე.წ. ქაფისებრი უჯრედები. დროთა განმავლობაში ყალიბდება და იზრდება ათეროსკლეროზული ფოლაქი. თავდაპირველად ეს პროცესი შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. წლების განმავლობაში ფოლაქმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიის სანათურის შევიწროება, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში ფოლაქის გახეთქვამ და შემდგომ თრომბის წარმოქმნამ შეიძლება სისხლძარღვი მწვავედ დაახშოს. სწორედ ამ მექანიზმმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან იშემიური ინსულტი. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი პრინციპი: LDL-ის ზემოქმედების მნიშვნელობა მხოლოდ დღევანდელი მაჩვენებლით არ განისაზღვრება - მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში ათეროგენული ლიპოპროტეინების ზემოქმედების კუმულაციური დატვირთვაც.

guli-1787340119.webp

- რა სიმპტომებით შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ ქოლესტერინის დონე მომატებული აქვს, თუ ეს პროცესი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს?

- უმეტეს შემთხვევაში - არანაირი სიმპტომით. სწორედ ამიტომ მაღალი ქოლესტერინი ხშირად „ჩუმ რისკ-ფაქტორად“ მოიხსენიება. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ მაღალი LDL-ქოლესტერინი და თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობდეს. გულ-მკერდის ტკივილი, ქოშინი ან დატვირთვისას დისკომფორტი, როგორც წესი, თვითონ მაღალი ქოლესტერინის სიმპტომები არ არის - ისინი შეიძლება უკვე ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამოვლინება იყოს. ამიტომ ქოლესტერინის დონის შეფასების ძირითადი გზა ლაბორატორიულად ლიპიდური პროფილია.

- რა ასაკიდან და რა პერიოდულობით არის რეკომენდებული ლიპიდური პროფილის - ქოლესტერინის ანალიზის გადამოწმება?

- ლიპიდების შეფასება მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან და შემდგომ მისი სიხშირე დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, საწყის შედეგებზე და გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორებზე. ჯანმრთელ მოზრდილებში პერიოდული შეფასება მნიშვნელოვანია, ხოლო დისლიპიდემიის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, ქრონიკული თირკმლის დაავადების, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, უკვე არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების ან ლიპიდშემამცირებელი მკურნალობის შემთხვევაში კონტროლის სიხშირე ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ბავშვებსა და მოზარდებში ლიპიდების შეფასებაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ან ნაადრევი ათეროსკლეროზული დაავადების ოჯახური ისტორიის არსებობისას.

- რამდენად შესაძლებელია ქოლესტერინის დარეგულირება მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით - დიეტით, ფიზიკური აქტივობითა და მავნე ჩვევებზე უარის თქმით?

- ცხოვრების წესის შეცვლა აუცილებელია პრაქტიკულად ყველა პაციენტისთვის, თუმცა მისი ეფექტი LDL-ქოლესტერინზე ინდივიდუალურია. ძალიან მნიშვნელოვანია კვებითი მიდგომა - გაჯერებული და ტრანსცხიმების შემცირება და მათი ჩანაცვლება უჯერი ცხიმებით. რაციონში უნდა გაიზარდოს ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნების, მთლიანი მარცვლეულის, თხილეულის, თესლებისა და თევზის წილი. ფიზიკური აქტივობა, სხეულის ჭარბი წონის შემცირება საჭიროების შემთხვევაში და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა ასევე მნიშვნელოვანია საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკის შესამცირებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამ: მნიშვნელოვნად მომატებული LDL ყოველთვის ვერ დარეგულირდება მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით და ბევრ პაციენტს მედიკამენტური თერაპიაც სჭირდება.

dieta-1787340012.jpg

- როდის ხდება აუცილებელი მედიკამენტური მკურნალობის - სტატინების - ჩართვა და რამდენად უსაფრთხოა მათი ხანგრძლივი მიღება?

- სტატინის დანიშვნის გადაწყვეტილება არ ეფუძნება მხოლოდ ერთ უნივერსალურ LDL-რიცხვს. საჭიროა შეფასდეს პაციენტის საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკი, LDL-C-ის დონე, თანმხლები დაავადებები, ოჯახური ისტორია, უკვე არსებული ათეროსკლეროზული დაავადება და სხვა რისკ-მოდიფიკატორები. 2026 წლის ACC/AHA გაიდლაინში პირველადი პრევენციისთვის რისკის შეფასებაში შესაბამის პაციენტებში გამოიყენება PREVENT-ASCVD რისკის კალკულატორი. ძალიან მაღალი LDL-ის, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, დადგენილი ASCVD-ის ან სხვა მაღალი რისკის მდგომარეობების დროს მედიკამენტური მკურნალობის საჭიროება გაცილებით მკაფიოა. უკვე არსებული ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ძალიან მაღალი რისკის პაციენტებში LDL-C-ის სამიზნე <55 mg/dL (<1.4 mmol/L) რჩება მნიშვნელოვან მიზნად.

რაც შეეხება უსაფრთხოებას - სტატინები ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი კარდიოვასკულური პრეპარატებია და პაციენტების უმეტესობაში ხანგრძლივად კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები შესაძლებელია, მათ შორის კუნთოვანი სიმპტომები, თუმცა მძიმე მიოპათია და რაბდომიოლიზი იშვიათია. სტატინებმა შეიძლება მცირედ გაზარდოს ახალი ტიპის 2 დიაბეტის განვითარების რისკი იმ ადამიანებში, რომლებსაც ამისადმი წინასწარი მიდრეკილება აქვთ, თუმცა შესაბამისი გულ-სისხლძარღვთა რისკის მქონე პაციენტებში სტატინით მიღებული სარგებელი, როგორც წესი, ამ რისკს მნიშვნელოვნად აღემატება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვერდითი ეფექტის შემთხვევაში სტატინის ავტომატურად და საბოლოოდ შეწყვეტა ყოველთვის სწორი მიდგომა არ არის. შესაძლებელია კონკრეტული სტატინის ან დოზის შეცვლა, მკურნალობის რეჟიმის მოდიფიცირება ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ლიპიდ შემამცირებელი პრეპარატების დამატება.

- რა არის ის მთავარი ოქროს წესები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა მივდიოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

- თუ რამდენიმე ძირითად პრინციპამდე უნდა დავიყვანოთ, მე გამოვყოფდი შემდეგს: პირველი - ვიცოდეთ ჩვენი გულ-სისხლძარღვთა რისკი. არ უნდა დაველოდოთ სიმპტომების გაჩენას. პერიოდულად უნდა შეფასდეს არტერიული წნევა, ლიპიდური პროფილი, გლუკოზა და სხვა ინდივიდუალურად საჭირო მაჩვენებლები.

მეორე - განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ LDL-ქოლესტერინს. „ლაბორატორიული ნორმა“ ყოველთვის არ ნიშნავს კონკრეტული ადამიანის ოპტიმალურ სამიზნეს, რადგან LDL-ის მიზნობრივი დონე დამოკიდებულია ადამიანის გულ-სისხლძარღვთა რისკზე.

მესამე - ვიკვებოთ ჯანსაღად და ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები. მეოთხე - მაქსიმალურად მოვერიდოთ მავნე ჩვევებს და, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა თვითნებურად. ქოლესტერინის მკურნალობის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიული ციფრის გაუმჯობესება არ არის. ჩვენი მთავარი მიზანია ინფარქტის, ინსულტისა და სხვა ათეროსკლეროზული გართულებების რისკის შემცირება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ქოლესტერინთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ასეთია: პრევენცია უნდა დავიწყოთ იქამდე, ვიდრე ათეროსკლეროზი კლინიკურ დაავადებად გამოვლინდება.

თანამედროვე გაიდლაინებიც სწორედ ადრეული რისკის შეფასების, ათეროგენული ლიპოპროტეინების ხანგრძლივი ზემოქმედების გათვალისწინებისა და საჭიროების შემთხვევაში ადრეული ჩარევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.