ცივი ამინდის გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე: როგორ დავიცვათ თავი ზამთარში
ტემპერატურის ვარდნა ბუნებრივი მოვლენაა და თითქოს საგანგაშო ამაში არაფერია, მაგრამ სინამდვილეში, გამოწვევაა სხეულის ყველა უჯრედისთვის — ისინი ცდილობენ სითბოს შენარჩუნებას, ენერგიის დაზოგვას და შინაგანი ბალანსის დაცვას.
ზამთრის პერიოდში ჩვენი სხეული მრავალმხრივ ცვლის ფუნქციონირებას: სისხლძარღვები ვიწროვდება, არტერიული წნევა იმატებს, კანი შრება და მგრძნობიარე ხდება, სახსრები უფრო მტკივნეულია, ხოლო მზის შუქის ნაკლებობა განწყობასაც ცვლის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრობლემაზე გავესაუბროთ შესაბამის სპეციალისტს. დავიწყებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემით, რომ გავიგოთ, როგორ რეაგირებს ორგანიზმი სიცივეზე და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამ საკითხებზე გვესაუბრება ხათუნა ჯალაბაძე - კარდიოლოგი-რითმოლოგი, ჯეოჰოსპიტალსის არითმიული მიმართულების ხელმძღვანელი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, საქართველოს გულის რითმის ასოციაციის პრეზიდენტი
- ქალბატონო ხათუნა, რატომ არის ზამთარი განსაკუთრებული გამოცდა გულისთვის?
- ცივი ამინდის დროს ორგანიზმი სითბოს შენარჩუნებას ცდილობს, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება და არტერიული წნევა იმატებს. ეს ჩვენი სხეულის ბუნებრივი თავდაცვაა: სისხლძარღვების შეკუმშვით ორგანიზმი ცდილობს, სითბო გარემოში არ გასცეს და ის შინაგან ორგანოებს შეუნარჩუნოს. თუმცა, როცა სისხლძარღვები ვიწროვდება, გულს იგივე რაოდენობის სისხლის გადაქაჩვა გაცილებით ვიწრო „მილებში“ უწევს.
სწორედ ეს ზრდის დატვირთვას გულზე, რაც ჰიპერტენზიის ან გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა სერიოზული რისკი გახდეს და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა. განსაკუთრებით სახიფათოა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება — მაგალითად, თბილი ოთახიდან პირდაპირ ცივ ჰაერზე გასვლა. ასეთ დროს სისხლძარღვები წამიერად იკუმშება და გული ყველაზე დიდ დატვირთვას სწორედ მაშინ განიცდის.
- კონკრეტულად რა ტიპის ჩივილები შეიძლება დაგვეწყოს სიცივეში?
- სიცივეში ყველაზე გავრცელებული ჩივილი გულმკერდის არეში მოჭერისა და სიმძიმის შეგრძნებაა, რასაც ხშირად თან ახლავს სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი. ასევე, მოსალოდნელია თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე და ზოგჯერ გულის რითმის დარღვევა, მაგალითად, აჩქარებული პულსი.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს სიმპტომები ორგანიზმის სიგნალია ზედმეტ დატვირთვაზე. რისკი განსაკუთრებით მაღალია ხანდაზმულებში, რადგან ასაკთან ერთად სხეულს უჭირს ტემპერატურის სწრაფი რეგულირება. ასევე ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც უკვე აქვს გულის ქრონიკული დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა, რადგან მათთვის ზამთრის სუსხი დამატებითი ფიზიკური სტრესია.
- როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს საფრთხეები?
- უმჯობესია, გარეთ გასვლამდე ორგანიზმი წინასწარ მოამზადოთ. პირველ რიგში, გამოიყენეთ მრავალშრიანი ჩაცმულობა — რამდენიმე თხელი ფენა სითბოს უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე ერთი სქელი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კიდურების, თავისა და გულმკერდის არის სითბოს შენარჩუნებას, რადგან სწორედ აქედან კარგავს სხეული სითბოს ყველაზე სწრაფად.
იმისათვის, რომ სისხლძარღვებმა მკვეთრი შოკი არ მიიღონ, უნდა მოერიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას: ცივ ჰაერზე გასვლამდე რამდენიმე წუთით დაყოვნდით შედარებით გრილ სადარბაზოში ან აივანზე, რათა სისხლძარღვებმა ადაპტაცია მოასწრონ.
გარდა ამისა, არსებობს სამი ოქროს წესი
- მოერიდეთ გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას სიცივეში: მაგალითად, სწრაფად სიარული ან მძიმე ტვირთის ტარება ყინვაში გულისთვის ორმაგი გამოცდაა. თუმცა აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა შენობაში
- აკონტროლეთ წნევა: ზამთარში ჰიპერტონიის მქონე პირებმა წნევა უფრო ხშირად უნდა გაიზომონ.
- სწორი კვება: მოერიდეთ მძიმე, ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლს გარეთ გასვლამდე, რადგან ალკოჰოლი ქმნის სითბოს ცრუ შეგრძნებას და სინამდვილეში აჩქარებს სხეულის გაციებას.
ეს მცირე, მაგრამ ძალიან ეფექტური ნაბიჯებია, რაც ზამთრის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
- რამდენად მნიშვნელოვანია კვება და სითხის მიღება ზამთარში?
— საკვები და სითხე ზამთარში ჩვენი „შინაგანი საწვავია“. ცხელი სითხე არა მხოლოდ მყისიერად გაგათბობთ, არამედ უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰიდრატაციას ანუ გაწყლოვანებას, რაც აუცილებელია სისხლის ნორმალური სიბლანტის შესანარჩუნებლად — სიცივეში სისხლი მიდრეკილია გასქელებისკენ, სითხე კი მას ცირკულაციაში ეხმარება.
რაც შეეხება საკვებს, ის უნდა იყოს მდიდარი ვიტამინებითა და მინერალებით, განსაკუთრებუთ კალიუმით, რათა გულსა და სისხლძარღვებს დამატებითი რესურსი მიეწოდოს ამ რთულ პერიოდში.
- ცხელ სითხეებში ყავაც იგულისხმება?
- ყავა დასაშვებია, თუმცა აქ ზომიერება უმთავრესია. ერთი-ორი ფინჯანი ზიანს არ მოგიტანთ, მაგრამ ზედმეტმა კოფეინმა შეიძლება არტერიული წნევა კიდევ უფრო გაზარდოს და გულისცემა ააჩქაროს, რაც სიცივისგან ისედაც დატვირთული გულისთვის ზედმეტი სტრესია. გარდა ამისა, ყავას აქვს შარდმდენი ეფექტი, რაც ორგანიზმიდან სითხის დაკარგვას იწვევს — ეს კი ზამთარში არასასურველია.
საუკეთესო არჩევანია ნაზად დაყენებული ჩაი, ნატურალური ბულიონი ან უბრალოდ ცხელი წყალი ლიმონით. განსაკუთრებით სასარგებლოა პიტნისა და გვირილის ნაყენები: ისინი ორგანიზმს სითხით ამარაგებენ, სითბოს განცდას აძლიერებენ და ნერვულ სისტემასაც ამშვიდებენ, რაც არტერიულ წნევაზე დადებითად აისახება.
- კალიუმს განსაკუთრებულად გაუსვით ხაზი?
- კალიუმი გულის კუნთის მთავარი „მეგობარია“. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებასა და ორგანიზმიდან ჭარბი მარილის გამოდევნაში. თუმცა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გულის რიტმის რეგულირებაა.
კალიუმი მოქმედებს როგორც „ბუნებრივი დირიჟორი“ — ის ეხმარება გულს, რომ მისი ყოველი დარტყმა იყოს თანაბარი და რიტმული. ზამთარში, როცა გული ისედაც დიდ დატვირთვას განიცდის, კალიუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ფრიალი ან რიტმიდან ამოვარდნა.
კალიუმით მდიდარი პროდუქტები — ბანანი, ფორთოხალი, ჭარხალი, გოგრა და პარკოსნები — გვეხმარება არტერიული წნევის ბუნებრივ კონტროლში. როდესაც ორგანიზმში კალიუმის საკმარისი დონეა, გული უფრო რიტმულად, მშვიდად და ნაკლები ძალისხმევით მუშაობს, რაც ზამთრის სუსხიან დღეებში დაცულობის დამატებით გარანტიას გვაძლევს.
- რატომ არის „სქელი“ სისხლი საშიში, განსაკუთრებით ზამთარში?
- წარმოიდგინეთ, რომ გულს, რომელიც ისედაც დატვირთვით მუშაობს, უწევს არა წყლისებრი სითხის, არამედ სქელი „სიროფის“ გადაქაჩვა ვიწრო მილებში. როდესაც სისხლის სიბლანტე იმატებს, ის უფრო ნელა მოძრაობს სისხლძარღვებში. ეს კი ორი მთავარი მიზეზითაა ცუდი:
- თრომბების რისკი: რაც უფრო ბლანტია სისხლი, მით მეტია შანსი, რომ სისხლძარღვში პატარა შედედება, ანუ თრომბი წარმოიქმნას. ეს კი ინფარქტისა და ინსულტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
- ჟანგბადის შიმშილი: სქელ სისხლს უჭირს მიაღწიოს ყველაზე წვრილ კაპილარებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანოები (მათ შორის თავად გულიც) ვერ იღებენ საკმარის ჟანგბადს.
სწორედ ამიტომ ვურჩევთ პაციენტებს სითხის მიღებას — წყალი სისხლს ეხმარება შეინარჩუნოს ნორმალური კონსისტენცია, რათა მან თავისუფლად იდინოს სისხლძარღვებში და გულს ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირდეს.
- ზოგი სიცივეში გათბობის მიზნით ალკოჰოლს იღებს (არაყს, კონიაკს..), ეს, გულს ხომ არ ავნებს?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან გავრცელებული მითი ალკოჰოლის „გამათბობელი“ თვისებების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შეცდომაა, განსაკუთრებით გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
აი, რა ხდება სინამდვილეში და რატომ არის ეს საფრთხის შემცველი:
1. სითბოს ცრუ შეგრძნება
ალკოჰოლი აფართოებს კანის ზედაპირულ სისხლძარღვებს. სისხლი მიედინება შინაგანი ორგანოებიდან კანისკენ, რაც ადამიანს სითბოს მატყუარა შეგრძნებას აძლევს. სინამდვილეში, ამ დროს ორგანიზმი უფრო სწრაფად კარგავს სითბოს, რადგან სისხლი კანის ზედაპირთან ახლოს ძალიან მალე ცივდება.
2. გულზე ორმაგი დატვირთვა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცივე ისედაც ავიწროებს სისხლძარღვებს და ზრდის წნევას. ალკოჰოლი კი აჩქარებს გულისცემას. შედეგად, გულს გაორმაგებული დატვირთვით მუშაობა უწევს: ერთის მხრივ, ის ცდილობს სისხლი სიცივისგან შევიწროებულ სისხლძარღვებში გაატაროს, მეორეს მხრივ კი — თავად ალკოჰოლი აიძულებს მას ზედმეტად სწრაფად და ინტენსიურად იმუშაოს. ეს კი იმას ჰგავს, ავტომობილს ერთდროულად მუხრუჭზეც ეჭიროს ფეხი და გაზსაც ბოლომდე აჭერდეს — ასეთ დროს გულის რესურსი ძალიან სწრაფად იწურება.
3. „სპაზმის“ რისკი
ალკოჰოლის მიღების შემდეგ, როცა მისი მოქმედება გაივლის, სისხლძარღვები შეიძლება კიდევ უფრო მკვეთრად შეიკუმშოს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კორონარული არტერიების სპაზმი, რაც განსაკუთრებით რისკიანია მათთვის, ვისაც სტენოკარდია ან ათეროსკლეროზი აწუხებს.
4. საფრთხის შეგრძნების დაქვეითება
კონიაკი ან არაყი აქვეითებს ყურადღებას. ადამიანი ვეღარ გრძნობს, რომ მისი სხეული რეალურად გადაცივდა, ვეღარ ამჩნევს გულის პირველ სიგნალებს (დისკომფორტს ან ტკივილს) და შესაძლოა იმაზე დიდხანს დარჩეს ყინვაში, ვიდრე ეს მისი ორგანიზმისთვისაა უსაფრთხო.
ასე რომ ალკოჰოლით „გათბობა“ ილუზიაა, რომელიც გულს დამატებით დარტყმას აყენებს. თუ გსურთ გათბეთ, საუკეთესო გზა კვლავ თბილი ჩაი, ნატურალური წვენი ან ბულიონია, რომლებიც გულს რიტმს არ ურევს და სხეულს რეალურ ენერგიას აძლევს.
- რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ გულის დაავადება?
— ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია თვითმონიტორინგი. ყურადღებით დააკვირდით სხეულის სიგნალებს: გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება ან უეცარი თავბრუსხვევა ის სიმპტომებია, რომელთა დაგნორება არასდროს შეიძლება — ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- გარდა ფიზიკური დაცვისა, კიდევ რა უშლის ხელს გულს მშვიდ მუშაობაში?
- ხშირად გვავიწყდება, რომ ზამთარი ორგანიზმისთვის ფსიქოლოგიური სტრესიცაა. დღის სინათლის სიმცირე და ჩაკეტილი სივრცე მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, ნერვული დაძაბულობა კი პირდაპირ აისახება გულზე. ამიტომ, ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება:
- მშვიდი ძილი: ზამთარში ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება აღსადგენად. ძილის დროს გული ისვენებს და წნევა სტაბილურდება. ეცადეთ, ზამთრის სეზონზე მაინც დაიცვათ ძილის რეჟიმი.
- ემოციური წონასწორობა: სტრესი აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს ადრენალინი, რომელიც ისედაც შევიწროებულ სისხლძარღვებს კიდევ უფრო კუმშავს. პიტნისა და გვირილის ჩაი, რომელიც ვახსენეთ, არა მხოლოდ სითხის ბალანსისთვის, არამედ ნერვების დასამშვიდებლადაც საუკეთესოა.
- მზის შუქის „დაჭერა“: თუ დღის განმავლობაში მზიანი ამინდია, თუნდაც ფანჯარასთან ახლოს ყოფნა გვეხმარება D ვიტამინისა და სეროტონინის გამომუშავებაში, რაც სისხლძარღვების ტონუსზე დადებითად მოქმედებს.
დასასრულს კი ვიტყოდი: ზამთარი არ უნდა იყოს შიშის სეზონი. თუ ჩვენს გულს ისე მოვექცევით, როგორც სათუთ მექანიზმს — არ დავატანთ ზედმეტ ძალას, დროულად მივაწვდით სითხესა და ვიტამინებს და დავიცავთ ყინვისგან — ის ამ რთულ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.