ჰიპერტონიული კრიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერტონიული კრიზი

 

- რა არის ჰიპერტონიული კრიზი და რით განსხვავდება იგი არტერიული წნევის რიგითი მატებისგან?

- ჰიპერტონიული კრიზი არის სისტოლური და დიასტოლური წნევის მკვეთრი მატება, რომელსაც თან სდევს რიგი სიმპტომები: თავის ტკივილი და თავბრუხვევა, ღებინება და გულისრევის შეგრძნება, გულის ფრიალი და ტკივილი გულის არეში, კანკალი და გახშირებული შარდვა. გავიმეორებ, ეს არის არტერიული წნევის მკვეთრი მატება და არა მატება გარკვეულ ზღვრამდე. ამიტომაც არის, რომ კრიზი წნევის სხვადასხვა მაჩვენებელზე ვითარდება, უმეტესად მაშინ, როცა წნევის ციფრები 160/90-ს აღემატება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჰიპერტონიული კრიზი არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება აღმოცენდეს.

- რამდენ ხანს გრძელდება ჰიპერტონიული კრიზი და რაზეა დამოკიდებული მისი ხანგრძლივობა?

- ჰიპერტონიული კრიზი რამდენიმე წუთსაც შეიძლება გაგრძელდეს და რამდენიმე დღესაც; შესაძლოა, უკვალოდ ჩაიაროს და შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე გართულებები. კრიზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფონური დაავადების სირთულეზე, საექიმო ტაქტიკასა და მრავალ სხვა ფაქტორზე.

- რა ხდება ორგანიზმში ჰიპერტონიული კრიზის დროს?

- ხშირი ჰიპერტონიული კრიზი ამძიმებს ჰიპერტენზიის მიმდინარეობას და იწვევს სამიზნე ორგანოების: გულის, თავის ტვინის, თირკმელების - დაზიანებას. კრიზის დროს მკვეთრად უარესდება გულის კუნთის, თავის ტვინის სისხლით მომარაგება. ამ დროს შეიძლება აღმოცენდეს სტენოკარდიული შეტევა - ტკივილი გულის არეში თვით მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებამდეც კი, გულის მწვავე უკმარისობა - კარდიული ასთმა, ფილტვების შეშუპება. კრიზის ერთ-ერთი გავრცელებული და საშიში გართულებაა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონიული კრიზი?

- ესენციური ანუ პირველადი ჰიპერტენზია ჰიპერტონიული კრიზის უმთავრესი მიზეზია. მას ხშირად იწვევს საშარდე სისტემისა და ენდოკრინული სისტემის დაავადებებიც. განსაკუთრებით მაღალ ციფრებს აღწევს წნევა თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის - ფეოქრომოციტომის დროს.

როგორი წარმოშობისაც უნდა იყოს ჰიპერტონიული კრიზი, - ესენციური თუ სიმპტომური, - გართულებათა გამოვლინება ერთნაირია.

- რა უწყობს ხელს ჰიპერტონიული კრიზის განვითარებას?

- ჰიპერტონიული კრიზის განვითარებასთან უშუალო კავშირი აქვს გადაღლას, უძილობას, ნერვულ სტრესს, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბ მიღებას, მეტეოროლოგიურ ფაქტორებს, განსაკუთრებით - ძლიერ სიცხეს, ამიტომ ვურჩევ თქვენს მკითხველებს, ზაფხულობით ერიდონ მზეზე სიარულს, გარდა ამისა, მოიწესრიგონ ცხოვრებისა და შრომის რეჟიმი. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებს უნდა ეძინოთ არანაკლებ ცხრა საათისა (სადილის შემდგომი დასვენების ჩათვლით). თავი არიდონ დაძაბულობას, ფსიქიკურ ტრავმებს. ამაზე უნდა იზრუნონ ავადმყოფის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თანამშრომლებმაც. არასასურველია ღამით მუშაობა. კარგია აქტიური დასვენება (მსუბუქი ფიზიკური შრომა, ნაკვეთში მუშაობა, ტურისტული ლაშქრობები), ყოველ დილით - გამამხნევებელი ვარჯიში, ფეხით სიარული, ნელთბილი აბაზანა ან 5-10-წუთიანი შხაპი. არ შეიძლება თამბაქოს წევა და სპირტიანი სასმელების ჭარბი მიღება. ავადმყოფმა ისეთი დიეტა უნდა დაიცვას, რომ არ გასუქდეს, ხოლო თუ ზედმეტი წონა აქვს, უნდა გახდეს. ამისთვის უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლების (შაქრის, ტკბილეულის, ფქვილის ნაწარმის) და ცხოველური ცხიმების (კარაქის, ქონის, მსუქანი ხორცის) მოხმარება. აუცილებელია სუფრის მარილის შეზღუდვაც - დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერება ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას. საჭმელი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ სიმლაშე აკლდეს. ადამიანი თანდათან ეჩვევა ასეთ კერძებს და მარილის ნაკლებობას ვეღარ გრძნობს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე გავლენას ახდენს ჰელიოფაქტორებიც - მაგნიტური ველი, ამინდი. მაგნიტური დღეების კალენდარიც კი არსებობს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება და ჰიპერტონიული კრიზის თავიდან აცილება. შემოდგომაზე ეს რყევები განსაკუთრებით მკვეთრად შეიგრძნობა, ამიტომ რეკომენდებულია წნევის რეგულარული მონიტორინგი, წნევის დამწევი საშუალებების მოწესრიგებული მიღება.

- უმთავრესად რა ასაკშია მოსალოდნელი ჰიპერტონიული კრიზი?

- ნებისმიერ ასაკში, თუმცა ხანდაზმულებს რისკი შედარებით მაღალი აქვთ - ამ ასაკში მეტია გულსისხლძარღვოვან გართულებათა განვითარების ალბათობა, ვინაიდან სისხლძარღვებში უფრო მკვეთრად არის გამოხატული ათეროსკლეროზული ცვლილებები.

- არის შემთხვევები, როცა ჰიპერტონიული კრიზი თითქოსდა სავსებით ჯანმრთელ ადამიანს ემართება...

- განსაზღვრულ ასაკს რომ გადავაბიჯებთ, სასურველია, არტერიული წნევა მუდმივად ვაკონტროლოთ, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა წნევის მომატებას ვერ გრძნობენ და ჰიპერტონიული კრიზი არტერიული ჰიპერტენზიის პირველი მაცნე ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამკურნალო ღონისძიებები იმ შემთხვევაშიც არის საჭირო, როდესაც მომატებული არტერიული წნევა აღმოაჩნდება სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელ ადამიანს. გარდა ამისა, აუცილებელია, ყოველი ჩვენგანი ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი დაავადების შესახებ, რათა გართულების თავიდან აცილება მოახერხოს.


 

- ზემოთ ჰიპერტონიული კრიზის გართულებები ახსენეთ. იქნებ მათ უფრო დაწვრილებით შევეხოთ...

- ჰიპერტონიული კრიზი, როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება გართულდეს მიოკარდიუმის ინფარქტით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, ფილტვების შეშუპებით, გულის რიტმის დარღვევით. მომატებული არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე თვალის ბადურას ვენების ოკლუზიასაც იწვევს, ვენების ოკლუზია კი მხედველობის დაკარგვის მიზეზი ხდება. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანს დიდხანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, ვითარდება მეხსიერების დაქვეითება. ცნობილი ალცჰაიმერის დაავადებაც ჰიპერტონიკებს უფრო ხშირად ემართებათ.

- როგორ მოვიქცეთ ჰიპერტონიული კრიზის დროს?

- უწინარეს ყოვლისა, გამოვიძახოთ ექიმი, რათა მივიღოთ კვალიფიციური დახმარება. მინდა, ყველა გავაფრთხილო: ნუ ეცდებიან არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას - შესაძლოა, ამას უარესი შედეგი მოჰყვეს. როგორც მაღალი, ისე მეტისმეტად დაბალი წნევა აუარესებს თავის ტვინისა და გულის სისხლით მომარაგებას. წნევის მკვეთრი დაცემა რომ არ გამოვიწვიოთ, წნევის დამწევი საშუალებები 30-40-წუთიანი შუალედით უნდა მივიღოთ.

- როგორ მკურნალობენ კრიზს?

- ჰიპერტონიული კრიზის სამკურნალოდ მრავალი წამალი არსებობს. მათი შერჩევა ექიმის საქმეა.

მაღალი არტერიული წნევის დროს წამლის მიღებაზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, რადგან მათაც, ვინც შეიგრძნობს მაღალ არტერიულ წნევას (თავის ტკივილით, თავბრუხვევით, ტკივილით გულის არეში) და მათაც, ვინც არაფერს უჩივის, ჰიპერტონიის გართულების რისკი თანაბარი აქვთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ არტერიული წნევით დაავადებულთა 50%-ს, ვიდრე დაავადება შემთხვევით არ აღმოუჩინეს, ეჭვიც კი არ ჰქონიათ ამ პათოლოგიაზე.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს მითი ”სამუშაო წნევის” შესახებ. ექიმები ხშირად ვხვდებით ისეთ პაციენტებს, რომლებიც 250/130 მმ.ვწყ.სვ. წნევაზე თავს კარგად გრძნობენ ან ოდნავ სტკივათ თავი. ასეთი ავადმყოფების მკურნალობაზე დაყოლიება ძნელია - მათ ვერაფრით დაარწმუნებთ, რომ გამუდმებით ემუქრებათ საფრთხე. მოხუცებულებში  სისტოლური წნევის 160-170 მმ-მდე მომატება ნორმალურად ითვლებოდა - სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით ხსნიდნენ. დღესდღეობით წნევის ასეთ ციფრებს თავდაუზოგავად ვებრძვით, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

- აუცილებელია თუ არა ჰოსპიტალიზაცია ჰიპერტონიული კრიზის დროს?

- მიმაჩნია, რომ ჰოსპიტალიზაციის საკითხიც ექიმის გადასაწყვეტია. თუ კრიზს არ ახლავს ზემოხსენებული გართულებები, პაციენტის სახლში დატოვება დასაშვებია, მაგრამ აუცილებელია ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელება.

- პროფილაქტიკაზეც ხომ არ გვეტყოდით რამდენიმე სიტყვას?

- ამერიკის გულის ასოციაციამ 2008 წელს განაცხადა, რომ ყოველმა ჰიპერტონიკმა უნდა იქონიოს მანომეტრი და წნევის ციფრებს განუწყვეტლივ ადევნოს თვალყური. ეს ექიმებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დოზის შერჩევასა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამასთანავე, უნდა ვაკონტროლოთ სხეულის მასა, ხელი მივყოთ ვარჯიშს, ვისწავლოთ ნერვული დაძაბულობის მოხსნა, სწორი კვება. ძალიან კარგია ფეხით სიარული. ყოველ შემთხვევაში, დაწყებას სწორედ ამით გირჩევთ. სასურველია, დატვირთვა რეგულარული იყოს. სიარულიდან შეიძლება გადასვლა უფრო ინტენსიურ დატვირთვაზე - ცურვაზე, ველოსპორტზე. ფიზიკური დატვირთვა, რასაკვირველია, დოზირებული უნდა იყოს. ის მაჯისცემისა და სუნთქვის შემოწმებით უნდა ვაკონტროლოთ. დატვირთვის ინტენსივობის განსასაზღვრავად ნაბიჯების რაოდენობა გამოგვადგება: 10 000-12 000 ნაბიჯი დღეში სავსებით მისაღებია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვარჯიშის შემდეგ გულისცემის სასურველი ციფრები ასეთია:

20-29 წელი - 140 დარტყმა წუთში

30-39 წელი - 132 დარტყმა წუთში

40-49 წელი - 125 დარტყმა წუთში

50-59 წელი - 115 დარტყმა წუთში

როგორც აღვნიშნე, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებით რაციონსაც. ჰიპერტენზიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს სუფრის მარილი (ნატრიუმის ქლორიდი). ცნობილია, რომ ესკიმოსებსა და ავსტრალიის აბორიგენებს ჰიპერტენზია არ ემართებათ, რადგან დამარილებულ საკვებს პრაქტიკულად არ იყენებენ. სამაგიეროდ, იაპონიაში და ბაჰამის კუნძულებზე, სადაც სუფრის მარილი მეტისმეტად უხვად გამოიყენება, ჰიპერტენზიით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სასურველია კალიუმისა და მაგნიუმის დღიური ულუფის გაზრდა. ამისთვის რაციონში უნდა ჭარბობდეს ხილ-ბოსტნეული. ძალიან კარგია ზღვის პროდუქტები. ამ ტიპის საკვების მიღებისას სისხლში ხვდება ბუნებრივი ანტიოქსიდანტები - C ვიტამინი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი. ჩატარდა კვლევა არტერიულ წნევაზე ჩაისა და კაკაოს გავლენის გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ კაკაო არტერიული წნევის ციფრების შემცირებას იწვევს, ჩაი კი მომატებას.