როგორ ვიცხოვროთ გულის ქრონიკულ უკმარისობასთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიცხოვროთ გულის ქრონიკულ უკმარისობასთან ერთად

გულის უკმარისობა მძიმე დაავადებაა, რომელიც, გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, ცხოვრების გარკვეული რეჟიმის დაცვასაც გულისხმობს. გვესაუბრება თბილისის ,,ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ თერაპიული დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლია მინდიაშვილი.

– ქალბატონო ლია, რა მდგომარეობაა გულის უკმარისობა?

– გულის უკმარისობა სინდრომია, რომლის დროსაც გული სრულყოფილად ვეღარ ასრულებს თავის უმთავრეს – ტუმბოს – ფუნქციას, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება ორგანიზმს. საკომპენსაციო მექანიზმების მობილიზების მიუხედავად, გულის უკმარისობის დროს თანდათან ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, აორტაში ნაკლები სისხლი გადაიტყორცნება, რის გამოც გულის ღრუებში წნევა იმატებს, სისხლი გროვდება ვენებში, რომლებიც ამ დროს დეპოს ფუნქციას ასრულებენ და ვითარდება გულის უკმარისობის სიმპტომოკომპლექსი:

  • საერთო სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • სითხის შეკავება ორგანიზმში;

ზემოაღნიშნული ამცირებს პაციენტის შესაძლებლობებს და აუარესებს სიცოცხლის ხარისხს.

პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ფასდება გულის კუნთის მდგომარეობის (სტრუქტურული და ფუნქციური) და გამოხატული სიმპტომების მიხედვით. რიგ შემთხვევებში გულის უკმარისობის დროს ვითარდება სისტოლური დისფუნქცია და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ქვეითდება. თუმცა შესაძლოა გულის უკმარისობა განვითარდეს შენარჩუნებული განდევნის ფრაქციის ფონზეც.

არსებობს გულის მწვავე და ქრონიკული, ასევე მარცხენაპარკუჭოვანი და მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობა. გულის უკმარისობის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადებაა. ის შესაძლოა განვითარდეს სხვა პათოლოგიების დროსაც: არითმიები, კარდიომიოპათია, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის, სასუნთქი სისტემის დაავადებები და სხვ.

– როგორია გულის ქრონიკული უკმარისობის მართვა?

– გულის ქრონიკული უკმარისობის მართვა სრულყოფილად მიმდინარეობს, როდესაც პაციენტი და ექიმი ჯანმრთელობისათვის ბრძოლაში პარტნიორები ხდებიან და პაციენტი ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ მითითებას, რომლებსაც მოიცავს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა:

  • გულის ქრონიკული უკმარისობის გამომწვევი დაავადებების მედიკამენტური თერაპია;
  • წონის ყოველდღიური კონტროლი. კილოგრამზე მეტად წონის ცვლილება უნდა ეცნობოს ექიმს;
  • ზომიერად კალორიული, დაბალანსებული, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტის დაცვა;
  • მკურნალ ექიმთან შეთანხმებით ფიზიკური აქტივობის ხარისხის შერჩევა;
  • თამბაქოს მიღებაზე უარის თქმა;
  • ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;
  • დღე-ღამეში აუცილებელი რვასაათიანი ძილის რეჟიმის მოწესრიგება;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ექიმის ინფორმირება.

– რისკენაა მიმართული გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა?

– გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის მიზანია:

  • გულის უკმარისობის სიმპტომების კონტროლი;
  • გულის მუშაობის გაუმჯობესება და გაუარესების პროფილაქტიკა;
  • სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება;
  • სიცოცხლის გახანგრძლივება.

– თქვენ ზემოთ ახსენეთ აწონა. რატომაა აუცილებელი ყოველდღე ამ პროცედურის ჩატარება?

– გულის ქრონიკული უკმარისობისას სითხე შესაძლოა დაგროვდეს კანქვეშა ცხიმოვან შრეში, პლევრისა და მუცლის ღრუში. შეშუპების განვითარება მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს. ამ დროს შესაძლებელია წონა ძალიან სწრაფად გაიზარდოს. ყოველდღიური აწონით თვალს მივადევნებთ ცვლილებებს გულის უკმარისობის ძალიან ადრეულ სტადიაზე. მის აღმოსაფხვრელად ხშირად საჭირო ხდება მკურნალობის სქემაში დამატებითი მედიკამენტების ჩართვა. აწონა რომ სანდო იყოს, პაციენტი უნდა აიწონოს დილაობით, ერთი და იმავე ტანსაცმლით, მოშარდვისა და დეფეკაციის შემდეგ, ჭამის წინ, ერთსა და იმავე სასწორზე. წონის ციფრები უნდა ჩაინიშნოს ყოველდღიურად.

– თქვენ ახსენეთ კვების რეჟიმი, როგორი უნდა იყოს ის გულის ქრონიკული უკმარისობის დროს? იქნებ უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამ თემას.

– საკვები უნდა იყოს ზომიერად კალორიული, ორგანიზმისათვის ადვილად ასათვისებელი და საკმარისი რაოდენობით ვიტამინებისა და ცილის შემცველი.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს 2 ლიტრზე მეტი სითხის მიღება არარეკომენდებულია. მკვეთრი დეკომპენსაციისას კი აუცილებელია შემცირდეს დღეში 1,5 ლიტრის ოდენობამდე, ზოგჯერ მეტადაც.

ალკოჰოლის მიღება უნდა შეიზღუდოს, ხშირ შემთხვევაში აიკრძალოს. თუმცა, ექიმის ნებართვით, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ზოგჯერ დასაშვებია დღეში 50-100 მლ ღვინის მიღება.

– ფიზიკური აქტივობა, საზოგადოდ, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად დასაშვებია გულის ქრონიკული უკმარისობის დროს და რა რეჟიმით უნდა ივარჯიშოს პაციენტმა?

– ფიზიკური დატვირთვის სახე, ხანგრძლივობა და ინტენსივობა უნდა შეარჩიოს ექიმმა, გულის ქრონიკული უკმარისობის გამოვლენის ხარისხისა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ფიზიკური დატვირთვისას საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ფიზიკურმა ვარჯიშმა არ უნდა გამოიწვიოს გადაღლა;
  • ვარჯიში იწყება მოთელვით. პაციენტი უნდა მოერიდოს სიმძიმეების აწევას, ცურვას, სირბილს;
  • დასაშვებია რიტმული დატვირთვა 5-დან 30 წუთამდე ხანგრძლივობით, მაგალითად, სეირნობა, ველოტრენაჟორზე ვარჯიში;
  • არ შეიძლება ვარჯიში საკვების მიღებისთანავე;
  • არ შეიძლება ვარჯიში სიცივესა და სიცხეში;
  • ზაფხულში უმჯობესია დილის საათებში ვარჯიში;
  • ზამთარში არასასურველია ცივ ამინდში გარეთ გასვლა;
  • ვარჯიში უმჯობესია დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს;
  • ვარჯიში უნდა იქცეს რუტინული განრიგის ნაწილად;
  • ვარჯიშის დროს სუნთქვა ხშირდება. დისკომფორტის შეგრძნებისას აუცილებელია ვარჯიშის ხანმოკლე დროით შეწყვეტა და შემდეგ უფრო ნელი ტემპით გაგრძელება;
  • არ არის სასურველი ისეთი ვარჯიშები, რომლებიც გამოიწვევს ტკივილს გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას ან სუნთქვის გაძნელებას. ამ სიმპტომების აღმოცენებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ვარჯიში.
  • ფიზიკური დატვირთვისას ყურადღება უნდა მიექცეს პულსს. რაც მეტია დატვირთვა, მით ხშირი იქნება გულისცემა. პაციენტმა ექიმთან უნდა გაარკვიოს, როგორია მისი პულსის ცვლილების დიაპაზონი, რათა დატვირთვა უსაფრთხო იყოს;
  • ვარჯიშის შემდეგ არასასურველია მყისიერად ცხელი შხაპის მიღება, თავდაპირველად კარგად დასვენება ჯობია;
  • დღის განმავლობაში აუცილებელია გარკვეული დროის გამოყოფა დასასვენებლად.

– რა მნიშვნელობა აქვს გულის ქრონიკული უკმარისობის დროს დღის განმავლობაში დასვენებას?

– გულის ქრონიკული უკმარისობის დროს დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა დაისვენოს, წამოწვეს მცირე ხნით, ან 15-20 წუთით მაინც შეწყვიტოს ჩვეული საქმიანობა. ეს გულს დასვენების საშუალებას მისცემს.