გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გული

გული მუშაობას ადამიანის სიცოცხლის ჩანასახოვანი პერიოდიდან იწყებს და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჩერდება. უგულოდ ადამიანი ვერ იცოცხლებს, რადგან იგი სისხლთან ერთად ორგანიზმს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებით ამარაგებს, ამასთანავე, არა მხოლოდ მის ქვემოთ მდებარე ორგანოებს, არამედ მის ზემოთ მოთავსებულ სახესა და თავის ტვინსაც.

მდებარეობა და აგებულება

გული გულმკერდის ღრუს მარცხენა ნაწილში, შუასაყარის მიდამოში მდებარეობს. კონუსისებური მოყვანილობა აქვს და დაახლოებით ადამიანის მუშტისოდენაა, იწონის 300 გრამს. განარჩევენ გულის ფუძეს, მიმართულს ზემოთ, უკან და მარჯვნივ, და მწვერვალს, მიმართულს ქვემოთ და მარცხნივ, დაახლოებით მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში.

გულის კედელი 3 გარსისგან შედგება. გარეთა გარსი სეროზულია და, თავის მხრივ, ორი ფურცლისგან შედგება. შიგნითას ეპიკარდიუმი ეწოდება, გარეთას - პერიკარდიუმი ანუ გულის პერანგი. ამ ორ ფურცელს შორის ცოტაოდენი სეროზული სითხეა. გული ამ სითხეში სრიალებს და მუშაობისას ხახუნისგან დაზღვეულია. ამ გარსის ანთებას პერიკარდიტი ეწოდება.

გულის მეორე გარსი კუნთოვანია. მას მიოკარდიუმი ეწოდება. იგი ჩონჩხის კუნთების ანალოგიური განივზოლიანობის მქონე ბოჭკოებისგან შედგება, თუმცა მათგან განსხვავებული უჯრედული აგებულება აქვს - მისი უჯრედები, კარდიომიოციტები, ერთმანეთს ბადებურადაც უკავშირდებიან. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გულის კუნთის ქსოვილის უჯრედები გლუვ კუნთებს ჰგვანან, მათსავით უნებლიეთ იკუმშებიან და არ ემორჩილებიან ჩვენს ნებას, ამიტომ მიჩნეულია, რომ გულის კუნთი განსაკუთრებული - შერეული ტიპის კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება. მიოკარდიუმი განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული გულის პარკუჭების მიდამოში და მასზეა დამოკიდებული გულის შემკუმშავი ძალა. ამ გარსის ანთებას მიოკარდიტი ეწოდება.

მესამე ანუ შიგნითა გარსი ენდოთელიუმით არის ამოფენილი. მას ენდოკარდიუმი ეწოდება. ამ გარსის ანთებას ენდოკარდიტს უწოდებენ.

ადამიანის გული ოთხი ნაწილისგან შედგება, ანუ ოთხსაკნიანია. სიგრძივი კუნთოვანი ძგიდის საშუალებით გული ორ - მარცხენა და მარჯვენა - ნაწილად იყოფა, ხოლო განივი ძგიდით - წინაგულებად და პარკუჭებად. ამრიგად, გული შედგება მარცხენა და მარჯვენა წინაგულებისა და მარცხენა და მარჯვენა პარკუჭებისგან. წინაგულები და პარკუჭები ერთმანეთს სპეციალური ხვრელებით უკავშირდება. ამ ხვრელებს თავიანთი სარქვლები აქვთ.

მარცხენა წინაგულ-პარკუჭს შორის მოთავსებულ ხვრელს ფარავს ენდოკარდიუმის გარსით შექმნილი ორკარიანი (მიტრალური) სარქველი, ხოლო მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელს - სამკარიანი. სარქვლები მოთავსებულია აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის დასაწყისში, გულიდან გამომავალ მსხვილ სისხლძარღვებთან, კერძოდ, მარცხენა პარკუჭიდან ამომავალ აორტასა და მარჯვენა პარკუჭიდან ამომავალ ფილტვის არტერიასთან. აქ სამ-სამი ნახევარმთვარისებრი სარქველი მდებარეობს.

სარქვლების მთავარი დანიშნულებაა, არ დაუშვან სისხლის უკუდენა პარკუჭებიდან წინაგულებში, აორტიდან და ფილტვის არტერიიდან პარკუჭებში. გულის ზოგიერთი დაავადების დროს ეს ხვრელები ვიწროვდება ან დეფორმირდება, რაც გულის ნორმალურ მუშაობას არღვევს. ამ პათოლოგიებს გულის მანკებს უწოდებენ.

სისხლის მოძრაობა გულში

მარცხენა გულში (მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭში) არტერიული სისხლი მოძრაობს, ხოლო მარჯვენაში (მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭში) - ვენური.

მარჯვენა წინაგულში ჩაედინება ორი მსხვილი - ზემო და ქვემო - ღრუ ვენა, აგრეთვე - გულის საკუთარი ვენები. მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის ორი არტერია გამოდის. მათ, ფაქტობრივად, ვენური სისხლი მიაქვთ ფილტვებისკენ ჟანგბადით გასამდიდრებლად, მაგრამ ვინაიდან გულიდან გამოდიან, არტერიებად იწოდებიან.

მარცხენა წინაგულში ფილტვის ვენები ჩაედინება. მათაც ფილტვის ვენებს იმიტომ უწოდებენ, რომ გულში ჩაედინებიან. მარჯვენა პარკუჭიდან გამოდის ყველაზე დიდი არტერიული სისხლძარღვი - აორტა, რომელიც წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დიდი წრის დასაწყისს და მისი გავლით მიედინება მთელი ორგანიზმისკენ ჟანგბადითა და სუფთა საკვები ნივთიერებებით მდიდარი არტერიული სისხლი.


გვირგვინოვანი სისხლძარღვები

გულს თავადაც სჭირდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებანი. ამისთვის მას სისხლძარღვთა საკუთარი სისტემა აქვს, რომელიც გარეგნულად ძლიერ წააგავს გვირგვინს, ამიტომ გულის მკვებავ სისხლძარღვებს კორონარულ ანუ გვირგვინოვან სისხლძარღვებს უწოდებენ. ისინი გულის შეუჩერებელ მუშაობას და სისხლის მიმოქცევის მუდმივობას უზრუნველყოფენ.

გვირგვინოვანი სისხლძარღვები აორტიდან გამოდიან, სალტისებურად, გვირგვინივით ერტყმიან გარს გულს და პერიფერიული ნაწილებით კვლავ ისე ერთდებიან, რომ მთლიან წრეს ქმნიან, რის გამოც ზოგიერთი მეცნიერი გულის სისხლძარღვთა სისტემას სისხლის მიმოქცევის დამოუკიდებელ, მესამე წრედ მიიჩნევს და გულის სისხლის მიმოქცევის წრეს უწოდებს.

გულის სისხლის მიმოქცევის წრე მუდმივი შეკუმშვითა და გაფართოებით განუწყვეტლივ კვებავს გულის მუშა კუნთს (მიოკარდიუმს) და გულის გამტარ სისტემას (კვანძებს), რომლებიც გულის შეკუმშვების მასტიმულირებელ იმპულსებს თავად გამოიმუშავებენ.

გულს სისხლს ორი ყველაზე მსხვილი არტერიული სისხლძარღვი, აორტიდან გამომავალი ორი - მარჯვენა და მარცხენა - გვირგვინოვანი არტერია აწვდის. კორონარული არტერიებიდან გამომავალი განშტოებები მთელ მიოკარდიუმს ქსელავენ და მის სრულფასოვან სისხლმომარაგებას იმ მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფენ, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს გულს, ჟანგბადისა და საკვებ ნივთიერებებზე მის მოთხოვნასა და გვირგვინოვან არტერიებს შორის.

კორონარული არტერიები, თავის მხრივ, უწვრილეს სისხლძარღვებად - კაპილარებად იყოფა. კაპილართა დიდი ნაწილი სარეზერვოა - ისინი გულის ჩვეულებრივი მუშაობისას არ ფუნქციობენ და მუშაობაში მხოლოდ ორ შემთხვევაში ერთვებიან: მაშინ, როცა მიოკარდიუმის სისხლმომარაგების გაზრდაა საჭირო და მაშინ, როცა ამა თუ იმ დაავადების შედეგად ზიანდება გულის გვირგვინოვანი არტერიების უფრო დიდი ღერო და მის ფუნქციებს სარეზერვო კაპილარები იღებენ საკუთარ თავზე.

გულის მუშაობის რიტმი

გული რიტმულად მუშაობს, რაც გულის კუნთის პერიოდული შეკუმშვით - სისტოლით და მოდუნებით - დიასტოლით გამოიხატება. ასეთი მუშაობის შედეგად გულში ჩამავალი ვენური სისხლი განუწყვეტლივ გადაიტყორცნება არტერიებში.

გულის რიტმულ და ავტომატურ მუშაობას გულის გამტარი სისტემა განახორციელებს. იგი წარმოადგენს განსაკუთრებული აგებულების კუნთოვან ბოჭკოებს, რომლებშიც ნერვული უჯრედები და მათი მორჩებია ჩალაგებული. გამტარი სისტემა იქ იწყება, სადაც მარჯვენა წინაგულს უერთდება ზემო ღრუ ვენა. ამ ადგილს სინუსის კვანძი ჰქვია. სინუსის კვანძიდან აგზნების გამტარი ბოჭკოები ვრცელდება მარცხენა წინაგულზე, იქიდან ქვემოთ მიიმართება და წინაგულ-პარკუჭთა საზღვრის დონეზე ქმნის მსხვილ წინაგულ-პარკუჭთა კვანძს, საიდანაც პარკუჭებისკენ მიემართება და ბოლოვდება სპეციალური უჯრედებით, რომლებსაც პურკინიეს უჯრედები ეწოდება.

გამტარი სისტემის ასეთი აღნაგობის გამო გულის მუშაობის რიტმი შემდეგნაირია: სინუსის კვანძში წარმოქმნილი აგზნების შედეგად იწყება წინაგულების შეკუმშვა - სისტოლა, რაც დაახლოებით 0,1 წამი გრძელდება. ამ დროს იხსნება წინაგულ-პარკუჭების ხვრელი და სისხლი პარკუჭებში გადადის. ამას მოჰყვება წინაგულების მოდუნება - დიასტოლა, რაც 0,7 წამი გრძელდება.

აგზნების წინაგულ-პარკუჭების კვანძზე გადასვლის გამო იწყება გულის მუშაობის მეორე ფაზა - პარკუჭების შეკუმშვა, რომელიც გრძელდება 0,3 წამი. ამ დროს სისხლი მარჯვენა პარკუჭიდან - სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში (ფილტვის არტერიები), ხოლო მარცხენადან სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში (აორტა) გადაიტყორცნება.

ამას მოჰყვება გულის მუშაობის მესამე ფაზა - პარკუჭების მოდუნება. დიასტოლა 0,5 წამი გრძელდება. ამ დროს ისვენებენ წინაგულებიც. ამიტომ ამ ფაზას საერთო პაუზა ჰქვია. ამ დროს წინაგულები კვლავ სისხლით ივსება და ასე შემდეგ.

ერთი წლის განმავლობაში გული არტერიებში საშუალოდ 3 მილიონ ლიტრ სისხლს გადაისვრის, ადამიანის 70 წლის სიცოცხლის განმავლობაში კი დაახლოებით 220 მილიონ ლიტრს. ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს დღემდე შექნილი ვერც ერთი, თუნდაც ყველაზე სრულყოფილი ტექნიკური მოწყობილობა. გულის მიერ გაწეული მუშაობა საკმარისია ერთი მატარებლის შემადგენლობის მონბლანის მთაზე ასატანად.

გულის მუშაობა ყოველთვის ერთნაირი არ არის. იგი გარეგან და შინაგან ფაქტორთა გავლენით იცვლება. რიტმმა შესაძლოა მოიმატოს, რასაც ტაქიკარდია ჰქვია ან დაიკლოს - ამას ბრადიკარდია ეწოდება.

გულის ავტომატიზმი

გულს შესწევს ავტომატიზმის უნარი, რაც იმით გამოიხატება, რომ მას შეუძლია, გარეგანი გამღიზიანებლების გარეშე, მასშივე აღმოცენებული იმპულსების გავლენით განაგრძოს კუმშვა. ავტომატიზმის საფუძველი განსაკუთრებული ტიპის უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის თავისებურებაა. სწორედ ამ უნარის გამოა, რომ ორგანიზმიდან ამოკვეთილი გული შეკუმშვას განაგრძობს.

გულის ტონები

გულის მუშაობის შედეგად წარმოიშობა დამახასიათებელი ხმაური, რომელსაც გულის ტონებს უწოდებენ. განასხვავებენ ორ ასეთ ტონს.

პირველი შეესაბამება სარქვლების დახურვას პარკუჭების სისტოლის დროს და, შესაბამისად, სისტოლური ტონი ეწოდება. იგი დაბალი და ხანგრძლივია.

მეორე ანუ დიასტოლური ტონი შეესაბამება პარკუჭების დიასტოლას და ნახევარმთვარისებრი სარქვლების დახურვისას წამოიქმნება. იგი უფრო მაღალი და ხანმოკლეა.

გულის ტონების მოსმენა შეიძლება როგორც უშუალოდ გულმკერდზე ყურის მიდებით, ასევე სპეციალური ინსტრუმენტით - სტეთოსკოპით ან ფონენდოსკოპით. გულის ზოგიერთი დაავადების დროს ჩვულებრივ ტონებთან ერთად წარმოიშობა არაფიზიოლოგიური, პათოლოგიური ტონებიც, რომლებსაც დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.