სტრესი - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკფაქტორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესი - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკფაქტორი

- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის ხელმძღვანელი:

- ბატონო თამაზ, რა არის სტრესი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ორგანიზმზე?

- ტერმინი სტრესი ცნობილმა კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ შემოიღო. იგი აღნიშნავდა, რომ სტრესი ჩვენი ცხოვრების თანმდევი რეაქციაა და გვეხმარება გარემოსთან უკეთ ადაპტაციაში, ვინაიდან სტრესი იწვევს სხვადასხვა სისტემის მობილიზაციას კრიტიკულ სიტუაციაში. სელიე სტრესს განიხილავდა როგორც ადაპტაციურ მექანიზმს.

სტრესი შეიძლება იყოს ფსიქიკური ან ფიზიკური. თუკი სტრესი ნეგატიურია, ძლიერი და დიდხანს გრძელდება, მაშინ ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს ადაპტაციას, მობილიზაციის გამო ხდება გამოფიტვა და ეს ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას.

სტრესის დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც ადამიანის მგრძნობელობას, როგორ რეაგირებს ის გარემოს ცვლილებებზე, ასევე მის ადაპტაციის უნარს.

სტრესი არა მხოლოდ კარდიოვასკულარული, არამედ სხვა ბევრი დაავადების რისკფაქტორია. დღეისათვის ბოლომდე ამოუცნობია ყველა ის მექანიზმი, რომლითაც სტრესი აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. ამის შესასწავლად საჭიროა კიდევ მრავალი კვლევისა და დაკვირვების ჩატარება, რათა ზუსტად დავადგინოთ სტრესის ზეგავლენა ადამიანის ფიზიოლოგიასა და მეტაბოლიზმზე.

- რა მექანიზმების მობილიზებას ახდენს ორგანიზმი სტრესის საპასუხოდ?

- როდესაც სხეული განიცდის სტრესს, ორგანიზმი პასუხობს თავის ტკივილით, ზურგის ან მუცლის ტკივილით, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა სიმპტომატიკით, გულისრევისა და თავბრუხვევის შეგრძნებით, გულისცემის რიტმის მომატებით და გულმკერდის ტკივილით, იმუნური სისტემის დაქვეითებით და ხშირად ინფექციური დაავადებების განვითარებით (განსაკუთრებით გრიპის სეზონებში). სტრესი ადამიანს ართმევს ენერგიას და ანადგურებს მისი ნორნალური, ფიზიოლოგიური ძილის ციკლს, აზიანებს ადამიანის მეხსიერებას, უკარგავს თავის სხეულზე კონტროლს, აზიანებს ყველა სისტემას.

- რა გავლენას ახდენს სტრესი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე?

- კარდიოვასკულარულ სისტემაზე სტრესის დამაზიანებელი მოქმედება აისახება ადამიანის ქცევის ეფექტზე და სხვა ფაქტორებზე, რაც ზრდის კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლის დონის მატება, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური ინერტულობა. როდესაც ადამიანს აქვს სტრესით სავსე გარემო და თვითონაც განიცდის ქრონიკულად სტრესს, მას ერღვევა ნორმალური ფიზიოლოგიური რიტმი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვევები და მიდრეკილია ალკოჰოლიზმის, თამბაქოსა და სხვა წამლების მოხმარებისკენ, უძილობისა და ჭარბი კვებისაკენ. სწორედ ეს ჩვევები იწვევს იმ პათფიზიოლოგიურ და მეტაბოლურ ცვლილებებს, ნეიროჰუმორულ დარღვევებს, რომლებიც საბოლოოდ იწვევს არტერიული წნევის მომატებას, არტერიების კედლების დაზიანებას, გულის მკვებავი სისხლძარღვების - გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზულ შეცვლას, რაც მოგვიანებით სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მიზეზი ხდება.

არსებობს კლინიკური კვლევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ პოპულაციაზე რაიმე სტრესორის გავლენას შეუძლია გამოიწვიოს მასში კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკის ზრდა. მაგალითად, არსებობს კლინიკური კვლევა, რომელიც მწვავე სტრესორის (მიწისძვრების) გავლენის შემდგომ აკვირდებოდა პოპულაციაში კარდიოვასკულარული მიზეზებით ჰოსპიტალიზაციის რიცხვს.

INთEღHEAღთ კლინიკურ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც დააკვირდნენ 25.000 ადამიანს, ჩაერთვნენ პაციენტები, რომლებიც უჩიოდნენ შფოთვას, თავს გრძნობდნენ მუდმივად გაღიზიანებულად, ჰქონდათ უძილობა სახლში ან სამსახურში მომხდარი რაიმე მიზეზის გამო. კვლევის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შემდგომ დამტკიცდა, რომ იმ ინდივიდებს, რომლებიც მუდმივ სტრესს განიცდიდნენ, მიოკარდიული ინფარქტის განვითარების 2,1-ჯერ მეტი რისკი ჰქონდათ, ვიდრე უსტრესო სიტუაციაში მყოფებს.

რა თქმა უნდა, ჩართვის ეს კრიტერიუმი იყო სუბიექტური, მაგრამ სტრესიც, თავის მხრივ, თავისი არსით სუბიექტური ჩივილი და განცდაა.

- არის თუ არა განსხვავება მწვავე და ქრონიკული სტრესის ზეგავლენებს შორის? როგორ აისახება თითოეული მათგანი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე?

- ადამიანმა სტრესი შეიძლება ორი სახით განიცადოს. ეს შეიძლება მოხდეს დროის მცირე მონაკვეთში მრავალი სტრესის მიღებით, ან შეიძლება ქრონიკულად, ხანგრძლივი სტრესის ზემოქმედებით - ე.წ. მწვავე და ქრონიკული სტრესი. ორივე სახეობას თავისი ნიშა და სპეციფიკური რისკები ახასიათებს. თუ მომენტალურად მიღებული მაღალი დონის სტრესის დროს რისკია უკვე არსებული ათეროსკლეროზული დაავადებების გამწვავება და მიოკარდიუმის ინფარქტში გადაზრდა, ქრონიკული სტრესის დროს ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელ ინდივიდებთან კორონარული დაავადებებისა და ჰიპერტენზიის განვითარება. სტრესის მიღების ეს ორი ფორმა ერთმანეთის კომპლემენტარულად მუშაობს და მკვეთრად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების საფრთხეს.

სტრესთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სათავეს იღებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლების კავშირის შედეგად გამომუშავებული ნივთიერებებიდან, კერძოდ, სტრესის დროს გამომუშავდება დიდი რაოდენობით კატექოლამინები, გლუკოკორტიკოიდები და ანთებითი ციტოკინები.

2017 წელს ჟურნალ „ლანცეტში“ დაიბეჭდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა 293 პაციენტი და გვაჩვენა ნუშისებრი სხეულის კავშირი ძვლის ტვინის აქტივობასთან, სისხლძარღვოვან ანთებასთან და გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობასთან. კვლევამ გვიჩვენა, რომ ჯამური 293 პაციენტიდან 3,7 წლის მანძილზე 39-ჯერ დაფიქსირდა ისეთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები, როგორებიცაა სტენოკარდია (გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება), გულის უკმარისობა, გულისა და თავის ტვინის ინფარქტი და პერიფერიული არტერიული დაავადება.

ჩნდება კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია სტრესი სხვა, ტრადიციულ რისკფაქტორებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, მომატებული ქოლესტეროლი სისხლში? თუ ჩვენ ვისარგებლებთ კლასიკური ფრემინგემის კვლევის შედეგებით, ვნახავთ, რომ საშუალო დონის ქოლესტეროლის დროს რისკი 1.31-ს წარმოადგენს, მაღალი დონის დროს კი - 1.9-ს. ნახსენები კვლევის შედეგებით მიღებული სტრესის რისკის მაჩვენებელი შეესაბამება ქოლესტეროლის ამ მაჩვენებლებს და ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება კიდეც.

რომ შევაჯამოთ, შეიძლება დავასკვნათ: არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მწვავედ ან ქრონიკულად განცდილი სტრესი ადამიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილი რისკის წინაშე, რაც მსოფლიოში სიკვდილობის პირველი მიზეზია. რადგანაც „სტრესი“ სუბიექტური განცდაა, ძნელია რაიმე ერთი მექანიზმის გამოყოფა, რომელიც ამ პათფიზიოლოგიური გზის საწყისი იქნებოდა. სტრესი აზიანებს ადამიანის ყველა სისტემას, როგორც ფიზიკურად, ასევე ქცევების, მენტალიტეტის დონეზე. შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისათვის, აუცილებელია, ადამიანი მაქსიმალურად ცდილობდეს ნებისმიერი სახის სტრესის არიდებას (ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ დიაგნოსტირებული ნებისმიერი სახის კარდიოვასკულური დაავადება, რადგანაც ასეთი პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია სტრესის არიდება დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად).

სტრესის არიდება ხდება როგორც ინდივიდის ფსიქიკური შესაძლებლობებითა და კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარებით, ასევე მთელი რიგი ფარმაკოლოგიური პრეპარატების საშუალებით.