შესაძლებელია თუ არა ინსულტისა და ინფარქტის არიდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლებელია თუ არა ინსულტისა და ინფარქტის არიდება

ცერებროვასკულური და გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად ითვლება. ამას გარდა, ინსულტის შემდგომ მაღალია ინვალიდიზაციის ხარისხიც.

როგორ შეიძლება ამ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების თავიდან აცილება, გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი ლია გოგუა.

– ქალბატონო ლია, რა უნდა გავაკეთოთ ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად?

– მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისთვის საჭიროა პირველადი და მეორეული პროფილაქტიკის წესების დაცვა:

  • აუცილებელი პრეპარატების მიღება;
  • დაბალანსებული კვება;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.

ინფარქტისა და ინსულტის პრევენცია რეალურია, თუ პროფილაქტიკას სერიოზულად მოვეკიდებით. ეს უკანასკნელი უფრო მარტივია, ვიდრე ხანგრძლივი და მტანჯველი ბრძოლა დაავადებისაგან თავდასაღწევად.

– რას გულისხმობს მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენცია?

– მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა მოიცავს პირველად და მეორეულ ღონისძიებებს.

ინფარქტი აპროვოცირებს გულის კუნთის უჯრედების თანდათანობით კვდომას, ამდენად, პირველადი ღონისძიებების ძირითადი მოთხოვნა დაიყვანება მიოკარდიუმის შრომისუნარიანობის შენარჩუნებასა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებამდე. ამისათვის საჭიროა ცხოვრების წესის კარდინალური შეცვლა.

მეორეული ღონისძიებების მიზანია შეტევების პრევენცია და ამდენად ეფუძნება სამკურნალო თერაპიას.

მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენციის ძირითად პრინციპებს მიეკუთვნება:

  • თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა;
  • ფიზიკური დატვირთვის თანდათანობით გაზრდა;
  • კვების რაციონის კორექცია;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მაჩვენებლების კონტროლი;
  • დადებითი გუნება-განწყობა;
  • ექიმის დანიშნული მედიკამენტების მიღება.

მიოკარდიუმის ინფარქტის თავიდან ასაცილებლად ძირითადი პრევენციული საშუალებაა ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ გულის შეტევების განვითარების შემდეგაც აუცილებელია პირველადი პრევენციის წესების დაცვა.

პირველადი პროფილაქტიკური საშუალებების მიზანია გულის ქრონიკული იშემიური დაავადების თერაპია, გულის მწვავე დაავადებების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების მოშორება.

– როგორი უნდა იყოს კვება?

– მნიშვნელოვანია ყოველდღიური რაციონის კორექცია.

  • რაციონში უნდა გაიზარდოს მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის რაოდენობა.
  • რეგულარულად მიიღეთ უცხიმო თევზის, ფრინველის ხორცისა და ზღვის პროდუქტების კერძები, რაც შეიძლება მოერიდეთ წითელ ხორცს.
  • შეზღუდეთ რაციონში მარილი და ცხიმიანი პროდუქტები; მარილის მიღების შეზღუდვა დღეში 100მმოლ-ით (5,8გ მარილი – არა უმეტეს 1 ჩაის კოვზისა, პლუსსა პურში და სხვა საკვებ პროდუქტში არსებული მარილი) მნიშვნელოვნად აქვეითებს გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის რისკს.
  • მენიუში შემავალ კერძში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ვიტამინები და მინერალები (კერძოდ, კალციუმი და მაგნიუმი).

ამგვარი დიეტა ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას და იმუნიტეტის ასამაღლებლად ვიტამინების ბალანსის აღდგენას.

დიაბეტის პირობებში მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები დიაბეტის კონტროლთან დაკავშირებით.

ხშირად დიაბეტის კონტროლი კვებითაც შესაძლებელია. ამდენად, ექიმთან ერთად შესაძლებელია კვების პროგრამის შედგენა, რომელიც ცხოვრების სტილისა და ორგანიზმის მოთხოვნების შესაბამისად იქნება შედგენილი.

აუცილებელია სისხლში გლუკოზის მარეგულირებელი პრეპარატების მიღება.

– თქვენ ცხოვრების წესის კარდინალური ცვლილება ახსენეთ, როგორი უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა?

– ორგანიზმის ტონუსის შესანარჩუნებლად შეძლებისდაგვარად უნდა ვივარჯიშოთ.

არაა რეკომენდებული სპორტის მძიმე სახეობით ვარჯიშის დაწყება წინასწარი მომზადების გარეშე.

ვარჯიშის კომპლექსი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ექიმთან. მთავარია, არ გადაიძაბოს ორგანიზმი. საკმარისია კვირაში სამჯერ ნახევარსაათიანი ვარჯიში.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი მოვთხოვნაა მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

თამბაქოს მოხმარება სრულად უნდა გამოირიცხოს. ინსულტის განვითარების რისკი მწეველებს 6-ჯერ უფრო მეტი აქვთ.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც ზრდის ინსულტის რისკს.

ინფარქტის განვითარების რისკს აქვეითებს სხეულის მასის კონტროლი. ჭარბი წონა მნიშვნელოვანი დატვირთვაა მიოკარდიუმისთვის, რაც შეტევების პროვოცირებას ახდენს. ასევე დაუშვებელია წონის დეფიციტი და წონის მკვეთრი ცვლილება, რადგანაც ამან შეიძლება გულის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.

დადებითი ემოციები მრავალი დაავადების განკურნებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ინფარქტი და ინსულტი გამონაკლისს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია განვეწყოთ კეთილსაიმედო შედეგებისათვის. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და მოშლილობებს.

ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია წნევის კონტროლიც.

ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა წნევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ, რადგანაც მისი მომატებისას მიოკარდიუმი გადაჭარბებული დატვირთვით მუშაობს, რაც აუარესებს მის შრომის უნარს. არტერიული წნევის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 140/90 მმ ვწყ. სვ. მაჩვენებელს. მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) ინსულტის წამყვანი მიზეზიცაა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული დიეტის დაცვა მედიკამენტურ მკურნალობასა და ვარჯიშთან ერთად.

არტერიული ჰიპერტენზიის თერაპიის საშუალებები მუდმივად უმჯობესდება. მათი სწორი შერჩევისას გვერდითი ეფექტებიც ნაკლებია და ცხოვრების ხარისხიც არ ქვეითდება.

პროფილაქტიკური თერაპიისთვის მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს სისხლის ანალიზის შედეგები, კერძოდ, გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის განსაზღვრა. ეს პარამეტრები ორგანიზმში ლიპიდური ბალანსის მდგომარეობის დადგენისა და შაქრიანის დიაბეტის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. სისხლში ქოლესტერინის დონის მატება მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.

მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის ექიმთან რეგულარული ვიზიტი აუცილებელია.

– რას გულისხმობს მეორეული პროფილაქტიკა?

– მეორეული პროფილაქტიკური ღონისძიებები, პირველ რიგში, გულისხმობს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებას.

მიოკარდიუმის ინფარქტის მეორეული პროფილაქტიკა მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლით: ულტრაბგერის, ეკგ, ჰოლტერის მონიტორინგის საშუალებით.

ინფარქტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების მიღება:

  • ანტიკოაგულანტები და ანტიანგინალური მოქმედებისა და სისხლში ქოლესტერინის მარეგულირებელი საშუალებები.
  • ანტიკოაგულანტების გამოყენება ხელს უწყობენ თრომბის წარმოქმნის შეფერხებას, რაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

– როგორია გართულებები და მათთან ბრძოლის საშუალებები?

– რადგანაც ინფარქტის დროს ზიანდება სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი შედეგები, მათ შორის:

  • ინსულტის ან ინფარქტის რეციდივის რისკი;
  • გულის უკმარისობა;
  • ანევრიზმა;
  • არითმია;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • პარკუჭების ფიბრილაცია;
  • გულის კუნთის მთლიანობის დარღვევა.

პარკუჭების ფიბრილაციამ და გულის კუნთის მთლიანობის დარღვევამ შეიძლება ლეტალური გამოსავალი გამოიწვიოს. ის მოითხოვს გადაუდებელი უკიდურესი ღონისძიებების ჩატარებას, როგორებიცაა – ელექტრო შოკი და ხელოვნური სუნთქვა.

გართულებების დიაგნოსტირებისას მნიშვნელოვანია გულის რიტმის აღმდგენი, არტერიული წნევის მომაწესრიგებელი პრეპარატების გამოყენება. ასევე მნიშვენლოვანია მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გარკვეული რეჟიმის დაცვა, ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის მორიდება.

– იქნებ უფრო ვრცლად ვისაუბროთ ინსულტის პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე...

– ცერებროვასკულური დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები შეიძლება დავყოთ არამოდიფიცირებულ (ასაკი, სქესი, მემკვიდრული განწყობა) და მოდიფიცირებულ ფაქტორებად, რომელთაც მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, საძილე არტერიების უსიმპტომო დაზიანება, ასევე ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკფაქტორები (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა, არასწორი კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, სტრესი).

ინსულტის გამომწვევ მიზეზთაგან ერთ-ერთი მთავარია გულის რიტმის დარღვევა. ეს გულის არარეგულარული შეკუმშვაა, რომელიც არღვევს გულის ფუნქციას და სისხლის შედედებისა და მიმოქცევის სისტემას. გულის არარიტმული შეკუმშვისას თრომბი შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში და გამოიწვიოს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამდენად, აუცილებელია გულის რიტმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატებისა და ანტიკოაგულანტების მიღება.

  • ათეროსკლეროზულმა ცვლილებებმა შეიძლება დაარღვიოს სისხლის მომოქცევა გულიდან ტვინისკენ სისხლის გადამტან არტერიებში.
  • სისხლძარღვის გამოხატული შევიწროებისას ან დახშობისას შეიძლება განვითარეს ინსულტი.
  • ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის კორექციისთვის საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:

  • უეცარი სისუსტე ან სახის, ხელის ან ფეხის არეში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს მგრძნობელობის დაკარგვა;
  • მეტყველების გართულება;
  • თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა, განსაკუთრებით სხვა სიმპტომებთან ერთობლიობაში, როგორებიცაა მეტყველების დარღვევა, მხედველობის გაორება, დაბუჟება ან სისუსტე;
  • უეცარი, აუხსნელი, ინტენსიური თავის ტკივილი.

ყოველწლიურად ინსულტების 20% განმეორებითია. განმეორებითი ინსულტების პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს მიზეზებისა და განვითარების მექანიზმების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს:

  • გულის პათოლოგიების კორექციას;
  • ანტიკოაგულანტებისა და ანტიაგრეგანტების მიღებას;
  • ადეკვატურ ჰიპოტენზიურ თერაპიას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ანგიოქირურგიული ოპერაციის დროულად ჩატარებას.