არტერიული ჰიპერტენზიის მედიკამენტური მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზიის მედიკამენტური მკურნალობა

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა პაციენტის ცხოვრების წესის შეცვლით იწყება, თუმცა, სამწუხაროდ, წნევის ციფრების დასარეგულირებლად ეს საკმარისი არ არის და ექიმი მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნას გადაწყვეტს. ჰიპერტენზიის სამკურნალო მრავალი მედიკამენტის დასახელება ჩვენი მკითხველებისთვის კარგადაა ცნობილი. ეს ერთდროულად სამწუხაროცაა და სასიამოვნოც - როგორც ჩანს, არტერული ჰიპერტენზია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცა, სავარაუდოა, რომ პაციენტთა დიდი ნაწილი უკვე კარგად აცნობიერებს არტერული ჰიპერტენზიის მკურნალობის აუცილებლობას და სათანადო მედიკამენტებსაც იშველიებს. საინტერესოა, ყოველი კონკრეტული პაციენტისათვის რომელ მედიკამენტს არჩევს ექიმი და რა განაპირობებს ამ არჩევანს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მედიკამენტის არჩევანს განსაზღვრავს წნევის ციფრები და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგადი რეკომენდაციების მიუხედევად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ინდივიდუალურია. წარმატებული მკურნალობისათვის აუცილებელია პაციენტისა და ექიმთა გუნდის მჭიდრო თანამშრომლობა. შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ჰიპერტენზიის დროს გამოყენებული პრეპარატები, მათი მოქმედების მექანიზმები და გვერდითი ეფექტები.

ჰიპერტენზიის სამკურნალო ძირითადი მედიკამენტები

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ბლოკავენ ორგანიზმში ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ეს ნივთიერება სისხლძარღვთა შევიწროებას და შესაბამისად, არტერიული წნევის მომატებას იწვევს. გარდა ამისა, ანგიოტენზინ II იწვევს ალდოსტერონის პროდუქციას. ალდოსტერონი კი არის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ჭარბი სითხის დაგროვება წნევის მატების ერთ-ერთი მიზეზია.

აგფ ინჰიბიტორები არტერიულ წნევას ანგიოტენზინ II-ის დონის დაქვეითებით ამცირებენ. ამ დროს მცირდება სისხლძარღვების ტონუსი და ქვეითდება სითხის შეკავებაც.

აგფ ინჰიბიტორებს პაციენტები კარგად იცნობენ. ამ ჯგუფის პრეპარატებია - კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, პერინდოპრილი და სხვა.

ვის ენიშნება აგფ ინჰიბიტორები

აგფ ინჰიბიტორები არტერიული წნევის სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატებია. ზოგჯერ, როცა გარკვეული მოსაზრებით უპირატესობა სხვა პრეპარატს ეძლევა, აგფ ინჰიბიტორები მაინც გამოიყენება მეორე ან მესამე რიგის საშუალებად. ამ ჯგუფის საშუალებებს იყენებენ შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლების დაავადებების დროს (თუ არ არის თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება), რადგანაც არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორები თირკმელს იცავენ შემდგომი დაზიანებისაგან.

ვის არ ენიშნება აგფ ინჰიბიტორები

აგფ ინჰიბიტორები არ გამოიყენება ორსულობის, ძუძუთი კვების დროს და თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას.

აგფ ინჰიბიტორების გვერდითი ეფექტები

პაციენტთა დიდ ნაწილს წლების განმავლობაში ისე უტარდება ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა, რომ მედიკამენტების გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდება, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია მათი აღმოცენებაც. ხშირად ეს ხდება მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მნიშვნელოვანი ზრდისას. თუ გვერდითი ეფექტი უმნიშვნელოა, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელებისას ის თანდათან შემცირდეს. სხვა შემთხვევაში კი შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მედიკამენტის შეცვლა.

აგფ ინჰიბიტორების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტია მშრალი ხველა. მისი აღმოცენებისას პრეპარატი შეიძლება შეიცვალოს ანგიოტენზინრეცეპტორის ბლოკერით, რომელსაც აგფ ინჰიბიტორის ანალოგიური მოქმედების მექანიზმი აქვს, თუმცა მშრალ ხველას არ იწვევს.

ძალიან იშვიათად აგფ ინჰიბიტორი შეიძლება ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს. მას ასეთ დროსაც ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკერებით ცვლიან. მკურნალობის დროს რეკომენდებულია კრეატინინის და ელექტროლიტების კონტროლი, რასაც ექიმი გეგმავს.

ანგიოტენზინრეცეპტორების ბლოკერები

ანგიოტენზინრეცეპტორების ბლოკერები (არ ბლოკერები) ბოჭავენ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორებს, აქვეითებენ ანგიოტენზინის მოქმედებას და აგფ ინჰიბიტორების მსგავს ეფექტებს იწვევენ. მისი დანიშვნის ჩვენება აგფ ინჰიბიტორების ჩვენების მსგავსია, ანალოგიურია მდგომარეობები, როცა პრეპარატის მიღებისაგან პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს. ხშირად ისინი მაშინ გამოიყენება, როცა აგფ ინჰიბიტორების მიღება ალერგიის ან მშრალი ხველის გამო მიზანშეუწონელია.

არ ბლოკერებია - ლოზარტანი, კანდესატრანი, ირბესარტანი, ვალსარტანი და ა. შ.

არ ბლოკერების მიღებისას გვერდითი ეფექტები იშვიათია, თუმცა არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქცია. მკურნალობის დროს რეკომენდებულია კრეატინინისა და ელექტროლიტების კონტროლი.

კალციუმის არხების ბლოკერები

სისხლძარღვთა ტონუსის მატებასა და შევიწროებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, ე. წ. კალციუმის ნელი არხების აქტივაცია. კალციუმის არხების ბლოკერები ამ ეფექტს ამცირებენ, რისი წყალობითაც იწვევენ სისხლძარღვთა მოდუნებას (რელაქსაციას), არტერიული წნევის დაქვეითებას.

ვის ენიშნება კალციუმის არხების ბლოკერები

კალციუმის არხების ბლოკერები შეიძლება გამოიყენონ როგორც პირველი რიგის სამკურნალო საშუალებად, ისე მეორე ან მესამე რიგის პრეპარატად. ეს მედიკამენტები ეფექტიანია წნევის მნიშვნელოვანი მატებისას და არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. გარდა ამისა, ზოგიერთი (მაგალითად, ვერაპამილი) ეფექტიანია ტაქიკარდიისა და არითმიის დროს.

კალციუმის არხების ბლოკერებია ამლოდიპინი, დილთიაზემი, ვერაპამილი, ნიფედიპინი, ლერკანიდიპინი და სხვა.

აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები კალციუმის არხების ბლოკერებს

კალციუმის არხების ბლოკერების გავრცელებული გვერდითი ეფექტებია შეშუპება კოჭ-წვივის არეში, ქვედა კიდურების ტკივილი, შეკრულობა, კანზე გამონაყარი, სახის წამოწითლება და წამოხურება, თავის ტკივილი, ღრძილების შეშუპება, მამაკაცებთან ღამით გახშირებული შარდვა.

რა უნდა ვიცოდეთ კალციუმის არხების ბლოკერებით მკურნალობისას

კალციუმის არხების ბლოკერებით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული გრეიპფრუტის წვენის მიღება. მიზეზი მარტივია - მედიკამენტის გარდამქმნელი ფერმენტები იხარჯება გრეიპფრუტის წვენში არსებული ნივთიერებების გადამუშავებაზე, ამის გამო სისხლში მედიკამენტის შემცველობა ხანგრძლივად მაღალი რჩება. აღწერილი ცლილებების შედეგია წნევის უეცარი დაქვეითება. გრეიპფრუტის წვენი არ არის რეკომენდებული კალციუმის არხის არც ერთი ბლოკერის მიღებისას. ფორთოხლისა და ნებისმიერი სხვა წვენი ასეთ ეფექტს არ იწვევს.

შარდმდენები

შარდმდენები ანუ დიურეზული საშუალებები კარგა ხანია გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათ არტერიული წნევის სამკურნალო პირველი რიგის საშუალებებად თვლიდნენ. სხვადასხვა ჯგუფის შარდმდენთა შორის, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, უპირატესად თიაზიდური შარდმდენები გამოიყენება. ისინი არტერიულ წნევას აქვეითებენ ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შემცირების ხარჯზე. გარდა ამისა, შარდმდენები ეხმარება სისხლძარღვების ტონუსის დაქვეითებას და ამითაც უწობენ ხელს წნევის დაქვეითებას.

გარდა თიაზიდური შარდმდენებისა, შეიძლება დაინიშნოს ორგანიზმში კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები.

როდის არ გამოიყენება შარდმდენები

შარდმდენების გამოყენება, იშვიათად, შესაძლოა არ იყოს სასურველი ჯანმრთელობის სხვა პრობლემების ან დანიშნული მედიკამენტების გამო. მაგალითად, შარდმდენები არ გამოიყენება შარდვის პრობლემების, პოდაგრის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, ადისონის დაავადების ანუ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობას ექიმი წყვეტს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით.

არის გარემოებები, რომელთა დროსაც შარდმდენებით მკურნალობისას აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ხშირი შეფასება, მათ შორის - ლაბორატორიული კვლევა. ეს ეხება ხანშიშესულ პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, დიაბეტი ან სისხლში კალიუმის ან ნატრიუმის დაბალი დონე აქვთ.

შარდმდენების გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, შარდმდენებსაც აქვთ გარკვეული გვერდითი ეფექტები. მათ შორის აღსანიშნავია გახშირებული შარდვა (შეიძლება მკვეთრი დისკომფორტი გამოიწვიოს), სისუსტე, წნევის დაქვეითება წამოდგომისას, კუნთების ტკივილი, სისხლში შარდმჟავას მომატება, გლუკოზის მომატება. უკანასკნელი ეფექტის გამო, გარკვეულ პაციენტებთან, პირველი რიგის პრეპარატებად შარდმდენები აღარ გამოიყენება.

შარდმდენები აქვეითებენ სისხლში კალიუმის დონეს, ამიტომ მათი მიღებისას ხშირად მოწმდება სისხლში კალიუმის შემცველობა ან ინიშნება პრეპარატი, რომელიც კალიუმის დონეს ზრდის.

წნევის დამწევი სხვა საშუალებები

უკანასკნელ პერიოდამდე არტერიული წნევის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენებოდა ბეტა-ბლოკერები. დღეს კი ითვლება, რომ ინსულტისა და გულის დაავადებების რისკის შემცირების თვალსაზრისით, მათ სხვა ჯგუფების პრეპარატები აღემატება. გამოვლინდა, რომ შარდმდენებთან კომბინაციაში მათი მიღება სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის ზრდას განაპირობებს, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება უარვყოთ ბეტა-ბლოკერების როლი გულის იშემიური დაავადების მკურნალობისას.

არსებობს კიდევ რამდენიმე ჯგუფის პრეპარატი, რომელთა გამოყენება არც ისე ხშირია, თუმცა ბევრი მათგანი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. მათ პირობითად “არასტანდარტულ საშუალებებს” უწოდებენ. ეს პრეპარატები ძირითადად მაშინ გამოიყენება, როცა სხვა, სტანდარტული საშუალებების ჩართვა ვერ ხერხდება, მაგალითად, ორსულობის, ძუძუთი კვების დროს ან კიდევ მაშინ, როცა ყველა სტანდარტული პრეპარატის გამოყენების მიუხედევად, წნევა სასურველ ციფრებამდე არ რეგულირდება.

“არასტანდარტული” წნევის საწინააღმდეგო საშუალებებია ალფა ბლოკერები, ცენტრალური მოქმედების პრეპარატები (ეგრეთ წოდებული “ალფა აგონისტები”), პირდაპირი მოქმედების ვაზოდილატატორები (სისხლძარღვთა გამაფართოებლები). თითოეულს გარკვეული ჩვენება აქვს. მაგალითად, ალფა ბლოკერები გამოიყენება პროსტატის ჰიპერპლაზიისა და ფეოქრომოციტომის დროს. ცენტრალური ალფა აგონისტები (მისი მაგალითებია ყველასათვის კარგად ცნობილი კლოფელინი და მეთილდოფა, რომელიც ორსულთა ჰიპერტენზიისას ან მეძუძურ ქალებთან გამოიყენება) უშუალოდ ტვინის იმ სტრუქტურებზე მოქმედებენ, რომლებიც არტერიულ წნევას არეგულირებენ.

სიახლე ჰიპერტენზიის მკურნალობაში

ჰიპერტენზიის სამკურნალო ახალი პრეპარატია ალისკირენი (რასილეზი). ის რენინის პირდაპირი ინჰიბიტორია და არ არის ჰიპერტენზიის სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატი. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობის, ძუძუთი კვების, ორსულობის წინა პერიოდში, თირკმლის დაავადებების დროს, დიაბეტისა და ჰიპერკალემიისას.

გახსოვდეთ არამედიკამენტური მეთოდებიც

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა ფლობს ჰიპერტენზიის სამკურნალო არაერთ ეფექტურ მედიკამენტს, არ შეიძლება არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდების უარყოფა. დოზირებული ფიზიკური აქტივობის, წონის რეგულირების, თამბაქოზე უკუგდების, ნატრიუმის მიღების შეზღუდვის (სუფრის მარილი, სოდა) წყალობით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს არტერიული წნევის ნორმამდე დასაქვეითებელი პრეპარატების დოზა და რაოდენობა.