სიმპტომური ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზის განსაზღვრისთვის აუცილებელია ექოსკოპია, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლის, გულისა და თავის ტვინის), ბიოქიმიური მაჩვენებლების და სისხლში ჰორმონების შემცველობის კვლევა, არტერიული წნევის მონიტორინგი. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ ან მიზეზზე ქირურგიულ ზემოქმედებას.
ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზიისგან განსხვავებით, მეორეული არტერიული ჰიპერტენზიისას დიფერენცირების ნიშნებია:
- პაციენტების ასაკი 20 წლამდე და 60 წელს ზემოთ;
- არტერიული ჰიპერტენზიის უეცარი განვითარება არტერიული წნევის მყარი, მაღალი დონით;
- ავთვისებიანი, სწრაფად პროგრესირებადი მიმდინარეობა;
- სომატოადრენალინური კრიზების განვითარება;
- ანამნეზში ეტიოლოგიური დაავადებების არსებობა;
- სტანდარტული თერაპიის ნაკლებად ეფექტიანობა;
- მაღალი დიასტოლური წნევა თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზიისას;
სომატური არტერიული ჰიპერტენზია იყოფა შემდეგ ფორმებად:
1. ნეიროგენული (ცნს დაავადებებითა და დაზიანებით გამოწვეული):
- ცენტრალური (თავის ტვინის ტრავმა, სიმსივნე, მენინგიტი, ენცეფალიტი, ინსულტი და ა.შ.);
- პერიფერიული (პოლინეიროპათიები).
2. ნეფროგენური (თირკმლისმიერი):
- ინტერსტიციული და პარენქიმული (ქრონიკული პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ამილოიდოზი, ნეფროსკლეროზი, ჰიდრონეფროზი, სისტემური წითელი მგლურა, პოლიკისტოზი);
- რენოვასკულური (ათეროსკლეროზი, თირკმლის სისხლძარღვების დისპლაზია, ვასკულიტი, თრომბოზი, თირკმლის არტერიის ანევრიზმა, სიმსივნე, თირკმლის სისხლძარღვებზე ზეწოლა);
- შერეული (ნეფროფტოზი, თირკმლისა და სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები);
- თირკმლის ამოკვეთის შემდგომი მდგომარეობა.
3. ენდოკრინული:
- თირკმელზედაჯირკვლოვანი (ფეოქრომოციტომა, კონის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზია);
- თირეოიდული (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი) და პარათირეოიდული;
- ჰიპოფიზური (აკრომეგალია, კუშინგის დაავადება);
- კლიმაქსური.
4. ჰემოდინამიკური (გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული):
- ათეროსკლეროზი;
- ვერტებრობაზილარული და საძილე არტერიების სტენოზი;
- აორტის კოარქტაცია;
- აორტული სარქველების უკმარისობა.
5. წამლისმიერი ფორმები: მინერალო- და გლუკოკორტიკოიდების, პროგესტერონ- და ესტროგენშემცველი კონტრაცეპტივების, ლევოთიროქსინის, მძიმე ლითონების მარილების, ინდომეტაცინის და სხვათა მიღება.
არტერიული წნევის სიდიდისა და შეუპოვრობის, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის გამოხატვის, თვალის ფსკერის ცვლილებების ხასიათის მიხედვით არჩევენ სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიის ოთხ ფორმას:
- ტრანზიტორულს;
- ლაბილურს;
- სტაბილურს;
- ავთვისებიანს.
ტრანზიტორული არტერიული ჰიპერტენზია ხასიათდება არტერიული წნევის არამდგრადი აწევით, თვალის ფსკერის სისხლძარღვების ცვლილება არ არის გამოხატული, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია პრაქტიკულად არ განისაზღვრება.
ლაბილური არტერიული ჰიპერტენზიისას აღინიშნება არტერიული წნევის ზომიერი და არამდგრადი მომატება და არ ქვეითდება დამოუკიდებლად. აღინიშნება მარცხენა პარკუჭის სუსტად გამოხატული ჰიპერტროფია და ბადურას სისხლძარღვების შევიწროება.
სტაბილური არტერიული ჰიპერტენზია ხასიათდება არტერიული წნევის მყარი მაღალი მაჩვენებლით, მიოკარდიუმის ჰიპერტროფიითა და თვალის ფსკერის სისხლძარღვების გამოხატული ცვლილებებით (I-II ხარისხის ანგიორეტინოპათია).
ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია გამოირჩევა არტერიული წნევის მკვეთრი სტაბილური მატებით, განსაკუთრებით - დიასტოლური წნევის - 120-130მმ.ვწყ.სვ. - უეცარი დასაწყისით, სწრაფი განვითარებით, მძიმე სისხლძარღვოვანი, გულის, ტვინის, თვალის ფსკერის მხრივ გართულებების საშიშროებით.
ყველაზე ხშირად სიმპტომურ არტერიულ ჰიპერტენზიას გააჩნია ნეფროგენური წარმოშობა და აღინიშნება მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ქრონიკული პიელონეფრიტის, თირკმლის პოლიკისტოზის, ჰიპოპლაზიის, პოდაგრული და დიაბეტური ნეფროპათიების, თირკმლის ტრავმისა და ტუბერკულოზის, ამილოიდოზის, სიმსივნისა და ნეფროლითიაზის დროს.
ამ დაავადებების საწყისი სტადიები, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტენზიის გარეშე. ჰიპერტენზია ვითარდება თირკმლის აპარატის ან ქსოვილების გამოხატული დაზიანებისას. თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის თავისებურებაა უპირატესად პაციენტის ახალგაზრდა ასაკი.
რენოვასკულური ანუ ვაზორენული არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება თირკმლის არტერიული სისხლის მიმოქცევის ერთ- ან ორმხრივი დარღვევისას. ამის მიზეზი ხშირად თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანებაა. ჰიპერტენზია ვითარდება თირკმლის არტერიის სანათურის 70%-ით და მეტით შევიწროებისას. სისტოლური არტერიული წნევა ყოველთვის 160 მმ.ვწყ.სვ-ზე. მეტია, ხოლო დიასტოლური - 100 მმ.ვწყ.სვ.
რენოვასკულური არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი და მიმდინარეობის მკვეთრი გაუარესება, თერაპიის არაეფექტურობა, ავთვისებიანი მიმდინარეობის მაღალი წილი.
ვაზორენული არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება როგორც მედიკამენტური თერაპია, ისე ქირურგიული მეთოდი: ანგიოპლასტიკა, სტენტირება.
ფეოქრომოციტომა - ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ქრომაფინული უჯრედებისგან.
ფეოქრომოტიტები გამოყოფენ კატექოლამინებს: ნორადრენალინს, ადრენალინს, დოფამინს. მათ მიმდინარეობას თან ახლავს არტერიული ჰიპერტენზია პერიოდულად განვითარებადი ჰიპერტონიული კრიზებით. გარდა ჰიპერტენზიისა, ფეოქრომოციტომის დროს აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, მომატებული ოფლიანობა და გულისცემის გახშირება.
ფეოქრომოციტომის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.
არტერიული ჰიპერტენზია კონის სინდრომის დროს ანუ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმისას გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ალდოსტერონმაპროდუცირებელი ადენომით. ჰიპერტენზია პრაქტიკულად არ ექვემდებარება მედიკამენტურ კორექციას და აღინიშნება მიასთენიის შეტევები, კრუნჩხვა, პარესთეზიები, წყურვილის გრძნობა, ნიქტურია. შესაძლებელია ჰიპერტონიული კრიზი მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის, ინსულტის, გულის ჰიპოკალიემიური დამბლის განვითარებით.
ალდოსტერომით გამოწვეული ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
ენდოკრინული არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება კუშინგის დაავადებით დაავადებულთა 80%-ში. ჰიპერტენზია განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჰიპერსეკრეციით და ხასიათდება სტაბილური უკრიზო მიმდინარეობით, ჰიპოტენზიური თერაპიისადმი რეზისტენტობით, სისტოლური და დიასტოლური წნევის პროპორციული მატებით და კუშინგისეული სიმსუქნით.
ამ მდგომარეობის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტური, ქირურგიული მეთოდით ან სხივური თერაპიით.
აორტის კოარქტაცია აორტის განვითარების თანდაყოლილი მანკია, რომელიც ვლინდება მისი სეგმენტური შევიწროებით, რაც დიდი წრის სისხლის მიმოქცევის შემაფერხებელია. აორტის კოარქტაცია არტერიული ჰიპერტენზიის იშვიათი ფორმაა. ამ დროს სხვაობაა ხელსა (მომატებულია) და ფეხზე (ნორმალური ან დაქვეითებული) გასინჯულ არტერიულ წნევას შორის. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.
წამლისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის ფორმის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვოვანმა სპაზმმა, სისხლის შედედების მომატებამ, წყლისა და ნატრიუმის შეკავებამ, რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე სამკურნალო საშუალებების მოქმედებამ და ა.შ.
ნაზალურმა წვეთებმა და სურდოს საწინააღმდეგო საშუალებებმა, რომლებიც შეიცავს ადრენომიმეტიკებს, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს სითხის შეკავებისა და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. პერორალური კონტრაცეპტივები, ესტროგენების შემცველი პრეპარატები, რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მასტიმულირებლად მოქმედებს და იწვევს სითხის შეკავებას.
სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღება მაღლა სწევს არტერიულ წნევას ანგიოტენზინ II-ის მიმართ სისხლძარღვების რეაქციულობის მომატების გამო.
ნეიროგენული არტერიული ჰიპერტენზია განპირობებულია თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებით ენცეფალიტის, სიმსივნის, იშემიის, ქალა-ტვინის ტრავმის და ა.შ. დროს. გარდა არტერიული წნევის მატებისა, ამ დროს გამოხატულია, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა, ნერწყვდენა, კანის ვაზომოტორული რეაქციები, მუცლის ტკივილი, ნისტაგმი. მკურნალობა მიმართულია ტვინის პათოლოგიის აღმოფხვრისაკენ.