ბავშვის კვების რაციონი გულის კუნთის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის კვების რაციონი გულის კუნთის დაავადებების დროს

ამ შეკითხვით ბავშვთა კარდიოლოგს მაია მღებრიშვილს მივმართეთ.

- გულის კუნთის, მიოკარდიუმის, დისტროფიული ცვლილებების დროს სამკურნალო დიეტა გულის კუნთს ენერგეტიკული და საკვები მასალით ოპტიმალურად ამარაგებს. ამიტომაც ამბობენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს სამკურნალო კვებას კარდიტროფიული ფუნქცია აკისრია. კარდიოტროფიული დიეტა განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

კერძოდ, რაციონი მდიდარი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, ცილებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ მხოლოდ ცილის ოდენობას კი არა, არამედ კვებით ღირებულებასა და ორგანიზმის მიერ ათვისებასაც. ცილის საერთო ოდენობის მეოთხედი ბავშვმა

რძისა და მისი ნაწარმის მეშვეობით უნდა მიიღოს. გულის კუნთისთვის ნახშირწყლებთან ერთად ენერგიის წყაროა ცხიმოვანი მჟავებიც, რომლებიც ენერგეტიკული დანახარჯის ნახევარს ანაზღაურებს. გულის კუნთში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროს ენერგეტიკული დანახარჯი იზრდება, ამიტომ საჭიროა ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების მიღება. ენერგეტიკულ მოთხოვნილებას რამდენადმე აკმაყოფილებს მცენარეული - ზეითუნის, სიმინდის ან მზესუმზირას - ზეთი, რომელიც მზა საკვებს ემატება. ზეთის ხარჯზე ცხიმის დღიური მოთხოვნილების 1/3 უნდა დაკმაყოფილდეს. მცენარეული ცხიმი ორგანიზმს ცხიმოვან მჟავებთან ერთად A და D ვიტამინებითაც ამდიდრებს. ნახშირწყლების მიწოდება კი ასაკობრივ ნორმას უნდა შეესაბამებოდეს. მათი სიჭარბე, განსაკუთრებით - უჯრედისის შემცველი პროდუქტების სახით, ორგანიზმს ვნებს: ნაწლავებში დუღილის პროცესები ძლიერდება, ეს აირების დაგროვებასა და მუცლის შებერვას იწვევს, შედეგად კი დიაფრაგმა მაღლა იწევს და გულის მუშაობას აუარესებს. რაციონი მდიდარი უნდა იყოს A, C, D, B ჯგუფის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით - თუთიით, კალიუმით. მიკროელემენტებს შორის გულის კუნთის კვებას ყველაზე უკეთ კალიუმი აუმჯობესებს. მას შეიცავს ხილი და ბოსტნეული, ჩირი და მისი კომპოტი. განსაკუთრებით უხვად არის კალიუმი კარტოფილში, გარგარსა და ბანანში. მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია კალციუმი, რომელიც საკმაოდ ბევრია რძესა და მის ნაწარმში. მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმი სხვადასხვა მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის საკვებით შეივსებს. ნატრიუმის ოდენობა კი, პირიქით, უნდა შემცირდეს, რისთვისაც მარილიანი საკვების შეზღუდვაა მიზანშეწონილი.

- რამდენჯერ და როგორი სიხშირით უნდა ვკვებოთ პატარა?

- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას ხშირად თან სდევს მუცლის ღრუს ორგანოების სისხლსავსეობა, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აფერხებს. ასეთ დროს ბავშვმა საკვები ჩვეულებრივზე მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად უნდა მიიღოს. უფრო ზუსტად, საკვების დღიური ნორმა უნდა გადანაწილდეს არა 4-5, არამედ 6-8 ჯერზე, ბოლო ულუფა კი დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა შევთავაზოთ. გარდა ამისა, რაციონიდან უნდა ამოვიღოთ საკვები, რომელიც მუცლის შებერვას იწვევს. ასეთია პარკოსნები, კომბოსტო, მეტისმეტად დამტკბარი ჩაი, კომპოტი, წვენები, გაზიანი სასმელები. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ოპტიმალურია დედის რძე. დამატებითი საკვები 5-6 თვიდან უნდა ჩავრთოთ რაციონში (ბოსტნეულის პიურე, ხილის პიურე და სხვა). ხელოვნური კვებისას კი სრულფასოვანი ადაპტირებული ნარევების მიცემაა მიზანშეწონილი.

- სახელდობრ, რომელი საკვები უნდა ამოვიღოთ ბავშვის რაციონიდან და რომელია რეკომენდებული?

- გირჩევთ, რაციონიდან გამორიცხოთ:

ცხიმიანი, დაკონსერვებული და შემწვარი ხორცი და თევზი, ძეხვი, სოსისი, ხორცის ნახარში, შაშხი;

მარილიანი ყველი;

ცხოველური ცხიმი;

მწნილეული;

მჟაუნა, ისპანახი, ბოლოკი, პარკოსნები, წიწაკა, პირშუშხა;

ტკბილეული, ფუნთუშეული, მაგარი ჩაი, კაკაო, ყავა.

რეკომენდებულია:

მჭლე მოხარშული საქონლისა და ფრინველის ხორცი, თევზი;

მოხარშული კვერცხი;

რძის ნაწარმი - მაწონი, იოგურტი, ხაჭო, უმარილო ყველი;

ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი (უპირატესად - უმი, მზა კერძს დამატებული);

წიწიბურა, ბრინჯი, შვრიის ბურბუშელა (ჰერკულესი);

ბოსტნეული: კარტოფილი (ქერქიანად მოხარშული), ჭარხალი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მწვანე სალათა, მწვანილი;

ხილი და კენკრა (გარდა ყურძნისა, კომშისა, მსხლისა) ნებისმიერი სახით - ცოცხალი, ხმელი, კომპოტი, ჟელე, წვენი;

ვეგეტარიანული სუპი და პომიდვრის სოუსი.

გახსოვდეთ: სწორად ორგანიზებული კვების რეჟიმი მკურნალობის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი რგოლია. სასურველია, რაციონი პირად ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე შეადგინოთ.

თინათინ ქორიძე