პირველი დახმარება ჰიპერტონიული კრიზის დროს
როგორც წესი, კარგი შეგრძნება აქვს და არაფერს უჩივის. შეიძლება ითქვას - სწორედ ეს გარემოება ხდება ჰიპერტონიული კრიზის განვითარების მიზეზი. ჰიპერტონიული დაავადებით დაავადებულები მკურნალობის პროცესში მდგომარეობის გაუმჯობესების კვალად ხშირად წყვეტენ კარდიოლოგების მიერ დანიშნული პრეპარატების მიღებას, არღვევენ ექიმის მიერ რეკომენდებულ დიეტას, ცვლიან ცხოვრების წესს, ძველ, მავნე და არასასურველ ჩვევებს უბრუნდებიან. ყოველივე ეს კი, საბოლოოდ, ძვირად უჯდებათ.
ჰიპერტონიული კრიზის ძირითადი მახასიათებელია არტერიული წნევის უცაბედად და მნიშვნელოვნად აწევა.
ჰიპერტონიული კრიზი გართულების გარეშე
ის, როგორც წესი, თავის ძლიერი, მოპულსირე ტკივილის უეცრად აღმოცენებით იწყება, თან სდევს თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა (ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება თვალებში), გულისრევა და ერთჯერადად ღებინება. ეს სიმპტომები განპირობებულია ტვინის სისხლის მიმოქცევის ადგილობრივად დარღვევით. ავადმყოფს ამ დროს აგზნება, შიში და მოუსვენრობა იპყრობს. უძლიერდება ოფლდენა და სიცხის შეგრძნება ეუფლება. მეორე წუთს კი ქვედა კიდურების არეში სიცივის შეგრძნება და კანკალი იპყრობს.
საერთოდ, აღნიშნული სიმპტომები - „შინაგანი კანკალი“, ცივი ოფლი, ციებ-ცხელება „ბატის კანის“ ეფექტით - ჰიპერტონიული კრიზისათვის დამახასიათებელი ნიშნებია. პაციენტებს ამ დროს ჰაერის უკმარისობა აღენიშნებათ და ქოშინი ეწყებათ. შეტევას ზოგჯერ თან სდევს გულის არეში ტკივილი, პულსის აჩქარება. პაციენტთა დიდ ნაწილს სახის, კისრისა და ხელების კანი წითელი ლაქებით ეფარება, არტერიული წნევა (განსაკუთრებით - სისტოლური) ამ დროს მკვეთრად მაღლაა აწეული.
გართულებული კრიზი
შედარებით ნელ-ნელა ვითარდება და შესაძლოა გარკვეულ პერიოდს (რამდენიმე დღეს) გაგრძელდეს. იწყება სიმძიმის შეგრძნებით თავის არეში, ყურებში შუილითა და ძილიანობით. პაციენტს ზოგჯერ გულისრევა და თავბრუხევა აწუხებს, მხედველობისა და სმენის დარღვევა აღენიშნება, მნიშვნელოვანი დარღვევებია ცნობიერების მხრივაც (შეკავება, რეაქციის შენელება და სხვა სიმპტომები გონების დაკარგვის ჩათვლით). გართულებული ჰიპერტონიული კრიზის დროს პაციენტი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება - კანი ცივი და მშრალი აქვს, სახეზე მოლურჯო-მოწითალო ელფერი დაჰკრავს, პულსი დიდად არ ეცვლება. წნევა ამ დროს მაინცდამაინც მკვეთრად არ იწევს და არც ისე მაღალ მაჩვენებლებს აღწევს, თუმცა კრიზის დამახასიათებელი სიმპტომები წნევის დარეგულირების შემდეგ გაცილებით დიდხანს რჩება. გართულებული ჰიპერტონიული კრიზი შესაძლოა ცერებრული, კორონარული ან ასთმური ვარიანტით წარიმართოს.
პირველი დახმარება ჰიპერტონიული კრიზის დროს
ჰიპერტონიული კრიზის განვითარება არა მხოლოდ პაციენტებისათვის, ახლობლებისთვისაც მძიმე ხვედრი და საგანგაშოა ხოლმე. ასეთ დროს პირველი დახმარების აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, ამ დახმარებისათვის სათანადო წესების ცოდნა კი - ყველასათვის აუცილებელი.
ჰიპერტონიული კრიზის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე არ უნდა დაიბნეთ და დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გახსოვდეთ, ჰიპერტონიული კრიზი სწრაფად ვითარდება და ხშირად საჭირო ხდება პაციენტის სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰიპერტონიული კრიზი პირველად განუვითარდა ან კიდევ აღინიშნება გართულებული ჰიპერტონიული კრიზის ნიშნები.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი საწოლში უნდა მოაკალათოთ ნახევრად მჯდომარედ, რაც შეიძლება მოხერხებულად (ამისათვის ბალიშები გამოიყენეთ). ასეთი პოზიცია საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ორთოპნოე (სულხუთვის შეტევა). აუცილებელია პაციენტისათვის ფეხების ჩათბუნებაც; ამისათვის შეგიძლიათ ფეხები ცხელ წყალში ჩააყოფინოთ, ტერფები და წვივები სათბურათი დაუთბუნოთ ან კიდევ წვივებზე მდოგვის საფენები დაადოთ. აღმოცენებულ კანკალსა და ციებ-ცხელებას მხოლოდ აღნიშნული პროცედურებით დაძლევთ. ჰიპერტონიული კრიზის დროს პაციენტი უნდა უზრუნველყოთ სუფთა ჰაერით, ამისათვის, სულ მცირე, სარკმელი მაინც უნდა გამოაღოთ. გარდა ამისა, ავადმყოფს უნდა დაალევინოთ ის მედიკამენტი, რომლითაც მკურნალობდა. ძლიერი თავის ტკივილის დროს შეგიძლიათ მისთვის ჩვეული შარდმდენიც დაუმატოთ (თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს მკურნალობის კურსში ამ ჯგუფის პრეპარატი ჰქონდა ჩართული). მკერდის ძვლის უკან ტკივილის განვითარებისთანავე რეკომენდებულია ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. სხვა (ახალი ანტიჰიპერტენზიული) პრეპარატების მიღება ექიმის მოსვლამდე დაუშვებელია. შემდგომი ტაქტიკა ექიმის გადასაწყვეტია (ის საჭიროებისამებრ თავად გადაწყვეტს ინტრავენურად ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შეყვანას).
ჰიპერტონიული კრიზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც. ამ დროს დიდი რაოდენობით სტრესული ჰორმონები გამოიყოფა, ავადმყოფს შიში, განგაში და მოუსვენრობა იპყრობს. ამიტომაც აუცილებელია მასთან ალერსიანი და კეთილგანწყობილი საუბარი, მისი დამშვიდება, დარწმუნება იმაში, რომ საგანგაშო არაფერია, რომ მისი მდგომარეობა მალე გამოსწორდება.
პანიკა და ყვირილი ამ დროს ყოვლად დაუშვებელია! ამით კიდევ უფრო დაამძიმებთ პაციენტის მდგომარეობას, უფრო მეტად გაუღრმავებთ ისედაც მოჭარბებულ შიშსა და განგაშს!
გახსოვდეთ, თქვენს თავდაჭერილ საქციელზე, ალერსიან მოპყრობასა და დროულად აღმოჩენილ პირველ დახმარებაზე დიდად არის დამოკიდებული პაციენტის შემდგომი მდგომარეობა!