კიდევ ერთხელ ცოფის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ ცოფის შესახებ

როდის, რა შემთხვევაში უნდა აიცრას ადამიანი? რა საფრთხე ემუქრება მას? როგორ ვრცელდება ცოფი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება “პედიატრიული პრივატ კლინიკისა” და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ბავშვთა ქირურგი, რაბიოლოგი მედეა ვალაშვილი.

ქალბატონი მედეა დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალია, პატარა პაციენტებთან საოცრად თბილი ურთიერთობით გამორჩეული. ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული, 20 წელი ბავშვთა ქირურგის პოზიციაზე მუშაობდა ქ. ალმა-ატაში.

ქალბატონ მედეა ვალაშვილს სრულად 30-წლიანი უწყვეტი სამედიცინო სტაჟი აქვს. ის დღეს თავისი პროფესიონალიზმით საქართველოში მცხოვრები პატარების ჯანმრთელობის სადარაჯოზეა.

- ქალბატონო მედეა, რა დაავადებაა ცოფი?

- ცოფი ანუ ჰიდროფობია, ტეტანუსის მსგავსად, მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.

სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და ცოფი გვხვდება მხოლოდ იმ პირებთან, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.

- როგორ ხვდება ცოფის გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში?

- ცოფი ადამიანზე გადადის დაავადებული ან ვირუსის მატარებელი ცხოველიდან. თუ ასეთი ცხოველი ადამიანს დაკბენს, დაკაწრავს, ალოკავს ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსზე, დადორბლავს დაზიანებულ კანზე – ცოფის ვირუსი მისი ნერწყვიდან ადამიანის ორგანიზმში შეაღწევს.

მოგახსენებთ ერთ რეალურ შემთხვევას: 2015 წელს ქუთაისში ძაღლმა თვალზე ალოკა 7 წლის ბავშვი, მშობლებმა არ წაიყვანეს აცრაზე, ბავშვი დაიღუპა. ცოფის გავრცელება ჰაერწვეთოვანი გზით – იშვიათია, გვხვდება მხოლოდ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები.

- ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირების შესაძლებლობა თუ არსებობს?

- ადამიანების ურთიერთდაინფიცირება გაცილებით იშვიათია. თუმცა დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ცოფის გავრცელება, თუ, მაგალითად, ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით მეორე ადამიანის დაზიანებული კანი დაინფიცირდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ანტირაბიული მკურნალობა.

- რომელი კლინიკური სიმპტომებით გამოირჩევა ცოფი?

- ცოფის პირველი ნიშნებია ქავილი, დაკბენილი ადგილის მჭრელი და მწვავე ტკივილი. ნაწიბური წითლდება და შუპდება, თავს იჩენს რევმატული ხასიათის ტკივილები, უმადობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დეპრესია. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს. რამდენიმე დღის შემდეგ იწყება აგზნების პერიოდი: ავადმყოფს წყლის დანახვისთანავე შიში ეუფლება, ტანჯვისგან სახე ემანჭება, უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი, ხდება ძალზე აგრესიული, გარშემო ყველაფერს ამტვრევს, ბოდავს, უხვად გამოყოფს ნერწყვს. აგზნებას მოსდევს დამბლა, რომელიც იწყება ქვედა კიდურებით და მთავრდება გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით, რაც სიკვდილს იწვევს.

- რომელი ცხოველის ნაკაწრი ან ნაკბენია საშიში ადამიანისთვის?

- ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ზაზუნები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მგელი, ტურა, მელა, მაიმუნი, ენოტი, ასევე კუ, ზღარბი, ციყვი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა.

- აცრილი ცხოველიც საშიშია დასნებოვნების თვალსაზრისით?

- კი. უკვე 2 წელია ცხოველის აცრილობას არ ვითვალისწინებთ, განსაკუთრებით - ბავშვებთან.

მოგიყვებით ერთ შემთხვევას: ერთი წლის წინ თემქაზე საკუთარი, აცრილი და ყველანაირად მოვლილი ძაღლის ნაკბენის გამო გარდაიცვალა ექიმი.

- რა გამოდის, რომ ცხოველებს ტყუილად უტარებენ აცრებს და შინაური ცხოველებიც საშიშნი არიან?

- საშიშროება ყველა შემთხვევაში არსებობს. ამიტომაც ვაკვირდებით ცხოველს და ვატარებთ პირობით კურსს (მხოლოდ 3 აცრა). არსებობს ასეთი ფაქტი: თელავში მეზობლის ძაღლმა დაკბინა 15 წლის გოგონა, პატრონმა განაცხადა, რომ ძაღლი ჯანმრთელია და გოგონას აცრა არ დასჭირდება. გოგონა მართლაც არ აცრეს, სამწუხაროდ, მოხდა ტრაგედია.

- რამდენად უსაფრთხოა შინ შინაური ცხოველის ყოლა?

- საერთოდ, თუ ვინმეს შინაური ცხოველის ყოლა სურს, პირველ რიგში, ჯობს მიაკითხოს ვეტერინარს, რათა გაიგოს, რამდენად უსაფრთხოა ცხოველი ოჯახში, მით უმეტეს, თუ სახლში ბავშვია. თუ ძაღლსა და კატაზეა საუბარი, ვეტერინარმა უნდა გამოიკვლიოს ცხოველი, ჩაუტაროს ჭიებზე დამუშავება, გამოდევნოს ორგანიზმიდან ჰელმინთები, როგორებიცაა ალვიოკოკი, ექინოკოკი,… მნიშვნელოვანი და აუცილებელია პროფილაქტიკური ვაქცინაციაც – აცრა. მაგალითად, ცოფზე. გარდა ამისა, არსებობს ტოქსოპლაზმოზი, ლამბლიოზი. ამ დაავადებათა გამავრცელებლები ძირითადად კატები არიან. ავადმყოფობის დასადგენად საჭიროა სისხლის ანალიზი. თუ ცხოველი ზის სახლში, მუდმივად მუშავდება პარაზიტებზე, რწყილებზე, ტკიპაზე და გეგმურად იცრება, მაშინ არ იქნება საშიში. თუ ცხოველი გადის გარეთ, არ არის დამუშავებული, არ არის აცრილი - ის, რა თქმა უნდა, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ცხოველისათვის უნდა არსებობდეს საკმარისი ფართი, უნდა იყოს საშუალება და თავისუფალი დრო მის მოსავლელად. ეს ყველაფერი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ცხოველის პატრონი უნდა ფლობდეს მისი მოვლის წესებს, ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის - ანტირაბიული) და ჩაუტაროს საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები. ჰქონდეს დამცავი აღჭურვილობა, მაგალითად, ტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი სათვალე.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ცხოველმა დაკბინა ან დაკაწრა?

- სასწრაფოდ უნდა მიმართოს ანტირაბიულ კაბინეტს, გაესაუბროს რაბიოლოგს. გახსოვდეთ: კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შემთხვევაში, თუნდაც ცხოველი ჯანმრთელი გეგონოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების ფარული პერიოდის უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ცოფის ვირუსი უკვე ნერწყვშია და არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველი ცოფით დაავადებული აღმოჩნდეს.

ცოფი პრაქტიკულად არ იკურნება. თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია პრეპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უკვე დაავადებული პაციენტის განკურნება. თუმცა შესაძლებელია ავადობის პრევენცია, რაც დამოკიდებულია ვაქცინაციის დროულად დაწყებაზე.

- რისთვის ტარდება აცრა?

- აცრა ცოფის დაავადების განვითარების ერთადერთი პროფილაქტიკა და პრევენციაა.

ანტირაბიული ვაქცინა – არის სტანდარტი, რომელიც ყველა დაკბენილს უკეთდება.

არსებობს ვაქცინაციის პროფილაქტიკური და სამკურნალო კურსი. პროფილაქტიკური კურსი კეთდება 0, მე-3, მე-7 დღეს. თუ ცხოველმა თოთხმეტი დღე იცოცხლა, შეიძლება აცრები შეწყდეს, ხოლო თუ ის დაიკარგა ან მოკვდა, ვაქცინაცია გრძელდება - მე-14, 28-ე დღეს. ეს უკვე სამკურნალო კურსია. თუ ნაკბენი ხელის მტევანზე, სახეზე, ტერფზე ან სასქესო ორგანოების არეშია, საჭიროა, პირველივე დღეს გაკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი წონის მიხედვით.

კანის დაზიანების შემთხვევაში, ცოფის ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრაც.

- თუ ადამიანი დავარდა ისეთ ადგილზე, სადაც შესაძლოა იყოს ძაღლის ან სხვა ცხოველის ნერწყვი და კანი დაუზიანდა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია აცრა?

- თუ ადამიანი არ არის აცრილი ბოლო 5 წლის განმავლობაში, დიახ, აუცილებლად სჭირდება აცრა, რადგან ეს იგივეა, რაც ჭრილობის ალოკვა. ყველა საეჭვო შემთხვევის დროს აუცილებელია აცრის ჩატარება. მაგალითისთვის მოგიყვანთ კიდევ ერთ რეალურ შემთხვევას: ეზოში 2 წლის ბავშვი თამაშობს, ირგვლივ ვარდის ბუჩქებია და კატაც იქვე სეირნობს, დედა საქმიანობს. ბავშვი დაეცა, ტირილის ხმაზე დედა გამოვიდა, ბავშვს ხელზე ნაკაწრი აქვს, მარჯვნივ კატა ზის, მარცხნივ ვარდის ბუჩქია, ბავშვი ვერ ლაპარაკობს, რამ დაკაწრა? პასუხი არ გვაქვს. მეტი სიფრთხილისათვის ბავშვი აუცილებლად უნდა აიცრას!