მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი
დედამიწის მოსახლეობის ორ მესამედს აღენიშნება მარტივი ჰერპესის I ტიპის ვირუსი (HSV-1) - იუწყება New Vision. აღნიშნული ვირუსი გაციების შემთხვევაში იწვევს დამახასიათებელ გამონაყარს ტუჩებზე. საზოგადოდ, არსებობს ორი ტიპის ვირუსი, რომელიც უხშირესად უსიმპტომოდ გადაეცემა, ხოლოდ როცა ინფექცია საბოლოოდ დამკვიდრდება ორგანიზმში, ადამიანი პერიოდულად პათოლოგიურ გამოვლინებათა მსხვერპლი ხდება.
თუ პირველი ტიპის ვირუსი იწვევს გამონაყარს ტუჩებზე, მეორე ტიპის (HSV-2) ვირუსი გენიტალური ჰერპესის პროვოცირებას ახდენს. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პირველ ტიპსაც შეუძლია გენიტალური ჰერპესის გამოწვევა. ამ ტიპის ვირუსი 15-49 წლის დაახლოებით 140 მილიონ ადამიანს აღენიშნება. როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, შესაძლოა ვირუსი სასქესო ორგანოებზე ორალური სექსის დროს გადადის. 50 წლამდე ასაკის ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს ორივე ტიპის ვირუსით გამოწვეული გენიტალური ინფექცია აღენიშნება.
არსებული სტატისტიკით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გაცილებით ნაკლები ბავშვი ინფიცირდება (HSV-1) ვირუსით, კარგი საცხოვრებელი პირობებისა და ჰიგიენის წესების მაქსიმალურად დაცვის გამო. თუმცა, სქესობრივი მომწიფებისა და შესაბამისი აქტიურობის პერიოდის დადგომისთანავე დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება.
ჰერპესვირუსის საბოლოოდ დასამარცხებელი მკურნალობა ჯერ კიდევ არ არსებობს. ამიტომაც, სპეციალიტების მთელი ყურადღება მიმართულია ვაქცინაციაზე.
თინათინ გოცაძე