სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადებები

მიუხედავად ამისა, კლინიკურ პრაქტიკაში უმეტესად სასქესო ორგანოების კანდიდოზი გვხვდება, რადგან სოკოები, რომლებიც ამ დაადავებას იწვევს, საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში შედის. რა თქმა უნდა, როცა მათი რაოდენობა მცირეა, მათგან უსიამოვნებას არ უნდა ველოდეთ, მაგრამ როცა მიზეზთა გამო უკონტროლო გამრავლებას იწყებენ, ვითარდება კანდიდოზი. ხალხში მას რძიანას უწოდებენ მოთეთრო, ხაჭოსმაგვარი გამონადენის გამო. სასქესო ორგანოების კანდიდოზი სულაც არ გახლავთ წმინდა ქალური დაავადება. არსებობს მისი მამაკაცური ვარიანტიც - კანდიდოზური ბალანოპოსტიტი.

სიმპტომები ქალებთან

  • ძლიერი ქავილი და საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების ტკივილი;
  • უხვი თეთრი, ხაჭოსმაგვარი გამონადენი;
  • ტკივილი სქესობრივი აქტისა და შარდვის დროს.

სიმპტომები მამაკაცებთან

მამაკაცებთან რძიანას სიმპტომები არცთუ აშკარაა, თუმცა ზოგჯერ მათაც აწუხებთ სასქესო ორგანოების წვა და ქავილი, ხოლო სასქესო ასოს თავზე მოთეთრო ფერის წვრილი გამონაყარი უჩნდებათ. სასქესო ორგანოზე საფუარისებრი სოკოების მატარებელია ჯანმრთელ მამაკაცთა 14-18%, მაგრამ უმეტესობას სოკო სქესობრივი კავშირის დროს ქალისგან გადაედება. უკვე დადგენილია, რომ ეს დაავადება უმეტესად ემართებათ იმ მამაკაცებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი ან შაქრიანი დიაბეტით თუ სიმსუქნით არიან დაავადებულნი.

რატომ წარმოიქმნება?

იმისთვის, რომ დაავადება გამოიწვიოს, კანდიდას ჯგუფის საფუარისმაგვარ სოკოს განსაკუთრებული პირობები სჭირდება. კერძოდ, ნაკლებად მჟავა გარემო და ორგანიზმის დამცავი ძალების აქტიურობის დაქვეითება. სოკოს გამრავლებას ხელს უწყობს:

  • ანტიბიოტიკების მიღება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება (შიდსი და ქრონიკული ანთებითი დაავადებები);
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (შაქრიანი დიაბეტი);
  • არასწორი კვება (რაციონში ნახშირწყლების - კანფეტების, სხვა ტკბილეულის, ფუნთუშეულის - სიჭარბე და ვიტამინების ნაკლებობა);
  • ჰორმონული რყევები (ორსულობა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება);
  • ვიწრო სინთეტიკური საცვლების ტარება (ისინი არ ატარებენ ჰაერს, შესაბამისად, იქმნება სოკოვანი დაავადებების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები).

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

როგორც კი სოკოების კოლონია გაიზრდება, იწყება იმ ზედაპირული უჯრედების ფენის რღვევა, რომელიც სასქესო ორგანოებზეა შემოვლებული. სასქესო ორგანოების ჯანმრთელობას კანდიდოზი განსაკუთრებულ ზიანს არ აყენებს, მაგრამ მაინც დიდი უსიამოვნების მოყენება ძალუძს. იშვიათად კანდიდოზი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. ამ დროს შესაძლოა პათოლოგიურ პროცესში მეზობელი ორგანოებიც - შარდის ბუშტი და ნაწლავი - ჩაერთოს. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ექიმის კონსულტაცია და დაავადების გამომწვევის - კანდიდას ჯგუფის სოკოს აღმოჩენა. ამ უკანასკნელისთვის საჭიროა ნაცხის აღება, რომელსაც შემდეგ მიკროსკოპით შეისწავლიან. თუ რძიანას დიაგნოზი დადასტურდა, კვლევის უფრო რთული მეთოდების გამოყენება საჭირო აღარ არის. საყურადღებოა ისიც, რომ რძიანას დიაგნოზის დადასტურებისას რეკომენდებულია სისხლისა და შარდის ანალიზის გაკეთება შაქარზე, რადგან კანდიდოზი შესაძლოა დიაბეტის ნიშანიც იყოს. კანდიდოზის მკურნალობა ხანგრძლივი და ეტაპობრივია. ვარაუდებს რომ არ ავყვეთ, საჭიროა გამოვიკვლიოთ, რომელი პრეპარატი მოქმედებს უკეთ სოკოს წინააღმდეგ. შედეგების გათვალისწინებით ტარდება მიზანმიმართული სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. გარდა ამისა, აუცილებელია იმ მიზეზების აღმოფხვრაც, რომლებმაც კანდიდას ჯგუფის სოკოს გამრავლება გამოიწვია:

  • ანტიბიოტიკებზე უარის თქმა;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებზე უარის თქმა;
  • იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ვიტამინოთერაპია;
  • ზოგჯერ - ეგრეთ წოდებული პრობიოტიკების დანიშვნა (ბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიების ცოცხალ კულტურებს შეიცავს და რომლებიც წინააღმდეგობას უწევს პათოგენური მიკროფლორისა და სოკოების გამრავლებას);
  • იმ პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც ხელს უწყობს საშოს ნორმალური მჟავიანობის აღდგენას;
  • ნაწლავთა დისბაქტერიოზის მკურნალობა.

სხვათა შორის, რძიანას შემაწუხებელი სიმპტომების გაქრობა ყოველთვის არ ნიშნავს განკურნებას, ამიტომ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ საჭიროა ექიმთან განმეორებითი კონსულტაცია. გარდა ამისა, კანდიდოზის შემთხვევაში ჯობს, ორივე სქესობრივმა პარტნიორმა ერთად იმკურნალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა ისევ და ისევ იჩინოს თავი.

განკურნების კრიტერიუმები და პროფილაქტიკა

უროგენიტალური კანდიდოზის განკურნების კრიტერიუმებად მიიჩნევა კლინიკური სიმპტომების გაქრობა და ანალიზების უარყოფითი შედეგები. პაციენტებისთვის რეკომენდებულია გამოჯანმრთელებამდე სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება ან კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება. პროფილაქტიკის საუკეთესო გზა კი საკუთარი ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნებაა. ამისთვის, სასურველია, ექვს თვეში ერთხელ მაინც მიაკითხოთ ექიმს. გარდა ამისა, მისდიეთ შემდეგ რეკომენდაციებს:

  • უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ბამბის ან ასეთი ქსოვილის ჩანართებიან ქვედა საცვლებს, რომლებიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
  • ნუ ჩაიცვამთ ზაფხულობით კოლგოტებს და სხვა შემოჭერილ ტანსაცმელს.
  • დიდხანს ნუ ატარებთ სველ საცურაო კოსტიუმს, რადგან სველი და თბილი გარემო სოკოს გამრავლებისთვის იდეალურია.
  • ერიდეთ შაქარს, რომელმაც, ჭარბი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა შეცვალოს საშოს პH და ასევე ხელსაყრელი პირობები შექმნას სოკოს გასამრავლებლად.
  • მუდამ თადარიგში გქონდეთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება იმ შემთხვევისთვის, თუ მოგიხდათ ანტიბიოტიკების მიღება სხვა დაავადების გამო.
  • სოკოვანი ინფქციის პერიოდში ჯობს თავი არიდოთ სქესობრივ ცხოვრებას, რადგან სოკოვანი ინფექცია შესაძლოა პარტნიორსაც გადაედოს.
  • ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ სასქესო ორგანოები.
  • გამოიყენეთ მხოლოდ პირადი (საკუთარი) პირსახოცი, რადგან სველი პირსახოცი ინფექციას დიდხანს ინახავს.
  • ქალებმა უნდა ჩაიბანონ და გაიმშრალონ წინიდან უკან - ამგვარად თავიდან აიცილებენ ანუსიდან საშოში ბაქტერიების მოხვედრას.
  • არ არის რეკომენდებული აბაზანისთვის ზეთების, ჰიგიენური სპრეისა და პუდრის გამოყენება - შესაძლოა, სასქესო ორგანოების ირგვლივ მდებარე კანის გაღიზიანება გამოიწვიონ.
  • ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესული სიტუაციები.

თუ სოკოვანი ინფექცია რამდენიმე თვის განმავლობაში ორ-სამჯერ განმეორდა, რეკომენდებულია, ექიმს მიაკითხოს თქვენმა პარტნიორმაც, რადგან განმეორებითი ინფიცირება შესაძლოა მის ლორწოვანთან კონტაქტის შემდეგ ხდებოდეს.