სოკოვანი დაავადებები და ჰიგიენა
სოკოები ბინადრობენ ნიადაგში, ჰაერში, წყალში, ზოგი მათგანი - ჩვენს ორგანიზმშიც. ისინი განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს ორგანიზმის ნოტიო ადგილებში: პირის ღრუში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასქესო ორგანოების, შარდსასქესო სისტემის ლორწოვან გარსებში, კანის ნაოჭებში... ჩვეულებრივ პირობებში ჩვენი იმუნური სისტემა ფხიზლად არის და სოკოს ინტენსიური გამრავლების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ თუ იმუნიტეტი დასუსტდა, სოკო უკონტროლოდ მრავლდება, რასაც ინფექციური პროცესის ჩამოყალიბებამდე და ინფიცირებული ორგანოს ფუნქციის დარღვევმდე მივყავართ. სქელი ყვითელი ფრჩხილები, სახეცვლილი კანი, საშოს ქავილი და გამონადენი, თმის ცვენა - ეს სოკოვანი დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არასრული ჩამონათვალია. სოკოვან დაავადებას შეუძლია, ნებისმიერი ორგანო და ქსოვილი დააზიანოს. ინფექცია ხშირად გადამდებია. თუ დაავადება განვითარდა, პროცესის შესაჩერებლად დროულად უნდა მიმართოთ ექიმ სპეციალისტს, მანამდე კი იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენის წესები, რათა ინფექციას თქვენს ორგანიზმში ფეხის მოკიდების საშუალება არ მისცეთ: სიფრთხილე გამოიჩინეთ დაობებულ გარემოში მუშაობისას, ძველი სახლების რემონტისა და დალაგებისას, გაითვალისწინეთ, რომ ხის სოკო განსაკუთრებით საშიშია.
ჰიგიენა სოკოვანი ვაგინიტის დროს
მჭიდრო საცვლების ტარება თავისთავად ვერ გამოიწვევს რძიანას, მაგრამ მის განვითარებას კი შეიძლება შეუწყოს ხელი. ვიწრო სინთეტიკური ტრუსები ძნელად ინარჩუნებს სითბოს და ზამთრობით გადაცივებას იწვევს, გადაცივება და იმუნური სისტემის დასუსტება კი კანდიდოზის განვითარების ხელშემწყობი ორი უმძლავრესი ფაქტორია. ტკბილეულის ჭარბმა მიღებამაც შეიძლება მისცეს ბიძგი დაავადების განვითარებას. ჟელეები და საპნები, რომლებსაც ინტიმური ჰიგიენისთვის იყენებენ, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ მავნე და სასარგებლო ბაქტერიებს, ამიტომ განურჩევლად ყველას ანადგურებენ, რაც ბუნებრივ ბარიერს სპობს. გახსოვდეთ: საშო თვითგამწმენდი ორგანოა და დამატებითი “დალაგება” არ სჭირდება, ჰიგიენური პროცედურებისთვის კი საკმარისია ჩვეულებრივი წყალი. რძიანას განვითარებას ხელს უწყობს ყოველდღიური საფენებიც. გამონადენთან ერთად საფენზე სოკოც ხვდება, იქ კი იდეალური გარემო და ტემპერატურაა მისი გამრავლება-განვითარებისთვის. ყოველდღიურ საფენებზე უარის თქმა არ არის აუცილებელი, უბრალოდ, ხშირ-ხშირად იცვალეთ.
ჰიგიენა კანის სოკოვანი დაავადებების დროს
დაავადებული შინაური ცხოველების გამოვლენას და მკურნალობას, რასც ვეტერინარული სამსახური უზრუნველყოფს, ასევე - ოჯახის სხვა წევრების, ბავშვთა კოლექტივების (საბავშვო ბაგა-ბაღები, სკოლები) დათვალიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მკურნალობა და დეზინფექცია. სილამაზის სალონებში ყოველი კლიენტის გასტუმრების შემდეგ ინსტრუმენტებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
კანის სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად:
- არ შეიძლება სხვისი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, წინდების, კოლგოტების ჩაცმა;
- ყველამ უნდა იქონიოს საკუთარი მაკრატელი, საპარსი, პირსახოცი, ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები;
- ბანაობის დროს, შინაც კი, მით უმეტეს - საერთო საშხაპეში, აუზზე, ზღვის სანაპიროზე, უნდა გეცვათ საკუთარი რეზინის ჩუსტები;
- აუცილებელია ფეხების ყოველდღე ბანა და დამუშავება ანტიმიკოზური სპრეითა და პუდრით.
რაც შეეხება პროფესიულ მიდგომას, საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების იატაკს სამუშაო დღის ბოლოს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს; ხის სადგამი უნდა შეიცვალოს რეზინით, რომელიც იოლად ექვემდებარება დეზინფექციას; ძალიან მნიშვნელოვანია მანიკიურისა და პედიკიურის ინსტრუმენტების დეზინფექციაც. ტერფის სოკოვანი დაავადების დროს ფეხსაცმელები უნდა დამუშავდეს ფორმიდრონის ხსნარით. ამ ხსნარში დასველებული და ოდნავ გაწურული ბამბით ფეხსაცმელი შიგნიდან იწმინდება, შემდეგ 24 საათით იდება ჰაერგამტარ პოლიეთილენის პარკში და ბოლოს კარგად ნიავდება.
როგორ დავიცვათ ბავშვი სოკოვანი დაავადებისგან
- ეცადეთ, ბავშვი მეტისმეტად არ გაოფლიანდეს და არ გამოიყელოს;
- ფრთხილად დააჭერით ფრჩხილები, რათა კანი არ დაუზიანდეს;
- დიდხანს ნუ დაუტოვებთ სველ პამპერსს;
- თუ პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების მიდამოში ხშირად უჩნდება რძიანა, მიმართეთ პედიატრს;
- ნაწლავთა მოქმედების დარღვევისას - დიარეის ან შეკრულობის შემთხვევაში - ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან;
- მოზრდილ ბავშვებს აუხსენით, რომ მაწანწალა ძაღლებისა და კატებისგან თავი შორს დაიჭირონ;
- შინაური ცხოველები პერიოდულად ატარეთ ვეტერინართან;
- ნუ დართავთ ბავშვს ნებას, ჩაიცვას უფროსის ფეხსაცმელი, განსაკუთრებით შიშველ ფეხზე. ფეხები ყოველდღე დაბანეთ და კარგად გაუმშრალეთ.