სეფსისის მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეფსისის მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვებში

- სეფსისის ცენტრის დამაარსებლის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის განმარტებით, ყოველგვარი მწვავედ მიმდინარე ცხელება, რომელიც გრძელდება 5-6 დღეს და მეტხანს, მიუხედავად ადგილობრივი კერებისა თუ თავის ტკივილის არარსებობისა და უსიცხო პერიოდში შედარებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა, სეფსისის თვალსაზრისით საეჭვო მდგომარეობად უნდა იქნეს მიჩნეული. სეფსისი გენერალიზებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც პირობითპათოგენური მიკრობები (უპირატესად - სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები) იწვევენ. ეს ის მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც მუდმივად ბინადრობენ ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ჯანსაღ, ძლიერ ორგანიზმს ვერაფერს აკლებენ, სუსტსა და ავადმყოფში კი აქტიურდებიან და მრავლდებიან. ახალშობილთა სეფსისი მეტად მძიმე დაავადებაა. მისი ლეტალობის (სიკვდილიანობის) მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია - 15-დან 50%-მდე მერყეობს. დაავადების შედეგი სეფსისის გამოვლენის დროზეა დამოკიდებული. სიკვდილიანობა მაღალია ელვისებური სეფსისის დროს. ძალიან საშიშია სეფსისი დღენაკლული ახალშობილებისთვის.

- როდის ხდება ახალშობილის ინფიცირება?

- ახალშობილთა სეფსისი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. დაავადების გამოვლენის დროის მიხედვით განასხვავებენ:

1. თანდაყოლილ ადრეულ სეფსისს - როდესაც პათოლოგია ბავშვის სიცოცხლის პირველსავე კვირას იჩენს თავს. ამ დროს ახალშობილის ინფიცირება მუცლად ყოფნის პერიოდში, ტრანსპლაცენტურად (პლაცენტის საშუალებით) ხდება;

2. თანდაყოლილ მოგვიანებით სეფსისს - როდესაც ბავშვი მშობიარობის დროს ინფიცირდება. დაავადება სიცოცხლის პირველსავე თვეებში იჩენს თავს.

ორივე ფორმას შესაძლოა ერთი და იგივე გამომწვევი ჰყავდეს - B ჯგუფის სტრეპტოკოკი, ეშერიხია, ლისტერია, ჰემოფილური ჩხირი, სოკო და სხვა. შეძენილი სეფსისი ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს როგორც სამშობიაროში, ისე შინ. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს ნაყოფი სტერილურ გარემოშია, მაგრამ დაბადებისთანავე იწყება ორგანიზმის (კანის, სასუნთქი გზების, ნაწლავების) დასახლება სასარგებლო მიკროორგანიზმებით - ჩამოყალიბება ბუნებრივი მიკროფლორისა, რომელიც ერთიან, დაბალანსებულ სისტემას წარმოადგენს. ეს ბალანსი შესაძლოა დაირღვეს გარეგანი ფაქტორების, სტრესის გავლენით, ამა თუ იმ დაავადების დროს და ინფექციურმა პროცესმაც არ დააყოვნოს.

- როგორ ხვდება ინფექცია ბავშვის ორგანიზმში?

- ინფიცირება შესაძლოა მოხდეს როგორც ენდოგენურად - ორგანიზმში არსებული მიკროორგანიზმების გააქტიურების ხარჯზე, ასევე ეგზოგენურადაც - გარემოდან შეჭრილი მიკრობებით (მაგალითად, ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციის დროს კათეტერის ან ზონდის გამოყენებისას, ჭრილობის დაბინძურებისას). ინფექციის შეჭრის გზის მიხედვით სეფსისის რამდენიმე ფორმას განასხვავებენ. ყველაზე ხშირია ჭიპისმიერი სეფსისი, რომელიც შეუხორცებელი ჭიპის ტაკვის არასრულფასოვანი მოვლის შედეგია. ჭიპიდან მცირე გამონადენიც კი, თუნდაც გამჭვირვალე, მშობელმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. ჭიპლარის ტაკვი ექიმის დანიშნულებისამებრ სტერილურად უნდა დამუშავდეს. სეფსისი ასევე შეიძლება იყოს ფილტვისმიერი, ნაწლავური, კანისმიერი, ცხვირხახისმიერი, საშარდე გზებიდან განვითარებული, ყურისმიერი. ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პატარებს შესაძლოა განუვითარდეთ კათეტერასოცირებული და ვენტილატორასოცირებული ფორმა, როდესაც ინფექციის პირველადი კერა უცნობია. ამ შემთხვევაში სეფსისს კრიპტოგენულს უწოდებენ.

- რა თავისებურებებით მიმდინარეობს სეფსისი ბავშვებში?

- სამ წლამდე ასაკის ბავშვებში სეფსისს რამდენიმე კლინიკური თავისებურება ახასიათებს, ხოლო სამი წლის შემდეგ ის ისევე მიმდინარეობს, როგორც მოზრდილებში. მოზრდილ ბავშვებში სეფსისისთვის დამახასიათებელი პოლიორგანული უკმარისობა (სხვადასხვა ორგანოს ერთდროული დაზიანება) დაავადების უკანასკნელ სტადიაში, სეფსისური შოკის დროს ვითარდება, ახალშობილებში კი ღრმა პათოლოგიური ცვლილებები დაავადების დასაწყისშივე იჩენს თავს. ახალშობილის იმუნური სისტემა ინფექციის გამომწვევს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს - მოუმწიფებელ, პაწია ორგანიზმს მიკრობების ლიკვიდაცია არ შეუძლია. ამიტომაც ხდება ასე ადვილად ახალშობილის ორგანიზმში ინფექციური პროცესის გენერალიზება - ინფექციის გავრცელება მთელ ორგანიზმში.


- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როგორ მიხვდეს, რომ პატარას ორგანიზმში სეფსისი მიმდინარეობს?

- სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები სეფსისს არ გააჩნია. ის უპირატესად ვლინდება:

  • წონის კლებითა და დუნე ნამატით;
  • მადის დაქვეითებით;
  • საერთო სისუსტით;
  • უმიზეზო ჭირვეულობით;
  • სიფითრით;
  • სუნთქვის უკმარისობის მოვლენებით.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია გახანგრძლივებული ტემპერატურული რეაქცია, ახალშობილისთვის კი ცხელება აუცილებელი ნიშანი არ არის. ტემპერატურული მრუდი მრავალფეროვანია. ის არ არის ტიპური არც ხანგრძლივობის და არც სხვა მაჩვენებლების მიხედვით. დაავადების ასი შემთხვევიდან 4-7 - ნორმალური, ხოლო 12-15 ნორმაზე დაბალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. ჰიპოთერმიით მიმდინარე სეფსისი ორგანიზმის სუსტ თავდაცვისუნარიანობაზე მიუთითებს და პროგნოზის თვალსაზრისით გაცილებით არაკეთილსაიმედოა, ვიდრე ცხელებითა და სხეულის ნორმალური ტემპერატურით მიმდინარე ფორმა. მაღალი ჰექტიური ტემპერატურა იშვიათია, შეინიშნება მხოლოდ დროულ ახალშობილებში, ისიც უმეტესად სეფსისის სეპტიკოპიემიური (ჩირქოვანი კერების არსებობით მიმდინარე) ფორმის დროს. ტემპერატურის მომატება, ჩვეულებრივ, ემთხვევა ახალი ჩირქოვანი კერის (მაგალითად, კანზე ჩირქოვანი უბნების) წარმოქმნას ან მწვავე სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დართვას. ახალშობილთა სეფსისის სეპტიკოპიემიური ფორმაა ჩირქოვანი მენინგიტი, რომელიც ვლინდება ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, მაღალი ტემპერატურით, განმეორებადი პირღებინებით, მოუსვენრობით, კრუნჩხვით. მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების, ასევე - ბავშვის უგუნებობის, ზრდა-განვითარების შეფერხების შემთხვევაში ექიმს - პედიატრს, ინფექციონისტს, სეფსისოლოგს - მიმართოს. ამ კლინიკური სიმპტომების არსებობისას სეფსისი უმალვე უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა დროს მოითხოვს, თანაც გამორიცხული არ არის, ანალიზის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდეს,  ადეკვატური სამედიცინო ჩარევის დაგვიანება კი შედეგზე აისახება.

- როგორ მკურნალობენ სეფსისს?

- სეფსისის მკურნალობა მრავალმხრივია და დაავადების კლინიკურ ფორმაზეა დამოკიდებული. იგი ხანგრძლივი პროცესია და მოიცავს როგორც ანტიბაქტერიულ, ასევე იმუნომოდულატორული საშუალებებით თერაპიას. არსებობს საერთაშორისო მეთოდური რეკომენდაციები, გზამკვლევები (გაიდლაინები) და პროტოკოლები, რომლებიც ზუსტად მიუთითებს ამა თუ იმ ფორმის სეფსისის მკურნალობის მეთოდებს. მკურნალობის ერთ-ერთი რგოლია თვით დედის მონაწილეობა ავადმყოფის მოვლაში - სიმშვიდის, ხალისიანი განწყობის შენარჩუნება, ჯვარედინი ინფიცირების, გადაცივების პროფილაქტიკა, კანისა და ლორწოვანი გარსების სათანადო ჰიგიენა. ახალშობილი დედის რძით უნდა იკვებებოდეს. თუ ის ისეა დასუსტებული, რომ ძუძუს წოვა არ შეუძლია, სასურველია, ზონდით ან ბოთლით მივცეთ გამოწველილი რძე. კვებათა რაოდენობა 1-2-ით უნდა გაიზარდოს. თუ დედას რძე არ აქვს, მიზანშეწონილია რძემჟავა ნარევებით კვება, ნაწლავთა ბუნებრივი ბიოცენოზის (მიკროფლორის) საკორექციოდ და მისი ნორმალური ბალანსის შესანარჩუნებლად ინიშნება პრობიოტიკები, ფერმენტები. აღდგენით პერიოდში საჭიროა იმუნოსტიმულატორები, რკინის პრეპარატები. ასევე მნიშვნელოვანია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია.

- შეიძლება თუ არა სეფსისგადატანილი ბავშვის აცრა?

- სეფსისგადატანილი ბავშვი იმუნური სისტემის გაძლიერების, რკინადეფიციტური ანემიის, რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით პედიატრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. სეფსისის გადატანის შემდეგ პატარების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა ხარისხის ენცეფალოპათიის ნიშნები, ამიტომ საჭიროა ნევროპათოლოგის მეთვალყურეობაც. აცრების კალენდარი ბავშვის მდგომარეობის შესაბამისად გადაიწევს. ვაქცინაციის დაწყების დროს პედიატრი და ნევროლოგი განსაზღვრავენ.

- როგორ დავიცვათ ახალშობილი თანდაყოლილი სეფსისისგან?

- ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოს, თავად დედის ორგანიზმი უნდა იყოს ჯანმრთელი. ქალმა წინასწარ უნდა იზრუნოს ამისთვის - დაორსულებამდე ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევები და გაარკვიოს, ხომ არ აქვს ორგანიზმში ინფექციის კერა. ორსულობისას ასეთი კერა შესაძლოა გააქტიურდეს და პათოგენური მიკროორგანიზმები პლაცენტის საშუალებით გადაეცეს ნაყოფს. ორსული აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს ქალთა კონსულტაციაში, სადაც მეთვალყურეობას გაუწევენ, ჩაიტაროს გეგმური გასინჯვები და გამოკვლევები, საეჭვო კლინიკური ნიშანი, განსაკუთრებით - ცხელება, უყურადღებოდ არ დატოვოს. მეანმა ადეკვატურად უნდა შეაფასოს პლაცენტისა და სანაყოფე წყლების მდგომარეობა, უწყლო პერიოდის ხანგრძლივობა. ახალშობილთა სეფსისის განვითარების რისკფაქტორებია:

  • დღენაკლულობა - ის სეფსისის ხშირი მიზეზია; რაც უფრო მცირე წონისა დაიბადება ბავშვი, მით მეტია სეფსისის გავითარების ალბათობა;
  • სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და უწყლო პერიოდის გახანგრძლივება 24 საათზე მეტხანს, ე.წ. მშრალი მშობიარობა;
  • სანაყოფე წყლების ინფიცირება (მღვრიე წყლები);
  • ცხელება ორსულობის პერიოდში და მის შემდეგ;
  • შარდსასქესო სისტემის ინფექციები დედის სამეანო ანამნეზში;
  • ახალშობილის რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • ინვაზიური პროცედურები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან პარენტერალური (ზონდით) კვება და სხვა.