დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყდა
როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება რეკომენდაციას უწევს განათლების სამინისტროს, რომ არსებული შეზღუდვები VI კლასის ჩათვლით გაგრძელდეს კიდევ 4 სასწავლო დღე. მისივე თქმით, იგივე შეზღუდვები ეხება საბავშვო ბაღებსაც.
"ვირუსული მენინგიტის შემთხვევები თბილისში კლებისკენ წავიდა. რაიონებში ამას გარკვეული ინტერვალი ექნება. ვვარაუდობთ, რომ ერთი კვირის შემდეგ იქნება რაიონებში შემთხვევების კლებაც. პოზიტიური დინამიკა გამოკვეთილია. დღევანდელი მდგომარეობით, რადგან დინამიკა პოზიტიურია თბილისში, მაგრამ ჯერ არ არის რაიონებში, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ განათლების სამინისტროს, შეზღუდვები მე-6 კლასის ჩათვლით კვლავ გაგრძელდეს, კიდევ 4 სასწავლო დღე, ანუ მიმდინარე კვირის ბოლომდე. იგივე ეხება საბავშვო ბაღებსაც", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირაში სასწავლო პროცესის შეწყვეტა საჭირო აღარ იქნება.
ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად 21 მაისს სკოლების საწყის ეტაპზე და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის 3 დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.