არაგეგმური (არაკალენდარული) აცრების შესახებ
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ექიმი ეპიდემიოლოგი ლიკა ჯაბიძე:
-
ქალბატონო ლიკა, რატომ ხდება აუცილებელი პერიოდულად არაკალენდარული აცრების ჩატარება?
- არაგეგმური აცრების ჩატარების ძირითადი მიზეზია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ცვლილება. მაგალითად, ამჟამად საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ვაქცინოპროფილაქტიკა.
-
ჩვეულებრივ, არაკალენდარული ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ამიტომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ იტარებს. სხვები, უფრო ფრთხილები, ინფორმაციის მიღებისთანავე იცრიან. რას ეტყვით თითოეულ კატეგორიას? იქნებ ისიც განმარტოთ, რა მნიშვნელობა აქვს აცრას. ვაქცინაციის შემთხვევაში რისგანაა დაზღვეული ადამიანი? იძლევა თუ არა აცრა დაავადებისგან დაცვის სრულ გარანტიას?
- იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილისა და ჯანმრთელობის მძიმე დარღვევებისგან. თუნდაც პოლიომიელიტის ლიკვიდაციისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა 5 მილიონამდე ადამიანი გადაარჩინა ინვალიდობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი იღუპება ინფექციური დაავადებებით, მათ შორის 3 მილიონამდე - იმ ინფექციებით, რომელთა პროფილაქტიკისთვის არსებობს ვაქცინა. იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი მიზანია ინფექციური დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვა. საქართველოში აცრები ტარდება ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.
რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 დაავადების: ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურას, ყბაყურას, B ჰეპატიტის, B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას და როტავირუსული ინფექციის - საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება, თუ ერთ წლამდე ბავშვს ჩატარებული აქვს 8 აცრა: BCG (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო), ჰეპ B (მონო) (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო), DPT+ჰეპ ბ+ჰიბ (დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, +ბ ტიპის ჰემოფილუსის და + ბ ჰეპატიტის საწინააღმდეგო) სამჯერადად, ოპვ (პოლიომიელიტის საწინააღმდეგო) სამჯერადად და როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა ორჯერადად;
1 წლიდან 2 წლამდე - 3 აცრა: წწყ (წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო), დყტ და ოპვ;
5 წლის ასაკში - 3 აცრა: დტ (დიფთერია-ტეტანუსის), ოპვ და წწყ;
14 წლის ასაკში - 1 აცრა: ტდ (ტეტანუსი-დიფთერია).
იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის საწინდარია და აუცილებელია, ზედმიწევნით დავიცვათ აცრების კალენდარი - ბავშვს სრულყოფილად და, რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი.
-
რას გვეტყვით პაპილომავირუსის, ციტომეგალოვირუსის, წითელას, წითურასა და გრიპის ვაქცინაციის შესახებ? ვინ იმყოფება ამ დაავადებათა რისკჯგუფში ასაკობრივი, სქესობრივი თუ პროფესიული ნიშნით, შესაბამისად, ვისთვის არის რეკომენდებული ვაქცინაცია?
- ადამიანის პაპილომავირუსი ადამიანისგან ადამიანს უმეტესად სქესობრივი გზით გადაეცემა და ქსოვილის ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს იწვევს. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უმთავრესად რისკჯგუფებს უტარდება - რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალებს და გოგონებს 11 წლიდან.
ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ ტარდება.
გრიპის ვირუსის რისკჯგუფებს ძირითადად წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით - გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები.
-
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას?
- თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების დაბალი რისკი. ასეა თუ ისე, ეს მოვლენები დაავადებასთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა უდავოა. აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აღგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა.
ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს. აცრის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
-
მთელ მსოფლიოში პერიოდულად განგაში ტყდება ქათმის გრიპის გამო. რას გვეტყვით ამ გრიპის ვაქცინაციის შესახებ?
- დღემდე საქართველოში ფრინველის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით გრიპის ეპიდზედამხედველობის პროგრამაში, რომელსაც ახორციელებს დკსჯეც - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, გათვალისწინებულია მრავალი ღონისძიება საფრთხის კონტროლისთვის. აღრიცხვას და დამატებით კვლევას ექვემდებარება ყველა საეჭვო შემთხვევა, განსაკუთრებით - საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც გაივლის გადამფრენი ფრინველების სამარშრუტო გზები.
-
წითელამ და მისმა ვაქცინაციამ ბოლო ხანს დიდი ყურადღება მიიპყრო. როგორც ყოველთვის, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ამ საკითხმა პანიკა გამოიწვია. რატომ გახდა აქტუალური მაინცდამაინც წითელას ვაქცინაცია? არსებობს თუ არა ინფორმაცია, მოსახლეობის რა ნაწილმა გაიკეთა აცრა, რა შედეგი გამოიღო ამან? ხომ არ მოჰყოლია გართულებები ვაქცინაციას?
- 2013 წლის თებერვლიდან საქართველოში გახშირდა წითელა. 2013 წლის 27 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია ამ დაავადების 458 შემთხვევა. აქედან 361 შემთხვევა მოდის თბილისზე. წითელას უკანასკნელი ეპიდაფეთქება საქართველოში აღირიცხა 2004-2005 წლებში. რეგისტრირებულ იქნა 8391 შემთხვევა, რომელთაგან ცხრა ლეტალურად დასრულდა.
ევროპის რეგიონში წითელას ელიმინაციის ფარგლებში, 2008 წელს საქართველოში ჩატარდა იმუნიზაციის მასობრივი კამპანია. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრას ექვემდებარებოდა 6-დან 27 წლამდე ასაკის მილიონამდე ადამიანი. კამპანიის მოცვის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 50,48%, ხოლო თბილისში კონტინგენტის მხოლოდ 16% აიცრა. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც განაპირობა საზოგადოების უნდობლობა აცრის მიმართ, იყო სატელევიზიო მედიის არაკორექტული გამოსვლა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში.
აცრების კალენდრის მიხედვით, 2004 წლიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) ვაქცინით. გარდა ამისა, 2004-2007 წლებში ჩატარდა მცირე კამპანიური ხასიათის აცრები წწყ ვაქცინით 13-14 წლის მოზარდებში და ამის ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ 1991-1994 წლებში გეგმური ვაქცინაციის პროცესი სრულიად მოშლილი იყო. ბოლო წლებში რუტინულად არასრულყოფილად ვაქცინირებულთა საკმაოდ დიდი კოჰორტაა - დაახლოებით 40 000 კაცი, რომელთა 32% დედაქალაქის მოსახლეობის წილად მოდის.
2009 წელს ჩატარებული სეროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით არაიმუნურია 10-დან 40 წლამდე ასაკის დაახლოებით 300 000 ადამიანი. ასევე დაბალია რუტინული ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 2012 წლისათვის. ყოველივე ამან, სავარაუდოდ, განაპირობა მიმდინარე წელს წითელას ეპიდსიტუაციის გამწვავება. წითელას მიმდინარე ეპიდაფეთქება თბილისიდან დაიწყო, თუმცა უკანასკნელი ორი კვირის მონაცემები ცხადყოფს, რომ შემთხვევებმა გადაინაცვლა რეგიონებში და უკვე აღირიცხა კიდეც რამდენიმე ლოკალური ეპიდაფეთქება რაიონებში. ამჟამად დაგეგმილია და უკვე მიმდინარეობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები წითელას გავრცელების შესაჩერებლად - არასრულად იმუნიზებული 7 წლამდე ასაკის ბავშვების, რისკჯგუფებისა და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას ორგანიზებული კონტაქტების ერთჯერადი ვაქცინაცია. ამჟამად თბილისში აცრილია 1275 კონტაქტირებული პირი და 7 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებული 2600-მდე ბავშვი. აღნიშნულ პერიოდში არ აღრიცხულა აცრის შემდგომი გართულების არც ერთი შემთხვევა.
-
დასასრულ, ვაქცინების საკითხსაც შევეხოთ. მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ, მაგალითად, ინდური, კორეული ვაქცინები არაეფექტურია, მეტიც - მავნებელია, გართულებებს იწვევს. კალენდარული აცრების შემთხვევაშიც კი მშობლები ხშირად დამატებით ფულს იხდიან და ფასიან კაბინეტებში უტარებენ აცრებს პატარებს, ასე ვთქვათ, “უფრო მაღალი ხარისხის”, ძვირად ღირებული ვაქცინებით. პედიატრები კი ხშირად აცხადებენ, რომ მთელ ქალაქში ერთი და იგივე ვაქცინაა შემოტანილი და რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. რა ხდება სინამდვილეში? რომელი ქვეყნის ვაქცინებია უკეთესი? რატომ ღირს ისინი ძვირი იმუნიზაციის ზოგიერთ კაბინეტში, მაშინ როცა კალენდარული აცრები, ჩვეულებრივ, უფასოა? საზოგადოდ, რომელი ქვეყნის ვაქცინები შემოდის ჩვენთან?
- საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერტიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, განურჩევლად მწარმოებელი ქვეყნისა და კომპანიისა, გამოირჩევა ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით.
ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის წესების დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისას სათანადო პირობების უზრუნველყოფა მისი მიწოდების ყველა ეტაპზე - მწარმოებლიდან მიმღებ ორგანიზმამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აცრა ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცით ტარდება. ყოველივე ეს, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ უსაფრთხოებას. ე.წ. უფასო ვაქცინა არ არსებობს. პროგრამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას მთლიანად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ბავშვთა რუტინულ აცრებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ამარაგებდა ისეთ ქვეყანაში დამზადებული ვაქცინებით, როგორიცაა კუბა, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, კორეა, დანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ინდოეთი, ინდონეზია, გერმანია, იტალია.