ერთად შევაჩეროთ აივ ინფექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთად შევაჩეროთ აივ ინფექცია

დღეს ჩვენი სტუმარია ინფექციური პათოლოგიის,

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ექიმი, მედიცინის დოქტორი მაია ცინცაძე, რომელიც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეც გვესაუბრება.

- მსოფლიოში აივინფიცირებულთა 90% განვითარებადი ქვეყნების მცხოვრებია, აქედან სამი მეხუთედი - აფრიკის კონტინენტისა. მართალია, სუბსაჰარულ აფრიკაში დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 10% ცხოვრობს, მაგრამ მთელი მსოფლიოს აივინფიცირებულთა 2/3 სწორედ ამ რეგიონის მკვიდრია.

ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების წილად მოდის. თუ ეპიდემიის დასაწყისში აივინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქალებისას, უკანასკნელ ხანს პროპორცია დაირღვა - მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი (48%) ქალია.

აფრიკის ქვეყნებში შიდსის გადაცემის ძირითადი გზა ჰეტეროსექსუალური (ქალსა და მამაკაცს შორის) სქესობრივი კონტაქტია.

აზიის კონტინენტი დიდხანს ითვლებოდა აივ ინფექციისგან თავისუფალ ზონად, სადღეისოდ კი ახალი შემთხვევების გამოვლინების მხრივ მას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სტატისტიკა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, უმთავრესად - ტაილანდსა და ინდოეთში. 2001 წლის მიწურულს აზიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწია, თანაც 1 მილიონი მხოლოდ 2001 წელს დაინფიცირდა.

ევროპაში შიდსი ყველაზე მეტად გავრცელებულია საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიასა და დანიაში. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში აივ ინფექციის გავრცელების მთავარი მიზეზი ინექციური ნარკომანიაა.

ეპიდემია ძალას იკრებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, სადაც აივ ინფექციის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი აღმავლობა დაფიქსირდა. ამ ქვეყნებში ინფექციის გავრცელების ძირითადი გზა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებაა, მაგრამ უფრო და უფრო იზრდება ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით ვირუსის გადაცემის შემთხვევები. საყურადღებოა აივინფიცირებულ ორსულთა და ახალშობილთა რაოდენობის მზარდი დინამიკა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა რისკის ჯგუფის პირებიდან ვირუსის მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელების ტენდენცია.

- რა მდგომარეობაა საქართველოში?

- 2008 წლის 3 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1803 შემთხვევა. აქედან 1358 მამაკაცია, 445 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-35 წლისაა. შიდსი განუვითარდა 925 პაციენტს. 383 ადამიანი გარდაიცვალა. ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იტარებს 461 პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

859,6% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;

833,2% დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

82,8% - ჰომო/ბისექსუალური კონტაქტით;

82,5% - ვერტიკალური გადაცემის გზით (ორსულისგან ნაყოფზე);

80,6% სისხლის რეციპიენტია (გადაესხა ინფიცირებული სისხლი);

81,4%-ში გადაცემის გზა დაუდგენელია.

- რომელ რეგიონში გვხვდება ყველაზე მეტი შემთხვევა?

- აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი - 637 შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ - სამეგრელოში - 286, აქედან - 210 ზუგდიდში; აჭარაში - 253; იმერეთში - 234; აფხაზეთში - 90; ქვემო ქართლში - 67; კახეთში - 67; შიდა ქართლში - 47; გურიაში - 39; ფოთში - 29; სამცხე-ჯავახეთში - 26. სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები. ინფიცირებულთა შორის აღმოჩნდა უცხოეთის 45 მოქალაქე. 20 მათგანი თავის ქვეყანაში დაბრუნდა.

შეიმჩნევა აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2002 წელს გამოვლინდა 95 ახალი შემთხვევა; 2003 წელს - 100; 2004 წელს - 163; 2005 წელს - 242; 2006 წელს - 276; 2007 წელს - 344; 2008 წელს (3.11) - 303.

საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებსა და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში), შიდსის გავრცელების უმთავრეს რისკჯგუფს ინექციური ნარკომანები წარმოადგენენ, მაგრამ სულ უფრო იმატებს ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით ვირუსის გადაცემის შემთხვევები. ეპიდემია არ შემოიფარგლება მხოლოდ ნარკომანთა წრით. საფრთხე ყველას ემუქრება.

- რა ემართება ადამიანს აივ ვირუსით ინფიცირებისას?

- ადამიანის ორგანიზმს აქვს იმუნური სისტემა, რომელიც იცავს მას ინფექციებისგან. აივ ორგანიზმში მოხვედრისას ასუსტებს ან საერთოდ ანადგურებს იმუნურ სისტემას. ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობა - ორგანიზმი კარგავს ინფექციებსა და დაავადებებთან ბრძოლის უნარს. ვირუსის შეჭრის შემდეგ ადამიანი შესაძლოა წლების განმავლობაში ჯანმრთელად გრძნობდეს თავს, ვიდრე არ ჩამოყალიბდება შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. თანამედროვე წამლები დაავადებულს ეხმარება, გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, მაგრამ არ კურნავს, ამიტომ ინფიცირებული სიცოცხლის ბოლომდე ვირუსმატარებლად რჩება და შეუძლია, სხვებიც დაასნებოვნოს.

სტრესი, თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თანდართული დაავადებები აჩქარებს შიდსის ჩამოყალიბების პროცესს. შიდსით დაავადებული მკურნალობის გარეშე 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში იღუპება.

- როგორ დაისმის აივ ინფექციის დიაგნოზი?

- აივ ინფექციის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სისხლის ანალიზით. აივ-ის შეჭრის პასუხად ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რასაც საშუალოდ 1-დან 3 თვემდე სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში გამოკვლევა უარყოფით შედეგს აჩვენებს, მაგრამ ადამიანი ინფიცირებულია და შესაძლოა, სხვისი ინფიცირების მიზეზიც გახდეს. ტესტირება უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან 3 თვის შემდეგ.


 

- ვინ შედის რისკის ჯგუფში?

- აივ-ით ინფიცირების ალბათობა აქვს ყველას, განურჩევლად რასისა, სქესისა და ეროვნებისა, მაგრამ განსაზღვრული ქცევის შემთხვევაში ინფიცირების რისკი იზრდება.

ნუ გადადებთ ტესტირებასა და კონსულტაციას, თუ ერთხელ მაინც გქონიათ კონტაქტი რისკის რომელიმე ფაქტორთან, კერძოდ, თუ:

  • ხართ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი ან ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე;
  • ხართ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის სქესობრივი პარტნიორი;
  • გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ხართ ინფიცირებული B, C ან D ჰეპატიტის ვირუსით;
  • გქონდათ შემთხვევითი დაუცველი (პრეზერვატივის გარეშე) სქესობრივი კონტაქტი;
  • გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;
  • ხშირად გიტარდებათ სამედიცინო მანიპულაციები ან ხართ სისხლის რეციპიენტი (გადაუსხამთ თქვენთვის სისხლი).

- აივ ინფექცია გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. როგორ დავეხმაროთ შიდსით დაავადებულს, იგრძნოს თავი საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრად?

- არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაცია, დევნა, სასწავლო დაწესებულებებიდან გარიცხვა, სამსახურიდან დათხოვნა, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა. ასეთი ქმედებები იწვევს მათ გაღიზინებასა და აგრესიასაც კი. შიდსით დაავადებულის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა შიში, მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა არ შეიტყონ მისი დაავადების შესახებ, ამიტომ ცდილობენ, თავი ყველას ჯანმრთელად მოაჩვენონ და ავადმყოფობის გამჟღავნების შიშით:

  • არ სთავაზობენ პარტნიორს უსაფრთხო სქესობრივ კავშირს;
  • არ ერიდებიან ნარკოტიკის მიღების დროს სხვა პირისთვის საკუთარი შპრიცის მიწოდებას;
  • არ ამხელენ ინფიცირებას მედიცინის მუშაკებთანაც კი.

ყოველივე ეს იწვევს შიდსის ვირუსის სწრაფ გავრცელებას.

- როგორ გადავურჩეთ ინფიცირებას?

- ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ აივ-ით ინფიცირება შეიძლება ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო ურთიერთობით ან ჰაერწვეთოვანი გზით. ეს ასე არ არის. აივ არ გადაეცემა გადახვევით, გადაკოცნით, ხელის ჩამორთმევით ან ინფიცირებულის გვერდით ჯდომით, საკვებით, ინფიცირებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით ან აუზით სარგებლობით, დახველებით და ცხვირის ცემინებით; მწერებისა და ცხოველების ნაკბენით.

აივ-ით ინფიცირების თავიდან აცილება შესაძლებელია უწინარესად ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით. ეს ნიშნავს:

  • უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე;
  • არ დავუშვათ შემოწმებული სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა;
  • ვისარგებლოთ ერთჯერადი ან გასტერილებული შპრიცით, ნემსით და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის შიდსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ABC მესიჯი:

A - სქესობრივი კავშირისგან თავშეკავება;

B - ორმხრივი მონოგამიური ურთიერთობა (ერთგული პარტნიორის ყოლა);

C - ყოველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის დროს თავდაცვის საშუალების გამოყენება.

-  შესაძლებელია თუ არა შიდსის ეპიდემიის თავიდან აცილება?

- დედამიწაზე ყოველ 15 წამში თითო ადამიანი იფიცირდება შიდსის ვირუსთ. ჩვენზეა დამოკიდებული, გავხდებით თუ არა ამ საშინელი სტატისტიკის ობიექტები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია/შიდსი.

იმისთვის, რომ საქართველოში შიდსის ეპიდემია არ დავუშვათ, აუცილებელია:

როგორც შიდსით დაავადებულთა, ასევე მათი ახლობლების პრობლემის გათავისება;

  • საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა;
  • შიდსით დაავადებულთა მიმართ შიშის დაძლევა;
  • თანაგრძნობა;
  • საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

გახსოვდეთ: აივინფიცირებული სოციალური და საყოფაცხოვრებო კონტაქტის ფარგლებში მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. შიდსზე მსჯავრმდებლის პოზიციიდან მსჯელობა და ინფიცირებულთა დამცირება, გარიყვა ან მათზე ძალადობა ამ დაავადების სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

შიდსის შეჩერების ერთ-ერთი გზაა სირცხვილის შეცვლა სოლიდარობით, ხოლო შიშისა - მომავლის იმედით.