შავი ჭირი საქართველოში: სად არის ბუნებრივი კერები, როგორ შეიძლება დაინფიცირება და რამდენად რეალურია საფრთხე - ეპიდემიოლოგი ეკა რუხაძე
სად „ცოცხლობს“ შავი ჭირი საქართველოში და როგორ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს - ეპიდემიოლოგის განმარტება
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, შავი ჭირის ფილტვისმიერი ფორმის სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ დაავადების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინისთვის შავი ჭირი აღარ არის ის „შავი სიკვდილი“, რომელმაც შუა საუკუნეებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაავადების გამომწვევი ბაქტერია - Yersinia pestis - ბუნებაში დღესაც ცირკულირებს.
მნიშვნელოვანია, რომ შავი ჭირის ბუნებრივი კერები საქართველოშიც არსებობს. ქვეყანაში ორი ასეთი კერაა, სადაც გამომწვევი მღრღნელებისა და მათი პარაზიტების პოპულაციებში შეიძლება შენარჩუნდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების გაქრობის მიუხედავად, მისი ბუნებრივი რეზერვუარები კვლავ არსებობს და საჭიროებს მუდმივ ეპიდემიოლოგიურ მეთვალყურეობას.
სად მდებარეობს საქართველოში შავი ჭირის ბუნებრივი კერები, რომელი მათგანია უფრო აქტიური, როგორ გადადის ინფექცია ადამიანზე, რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რამდენად რეალურია დღეს საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი - ამ და სხვა საკითხებზე ეპიდემიოლოგ ეკა რუხაძეს ვესაუბრეთ
- ქალბატონო ეკა, ბოლოს როდის დაფიქსირდა საქართველოში შავი ჭირით ადამიანის დაავადების შემთხვევა და რა ვითარებაში მოხდა ის?
- საქართველოში ადამიანის შავი ჭირით დაავადების ბოლო შემთხვევად 1921 წელი ითვლება. ეს ინფორმაცია წლების განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსაც აქვთ დადასტურებული საჯარო განცხადებებში. 1921 წელი საქართველოში ზოგადად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოირჩეოდა და იმ პერიოდში ქვეყანაში შავი ჭირის შემთხვევებიც ფიქსირდებოდა. თუმცა ისტორიული წყაროების მონაცემები იმ პერიოდისთვის არასრულია, ამიტომ ერთი კონკრეტული პაციენტის შემთხვევის ზუსტი ეპიდემიოლოგიური ჯაჭვის სრულად აღდგენა (რა ვითარებაში მოხდა ინფექციის გადაცემა და გავრცელება) დღეისთვის შეუძლებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ჭირით ადამიანის დაავადების ბოლო რეგისტრირებული შემთხვევები საქართველოში 1921 წლის ეპიდემიურ პერიოდს უკავშირდება.
შემდგომ პერიოდში საქართველოში ადამიანებში შავი ჭირის შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამომწვევი ბუნებიდან გაქრა. პირიქით - Yersinia pestis დღემდე შენარჩუნებულია ბუნებრივ კერებში, სადაც ის მღრღნელებისა და რწყილების ეკოსისტემაში ცირკულირებს.
- საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერა. სად მდებარეობს ისინი და რომელ მათგანშია უფრო აქტიური ცირკულაცია?
- საქართველოში შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერაა. პირველი - ვაკე-მთისწინა, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთის კერა. იგი მოიცავს დედოფლისწყაროსა და გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიებს და დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ზონებთან, მათ შორის იორისა და ალაზნის აუზის ლანდშაფტებთან. NCDC-ის მასალებში ამ კერის შემადგენლობაში ასევე მოხსენიებულია სიღნაღისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიები.
მეორე - მაღალმთიანი, ანუ სამხრეთ კავკასიის მაღალმთიანი კერა. იგი ძირითადად ჯავახეთის ზეგანსა და სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ტერიტორიებს მოიცავს - მათ შორის ნინოწმინდის, ახალქალაქის, დმანისისა და სხვა მიმდებარე რაიონების ნაწილებს.
რაც შეეხება კითხვას, რომელია დღეს უფრო აქტიური: საჯაროდ ხელმისაწვდომი NCDC-ის მიმდინარე მონაცემები არ გვაძლევს საფუძველს, რომ 2026 წლისთვის ზუსტად დავასახელოთ ერთი კერა, როგორც მუდმივად „უფრო აქტიური“. თუმცა საქართველოს უახლესი, მკაფიოდ დოკუმენტირებული ეპიზოოტიური გააქტიურება სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთის, დედოფლისწყაროს კერაში დაფიქსირდა: 2019 წელს, როდესაც ველურ მღრღნელებსა და რწყილებში Y. pestis გამოვლინდა და სულ 27 შტამი იქნა იზოლირებული. დროულმა აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ადამიანებში შესაძლო გავრცელების თავიდან აცილება. ამრიგად, უახლესი ფართოდ დადასტურებული ეპიზოოტიური გააქტიურება საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთის, დედოფლისწყაროს კერაში აღირიცხა, მაგრამ ორივე ბუნებრივი კერა მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებს.

- რომელი ცხოველები და მღრღნელები წარმოადგენენ შავი ჭირის ბუნებრივ რეზერვუარს საქართველოში და რა როლს ასრულებენ რწყილები?
- საქართველოს ზემოხსენებულ ორ კერას განსხვავებული ეკოლოგიური თავისებურებები აქვს, კერძოდ:
სამხრეთ-აღმოსავლეთის, ვაკე-მთისწინა კერაში მთავარ რეზერვუარად აღწერილია თაგვისებრი ოჯახის წარმომადგენელი მღრრნელი - ლიბიური/წითური გერბილი (Meriones libycus), სწორედ ამ მღრღნელებში და მათ რწყილებში იქნა Y. pestis პირველად დადასტურებული საქართველოში თანამედროვე ეპიზოოტოლოგიური კვლევების პერიოდში. ამ კერაში მნიშვნელოვან ვექტორებად (დაავადების გადამცემებად) აღწერილია რწყილის სახეობები: Xenopsylla conformis და Ceratophyllus laeviceps.
მაღალმთიან კერაში მთავარი რეზერვუარია ჩვეულებრივი მემინდვრია — Microtus arvalis. ამ კერაში აღწერილია რამდენიმე სახეობის რწყილი, მათ შორის Ceratophyllus caspius, Ctenophthalmus teres, ხოლო სხვა კვლევებში ასევე Callopsylla caspia და Nosopsyllus consimilis.
მოკლედ, უნდა ვიცოდეთ, რომ რეზერვუარი და ვექტორი ერთი და იგივე არ არის. მღრღნელი არის ის ცხოველი, რომლის პოპულაციაში ბაქტერია ბუნებრივად შეიძლება შენარჩუნდეს, ხოლო რწყილი არის გადამტანი, რომელიც ინფიცირებული ცხოველიდან ბაქტერიას სხვა ცხოველს ან ადამიანს გადასცემს.
როდესაც ბუნებრივ კერაში მღრღნელებს შორის ეპიზოოტია - ინფექციური დაავადების ფართოდ გავრცელება ცხოველთა პოპულაციაში - ვითარდება და ბევრი ცხოველი კვდება, მათი რწყილები ახალი მასპინძლების ძებნას იწყებენ. სწორედ ამ დროს იზრდება ადამიანების ინფიცირების რისკი.
- როგორ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს საქართველოში?
- ადამიანის ინფიცირების ძირითად გზას წარმოადგენს ინფიცირებული რწყილის ნაკბენი, რომელიც Yersinia pestis-ის გადაცემის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს. აღნიშნული გზა განსაკუთრებით დაკავშირებულია ბუბონური ჭირის განვითარებასთან და ითვლება დაავადების გავრცელების კლასიკურ მექანიზმად როგორც საქართველოში, ისე ენდემურ კერებში მსოფლიოს სხვა რეგიონებში.
შედარებით იშვიათ შემთხვევებში ინფექციის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ინფიცირებული შინაური ცხოველი, მათ შორის კატა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას უვითარდება პნევმონიური (ფილტვისმიერი) ფორმა. ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაინფიცირება შესაძლებელია ინფიცირებული ცხოველის სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი ინფექციური აეროზოლის ან რესპირატორული წვეთების ინჰალაციის შედეგად.
შავი ჭირის ფილტვისმიერი ფორმის დროს ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ასევე ადამიანიდან ადამიანზე, ინფიცირებული პირის სასუნთქი გზებიდან ხველისა და ცემინებისას გამოყოფილი ინფექციური წვეთების ინჰალაციის გზით. შესაბამისად, პნევმონიური ფორმა ხასიათდება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალით, რაც მას განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებს.
საქართველოში ადამიანის შავი ჭირით ინფიცირება ძირითადად შესაძლებელია ბუნებრივ კერაში ყოფნისა და ინფიცირებულ მღრღნელებთან ან მათ პარაზიტებთან კონტაქტის შედეგად. ინფიცირების უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს Yersinia pestis-ით ინფიცირებული რწყილის ნაკბენი, რომლის საშუალებითაც გამომწვევი მღრღნელიდან ადამიანს გადაეცემა.
ინფიცირება ასევე შესაძლებელია დაავადებულ ან მკვდარ მღრღნელთან უშუალო კონტაქტისას, განსაკუთრებით ცხოველის ქსოვილებთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შემთხვევაში. შესაბამისად, რისკს წარმოადგენს ინფიცირებული ცხოველის ხელით აღება, გატყავება ან დამუშავება შესაბამისი დამცავი საშუალებების გარეშე.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ კერაში მღრღნელების ეპიზოოტიის პერიოდში ყოფნას, როდესაც ცხოველთა პოპულაციაში დაავადების აქტიური ცირკულაცია აღინიშნება და ადამიანისთვის ინფიცირებულ ვექტორებთან ან ცხოველებთან კონტაქტის ალბათობა იზრდება.

- შეუძლია თუ არა ბუნებრივ კერაში მცხოვრებ ადამიანს წლების განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდეს შეხება დაავადებასთან?
- დიახ, შესაძლებელია. ბუნებრივი კერის არსებობა არ ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები ყველა ადამიანი ინფიცირების მუდმივი საფრთხის ქვეშ არის. ადამიანისთვის რისკი დამოკიდებულია კონკრეტულ ეკოლოგიურ და ქცევით პირობებზე.
თუ Y. pestis მღრღნელების პოპულაციაში დაბალი ინტენსივობით ცირკულირებს და არ ვითარდება ფართო ეპიზოოტია (ინფექციის გავრცელება ცხოველთა პოპულაციაში), ადამიანთან კონტაქტის ალბათობა დაბალია. ბუნებრივ კერებში დაავადება შეიძლება არსებობდეს ცხოველთა პოპულაციებში დიდი ხნის განმავლობაში, ისე რომ ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი კერა გაქრა.
ადამიანისთვის რისკი იზრდება, როდესაც რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა:
მღრღნელების პოპულაცია იზრდება ან მათი ეკოლოგიური მდგომარეობა იცვლება, Y. pestis იწყებს აქტიურ ცირკულაციას, მატულობს ინფიცირებული რწყილების რაოდენობა, ადგილი აქვს მღრღნელების მასობრივი სიკვდილიანობას და ასეთ დროს ადამიანი ხშირად იმყოფება ასეთ ტერიტორიაზე ან ეხება ავადმყოფ/მკვდარ ცხოველს.
ამრიგად, ბუნებრივ კერაში ცხოვრება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადამიანი ოდესმე აუცილებლად დაავადდება.
- რა სიმპტომების შესახებ უნდა იცოდეს მოსახლეობამ?
- შავი ჭირის საწყისი ნიშნები შეიძლება გრიპის ან სხვა მწვავე ინფექციის მსგავსი იყოს: მოულოდნელი სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, გულისრევა და ღებინება. ინკუბაციური პერიოდი ხშირად დაახლოებით 1–7 დღეა.
ბუბონური ფორმის შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა: ცხელება, შემცივნება, თავისა და სხეულის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ერთი ან რამდენიმე მტკივნეული, სწრაფად გადიდებული ლიმფური კვანძი, ე.წ. ბუბონი. ბუბონი ხშირად შეიძლება იყოს საზარდულის, იღლიის ან კისრის მიდამოში.
სეპტიცემიური ფორმა წარმოადგენს შავი ჭირის გენერალიზებულ ფორმას, რომლის დროსაც ინფექციური პროცესი სისტემურ ხასიათს იღებს და გამომწვევი სისხლის მიმოქცევის გზით ვრცელდება ორგანიზმში. ამ შეიძლება გამოვლინდეს: ცხელება, სისუსტე, მუცის ტკივილი, შოკი, სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანზე, სისხლდენა, პოლიორგანული უკმარისობა.
ფილტვის, ანუ პნევმონიური ფორმა -ეს ეპიდემიოლოგიურად ყველაზე საშიში ფორმაა, რადგან მას შეუძლია გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე.
საყურადღებო ნიშნებია: ცხელება, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, ხველა, პვევმონია, რომელიც სამაოდ სწრაფად ვითარდება, სისხლიანი ნახველი.
პნევმონიური ფორმის ინკუბაციური პერიოდი შეიძლება ძალიან მოკლე იყოს — ხშირად 1–3 დღე, ზოგჯერ კი სიმპტომები 24 საათშიც იწყება.
- რამდენად სწრაფად ვითარდება დაავადება და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მიმართვა?
- ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. შავი ჭირით ინფიცირებული ადამიანი შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, განსაკუთრებით პნევმონიური და სეპტიცემიური ფორმების შემთხვევაში. თუ დაავადების დაწყებისთანავე არ იქნება შესაბამისი მკურნალობა დაწყებული, პნევმონიური ფორმა შეიძლება დაავადების დაწყებიდან 18–24 საათშიც კი ფატალური შედეგით დასრულდეს. ამავე დროს, დროულად დაწყებული შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია მკვეთრად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, თუ ადამიანს აღენიშნება შემდეგი სიმპტომატიკა: ცხელება+ ძლიერი სისუსტე + მტკივნეული გადიდებული ლიმფური კვანძი, განსაკუთრებით ბუნებრივ კერაში ყოფნის ან მღრღნელებთან/რწყილებთან კონტაქტის შემდეგ, სასწრაფოდ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
იგივე ეხება მწვავე პნევმონიურ სურათს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ავადმყოფ ცხოველთან ან შავი ჭირის ბუნებრივ კერასთან.
- როგორ ხდება შავი ჭირის დიაგნოსტიკა საქართველოში და რა ხდება ეჭვის შემთხვევაში?
- საქართველოში Y. pestis-ის დიაგნოსტიკისთვის არსებობს სპეციალიზებული ლაბორატორიული შესაძლებლობები. NCDC-ის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ლაბორატორია ახორციელებს განსაკუთრებით საშიში ინფექციების, მათ შორის შავი ჭირის, დიაგნოსტიკას ბაქტერიოლოგიური და მოლეკულური მეთოდებით; ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურაში Y. pestis-ისთვის გათვალისწინებულია PCR/qPCR და კულტივირების შესაძლებლობები.
თუ ექიმს შავი ჭირის ეჭვი უჩნდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სიმპტომებს, არამედ ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს — სად იმყოფებოდა ადამიანი, ჰქონდა თუ არა კონტაქტი მღრღნელებთან, რწყილებთან, ავადმყოფ ან მკვდარ ცხოველთან და ა.შ.
შესაძლო ლაბორატორიული ნიმუშებია: სისხლი, გადიდებული ლიმფური კვანძიდან აღებული მასალა, პნევმონიური ფორმისას - ნახველი, ენდოტრაქეალური ასპირატი, ან სხვა სეკრეტი.
მნიშვნელოვანია: მკურნალობა დაწყებულ იქნას ლაბორატორიულ დადასტურებამდე, თუ კლინიკური და ეპიდემიოლოგიური სურათი შავი ჭირის რეალურ ეჭვს ქმნის.
პნევმონიურ ფორმაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ინფექციის კონტროლის განსაკუთრებული ზომები და პაციენტის იზოლაცია, რადგან არსებობს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობა.
- როგორ მკურნალობენ შავ ჭირს დღეს? არის თუ არა დაავადება განკურნებადი?
- დიახ, დღეს შავი ჭირი განკურნებადი დაავადებაა, თუ შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია დროულად დაიწყო.
მკურნალობაში გამოიყენება ანტიმიკრობული პრეპარატები; კონკრეტული პრეპარატის არჩევანი დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, სიმძიმეზე, ასაკზე, თანმხლებ მდგომარეობებსა და სხვა კლინიკურ ფაქტორებზე. კონკრეტული ანტიმიკრობული პრეპარატის შერჩევა, მისი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრა ჩემი, როგორც ეპიდემიოლოგის კომპეტენციას არ მიეკუთვნება და წარმოადგენს მკურნალი ექიმის, შესაბამისი კლინიკური მდგომარეობისა და მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საკითხს. ეპიდემიოლოგის ძირითადი როლი ამ შემთხვევაში მოიცავს ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებას, შესაძლო ინფიცირების წყაროებისა და გადაცემის გზების იდენტიფიცირებას, ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის განხორციელებას და ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას.
ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მოსახლეობისთვის არის ეს:
შავი ჭირი აღარ არის ის დაავადება, რომლის სახელიც ავტომატურად სიკვდილს ნიშნავს. მაგრამ ის კვლავ რჩება გადაუდებელ ინფექციად, რომლის მკურნალობის დაგვიანება შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს, განსაკუთრებით პნევმონიური და სეპტიცემიური ფორმები მკურნალობის გარეშე ძალიან მაღალი ლეტალობის მქონეა, მაშინ როდესაც ადრეული დიაგნოსტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

- როგორ დავიცვათ თავი - განსაკუთრებით ბუნებრივ კერებთან მცხოვრებმა ან ბუნებაში ხშირად მყოფმა ადამიანებმა?
- პრევენცია რამდენიმე მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან წესს ეფუძნება.
⁕ რწყილებისგან დაცვა:
- ბუნებაში ყოფნისას გამოიყენეთ შესაბამისი მწერების საწინააღმდეგო რეპელენტები;
- ჩაიცვით გრძელი შარვალი და დახურული ფეხსაცმელი;
- საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პერმეტრინით დამუშავებული ტანსაცმელი/აღჭურვილობა, პროდუქტის ინსტრუქციის შესაბამისად;
- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადგილებში, სადაც მღრღნელების დიდი რაოდენობაა ან მათი სიკვდილიანობა შეინიშნება.
⁕ მღრღნელებთან ურთიერთობა:
- არ შეეხოთ მკვდარ ან ავადმყოფ მღრღნელებს;
- არ შეეცადოთ მათი ხელით გადატანას;
- საცხოვრებელთან არ დატოვოთ საკვები, ნარჩენი ან სხვა რამ, რაც მღრღნელებს იზიდავს;
- შენობებში შესასვლელი ღიობები მაქსიმალურად დახურეთ.
⁕ გარეულ ცხოველებთან კონტაქტი
⁕ არ უნდა ავიღოთ ხელში უცნობი ავადმყოფი ან მკვდარი გარეული ცხოველი. თუ ცხოველი უჩვეულოდ იქცევა ან მკვდარია, განსაკუთრებით ბუნებრივ კერაში, ამის შესახებ უნდა აცნობოთ შესაბამის სამსახურს
⁕ შინაური ცხოველები
⁕ ბუნებრივ კერებთან მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ შინაური ცხოველების რეგულარული ანტიპარაზიტული დამუშავება ვეტერინარის რეკომენდაციით. ცხოველის ავადმყოფობის შემთხვევაში საჭიროა დროულად მიმართოთ ვეტერინარს.
- არსებობს თუ არა დღეს საქართველოში შავი ჭირის გავრცელების რეალური რისკი და რას აკვირდება ეპიდემიოლოგიური სამსახური?
- რისკი არსებობს, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ საქართველოში მოსახლეობას ამჟამად ფართომასშტაბიანი ეპიდემიის საფრთხე ემუქრება.
რისკის ნულამდე დაყვანა შეუძლებელია, რადგან საქართველოში არსებობს ორი ბუნებრივი კერა და გამომწვევის ცირკულაცია ცხოველთა პოპულაციებში ისტორიულად და თანამედროვე კვლევებითაც არის დადასტურებული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2019 წლის შემთხვევა დედოფლისწყაროში, როდესაც ველურ მღრღნელებსა და მათ ვექტორებში Y. pestis გამოვლინდა და 27 შტამი იქნა იზოლირებული. ეპიზოოტიის ადრეულმა გამოვლენამ შესაძლო ადამიანური შემთხვევების თავიდან აცილება გახადა შესაძლებელი.
ამიტომ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მთავარი იარაღი არის არა ადამიანებში შემთხვევების ლოდინი, არამედ დაავადების წინასწარი აღმოჩენა ცხოველთა პოპულაციაში.
საქართველოში ზედამხედველობა მოიცავს ბუნებრივ კერებზე პერიოდულ მონიტორინგს, ბუნებრივი რეზერვუარებისა და ვექტორების შესწავლას და მათში გამომწვევის ცირკულაციის დროულ გამოვლენას. NCDC პირდაპირ მიუთითებს ბუნებრივ კერებზე ყოველწლიურ მეთვალყურეობასა და ბუნებრივ მტარებლებსა და გადამტანებში განსაკუთრებით საშიში პათოგენების დროულ იდენტიფიკაციაზე.
ეპიდემიოლოგებისა და ეპიზოოტოლოგებისთვის საყურადღებო ნიშნებია:
- მღრღნელების პოპულაციის მკვეთრი ზრდა ან ცვლილება;
- მღრღნელების უჩვეულო ან მასობრივი სიკვდილიანობა;
- მღრღნელების პოპულაციაში pestis-ის გამოვლენა;
- ინფიცირებული რწყილების აღმოჩენა;
- ვექტორების რაოდენობისა და გავრცელების ცვლილება;
- მღრღნელებში ინფექციის ან ანტისხეულების გავრცელების ცვლილება;
- ადამიანში საეჭვო შემთხვევის გაჩენა ბუნებრივი კერის ტერიტორიაზე;
- მეზობელ ქვეყნებში ეპიზოოტიური ან ადამიანური შემთხვევების გაჩენა.
და ბოლოს, რუსეთის ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის ფილტვისმიერი ფორმის სავარაუდო შემთხვევის გამოვლენა, არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, თავისთავად არ განაპირობებს საქართველოში დაავადების გავრცელების მაღალ რისკს, თუმცა, რეგიონული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობისა და მზადყოფნის ღონისძიებების შენარჩუნება. საქართველოსა და რეგიონში არსებული ბუნებრივი კერების გათვალისწინებით, დაავადების შემოტანისა და ცირკულაციის რისკი სრულად გამორიცხული ვერ იქნება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ბუნებრივი კერების მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინებით, შესაძლებელია რისკების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, რაც საქართველოში შავი ჭირის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.