სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების როლი ქალის უნაყოფობის განვითარებაში
- ბევრი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი) წლების განმავლობაში ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს.
სწორედ ამიტომ, ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ ინფექცია აქვთ, თუმცა ამ პერიოდში შესაძლებელია პარტნიორის ინფიცირება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული ორგანოების დაზიანება ისე, რომ ხელი შეეშალოს ქალს რეპროდუქციული ფუნქციის განხორციელებაში.
ყველაზე ხშირად უნაყოფობასთან ასოცირებული ინფექციებია ქლამიდია (Chlamydia trachomatis) და გონორეა (Neisseria gonorrhoeae). ორივე მათგანი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით.
- როგორ შეიძლება ინფექციამ უნაყოფობა გამოიწვიოს?
- თუ ინფექცია დროულად არ იქნა აღმოჩენილი და ნამკურნალები, შესაძლებელია იგი გავრცელდეს საშვილოსნოსა და მილების მიმართულებით და განვითარდეს მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (PID).
ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს:
✔️ ქრონიკული ენდომეტრიტი – საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ემბრიონის იმპლანტაციის შანსი, გამოიწვიოს განმეორებითი იმპლანტაციის წარუმატებლობა ან ადრეული ორსულობის დაკარგვა.
✔️ საშვილოსნოს მილების დაზიანება და ბლოკირება – ანთების შედეგად მილებში ვითარდება შეხორცებები, ვიწროვდება ან სრულად იხურება მათი სანათური. შედეგად სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი ერთმანეთს ვეღარ ხვდებიან, რაც ტუბარულ უნაყოფობას იწვევს.
✔️ ჰიდროსალპინქსი – დაზიანებულ მილში სითხის დაგროვება, რომელიც არა მხოლოდ ბუნებრივ ჩასახვას აფერხებს, არამედ ამცირებს ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) წარმატების მაჩვენებელსაც.
ასევე იზრდება გარე ორსულობის განვითარების რისკი, რადგან დაზიანებული მილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ნორმალურ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფს.
ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და საპრევენციოდ აუცილებელია ჩატარდეს პერიოდული სკრინინგი შესაბამის რისკ-ჯგუფებში.
- ვინ უნდა ჩაიტაროს სგგი-ის სკრინინგი?
- სკრინინგი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ინფიცირების რისკი უფრო მაღალი აქვთ, მათ შორის:
• 25 წლისა და უფროსი ასაკის ქალები, თუ აქვთ ახალი ან ერთზე მეტი პარტნიორი.
• ორსულები – ქლამიდიასა და სიფილისზე ორსულობის დასაწყისში; საჭიროების შემთხვევაში განმეორებითაც. აივ ინფექციაზე ტესტირება რეკომენდებულია ყველა ორსულისთვის.. ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას (ორსულობის ადრეული დანაკარგების საპრევენციოდ).
• მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან (MSM) – რეგულარული სკრინინგი.
• აივ ინფიცირებული პირები.
• ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰყავს ახალი სქესობრივი პარტნიორი, ერთზე მეტი პარტნიორი ან არ იყენებს ბარიერულ კონტრაცეფციას.
• ყველა, ვისაც აღენიშნება სგგი-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან ჰყავდა პარტნიორი, რომელსაც დაუდასტურდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
- დღეს ყველაზე ზუსტ მეთოდად ითვლება NAAT (PCR) ტესტირება, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს საშვილოსნოს ყელიდან, საშოდან, ურეთრიდან აღებული მასალით ან შარდის ნიმუშით (ინფექციისა და კლინიკური სიტუაციის მიხედვით).
- ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი რა არის ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები განაჩენი არ არის. მათი უმრავლესობა დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ეფექტურად იკურნება. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ინფექცია წლების განმავლობაში შეუმჩნევლად აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას.
თუ სქესობრივად აქტიური ხართ და რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით, პროფილაქტიკური სკრინინგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მკურნალობა. ხშირად სწორედ ერთი დროულად ჩატარებული ტესტი იცავს მომავალში უნაყოფობის, გარე ორსულობისა და სხვა სერიოზული გართულებებისგან.
გახსოვდეთ: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიდი ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების არარსებობა არ ნიშნავს, რომ ინფექცია არ არსებობს. ამიტომ პასუხისმგებლიანი სქესობრივი ქცევა, ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება და დროული სკრინინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.