„ფრჩხილის სოკო მხოლოდ ვიზუალური დეფექტი არ არის, ის ორგანიზმში ჩამჯდარი ბომბია“ - რატომ იწვევს უყურადღებობა განგრენას, განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში
„ფრჩხილის სუნთქვა მითია, ხოლო დაზიანებული ადგილის გელით შენიღბვა - განგრენის რისკი“ - პოდოლოგის რეკომენდაციები ზაფხულის სეზონზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ღია ფეხსაცმელი და იდეალური პედიკიური ქალების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. თუმცა, ხშირად ესთეტიკური სილამაზის მიღმა სერიოზული სამედიცინო პრობლემები იმალება. მითი იმის შესახებ, რომ ფრჩხილი შილაკის ქვეშ „სუნთქავს“ ან დაზიანებული ფრჩხილის გელით შენიღბვა უსაფრთხოა, ბევრს ძვირად უჯდება. რა ხდება რეალურად ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ, რატომ იქცევა პოპულარული ონიქოლიზისი სოკოვანი ინფექციის ბუდედ და რატომ არის სახიფათო თვითმკურნალობა სოციალურ ქსელებში გავრცელებული „ოქროს რეცეპტებით“?
ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ჩვენს კითხვებს პოდოლოგი ქეთი აბრამიშვილი პასუხობს, რომელიც გვიხსნის, თუ რატომ არ არსებობს სოკოს საწინააღმდეგო „ჯადოსნური მალამო“ და როგორ ავიცილოთ თავიდან უმძიმესი გართულებები
- ქალბატონო ქეთი, წლებია გელ-ლაქი (შილაკი) ქალების განუყოფელი რუტინა გახდა. პოდოლოგები ხშირად ამბობენ, ეს პროცედურა ფრჩხილს „სუნთქვის“ საშუალებას არ აძლევს. რა ხდება რეალურად ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ?
- ის რომ ფრჩხილი „სუნთქავს“ არის მითი. ფრჩხილის ფირფიტა არ სუნთქავს. ის შედგება კერატინის მკვდარი უჯრედებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ ფილტვები, ფორები ან ჟანგბადის შთანთქმის უნარი გარედან. ფრჩხილის ფირფიტისთვის საჭირო ყველა „კვება“, სისხლის მიმოქცევის და ზედაპირული კაპილარების ხარჯზე ხდება. ჟანგბადი მიეწოდება შიგნიდან - ფრჩხილის მატრიქსიდან (საიდანაც ფრჩხილი იზრდება). ის აზრი რომ გელ ლაქი აზიანებს ფრჩხილებს მცდარია. ფრჩხილი ზიანდება არასწორი დამუშავების, არასრული პოლიმერიზაციის და მოხსნის დროს. გელ ლაქის ტარება ხელებზე რეკომენდებულია მაქსიმუმ 2-3 კვირა, ხოლო ფეხებზე - არა უმეტეს 3-4 კვირისა.

- ზაფხულში ბევრი ქალი ფრჩხილის ვიზუალურ დეფექტს შილაკით მალავს, რათა ღია ფეხსაცმელში ესთეტიკურად გამოიყურებოდეს. რატომ არის ეს სახიფათო?
- დაუშვებელია დაზიანებულ ფრჩხილზე საფარის ტარება, რადგან გაორმაგებულია ინფექციის რისკი. ისედაც დაზიანებულ ფრჩხილზე თუნდაც უმნიშვნელო სიმძიმის დადება აასმაგებს განგრენის რისკს. კიდევ უფრო სახიფათოა მოდელირების გელით ფორმირება, რადგან ის ქმნის ბაქტერიებისა და ინფექციისთვის იდეალურ სითბურ გარემოს, ერთადერთი გზაა სამედიცინო მასალით პროთეზირება, რომლის დროსაც შეიძლება გელ ლაქის გაკეთება, ამ დროსაც ყველა რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია.
- რა არის ონიქოლიზისი, რომელიც ასე ხშირად გვხვდება შილაკის მოყვარულებში და როგორ იქცევა ის სოკოვანი ინფექციისთვის „ღია წყაროდ“?
- ონიქოლიზისი არის მდგომარეობა, როდესაც ფრჩხილის ფირფიტა ნაწილობრივ ან მთლიანად სცილდება ფრჩხილის საწოლს (რბილ ქსოვილს). ამ დროს ფრჩხილი კარგავს ვარდისფერ შეფერილობას, თეთრდება ან ყვითლდება და მათ შორის ჩნდება თავისუფალი სივრცე. ჰიგიენური პროცედურების დროს (მაგალითად, ხელის ან ფეხის დაბანისას) მისი შიგნიდან კარგად გასუფთავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვინაიდან ეს სივრცე დახურულია და ჰაერის ცირკულაცია იქ არ ხდება, ტენი დიდხანს ნარჩუნდება. თბილი, ბნელი და ნოტიო გარემო კი ზუსტად ის პირობებია, რაც სოკოს სპორების გამრავლებისთვისაა საჭირო.
ფრჩხილი და ფრჩხილის საწოლი შედგება ცილა კერატინისგან. სიცარიელეში მოხვედრილი სოკოვანი ინფექცია იწყებს ამ კერატინის დაშლას და მისით კვებას. დროთა განმავლობაში, თუ გარემო ხელსაყრელი დარჩა, სოკო ღრმად იდგამს ფესვებს და აზიანებს ფრჩხილის ჯანსაღ ქსოვილსაც.
ონიქოლიზისი თავისთავად ყოველთვის არ არის სოკო - ის შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, დამწვრობამ (მაგალითად, ულტრაიისფერი ნათურით), ვიწრო ფეხსაცმელმა ან ქიმიურმა ნივთიერებებმა. თუმცა, თუ დაზიანებულ ფრჩხილს დროულად არ მიექცევა ყურადღება და სიცარიელე არ დამუშავდა, ის თითქმის ყოველთვის სოკოვანი ან ბაქტერიული მაგ. ფსევდომონას/„მწვანე ჩირქის ინფექციის ბუდედ იქცევა.
- ყველამ იცის სტანდარტული წესი: „აუზზე იარე ჩუსტებით“. თუმცა, სოკოთი მაინც უამრავი ადამიანი ავადდება. რამდენად უსაფრთხოა სველი ქვიშა ან შეზლონგები?
- აუზიდან ან ზღვიდან დაბრუნების შემდეგ აუცილებელია ანტისეპტიკური საპნით (მაგ: ბეტქდინის საპონი) დავიბანოთ ფეხი მაქსიმალურად გავიმშრალოთ, რათა შემცირდეს სოკოვანი ინფექციის რისკი. ასევე ღია ფეხსაცმელი გამოვიყენოთ რათა ისუნთქოს ფეხმა, რადგან უმნიშვნელო ნესტიც კი ხელსაყრელ გარემოს უქმნის სოკოვან ბაქტერიას. ფრჩხილის ფერის ცვლილება, გარქოვანება. უსიამოვნო სუნი, ქავილი, ეს ყველაფერი სოკოს პირველი ნიშნებია და არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.

- ინტერნეტში ათასობით „ოქროს რეცეპტს“ შეხვდებით: ფეხების აბაზანები ძმრით, სოდით, იოდის წასმა. რატომ არის ეს მეთოდები არაეფექტური სამედიცინო თვალსაზრისით?
- ანამნეზის შეკრების გარეშე ყველა რჩევა და მათი გამოყენება პრაქტიკაში საზიანოა. მაგალითად ხშირად ურჩევენ ჯგუფებში მედიკამენტს. ამ დროს, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი პირდაპირ აზიანებს ღვიძლს და ასე ექიმის გარეშე არ შეიძლება მივიღოთ. დიახ, ასევე ძმარი, სოდა და წყალბადის ზეჟანგი ყველაზე პოპულარულია სოციალურ ქსელებში. მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ. სოდას და წყალბადის ზეჟანს აქვთ გაფუების ფუნქცია, ამ დროს მარტივად რბილდება ფრჩხილი და იწყებს ამოქაფებას სოკოვანი ბაქტერიების რომელიც სხვა უბნებზე გადადის. ჩემს ყველა პაციენტს სოდის გამოყენების შემდეგ კანზე და სხვა ფრჩხილებზე გადაუვიდათ ინფექცია. მოკლედ რომ ვთქვა, არ შეიძლება სოდა და ქაფური და ანამნეზის შეკრების გარეშე დანიშნულების მიცემა, რაც შეეხება ძმარს ის მჟავის შემცველია და ილუზიაა მისი გამოყენება. არც არაფერს გააფუჭებს თუმცა არც გააკეთებს.
- რატომ არის ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ასეთი ხანგრძლივი და რატომ არ არსებობს „ჯადოსნური მალამო“, რომელიც პრობლემას 3 დღეში აქრობს?
- სოკო საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, ადამიანს კი გარემოებები არ აძლევს იმის საშვალებას რომ ყველა წესი დაიცვას. ის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არაა ის ჩვენს ორგანიზმშია და მოგეხსენებათ რამდენად რთულია ორგანიზმის გაწმენდა ნებისმიერი მავნე ბაქტერიებისგან.
- ბევრი პაციენტი ექიმთან მიდის მაშინ, როცა ინფექცია უკვე შორს არის წასული.
- ნებისმიერი დაავადება დასაწყისში მარტივად სამართავია, თუმცა სანამ არ შეგვაწუხებს ტკივილი ან დისკომფორტი ვცდილობთ, სხვა საშუალებებით დავძლიოთ და დავფაროთ. ამ დროს ჩვენ სოკოვან ინფექციას ვუქმნით კომფორტულ პირობებს რომ მოკალათდეს და იმუშაოს. სოკოს იმდენად ძლიერი იმუნიტეტი აქვს რომ ფორების გახსნისა და სოკოვანი ბუდეების გასუფთავების გარეშე ნებისმიერ ანტიმიკოზურ საშუალებას შეხების გარეშე ანადგურებს. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას სამედიცინო გამოკვლევების გარეშე საზიანოა ორგანიზმისთვის. ყველა ადამიანს ერთი სახეობის სოკო, ერთნაირი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ერთნაირი იმუნიტეტი არ აქვს, ამიტომ ერთი და იგივე მედიკამენტი ვერ იმოქმედებს ყველაზე დადებითად ან უარყოფითად. მიკოზური მედიკამენტები სოკოს საწინააღმდეგოდ თუ მუშაობენ სხვა ორგანოებს დიდ დარტყმას აყენებს.

- რას აკეთებს პოდოლოგი ისეთს, რასაც პაციენტი სახლში, უბრალო მაკრატლითა და ქლიბით ვერასდროს გააკეთებს?
- პოდოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია სპეციალური ელექტრო ქლიბებით, სამედიცინო საშუალებებით (თუნდაც ბრეკეტსისტემის მასალა). სპეციალური ფრეზების საშუალებით ფრჩხილი იქლიბება და შემდეგ ხდება სრულყოფილი გასუფთავება. ყველას შეუძლია იყიდოს ეს აპარატურა, თუმცა იაფი არ ღირს და მოითხოვს განსაკუთრებული სპეციფიკით მუშაობას რასაც ბევრი სწავლა და პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება.
- ფრჩხილის სოკო გადადის თუ არა სარეცხი მანქანაში გარეცხილი ოჯახის სხვა და სხვა წევრების ტანსაცლის ერთად გარეცხვით?
- ხშირად მეკითხებიან რა მოუხერხონ ფეხსაცმელს ან წინდებს ყველას ხომ ვერ გადაყრიან? - აფთიაქებში იყიდება ანტიბაქტერიული სპრეის უამრავი სახეობა ფეხსაცმლისთვის. რაც შეეხება წინდებს, ვფიქრობ, რომ სარეცხი საშუალებები ბაქტერიების გასანადგურებლადაა გამოგონილი. ასევე ხშირი კითხვაა ხომ არ გადავა ოჯახის წევრებზე სარეცხის ერთად გარეცხვის შემთხვევაში? - ვფიქრობ რომ არა. ინფექცია შეიძლება გადამდები იყოს ფეხსაცმლიდან რადგან მას ყოველი გამოყენების შემდეგ არ ვრეცხავთ თუნდაც 40°ზე, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღემდე არ მაქვს და კარგი იქნება ამ საკითხს ლაბორატორიები თუ გამოიკვლევენ.

- შეიძლება თუ არა სოკოვანი ფრჩხილის უბრალოდ „მოძრობა“ და პრობლემის ამით მოგვარება?
- არ ვემხრობით ფრჩხილის პრობლემების მოგვარებას ქირურგიული გზით.
1. თითქმის ყოველთვის მატრიქსი ზიანდება და ბევრად უარესი ფრჩხილი იზრდება ვიდრე იყო.
2. ერთხელ თუ ჩატარდა ადგილობრივი რეზექცია, განსაკუთრებით მთლიანი ფრჩხილის რეზექცია (მოძრობა) ის მაქსიმუმ ორ წელში ისევ საოპერაციოა. დაზიანებული მატრიქსის აღდგენა კი შეუძლებელია. აქედან მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ რომ ქირურგია კი არ გვიგვარებს პრობლემას, არამედ გვირთულებს. 100% განსხვავებული მიდგომაა ქირურგებსა და პოდოლოგებში ერთი და იგივე ფრჩხილთან მიმართებაში.
ჩემი რვა წლიანი პრაქტიკის პერიოდში არ მქონია შემთხვევა რომ ოპერაციის შემდგომ ფრჩხილი არ დეფორმირებულიყო და გაუარესებულიყო, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ქირურგს არ უნდა მივმართოთ, არის შემთხვევები როცა მდგომარეობა უკიდურესად რთულია და ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. საბედნიეროდ შემიძლია ვთქვა რომ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 პაციენტის გადამისამართება მომიწია ქირურგთან.
- ტერფის დეოდორანტები და პუდრები - რეალურად იცავს ფეხებს?
- ტერფის დეოდორანტები და პუდრები ძალიან კარგი საპროფილაქტიკო საშუალებებია სწორედ გამოყენების შემთხვევაში.ი ს იცავს ფეხს რომ არ შეიქმნას სოკოსთვის ხელსაყრელი გარემო, სოკოვანი ინფექცია კი ძალიან ,,კომფორტის" მოყვარულია და იქ ჩნდება სადაც მისთვის კომფორტული გარემოა.
ბოლოს აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ სოკო არ არის ვიზუალური დისკომფორტი, ის არის ბომბი რომელმაც შეიძლება ადამიანს სერიოზული ზიანი მოუტანოს. გართულების შემთხვევაში იწყება განგრენა განსაკუთრებით კი დიაბეტიან პაციენტებში, განგრენა კი სამწუხაროდ არ არის მართვადი და მისი დროებით შეჩერება ხდება მხოლოდ მოკვეთის შემთხვევაში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მასზე მნიშვნელოვანი არაფერია.