ნაწლავის მიკრობიოტა და იმუნიტეტი
მიკროორგანიზმთა აღნიშნული ერთობლიობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით და ეს სხვა ნატიფმექანიზმებთან ერთად მიიღწევა იმუნური უჯრედების „გაწვრთნით“ - მათთვის ორგანიზმის იმუნური ჰომეოსტაზის (გარემოს მუდმივობის) „სწავლებით“.
ნაწლავის მიკრობიოტა მრავალფეროვანია, რასაც ქმნის მასში არსებულ ბაქტერიათა ნაირფეროვნება. სწორედ ეს გარემოება და ნაწლავის ბაქტერიათა ნორმალური ბალანსი ზემოქმედებს ორგანიზმის იმუნურ პასუხზე. არაბალანსირებული მიკრობიოტა (დისბიოზი) ხშირად ანთების, ნაწლავთა ანთებითი, აუტოიმუნური და სხვა დაავადებების აღმოცენების რისკს ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით ნაწლავის მიკრობიოტაზე ზემოქმედებით შესაძლებელი უნდა იყოს ანთებითი რეაქციების თავიდან აცილება.
ნაწლავის ბაქტერიათა უმთავრესი ფუნქციებია მრავალი ნივთიერების მეტაბოლიზი და სინთეზი, პათოგენური ანუ დაავადების გამომწვევი ორგანიზმების ინვაზიისაგან დაცვა და იმუნური სისტემის რეგულაცია.
რომ არა ნაწლავის მიკრობიომი, ორგანიზმს არ ეყოფოდა მთელი რიგი სასარგებლო საკვები ნივთიერებები, მათ შორის, ვიტამინები და ამინომჟავები. ნაწლავის მიკრობიომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა გადაუმუშავებელ ბოჭკოთა ფერმენტაცია. ეს ბოჭკოები აუცილებელია ნაწლავის ბაქტერიების მიერ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების - აცეტატის, პროპიონატის, ბუტირატის სინთეზისათვის. ბუტირატი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა მსხვილი ნაწლავის შიგნითა გარსის უჯრედების - კოლონოციტებისათვის. სადღეისოდ მიჩნეულია, რომ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიკრობიომთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის სათავეა და იწვევს ადგილობრივი ანთების აღმოცენებას.
საზოგადოდ, საჭმლის მომნელებელ სისტემას იმუნური დაცვის პირველად სისტემას უწოდებენ, ვინაიდან ის უმთავრესი რგოლია გარემოსა და ორგანიზმს შორის. ნაწლავის მიკრობიოტა და იმუნური სისტემა სიმბიოზურ (ურთიერთსასარგებლო) ურთიერთობაშია - ერთმანეთს ხელს უწყობენ და არეგულირებენ. ამ ურთიერთგავლენას ის ფაქტიც გამოხატავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემის უჯრედთა 70-80% სწორედ ნაწლავშია.
ნაწლავის მიკრობიოტა ახალშობილობის პერიოდში ყალიბდება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნარჩუნდება. ორგანიზმის ზრდა-ჩამოყალიბებასთან ერთად მიკრობიოტა ზემოქმედებს იმუნური სისტემის ფორმირებაზე, თავის მხრივ კი, იმუნური სისტემა ზემოქმედებს მიკრობიოტაზე. ამის შედეგად ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმს იცავს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
ნაწლავში არსებული სასარგებლო ბაქტერიები (ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიები) მონაწილეობენ იმუნური სისტემის რეგულაციაში - თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას, კონკურენციას უწევენ მათ ბიოლოგიური ნივთიერებებისათვის, ხელს უწყობენ იმუნური უჯრედების განვითარებას, ებრძვიან ანთებას, იცავენ ნაწლავურ ბარიერს, ეხმარებიან იმუნური პასუხის რეგულირებას.
იმუნური უჯრედების „განათლების“ გარდა, ნაწლავურ ბაქტერიებსა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს შეუძლიათ იმუნური სისტემის „დამშვიდება“ ან პირიქით - ანთებითი რეაქციების გამოწვევა. თანამედროვე კვლევების თანახმად, მიკრობიომს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ციტოკინის - ინტერლეიკინ-10-ის გამომუშავებაზე. მეორე მხრივ, ზოგიერთი ბაქტერია პირიქით, წარმოქმნის ანთების ხელშემწყობ ნივთიერებებს, რითაც ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ხელს უწყობს იმუნური პასუხის დაწყებას.
გრამუარყოფითი ბაქტერიები თავის გარსში შეიცავენ ლიპოპოლისაქარიდებს, ენდოტოქსინს, ისინი ხელს უწყობს ანთებით რეაქციებს. როცა გრამუარყოფითი ბაქტერია იღუპება, ენდოტოქსინი გარემოში გამოიყოფა. თუ ენდოტოქსინი ნაწლავის ბარიერს გაივლის და სისხლში მოხვდება, შესაძლოა ქრონიკული სისტემური (მთელი ორგანიზმის მომცველი) ანთების აღმოცენება.
ნაწლავის მიკრობიოტის ცვლილება თითქმის ყველა იმუნური დაავადებისას გვხვდება, თუმცა, შემთხვევათა უდიდეს ნაწილში გაურკევეველია, ეს ცვლილება დაავადების მიზეზი ან შედეგია, თუ უბრალოდ სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფს შორის განსხვავებას ასახავს. ნაწლავის მიკრობიოტა ორგანიზმის იმუნიტეტის მოდულაციას ახდენს და მონაწილეობს მრავალი დაავადების აღმოცენებასა და პროგრესირებაშიც. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ათეროსკლეროზი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ალერგია, დეპრესია, აუტიზმი და ასე შემდეგ.
არის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ნაწლავის მიკრობიოტა შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთ ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა აღმოცენებას, როგორებიცაა ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადება. მართლაც, აღიარებულია, რომ არსებობს ორმხრივი კავშირი ტვინსა და ნაწლავს შორის და ნაწლავის მიკრობიოტა ამ ორგანოების ურთიერთგავლენაზე შეიძლება მოქმედებდეს. სწორედ ამიტომ უწოდებენ ნაწლავს „მეორე ტვინს“.
მიკრობიოტა პირველადი იმუნოდეფიციტებისას
პირველადი იმუნოდეფიციტები არის განსხვავებულ გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფი, რომელთა დროსაც შეიძლება აღმოცენდეს როგორც იმუნური სისტემის კომპონენტების დეფიციტი და/ან მათი ფუნქციის დარღვევა (დაქვეითება), ასევე იმუნური უჯრედების უკონტროლო გააქტიურება და პროლიფერაცია (გამრავლება), შედეგად კი აუტოიმუნური, ანთებითი და ალერგიული დაავადებების განვითარება.
პირველადი იმუნოდეფიციტის გამომწვევი გენეტიკური დეფექტები იწვევენ ნაწლავის ბარიერის მდგრადობის რღვევას, მისი გავნლადობის მატებას, დაავადების აღმოცენებას. ასეთ პაციენტებს გამოფიტული აქვთ ნაწლავის მიკროფლორა, აღენიშნებათ მკვეთრი განსხვავება ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ერთ-ერთი საერთო ნიშანი პირველადი იმუნოდეფიციტისას არის ნაწლავური ფლორის მრავალფეროვნების კარგვა.
მიკრობიოტა აუტოიმუნური დაავადებებისას
დღეს არსებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ არსებობს კავშირი აუტოიმუნურ დაავადებებსა და ნაწლავის მიკრობიომს შორის. მიუხედავად ამისა, აუცილებელია დამატებითი კვლევები, რათა დაზუსტდეს მიკრობიომის დარღვევა აუტოიმუნური დაავადების მიზეზია, შედეგი თუ ორივე ერთდროულად.
აუტოიმუნური დაავადების - სისტემური წითელი მგლურას დროს მიკრობიომის მრავალფეროვნება მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული, ამავე დროს მომატებულია Ruminococcus gnavus რაოდენობა. აღნიშნული ცვლილებები კავშირშია დაავადების სიმძიმესთანაც. აშკარაა კავშირი კრონის დაავადების გამწვავებასა და ნაწლავში ბაქტერიის - ღუმინოცოცცუს გნავუს რაოდენობასთან. რუმინოკოკი ადამიანის ნაწლავის მიკრობიომის ტიპური წარმომადგენელია, მაგრამ ის წარმოქმნის მავნე პოლისაქარიდებს, რომლებიც დიდი რაოდენობისას დამაზიანებელია ორგანიზმისთვის.
კიდევ ერთი აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ყურადღებას იპყრობს მიკრობიომის ცვლილება, არის რევმატოიდული ართრიტი. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის მიკროფლორისაგან განსხვავებით, რევმატოიდული ართრიტით, პაციენტთა შორის ნაწლავის ბაქტერიათა გარკვეული ნაწილის შემცველობა დაქვეითებულია, ნაწილისა კი მომატებულია, რაც ანთებით რეაქციებს იწვევს.
მიკრობიოტა და ონკოლოგიური დაავადებები
მიჩნეულია, რომ ურთიერთქმედება ნაწლავის მიკრობიოტასა და იმუნურ სისტემას შორის ზეგავლენას ახდენს იმუნური სისტემის მხრივ ონკოლოგიური დაავადებების ეფექტურ ზედამხედველობაზე.
მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს სიმსივნური უჯრედების განადგურებას იმუნური სისტემის უჯრედების - ნატიური ქილერების მიერ, აფერხებს სიმსივნის მიკროგარემოში Fusobacterium nucleatum არსებობა. მისი დიდი რაოდენობისას, იმუნური სისტემის იმ უჯრედების რაოდენობა, რომლებიც დაავადების უკეთეს გამოსავალს მოასწავებენ, დაქვეითებულია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ასევე მოწმობენ, რომ მიკრობიომი ზემოქმედებს სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიაზეც.
აღნიშნული შედეგების საფუძველზე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ნაწლავის მიკრობიომის როლის შესწავლა, სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნურ ზედამხედველობასა და იმუნოთერაპიაში, პერსპექტიული მიმართულებაა ონკოლოგიურ პაციენტთა წარმატებული მკურნალობის თვალსაზრისით.
ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსი
ნაწლავის მიკრობიოტა ხასიათდება მრავალფეროვნებით (მიკროორგანიზმების ნაირსახეობები) და სიუხვით (მათი საერთო რაოდენობა). ერთ-ერთი მათგანის დარღვევა პათოლოგიის საფუძველია. მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია ბალანსი, ანუ წონასწორობა სასარგებლო და პათოგენურ, ანუ დაავადების გამომწვევ მიკრობთა შორის.
მიკრობიომი ცვალებადი, დინამიკური სისტემაა. ის რეაგირებს ჩვენი ცხოვრების წესსა და კვების ხასიათზე. აღნიშნულის გამო, ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენი ცხოვრების წესითა და კვებით ვიმოქმედოთ იმუნურ ჯანმრთელობაზე. ამ თვალსაზრისით კვების ხასიათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. კვება არა მარტო ენერგიის, არამედ იმ საკვები ნივთიერებების წყაროა, რომელთაც აქვთ მიკრობიოტაზე უშუალო ზეგავლენის უნარი. ამდენად, უმნიშვნელოვანესია პრობიოტიკები და პრებიოტიკები, რომელთაც საკვებთან ერთად ვიღებთ. მნიშვნელობისა და აქტუალობის მიხედვით, ამ საკითხის შესახებ დეტალურად უნდა ვისაუბროთ.
რა არის პრობიოტიკები
პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია (მიკრობებია), რომლებიც ადამიანის სხეულში დადებით ეფექტს ავლენენ. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ადამიანის ორგანიზმი მრავალი მიკროორგანიზმის ბინადრობის ადგილია. ბუნებრივია, ყველა მათგანი სასარგებლო და უვნებელი არ არის. სწორედ მავნე ბაქტერიების კონტროლში გვეხმარებიან სასარგებლო მიკრობები. ასეთი სასარგებლო მიკროორგანიზმების მაგალითია პრობიოტიკები.
როგორ მოქმედებენ პრობიოტიკები
პრობიოტიკების შემცველი საკვები და საკვები დანამატები (მედიკამენტები) ჩვენს ორგანიზმს აწვდიან ცოცხალ, სასარგებლო მიკროორგანიზმებს. ამით თავიდან აგვაცილებენ დისბიოზს - სასარგებლო მიკრობების დისბალანსს ან დეფიციტს, ან გვეხმარებიან მის მკურნალობაში. პრობიოტიკებით მიღებული სასარგებლო მიკრობები „სახლდებიან“ ადამიანის ორგანიზმში და აძლიერებენ იქ არსებულ ანალოგიურ მიკრობებს.
როდის არის რეკომენდებული პრობიოტიკების მიღება
ექიმმა შეიძლება მიიღოს პრობიოტიკების დანიშვნის გადაწყვეტილება, როცა პაციენტს აქვს დისბიოზის ნიშნები ან სავარაუდოა მიკრობიომის დარღვევა დაავადების ან ჩატარებული მკურნალობის გამო. აღნიშნულის მაგალითია პრობიოტიკების გამოყენება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ.
არიან ადამიანები, რომლებიც პრობიოტიკებს ყოველდღიურად იღებენ „ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“. ითვლება, რომ ნაწლავის ჯანმრთელი მიკრობიოტა შესაძლოა გახდეს იმუნიტეტის გაუმჯობესების, ანთების შემცირებისა და ნაწლავის მოქმედების რეგულირების საფუძველი.
რომელი პრობიოტიკია ეფექტური
სასარგებლო პრობიოტიკი:
- კონკრეტულად თქვენთვისაც სასარგებლო უნდა იყოს;
- უნდა ჰქონდეს გამოყენებისათვის უსაფრთხო ფორმა;
- უნდა შეიცავდეს დამუშავებულ ცოცხალ მიკრობებს;
- არ უნდა განადგურდეს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
უხშირესად გამოიყენება:
- ლაქტობაცილების შემცველი პრობიოტიკები - შეიცავენნ L. acidophilus, L. rhamnosus, L. Casei, L. plantarum;
- ბიფიდობაქტერიების შემცველი პრობიოტიკები - შეიცავენ Bifidobacterium longum და Bifidobacterium breve.
აღნიშნული პროდუქტები აშშ-ში იყიდება რეცეპტის გარეშე, ხშირად პროდუქტების მარკეტებში, წარმოდგენილია საკვები დანამატების სახით. მართალია ნაკლები კონცენტრაციით, მაგრამ პრობიოტიკების მიღება შესალებელია ასევე ფერმენტირებადი საკვებით და სასმელით. აღნიშნული სახის პროდუქტებია:
- იოგურტი, კეფირი, მაწონი;
- ხაჭო;
- მისოს სუპი (იაპონური წვნიანი);
- კომბუჩა (აზიური სასმელი);
- კიმჩი (კორეული კერძი), მჟავე კომბოსტო;
- მჟავე კიტრი.
პრობიოტიკები - სარგებელი და რისკი
მართალია, პრობიოტიკების უსაფრთხობის შემსწავლელი სპეციფიკური კვლევები მწირია, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ პრობიოტიკები უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანებისათვის. ამის საფუძველს გვაძლევს მათი ფართო და რეგულარული გამოყენების ხანგრძლივი ისტორია. არასასურველი ეფექტების მცირე რისკი არსებობს იმ ადამიანებისათვის, ვისაც იმუნური სისტემა აქვს დასუსტებული. მათ შორის არიან დღენაკლული ჩვილები, მძიმე ავადმყოფები, პაციენტები, რომლებიც იმუნოდეპრესანტებით მკურნალობენ. რისკი დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ პრობიოტიკი სასარგებლოსთან ერთად შეიძლება მავნე მიკრობსაც შეიცავდეს მინარევის სახით. ჯანმრთელი იმუნური სისტემა მას ადვილად გაუმკლავდება, მაგრამ პაციენტისათვის დასუსტებული იმუნური სისტემით შეიძლება სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრობიოტიკების წარმოება არ რეგულირდება საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს (FDA) მიერ, შესაბამისად, მწარმოებელი არ არის შემადგენლობასა და ხარისხზე პასუხისმგებელი მის წინაშე.
პრობიოტიკების დადებითი ეფექტი, რისი საფუძველიც უნდა იყოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა, ჯერ კიდევ აქტიური კვლევის ფაზაშია. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ძლიერი დასკვნების გამოსატანად, თუმცა, მონაცემები საკმარისია საიმისოდ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რეკომენდაცია გაუწიონ.
პრებიოტიკები
პრებიოტიკები საკვების წყაროა ნაწლავის მიკროორგანიზმებისათვის. პრებიოტიკებმა უნდა გაიარონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და მიაღწიონ მსხვილ ნაწლავამდე. იქ არსებული მიკროორგანიზმები ფერმენტულად შლიან პრებიოტიკებს და ამ პროცესში წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი სასარგებლო პროდუქტები. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა მნიშვნელობის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
პრებიოტიკების სასარგებლო ეფექტების შესახებ კვლევები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პრებიოტიკები:
- არეგულირებენ ნაწლავების მოქმედებას;
- წარმოქმნიან ნეიროტრანსმიტერებს - ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავისა და ტვინის „კავშირს“ განაპირობებენ;
- სტიმულს აძლევენ ორგანიზმს, რათა წარმოიქმნას მადის მარეგულირებელი ჰორმონები;
- ხელს უწყობენ ძვლების მინერალიზაციას;
- აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მდგომარეობას;
- აძლიერებენ ანთების საწინააღმდეგო პასუხს;
- ხელს უწყობენ სასარგებლო და აქვეითებენ მავნე ბაქტერიების წარმოქმნას;
- საკვებში არსებული პრებიოტიკებია რეზისტენტული სახამებელი, ინულინი, პექტინი;
- რეზისტენტული სახამებელი არ გადამუშავდება წვრილ ნაწლავში, აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც მიკროორგანიზმებით დაშლისას გამოიყოფა ბუტირატი. ასეთ სახამებელს შეიცავს მოხარშული კარტოფილი, მწვანე ბანანი, შვრია, ქერი, ბრინჯი, ლობიო და სხვა პარკოსნები;
- ინულინს მრავალი მცენარე შეიცავს. ის ხელს უწყობს დანაყრებას, ნაწლავების მოქმედებას, აქვეითებს „ცუდ“ ქოლესტეროლს, არეგულირებს გლუკოზის დონეს, აქვეითებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. გარდა ინულინისა, მისი შემცველი საკვები მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით. ეს პროდუქტებია სატაცური, ნიორი, ხახვი, ვადკაჭაჭას ფესვი, არტიშოკი, პრასი, სოიო;
- პექტინს მრავალი ხილი შეიცავს, განსაკუთრებით კი ვაშლის რბილობი. ეს არის ჟელეს მსგავსი ნივთიერება, რომელიც ჯემებისა და ჟელეების დასამზადებლად გამოიყენება. მას აქვს ანტიოქსიდანტური, სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს ნაწლავის ამომფენი უჯრედების მდგომარეობას. გარდა ვაშლისა, პექტინით მდიდარია გარგარი, სტაფილო, მწვანე ლობიო, ატამი, პამიდორი, კარტოფილი, ჟოლო.
რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავის მიკრობიომზე ანტიბიოტიკების ზემოქმედების შესახებ
არავინ კამათობს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებით უთვალავი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი, თუმცა, ამავე დროს აშკარაა ნაწლავის ეკოსისტემის შეუქცევადი ცვლილებები, ნაწლავის ბაქტერიათა რაოდენობის შეუქცევადი დაქვეითება. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით აქტუალურია ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების სიხშირის მზარდი მაჩვენებლის ფონზე - 2000 წლიდან გლობალური გამოყენება გაზრდილია 66%-ით. ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნების კარგვა იწვევს ახალი ეკოსისტემის ფორმირებას, სადაც სასარგებლო ბაქტერიები ვეღარ აკონტროლებენ კლოსტრიდიის - Clostridioides difficile და სხვა, ჩვეულებრივ ნაწლავში „მოსახლე“ პათოგენური ბაქტერიების - C. perfringens, Staphylococcus aureus და Klebsiella oxytoca - ზრდას. ეს ხდება, როცა მათი გამრავლების მაკონტროლებელი ნორმალური ფლორა ნადგურდება.
ჯანმრთელი მოზრდილების მონაწილეობით უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ უკვე შეცვლილი იყო და ცვლილება 6 თვემდე გახანგრძლივდა. კვლევაში მონაწილე ჯანმრთელი ადამიანების ნაწლავის მიკრობიომი ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე, ინტენსიური თერაპიის პალატის პაციენტთა მიკრობიომის ანალოგიური იყო.
როგორ შევამციროთ ანტიბიოტიკების არასასურველი ეფექტი
საინტერესოა, როგორია პასუხი ამ კითხვაზე ახალი სამეცნიერო კვლევების მონაცემთა თანახმად. მეცნიერები აღიარებენ, რომ ანტიბიოტიკების ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა ფაღარათი, მუცლის შებერვა აირების გამო, მოვლითი ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უკავშირდება ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნებისა და სიუხვის დარღვევას. ამ მონაცემებზე დაყრდნობით რეკომენდებულია პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების გამოყენება.
არსებული მონაცემებით ბავშვების, მოზრდილებისა და მოხუცების შემთხვევაში პრობიოტიკები საშუალო ეფექტს გვაძლევს ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის თავიდან აცილების თვალსაზრისით. ამავე დროს ანტიბიოტიკებით გამოწვეული ნაწლავის მიკრიბიოტის ცვლილებების წინააღმდეგ ყველა პრობიოტიკი როდია ეფექტური.
- არსებობს მოსაზრება, რომ პრობიოტიკების მიღება უნდა დაიწყოს ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან ერთად და გაგრძელდეს მისი დასრულების შემდეგაც.
- ანტიბიოტიკებით მკურნალობისას საკვებში მცენარეული ბოჭკოს დაბალი შემცველობა აძლიერებს ნაწლავის მიკრობიომის დაზიანებას, აფერხებს გამოჯანმრთელებას. პრებიოტიკური ეფექტის საკვების მიღება მნიშვნელოვანია მკურნალობის დასრულების შემდგომაც.
- ანტიბაქტერიული თერაპიის შემდეგ ნაწლავის მიკრიბიოტის აღდგენის პოტენციური საშუალებაა ფეკალური (განავლის) მიკრობიოტის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია). უფრო სწრაფი აღდგენა მიიღწევა პაციენტის საკუთარი მიკრობიოტის ტრანსპლანტაციისას.
- რასაკვირველია, ანტიბიოტიკებით მკურნალობის დასრულების შემდეგ, ნაწლავის მიკრობიოტის აღდგენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ზოგადი გამაჯანსაღებელი ღონისძიებები - მოსვენება, სტრესის შემცირება, წყლის საკმარისი მიღება, მსუბუქი ვარჯიში.