ვაქცინები: მითი vs რეალობა
ისინი ეხმარება ორგანიზმის ბუნებრივ იმუნიტეტს სხვადასხვა ვირუსითა თუ ბაქტერიით გამოწვეული ინფექიასთან გამკლავებაში. ვაქცინაციის პროგრამები აუმჯობესებს საზოგადოების ჯანმრთელობას, ამცირებს დაავადების გადაცემის რისკსა და ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დონეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ეფექტურობა და სარგებელი მრავალჯერ დადასტურებულა, საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მითები მათ შესახებ, რაც უარყოფითად აისახება ვაქცინებისადმი სანდოობაზე. ასეთი ცრუ ინფორმაცია ძირითადად ეხება ბავშვების ვაქცინაციას. ასევე საკამოდ კონტროვერსიული იყო და საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც არ ენდობა COVID-19-ის ვაქცინას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, შევძლოთ ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა. დღეს ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რაც ინფორმაციის მარტივი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარეობს, ამიტომ გთავაზობთ ვაქცინაციის შესახებ რამდენიმე ფართოდ გავრცელებულ მითსა და რეალურ ფაქტებს.
მითი 1. ვაქცინები ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს
ვაქცინა შეიცავს მხოლოდ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა მისი უსაფრთხოდ მისაღებად. ასეთ დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ნივთიერება, მათ შორის წყალიც, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს თუ მისი რაოდენობა კონკრეტულ დოზას გადასცდება. ვაქცინების დასამზადებლად მწარმოებლები იყენებენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც არაა საზიანო ჯანმრთელობისთვის და ხშირად გვხვდება საყოფაცხოვრებო ნივთებში. ზოგი ვაქცინა შეიცავს ფორმალდეჰიდს, ალუმინსა და ვერცხლისწყალს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერებები სახიფათოდ ჟღერს, ისინი მნიშვნელოვანი კომპონენტებია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტური მოქმედებისთვის. ამასთან, ვაქცინებში ამ ნივთიერებების შემცველობა მკაცრად რეგულირდება - მათი დოზა არ სცდება მოხმარების დასაშვებ ზღვარს, პირიქით, მასზე ბევრად დაბალია.
მითი 2. ვაქცინები იწვევს აუტიზმსა და ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს (sudden infant death syndrome – SIDS)
აუტიზმი არის ტვინის განვითარებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, რომელსაც გავლენა აქვს ადამიანის მიერ სხვების აღქმასა და მათთან სოციალიზაციაზე. აუტიზმი ყველა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. რაც შეეხება ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს, ეს არის შემთხვევა, როდესაც 1 წლამდე ბავშვი უეცრად გარდაიცვლება. ეს ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვის, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური და ძილის ფაქტორები. მეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინები არ იწვევს აუტიზმსა და SIDS-ს. ვაქცინები უსაფრთხოა. სანამ ვაქცინები საზოგადოებას მიეწოდება, ის გადის მრავალ კვლევასა და შემოწმებას მისი უსაფრთხოების, სანდოობისა და მოქმედების დასადგენად. ვაქცინები გვეხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში და სახიფათო ინფქციური დაავადებების მსუბუქად გადატანაში.
მითი 3. ვაქცინის მიღებას დაავადების გადატანა და იმუნიტეტის ბუნებრივად გამომუშავება სჯობს.
ისეთი ინფექციები, რომელთა აცრით პრევენციაა შესაძლებელი, საკმაოდ საზიანოა ჯანმრთელობისათვის და შესაძლოა მრავალი გართულება გამოიწვიოს. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპის ვირუსის გამო ყოველწლიურად 3-5 მილიონი ადამიანის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ინფექციური დაავადების გადატანისას, ადამიანის ჯანმრთელობა სერიოზულ დაზიანდეს. მაგალითად, პოლიომიელიტმა შეიძლება გამოწვიოს პარალიზება, წითელამ - ენცეფალიტი (ტვინის ანთება) და სიბრმავე. ვაქცინები სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ინფექციური დაავადებების უფრო მარტივად გადატანაში შეგვიწყოს ხელი. მათი საშუალებით იმუნური სისტემა წარმოქმნის ისეთივე იმუნურ პასუხს, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანისას, თუმცა ვაქცინების დიდი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ისინი არ იწვევენ დაავადებას და ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ გართულებებს.
მითი 4. HPV ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა.
ზოგადად, ყველა ვაქცინისათვის დამახასიათებელია მსუბუქი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება აცრის დღიდან და გრძელდება 3-4 დღე. ეს გვერდითი მოვლენები მოიცავს ტკივილს ან დაჭიმულობის შეგრძნებას ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, დაღლილობას, იშვიათად ღებინების შეგრძნებას. სხვა ვაქცინების მსგავსად, HPV აცრის დროსაც პაციენტმა შეიძლება გამოავლინოს ეს სიმპტომები. არ არსებობს ისეთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ HPV ვაქცინა უშვილობას იწვევს. პირიქით, ყოველი კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარებულა, იმაზე მიუთითებს, რომ HPV ვაქცინა საგრძნობლად ამცირებს ადამიანის პაპილომა ვირუსის მიერ გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს და მისი მიღება სავსებით უსაფრთხოა.
მითი 5. COVID-19 ვაქცინას შეუძლია დნმ-ის ცვლილება
COVID-19 პანდემიის დასაწყისში საზოგადოების დიდ ნაწილს ეშინოდა აცრის იმიტომ, რომ ფართოდ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვაქცინას „დნმ-ის შეცვლა შეეძლო “. რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ შეიცავს mRNA-ს (ინფორმაციული რნმ-ს). ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს და მნიშვნელოვანი როლი აქვს სხვადასხვა ცილის წარმოქმნაში. mRNA ვაქცინებშიც ამ დანიშნულებით გამოიყენება, თუმცა ადამიანის ცილების მაგივრად, ის ვირუსის ცილების წარმოქმნაში მონაწილეობს, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, კონკრეტული მიკრობის მიმართ გამოიმუშავოს იმუნიტეტი. საკუთარი ფუნქციის შესრულების შემდეგ, mRNA მალე იშლება, ის არ ჯდება ადამიანის დნმ-ში, შესაბამისად არც ინდივიდის გენეტიკური კოდი იცვლება. mRNA ვაქცინების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.
საბოლოო ჯამში, ვაქცინები გვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში, ინფექციური დაავდებების გადატანასა და მათ პრევენციაში. ვაქცინებზე საუბრისას მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მოპოვება და ეჭვების შემთხვევაში, პროფესიონალებთან კონსულტაცია.
მარიამ ღვინეფაძე