საქართველოში მენინგიტის გამომწვევი ინფექციების რისკი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იზრდება - რა უნდა ვიცოდეთ
საქართველოში მენინგიტის გამომწვევი ინფექციების რისკი ხშირად იზრდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. აქედან გამომდინარე, ნოემბრიდან იწყება ის დრო, როდესაც მშობლები განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყვნენ, რადგან სწორედ ამ პერიოდში იმატებს მენინგიტის გამომწვევი ძირითადი აგენტების – ბაქტერიებისა და ვირუსების – ცირკულაცია. ბაქტერიული მენინგიტი, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმაა, საქართველოში ძირითადად ბავშვებში ვლინდება. ამიტომ, ყველა მშობლისთვის აუცილებელია ამ დაავადების სიმპტომების, ტიპებისა და გადაუდებელი ნაბიჯების ცოდნა.
მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების (მენინგების) ანთებითი პროცესია. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციური აგენტი, რომელთა შორის ყველაზე ხშირია ბაქტერიები და ვირუსები. სოკოვანი ინფექციაც იწვევს მენინგიტის, თუმცა ბავშვებში ძალიან იშვიათია.
ყველაზე სახიფათოა ბაქტერიული მენინგიტი, რომელიც სწრაფად ვითარდება და დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
ვირუსული მენინგიტი, ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში უკუვითარდება, თუმცა ახალშობილებსა და იმუნიტეტ დაქვეითებულ ბავშვებში შეიძლება მძიმე ფორმა მიიღოს.
სოკოვანი მენინგიტი კი უიშვიათესია და უმეტესად ვლინდება მხოლოდ იმ ბავშვებში, რომელთაც მნიშვნელოვნად აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა.
მენინგიტის სიმპტომები ასაკის მიხედვით
მენინგიტის სიმპტომატიკა ასაკის მიხედვით გარკვეულწილად განსხვავდება, რადგან ბავშვის ნერვული სისტემა და იმუნური რეაქციები დროთა განმავლობაში იცვლება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო არატიპურად ან ბუნდოვნად შეიძლება გამოვლინდეს დაავადება, ამიტომ მშობლების დიდი სიფხიზლე ჰმართებთ.
ჩვილები (0–1 წელი)
მენინგიტის ამოცნობა ჩვილებში განსაკუთრებით რთულია, რადგან ამ ასაკში ბავშვი ვერ გვეუბნება, რა სტკივა ან რას გრძნობს. ტკივილისას ის ხშირად ტირის ან ხდება მოუსვენარი, თუმცა ეს ნიშნები ზოგადია და მშობელს შეიძლება სხვა მიზეზითაც ეგონოს გამოწვეული.
დაავადება ზოგჯერ იწყება მაღალი სიცხით, ხოლო ზოგჯერ — დაბალი (36°C–ზე ქვემოთ) ან არასტაბილური ტემპერატურით, რაც მიუთითებს, რომ ორგანიზმი ინფექციაზე სათანადოდ ვერ რეაგირებს. ბავშვი შეიძლება გახდეს უჩვეულოდ გაღიზიანებული ან პირიქით — უენერგიო და უმოქმედო. ხშირად უარს ამბობს კვებაზე, უჭირს დაძინება ან ხშირად იღვიძებს, ხდება ზედმეტად მოუსვენარი და ტირის.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ ჩვილს თავის რბილი ნაწილი (ყიფლიბანდი) შესამჩნევად შეებერა — ეს შეიძლება ქალას შიდა წნევის მატების ნიშანი იყოს და მოითხოვს დაუყოვნებელ სამედიცინო შეფასებას.
სკოლამდელ ასაკში (1–5 წელი)
ამ ასაკში მენინგიტი ჩვეულებრივ იწყება მაღალი სიცხით (38°C–ზე მეტი) და ძლიეტი თავის ტკივილით. შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება ან კვების პრობლემები — მაგალითად, ბავშვი უარს ამბობს საკვებზე ან თითქმის არ ჭამს. მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი გაღიზიანებულია ან დაღლილი, ძილში ბორგავს ან ხშირად იღვიძებს.
ზოგჯერ დაავადება იწვევს კანზე გამონაყარს. ზოგჯერ კრუნჩხვებიც კი ვითარდება.
სკოლის ასაკში (6 წელი და მეტი)
ამ ასაკში მენინგიტი ხშირად მიმდინარეობს ძლიერ თავის ტკივილთ და კისრის დაჭიმულობით, რაც მოძრაობისას ტკივილს ან კისრის მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.
ბავშვი შეიძლება იყოს მგრძნობიარე სინათლის მიმართ (ფოტოფობია, სინათლისადმი თვალის მომატებული მგრძნობელობა, რაც იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს: ტკივილი, ცრემლდენა და სხვ.).
ასევე ხშირად შეინიშნება მაღალი სიცხე (38°C–ზე მეტი), თუმცა მძიმე მენინგიტის დროს ტემპერატურა შესაძლოა დაბალი (36°C–ზე ქვემოთ) ან არასტაბილურიც იყოს.
ბავშვს ცნობიერება დაბინდული აქვს — მაგალითად, შეიძლება არის დაბნეული, ან გონებრივი შესაძლებლობები უქვეითდება. ზოგჯერ კანზე ჩნდება იასამნისფერი ან წითელი ლაქები, რაც შესაძლოა მენინგოკოკური ინფექციის ნიშანი იყოს.
ზემოთ დასახელებულ სიმპტომებს შორის განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება
- გაურკვეველ შფოთს,
- ძლიერ ტირილს,
- უმართავ ღებინებას,
- უეცრად აღმოცენებულ ტემპერატურას.
ჩვილებში განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო: თუ ჩვილი ვეღარ იკვებება, გაღიზიანებულია ან თავზე ყიფლიბანდი შებერილი აწვს, ეს შეიძლება მენინგიტის სიმპტომი იყოს . ყველა ასეთ შემთხვევას დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ექიმთან კონსულტაცია.
მენინგიტის ტიპები
მენინგიტის კლასიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი მიკროორგანიზმი იწვევს მას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მენინგიტი შეიძლება იყოს როგორც პირველადი დაავადება, ასევე სხვა ინფექციის გართულება (მეორეული).
ბაქტერიული მენინგიტი
ეს არის მენინგიტის ყველაზე მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ფორმა, რომელიც სწრაფად ვითარდება.
მას იწვევს სხვადასხვა ბაქტერია, მათ შორის ყველაზე ხშირად პნევმოკოკები (Streptococcus pneumoniae) და მენინგოკოკები (Neisseria meningitidis).
ბაქტერიები ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით (ხველა, ცემინება), ან ახლო კონტაქტით (კოცნა, ჭურჭლის გაზიარება). მენინგოკოკები განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები).
მენინგოკოკური მენინგიტი ხშირად პირველადია, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია პირდაპირ თავის ტვინის გარსებზე გადადის და დამოუკიდებელ დაავადებად ვითარდება.
სხვა ბაქტერიებით გამოწვეული მენინგიტები ხშირად ორგანიზმში არსებული სხვა ინფექციების გართულებას წარმოადგენს (მაგ., ყურის, ცხვირის წიაღის ანთება, ან პნევმონია).
ბაქტერიული მენინგიტის დროს ბავშვი დაუყონებლივ უნდა გადაიყვანონ სტაციონარში. მკურნალობა უნდა დაიწყის სტაციონარულ პირობებში ინტრავენური ანტიბიოტიკების დაუყოვნებლივი გამოყენებით.
ვირუსული მენინგიტი
ვირუსული ფორმა უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს. მას მეტწიკად იწვევენ ენტეროვირუსები, ასევე ჰერპესის, ყბაყურას ან სხვა ვირუსები. ვირუსები ძირითადად ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით (ჰიგიენის წესების დარღვევა, დაბინძურებული საგნების გამოყენება), ან ჰაერწვეთოვანი გზით.
ვირუსული მენინგიტიც, როგორც წესი, პირველადი დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის შემდეგ ვითარდება.
მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია: რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, სითხის საკმარისი მიღება და საჭიროების შემთხვევაში ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ხშირად 1-2 კვირაში ხდება განიკურნება სახლის პირობებში.
სოკოვანი მენინგიტი
ეს არის მენინგიტის იშვიათი ტიპი. მას იწვევს სხვადასხვა სახეობის სოკოები (Cryptococcus, Candida და სხვა). სოკოები არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ინფექცია ორგანიზმში ხვდება გარემოდან (ნიადაგი, დანაგვიანებული ადგილები) და ინჰალაციის გზით.
სოკოვანიმენინგიტი თითქმის ყოველთვის მეორეულია და ვლინდება მხოლოდ იმ ბავშვებში, რომელთაც მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა (ქრონიკული დაავადებების, მაგ. აივ-ის, ან იმუნოსუპრესიული თერაპიის ფონზე).
მკურნალობა მიმდინარეობს მაღალი დოზებით ინტრავენური ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატების გამოყენებით.
მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში – პირველი ნაბიჯები
მენინგიტზე ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც კი დროის დაკარგვა დაუშვებელია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება (112). მენინგიტის ეჭვისას არ შეიძლება ბავშვის სახლში მკურნალობა ან ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების თვითნებურად მიცემა.
გამაფრთხილებელი ნიშნები (გადაუდებელი შემთხვევა): თუ ბავშვის მდგომარეობა უარესდება და აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე ნიშანი, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე (სასწრაფო დახმარების მისაღებად):
- ძილიანობა ან გაღვიძების შეუძლებლობა;
- კისრის ძლიერი გამაგრება ან დაჭიმულობა (თავის მოხრა უჭირს);
- გონების დაბინდვა ან არაადეკვატური ქცევა;
- კრუნჩხვები.
მენინგიტი სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ სწრაფი შეფასება და ჩარევა გადამწყვეტია სიცოცხლის გადასარჩენად და გართულებების თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობა და გართულებები
ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობა ხდება საავადმყოფოში, ინტრავენური ფართოსპექტრი ანტიბიოტიკებით . ხშირად ინიშნება სტეროიდული პრეპარატები (მაგ. დექსამეტაზონი) ან კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტები.
ვირუსული მენინგიტის დროს მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია: ბავშვს სჭირდება სრული დასვენება, ტემპერატურის დამწევი წამლები და სითხის მიღება. ვირუსული მენინგიტით დაავადებული ბავშვებუს უმრავლესობა მალე თავს უკეთ გრძნობს, საავადმყოფოდან ეწერებიან და მკურნალობა სახლის პირობებში სრულდება. თუ ვირუსმა მძიმე მიმდინარეობა მიიღო (მაგ., ჰერპესული მენინგიტი), ექიმი შესაძლოა დანიშნოს სპეციფიკური ანტივირუსული საშუალებები .
სოკოვანი მენინგიტის მკურნალობა იწყება მაღალი დოზით ინტრავენური ანტიფუნგალური საშუალებებით , და შესაძლოა გაგრძელდეს ძალიან ხანგრძლივად დაავადების სიმძიმის მიხედვით.
მენინგიტის ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხე გართულებებია. შესაძლოა განვითარდეს სმენის დაკარგვა, ეპილეფსიური კრუნჩხვები, მხრების და კიდურების დაქვეითებული ფუნქცია და კოგნიტური (გონებრივი) შეფერხებები . მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მენინგიტით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 20%–ს რჩება ხანგრძლივი თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები (მაგ., სმენის ან მხედველობის დეფიციტი, სწავლების გაძნელება) . შესაბამისად, ნებისმიერ სერიოზულ სიმპტომზე სასწრაფო რეაგირება და დროული მკურნალობა ამცირებს გართულებების ალბათობას.
პრევენცია: როგორ დავიცვათ ბავშვი მენინგიტისგან
პრევენცია არის მენინგიტის რისკის შესამცირებლად საუკეთესო გზა.
1. ვაქცინაცია (აცრები)
ვაქცინაცია წარმოადგენს მენინგიტის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო და უმთავრეს საშუალებას. დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილმა ჩაიტარა ყველა რეკომენდებული აცრა:
ბაქტერიული გამომწვევების წინააღმდეგ:
- Haemophilus influenzae ტიპის b (Hib) ვაქცინა.
- პნევმოკოკური ვაქცინა.
- მენინგოკოკური ვაქცინები (სხვადასხვა ჯგუფის, როგორიცაა A, B, C, W, Y).
ვირუსული გამომწვევების წინააღმდეგ:
გრიპის და ყბაყურას (ჩიყვის) აცრა ასევე ამცირებს იმ ვირუსული ინფექციების რისკს, რომელთა გართულებამაც შეიძლება მენინგიტი გამოიწვიოს.
2. ჰიგიენის დაცვა
ყოველდღიური ჰიგიენური ზომები ამცირებს ინფექციის გავრცელების ალბათობას:
- ხელების ხშირი დაბანა: ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. დაიბანეთ ხელები ხშირად და საფუძვლიანად, განსაკუთრებით ბავშვის მოვლის შემდეგ ან ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტისას.
- ნივთების გაუზიარებლობა: მოერიდეთ ერთი და იმავე ჭურჭლის, ბოთლის, სათამაშოს ან ხელსახოცის გაზიარებას ავადმყოფ ადამიანებთან.
- ავადმყოფის იზოლაცია: თუ ბავშვი ავად არის, შეძლებისდაგვარად გამოუყავით მას ცალკე სივრცე და ეცადეთ, რომ წვეთოვანი გზით ინფექცია არ გადაედოს ოჯახის სხვა წევრებს.
3. პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები (კონტაქტის შემთხვევაში)
თუ ოჯახის წევრს ან ბავშვთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს დაუდასტურდა ბაქტერიული მენინგიტი, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს პროფილაქტიკური კურსი — ანტიბიოტიკების მოკლე კურსი, რათა სხვა ადამიანები დაიცვას ინფექციისგან.
გადაუდებელი შემთხვევა: როდის მივმართოთ სასწრაფო დახმარებას (112)
მენინგიტის ეჭვის ან სიმპტომების სწრაფი გაუარესების შემთხვევაში, მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება (112). დროული რეაგირება გადამწყვეტია.
განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ნიშნები:
- ცნობიერების ცვლილება: თუ ბავშვი ხდება ძალიან ლეთარგიული (მძიმე, ძილიანი, უმოქმედო) ან, პირიქით, ძლიერ აღგზნებული და აგრესიული, ან თუ ვერ იღვიძებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში.
- კრუნჩხვები და გონების დაკარგვა: ნებისმიერი ეპიზოდი, როდესაც ბავშვს აქვს კრუნჩხვა, უგონოდ იმყოფება ან გონებადაბინდულია (არარეაგირებს).
- დამახასიათებელი კანის გამონაყარი: კანზე გაჩნდა იისფერი ან წითელი ლაქები, რომლებიც არ ქრება (არ ფერმკრთალდება) კანზე თითის ან ჭიქის დაწოლისას. ეს მენინგოკოკური ინფექციის მძიმე ნიშანია.
- ყიფლიბანდის შებერვა ჩვილში: ჩვილის თავზე რბილი ადგილი (ყიფლიბანდი/ბულბულა) შესამჩნევად შებერილი ან დაჭიმულია.
ყველა ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას (112). დროული რეაგირება ზრდის გამოჯანმრთელების შანსს და ამცირებს მძიმე გართულებების განვითარების რისკს.