როცა ყელი გვტკივა - რომელი ვირუსი ვრცელდება ახლა და როგორ ვმართოთ ყელის ტკივილი
იმის გასარკვევად, თუ რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკურნალოთ თანამედროვე მედიცინის პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ ვესაუბრეთ აკ. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ თერაპევტს მაია კოკაიას.
- ქალბატონო მაია, ყველასთვის ნაცნობი სიმპტომია ყელის ტკივილი - რა იწვევს მას და რატომ არის ასეთი ხშირი?
- დიახ, ყელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. მიზეზი ძირითადად ვირუსებია — იგივე, რაც გაციებასა და გრიპს იწვევს. როცა ორგანიზმში ვირუსი ხვდება, ყელის ლორწოვანი გარსი ღიზიანდება და ჩნდება ტკივილი, ქავილი ან ყლაპვის გაძნელება.
- ანუ მიზეზი ყოველთვის ვირუსია?
- არა. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერია — ყველაზე ხშირი მაგალითი სტრეპტოკოკი, ანუ „სტრეპთოკოკული ანგინა“. ასეთ შემთხვევაში ტკივილი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, შეიძლება თან ახლდეს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი და ტონზილების (ე. წ. გლანდები) შეშუპება.
- ბოლო პერიოდში საქართველოში პოპულარულია ვირუსი, რომელიც ხშირად ყელის ტკივილით იწყება. რა ვირუსზეა საუბარი?
- ერთ-ერთი გავრცელებული ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ვრცელდება და ხშირად იწყება ყელის ტკივილით, არის ადენოვირუსი. ადენოვირუსული ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს როგორც მსუბუქი გაციება, მაგრამ თან ახლდეს მაღალი სიცხე, სურდო, თვალების სიწითლე და ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები. ჩვეულებრივ, ვირუსული ინფექცია თავისით გადის 5-7 დღეში, ხოლო სიმპტომების შემსუბუქებისთვის გამოიყენება სახლში მკურნალობის ზომები, როგორიცაა თბილი სითხეები, ტკივილგამაყუჩებლები და მარილიანი წყლის გამოვლება.
- ბევრი ადამიანი პირველივე ტკივილზე ანტიბიოტიკს სვამს. ეს სწორია?
- არა, ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს, ხოლო ყელის ტკივილის დაახლოებით 80–90% ვირუსულია. არასწორად მიღებულმა ანტიბიოტიკმა შეიძლება დაასუსტოს იმუნიტეტი და გამოიწვიოს რეზისტენტობა — ანუ შემდეგში, როცა ნამდვილად დაგჭირდებათ ანტიბიოტიკი, წამალი აღარ დაგეხმაროთ.
- და როგორ უნდა გავიგოთ, ვირუსულია თუ ბაქტერიული?
- ვირუსული ინფექციის დროს ადამიანს ხშირად ყელის ტკივილთან ერთად აწუხებს:
- სურდო,
- ხველა,
- თვალების სიწითლე,
- მსუბუქი სისუსტე.
ტემპერატურა ჩვეულებრივ მცირედაა მომატებული. ვირუსებით გამოწვეული ყელის ტკივილი ხშირად თავისით, სპეციალური მკურნალობის გარეშე გადის 5-7 დღეში.
ბაქტერიული ინფექციის (სტრეპტოკოკული ანგინა) დროს ადამიანს აქვს
- მაღალი სიცხე (38°C-ზე მეტი),
- ყლაპვის ძლიერი ტკივილი,
- ნუშურა ჯირკვლებზე თეთრი ნადები,
- გადიდებული და მტკივნეული კისრის ლიმფური კვანძები.
სურდო და ხველა ჩვეულებრივ არ აღინიშნება.
და მაინც — მხოლოდ სიმპტომებით ზუსტი მიზეზის დადგენა ყოველთვის შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება რამდენიმე ანალიზი:
სწრაფი სტრეპტესტი — მარტივი ტამპონის ტესტი, რომელიც რამდენიმე წუთში აჩვენებს, არის თუ არა სტრეპტოკოკი ყელში.
ბაქტერიოლოგიური ნაცხი ყელიდან (კულტურა) — ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც ზუსტად ადგენს ბაქტერიის ტიპს და აჩვენებს, რომელი ანტიბიოტიკია ეფექტური მის წინააღმდეგ.
სისხლის საერთო ანალიზი და C-რეაქტიული ცილა (CRP) — დამატებითი მაჩვენებლებია, რომლებიც მიუთითებენ, არის თუ არა ორგანიზმში ბაქტერიული ანთება:
- ვირუსული ინფექციის დროს ლეიკოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ ნორმაშია ან ოდნავ მომატებული, ხოლო CRP დაბალია
- ბაქტერიული ინფექციისას ლეიკოციტები და CRP მნიშვნელოვნად იმატებს, რაც ანთების აქტიურ პროცესზე მიუთითებს
ეს ტესტები ექიმს ეხმარება ზუსტად განსაზღვროს, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკი, თუ მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურ დონეზე უნდა დარჩეს.
- რატომ არის განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანი?
- მკურნალობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ვირუსულ ტკივილს ანტიბიოტიკი ვერ შველის; ბაქტერიული სტრეპტოკოკის შემთხვევაში კი აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები, მაგალითად, რევმატული ცხელება, რომელიც გულსა და თირკმლებს აზიანებს.
- როგორც აღნიშნეთ, ვირუსული ყელის ტკივილი ხშირად თავისით გადის. მაინც, რა არის ის ნიშნები, როდესაც სახლის პირობებში მკურნალობის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს?
- არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი:
- ყელის ტკივილი გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს და მდგომარეობა არ უმჯობესდება;
- ტკივილს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი მატება (38.5°C და მეტი);
- აღინიშნება ყლაპვის ძლიერი გაძნელება ან სუნთქვის გაძნელება (ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებში);
- კისრის ლიმფური ჯირკვლები მნიშვნელოვნად გადიდებულია და მტკივნეულია;
- ყელში ჩანს თეთრი ფერის ნადები ნუშურა ჯირკვლებზე;
- ხმის ცვლილება ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.
- რა საშუალებებს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა ყელის ტკივილის დროს?
- მკურნალობის ძირითადი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება და გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა.
სიმპტომური მკურნალობა (სახლის პირობებში)
გამოიყენება ვირუსული ინფექციების დროს და ბაქტერიული ინფექციის ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად:
ტკივილგამაყუჩებლები: პარაცეტამოლი ან იბუპროფენი – ისინი არა მხოლოდ ტკივილს, არამედ სიცხესაც ამცირებენ
თბილი სითხეები და დასვენება: მიიღეთ ბევრი თბილი, არა ცხელი სითხე (მაგალითად, წყალი თაფლითა და ლიმონით).
მარილიანი წყლის ყელში გამოვლება: თბილი წყლითა და ნახევარი ჩაის კოვზი მარილით მომზადებული ხსნარის გამოვლება ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დატენიანებას და ანთების შემცირებას.
საწუწნი აბები ან სპრეი: ლოკალური საანესთეზიო ან ანტისეპტიკური სპრეები და აბები დროებით ამცირებს ტკივილს და აადვილებს ყლაპვას
სპეციფიკური მკურნალობა (ექიმის დანიშნულებით)
ანტიბიოტიკები - ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ბაქტერიული ინფექცია (მაგალითად, სწრაფი ტესტით ან ნაცხის ანალიზით). თვითნებურად დანიშვნა დაუშვებელია. მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ბოლომდე, სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები.
ტონზილექტომია (ე. წ. გლანდების ამოკვეთა) - ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ხშირად მორეციდივე ანგინა (მაგალითად, 4-5 ეპიზოდი წელიწადში). დღესდღეობით, ოპერაციას უფრო მკაცრი ჩვენებები აქვს.
- ყელის ტკივილი მხოლოდ ინფექციებით არ შემოიფარგლება, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა. არსებობს არაგადამდები მიზეზებიც, რომლებიც ქრონიკულ ყელის ტკივილს იწვევს:
- ალერგია: პოსტნაზალური წვეთოვანი სინდრომი – ლორწო ხახის უკანა კედელზე ჩაედინება, რაც გაღიზიანებას იწვევს
- GERD (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება): კუჭის მჟავა საყლაპავ მილში ბრუნდება და ყელს აღიზიანებს, რაც იწვევს ტკივილს, ხშირად დილით
- მშრალი ჰაერი - პირით სუნთქვა: მშრალი ჰაერი, განსაკუთრებით გამათბობლების სეზონზე, აშრობს ლორწოვან გარსს. პირით სუნთქვა ასევე იწვევს დილის ტკივილს
- ხმის იოგების დაძაბვა: ყვირილი, ხმამაღალი საუბარი ან სიმღერა იწვევს ყელის კუნთების დაჭიმვას
- ქალბატონო მაია, დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. და ბოლოს, რას ურჩევდუთ ჩვენს მკითხველს?
- მთავარი რჩევაა: არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად. მიეცით თქვენს ორგანიზმს დრო, რომ ვირუსს თავად გაუმკლავდეს სახლის პირობებში სიმპტომების შემსუბუქების ფონზე. თუ სიმპტომები მძიმდება, ან 48 საათზე მეტ ხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს ზუსტი დიაგნოზისა და სწორი მკურნალობის დასადგენად.