საკურორტო რომანის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკურორტო რომანის შედეგები

უმეტესად რომელი ინფექციები ვრცელდება ამ დროს? ამის შესახებ ვენეროლოგი ზაზა ჩუბინიძე გვესაუბრება.

- დღეისათვის ცნობილია 20-ზე მეტი დაავადება, რომელიც ერთი ადამიანისგან მეორეს სქესობრივი გზით გადაედება. ეს დაავადებები პირობითად შეიძლება 3 ძირითად ჯგუფად დაიყოს:

1. კლასიკური ვენერული დაავადებები: სიფილისი, გონორეა, შანკროიდი, ვენერული ლიმფოგრანულომატოზი, ვენერული გრანულომა ანუ დონოვანოზი;

2. დაავადებები, რომლებიც უპირატესად სასქესო ორგანოთა დაზიანებით მიმდინარეობს: უროგენიტალური ქლამიდიოზი, შარდსასქესო ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, შარდსასქესო მიკოპლაზმოზი, გენიტალური ჰერპესი, პაპილომავირუსული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნელეროზი) და სხვა;

3. სასქესო გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც სხვა ორგანოთა უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს: შიდსი, B და C ჰეპატიტები, ციტომეგალოვირუსული ინფექცია და სხვა.

- როგორ ხდება სგგდ-ის გამომწვევით ინფიცირება?

- დაუცველი სქესობრივი აქტის დროს დაავადებული პარტნიორი სპერმის, სისხლის, ჩირქის, პროსტატის სეკრეტის, საშოს ნაცხისა თუ სხვა ბიოლოგიური სითხის მეშვეობით მეორეს გადასცემს დაავადების გამომწვევს, რომელიც ორგანიზმში ძირითადად აღმავალი გზით - შარდსადენი მილის ან საშოს გავლით - ხვდება. შესაძლებელია ჰემატოგენური გზით დაინფიცირებაც - ორგანიზმში ამა თუ იმ გზით შეჭრილი გამომწვევი სისხლში ხვდება და იქიდან იწვევს ინფექციური კერის ჩამოყალიბებას. არსებობს დასნებოვნების ლიმფოგენური გზაც.

- რა იწვევს სგგდ-თა პირველი ჯგუფის ინფექციებს, როგორია მათი მიმდინარეობა და გამოვლინებანი?

- გონორეას (ტრიპერი) ბაქტერია გონოკოკი იწვევს, ინფიცირება მოსალოდნელია როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური სქესობრივი კავშირის დროს. გარდა ამისა, შესაძლებელია ახალშობილის ინფიცირება სამშობიარო გზების გავლისას.

პირველი კლინიკური ნიშნები თავს იჩენს სქესობრივი კონტაქტიდან ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ. ქალებში ეს არის საშოდან გამონადენის ცვლილება, წვის შეგრძნება შარდვისას, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში; მამაკაცებში - მტკივნეული ერექცია; ტემპერატურის მატება, სახსრების ასიმეტრიული ტკივილი, რაც პროცესის გავრცელებაზე მიუთითებს.

როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ინფექციას ახასიათებს ურეთრიტის ნიშნები: ხშირი შარდვა და შარდვისას წვა, უხვი მოყვითალო-მომწვანო გამონადენი შარდსადენიდან.

გონორეას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ხშირად მას თან ერთვის ქლამიდიური ან სხვა ინფექციაც. ასეთ დროს მკურნალობა ორი დაავადების კომპლექსურ თერაპიას ითვალისწინებს. დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დაავადება ქალებში საკვერცხეების, მამაკაცებში კი სათესლეების ანთებას იწვევს, რაც შეიძლება უშვილობის მიზეზად იქცეს.

სიფილისი (ათაშანგი) - საკმაოდ ნელა მიმდინარე ზოგადი ინფექციაა, რომლის პირველი სიმპტომებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-4 კვირა. მის დასასრულს ინფიცირების ადგილას, სასქესო ორგანოებზე ჩნდება მცირე ზომის მკვრივი, უტკივნეულო პირველადი წყლული - შანკრი, რომლიდანაც სეროზული გამონადენი მოედინება.

შანკრის გაჩენას თან ახლავს რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება. ლიმფური და სისხლძარღვების გზით ბაქტერიები მთელ ორგანიზმში ვრცელდებიან და დაახლოებით 2-4 თვის შემდეგ ვლინდება მეორე პერიოდის სიმპტომები: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, ტკივილი ყელში. კანზე ჩნდება წვრილი გამონაყარი, განსაკუთრებით - ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. მოსალოდნელია თმის ბუდობრივი ცვენა.

გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოთა ლორწოვან გარსებზეც, ანალური ხვრელის ირგვლივ. ამ სიმპტომების გამოვლენის შემდგომ რამდენიმე თვეში ინფექცია გადადის ლატენტურ ანუ ფარულ ფაზაში. ასეთ პაციენტებს კანსა და ლორწოვან გარსებზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში უჩნდებათ მეორე პერიოდისთვის დამახასიათებელი გამონაყარი. ამ პერიოდში ადამიანი გადამდებია. არანამკურნალებ პაციენტებს უყალიბდებათ ე.წ. გვიანი სიფილისი, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სხვა ორგანოთა სისტემებს.

დაავადებას მკურნალობენ პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით.


- მეორე ჯგუფის რომელი ინფექციებია ყველაზე მეტად გავრცელებული?

- ამ მხრივ აღსანიშნავია ქლამიდიოზი - ბაქტერიული ინფექცია. მას მიკროორგანიზმი ქლამიდია იწვევს. დაავადების ნიშნები ინფიცირებიდან 10-14 დღეში იჩენს თავს. ინფიცირებულ ქალთა 75%-ში სიმპტომები არ ვლინდება. ინციფიცირებისას შეინიშნება საშოდან უჩვეულო, ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნისა და მოყვითალო ფერის გამონადენი, უმნიშვნელო სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდგომ ან მენსტრუალური ციკლის შუაში, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

სწორი ნაწლავიდან ინფიცირებისას - სწორი ნაწლავიდან უმნიშვნელო სისხლდენა ან ლორწოვანი გამონადენი, გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებში შარდვისას იგრძნობა არცთუ ისე ძლიერი ტკივილი, ქავილი და წვა.

მამაკაცების 25%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დანარჩენ შემთხვევებში ვლინდება როგორც საშარდე გზების გახანგრძლივებული მსუბუქი ანთება - ურეთრიტი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება, თავს იჩენს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, შარდვისას - ქავილი და წვა, წელის, შარდსადენისა და სათესლეების არცთუ ისე ძლიერი ტკივილი. შესაძლებელია ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, ზოგადი სისუსტე და შარდის ამღვრევა, მათში ჩირქოვანი ძაფების არსებობა, ზოგჯერ - სისხლიანი გამონადენი შარდვის ან ეაკულაციის შემდეგ.

მამაკაცებს დაავადება ურთულდებათ სათესლე დანამატის ანთებით - ეპიდიდიმიტით, ქალებს - საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით, რომელიც შემდეგ უშვილობის მთავარ მიზეზად იქცევა. იზრდება საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი.

ტრიქომონიაზი (ტრიქომონოზი) - მას იწვევს მიკროორგანიზმი ტრიქომონადა. ინფიცირება ხდება მხოლოდ სქესობრივი გზით. საინკუბაციო პერიოდი 5-15 დღეს შეადგენს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს სასქესო ორგანოთა დაავადებები და ზოგიერთი არასასქესო პათოლოგია, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ჰორმონული მოშლილობები, საშოს მიკროფლორის დარღვევა, როცა ქვეითდება მჟავიანობის მაჩვენებელი.

ტრიქომონადები აქტიურად მრავლდებიან მენსტრუაციის პერიოდში. ტრიქომონოზის რამდენიმე ფორმას განასხვავებენ: ახალს, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა მწვავე, ქვემწვავე, ტორპიდულ ანუ ნაკლებსიმპტომურ ფორმებად, ქრონიკულს და მატარებლობას.

მწვავე და ქვემწვავე ფორმების დროს პაციენტები უჩივიან საშოდან ძლიერ გამონადენს, ქავილსა და წვას გარეთა სასქესო ორგანოების არეში, შარდსადენის დაზიანებისას წვა და მტკივნეული შეგრძნება ჩნდება შარდვის დროსაც.

ტორპიდულ ფორმას არ ახლავს გამონადენი ან გამოხატულია საკმაოდ სუსტად.

ქრონიკულ ფორმას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა და პერიოდული რეციდივები, რომლებიც თავს იჩენს მაპროვოცირებელი ფაქტორების გავლენით, მაგალითად, ზოგადი ან გინეკოლოგიური დაავადებების, გაციების, სასქესო ჰიგიენის დაუცველობის დროს.

მკურნალობენ მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატებით. საჭიროა სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა და მკურნალობის პერიოდში სქესობრივი ურთიერთობისგან თავშეკავება. აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა სხვა სგგდ-ებზეც.

- როგორია გენიტალური ჰერპესის მიმდინარეობა და ერთნაირად აავადებს თუ არა იგი ორივე სქესის წარმომადგენლებს?

- გენიტალურ ჰერპესს მარტივი ჰერპესის ვირუსი იწვევს. პირველადი დაზიანებისას იგი ხვდება ლიმფურ კვანძებში და ფარულ მდგომარეობაში რჩება, თუმცა ზოგჯერ აქტიურდება, წელიწადში რამდენჯერმეც კი. დაავადების პირველი სიმპტომები ინფიცირების ადგილას ქავილი და მტკივნეული შეგრძნებებია, რამდენიმე დღეში ამავე ადგილებში ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები.

ქალებისთვის დამახასიათებელია მათი გაჩენა სასქესო ბაგეებზე, ანალური ხვრელის ირგვლივ, საშოში ან საშვილოსნოს ყელზე, მამაკაცებისთვის - ასოზე, მის თავზე ან ანალურ ხვრელში.

პირველადი ინფექციის გამოვლინებას ხშირად თან ახლავს თვითშეგრძნების გაუარესება და სხეულის ტემპერატურის მატება, ლიმფური კვანძების გადიდება. რამდენიმე დღეში ბუშტუკები სკდება და ტოვებს მტკივნეულ ნაიარევებს, რომლებიც ქერქით იფარება. ეს სიმპტომები დაახლოებით 2 კვირამდე გრძელდება. პირველადი ინფექციის შემდეგ დაავადება გადადის ფარულ სტადიაში, რომელსაც პერიოდული გამწვავება ახასიათებს - ჩნდება პირველადი ინფიცირებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ოღონდ შედარებით სუსტი. იარებიც გაცილებით სწრაფად ხორცდება.

მეორეული ინფექციის გამოვლენას ხშირად აპროვოცირებს სტრესი; ხშირია მისი გამწვავება სხვა ინფექციური დაავადებების ფონზე, როდესაც იმუნიტეტი ძლიერ სუსტდება.

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა საკმაოდ სერიოზული პროცესია, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი მთელი ცხოვრება რჩება ორგანიზმში და მასზე ძლიერ ეფექტური ზემოქმედებაა საჭირო, ანტიჰერპესულ პრეპარატებთან ერთად მკურნალობის პროცესში გამოიყენება ვიტამინები, იმუნოსტიმულატორები, ანტიჰისტამინური და სხვა ტიპის პრეპარატებიც.

მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ აუცილებელია კურსის განმეორება. შესაძლებელია ანტიჰერპესული ვაქცინაციაც, რომელიც ზრდის პერიოდებს დაავადების გამწვავებიდან გამწვავებამდე და მის მიმდინარეობას ასუსტებს.


- სასქესო გზით გადამდებ სოკოვან ინფექციებზე რას გვეტყვით?

- სასქესო გზით გადაედება კანდიდას ტიპის საფუარისმაგვარი სოკო, რომელიც გენიტალურ კანდიდოზს იწვევს. ასეთ სოკოებს ხშირად აღმოაჩენენ იმ ქალების საშოშიც კი, რომლებიც არაფერს უჩივიან. სასქესო გზებში

კანდიდა ძირითადად ნაწლავიდან ან დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად ხვდება. ანთებითი რეაქცია ყოველთვის არ ვითარდება. მას ხელს უწყობს ფაქტორები, რომლებიც აქვეითებს და ასუსტებს იმუნიტეტს: შაქრიანი დიაბეტი, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონული კონტრაცეპტივების, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღება.

მკვეთრად გამოხატული იმუნიტეტის დაქვეითებისას კანდიდას ტიპის სოკოს შეუძლია გამოიწვიოს საშარდე გზების (ცისტიტი, ურეთრიტი), ფილტვების (ბრონქიტი, პნევმონია), ნაწლავების (დისბაქტერიოზი) დაზიანება.

გენიტალური კანდიდოზით ხშირად ავადდებიან ორსულები, რაც მათ ორგანიზმში ორსულობით განპირობებულ მრავალრიცხოვან გარდაქმნას უკავშირდება. ქალებში გენიტალური კანდიდოზი თეთრი, ხაჭოსმაგვარი გამონადენითა და ძლიერი ქავილით იწყება, მიმდინარეობს ხანგრძლივად, აქვს გამწვავებისა და რემისიის პერიოდები, მწვავდება მენსტრუაციის პერიოდში, გაციებისას. მამაკაცებში სოკოვანი ინფექცია იწვევს სასქესო ორგანოების ქავილს, სასქესო ორგანოს თავის გაწითლებას, მის შეშუპებასა და შესივებას.

სოკოს არსებობის დადასტურების შემდეგ მკურნალობა ხორციელდება ანტიმიკოზური პრეპარატებით. პირველი საკონტროლო გასინჯვა ხდება 2 კვირის შემდეგ, მომდევნოები - თვეში ერთხელ. საკონტროლო ანალიზი ტარდება მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. თუ ნაცხში სოკო ისევ აღმოჩნდა, მკურნალობა მეორდება.

სწორად შერჩეული კომბინირებული თერაპიის დროს სრული განკურნება შესაძლებელია, რეციდივებისას კი აუცილებელია ორივე პარტნიორის მკურნალობა.

- დღეს საკმაოდ იმატა ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) დასნებოვნების შემთხვევებმა. იმასაც ამბობენ, რომ აპვ-ინფექცია უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ყველა დანარჩენი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ერთად. როგორია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებანი?

- პაპილომავირუსის მრავალი ტიპია ცნობილი, რომლებიც დაბალი და მაღალი რისკის პაპილომავირუსებად იყოფა. დაბალი რისკის პაპილომავირუსები მახვილწვერა კონდილომას იწვევს და ასოცირდება სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის პაპილომავირუსები საშვილოსნოს ყელის დისპლაზიასა და საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და სასქესო ასოს კიბოსAიწვევს. არსებობს მახვილწვერა კონდილომის 4 ტიპი:

  • ტიპური - აზიანებს ლორწოვანი გარსისა და კანის სველ ნაწილებს, გამონაყარი ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს;
  • ჰიპერკერატოზული - კონდილომა რქოვანი ფენითაა დაფარული;
  • პაპულოზური - არ აქვს რქოვანი ფენა, გლუვზედაპირიანია;
  • ბრტყელი - გამოვლინდება ლაქების სახით, რომლებიც კანს თითქმის არ სცილდება, შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც სწორედ ისინი წარმოადგენს ყველაზე დიდ საშიშროებას.


პაპილომავირუსით დასნებოვნებას ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროტრავმები, შესაძლებელია ახალშობილის ინფიცირება მშობიარობის დროს. ინფექცია ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირი სიხშირით აავადებს. უმთავრესად 35 წლამდე ასაკის პირები ინფიცირდებიან. ვირუსი აზიანებს სასქესო ორგანოებისა და უკანა ტანის ლორწოვან გარსს. ამ ინფექციის გამო მსოფლიოში უამრავი ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცია დაავადებული სწორი ნაწლავის კიბოთი, რომელიც აპვ-ინფექციის გართულებას წარმოადგენს.

პაპილომები ბინადრობენ სასქესო ორგანოების ისეთ ადგილებზე, რომელთა დაცვაც პრეზერვატივით ვერ ხერხდება, ამიტომ საკმარისია უბრალო შეხება და სულაც არ არის საჭირო ბიოლოგიური სითხების გაცვლა. ასეთ შემთხვევაში პრეზერვატივი ეფექტურ საშუალებას არ წარმოადგენს.

პაპილომების ბრტყელი ფორმების შემთხვევაში, როდესაც მათი დანახვა შეუძლებელია, თავდაცვის ერთადერთი საშუალება ყოველგვარი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავებაა. მახვილწვერა კონდილომები ინფიცირებიდან 1-3 თვეში ჩნდება, ზოგჯერ - უფრო გვიანაც, ხოლო დასნებოვნების შემდეგ 5-30 წელი სჭირდება დაავადების კიბოს ან კიბოსწინარე ფორმად ჩამოყალიბებას, თუმცა შესაძლოა, სიმსივნე გაცილებით ნაკლებ ხანშიც განვითარდეს.

დაავადება მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მის შესახებ პაციენტის კლინიკური გამოკვლევის ან საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზის შედეგად ხდება ცნობილი. წვრილი კონდილომები უსიამოვნო შეგრძნებებსაც კი არ იწვევს. მსხვილი შეიძლება დაწყლულდეს და დაერთოს მეორეული ინფექცია, რასაც ტკივილი, ქავილი და უსიამოვნო სუნი ახლავს თან.

აპვ-ინფექციის მკურნალობა მათ ქირურგიული გზით მოცილებას გულისხმობს. ამჟამად უკვე შემუშავებულია აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის ეფექტურობას საგრძნობლად აამაღლებს.

- დასასრულ, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ ხშირ და შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს. ასეთი ურთიერთობისას აუცილებელია პრეზერვატივის გამოყენება, მისი დაზიანების ან სხვა საეჭვო შემთხვევაში კი ექიმის კონსულტაცია.

მამაკაცთა ერთი ნაწილი პრინციპულად ამბობს უარს პრეზერვატივის გამოყენებაზე და თავს ანტისეპტიკური ხსნარებით და სხვადასხვა გელის საშუალებით იცავს, ამიტომ ზედმიწევნით გაეცანით ყველა იმ დამცავი გელის, ანტისეპტიკური სითხისა თუ აბის გამოყენების წესებს, რომელსაც პრეზერვატივის ნაცვლად იყენებთ. ნუ დაუგდებთ ყურს არაპროფესიონალ ახლობელთა რჩევებს იმის თაობაზე, რომ არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობისას სგგდ არ გადადის.

ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში დროულად მიმართეთ სპეციალისტს - დროულად დაწყებული მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია, სრული განკურნების საშუალებას იძლევა და გვიან გართულებათა (რომელთა დიდი ნაწილიც უშუალოდ იწვევს უნაყოფობას) ალბათობასაც მინიმუმამდე ამცირებს.