ვის ეშინია დაგესვლის

ამაზე სასაუბროდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-ტოქსიკოლოგს, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილ წევრს, თსსუ-ის ას. პროფესორს თემურ კობიძეს ვეწვიეთ.
- ბატონო თემურ, არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები გველისგან დაკბენილთა შესახებ? საერთოდ, რამდენად არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე შხამიანი გველები?
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შხამიანი გველები ყოველწლიურად კბენენ 500 000 ადამიანს. ამათგან 50 000 კვდება. დსთ-ის ტერიტორიაზე შხამიანი გველის 58 სახეობაა გავრცელებული. 10 მათგანი ადამიანისთვის სახიფათოა. საქართველოში გავრცელებულია გველის 20 სახეობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ოთხი ოჯახის - გველბრუცასებრთა, მახრჩობელასებრთა, ანკარასებრთა და გველგესლასებრთა - ათ გვარში. ამათგან შხამიანია ოთხი სახეობა: ველის გველგესლა (Vipera urrsini); ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera Ammodytes); კავკასიური გველგესლა (V. Kaznakovi) და გიურზა.
გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ადამიანი ხვდება, ძირითადად - შუა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრნი. მოზრდილთა სიკვდილიანობა კობრისა და გიურზას ნაკბენის შემდეგ 8-15%-ია, ასპიტის ნაკბენის შემდეგ - 2-12%, ბავშვებისა კი უფრო მაღალი - 25%. ასაკობრივად გველის ნაკბენი ყველაზე ხშირია 20-50 წლის ასაკში - 57%, ბავშვებში კი 30%-ია.
- როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?
- გველი ადამიანს თავს არ ესხმის. ის იკბინება თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
- როგორ გამომუშავდება გველის შხამი?
- შხამი გამომუშავდება და ინახება სპეციალურ ალვეოლურ-მილაკოვან ჯირკვლებში. მათი ზომა ზოგჯერ გველის სხეულის ნახევარსაც კი უტოლდება. კბენის დროს შხამი ჯირკვლების სადინარებიდან ან კბილის არხებიდან გამოდის. კბილები 1-1,5სმ სიგრძისაა.
შხამიანი კბილები მოძრავია. გველის დახურულ პირში ისინი ჰორიზონტალურად არის განლაგებული, პირის გაღების ან კბენის დროს კი ვერტიკალურ მდგომარეობას იღებს.
გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთული კომპლექსია. მასში შედის პროტეინები, ლიპოპროტეინები, ჰექტონები, მუცინი და მუცინის მსგავსი ნივთიერებები, მარილები, მიკროელემენტები, პურინის ფუძეები, ეპითელური უჯრედები.
- როგორია გველის შხამით მოწამვლის სიმპტომები?
- მოწამვლის სიმპტომები ძალზე მრავალფეროვანია. ეს იმიტომ, რომ არაფერმენტული ცილების, პოლიპეპტიდებისა და ფერმენტების თანაფარდობა არამცთუ სხვადასხვა სახეობის - თვით ერთი სახეობის გველების შხამშიც კი სხვადასხვანაირია. მოქმედი ნივთიერების შემცველობის მიხედვით გველის შხამები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:
1. ჰემოვაზოტოქსიკურებად (ასპიტთა და ჩხრიალა გველების შხამები);
2. ნეიროტოქსიკურებად (კობრის შხამი).
ასპიტების მთავარი არაფერმენტული ტოქსინი ვიპეროტოქსინია, ჩხრიალა გველებისა კი კროტატოქსინი.
ამ გველების შხამებს ჰემოკოაგულაციური თვისება აქვთ. ასპიტებისა და ჩხრიალა გველების შხამების ჰემოკოაგულაციური ეფექტი იწვევს თრომბოჰემორაგიულ ან დეფიბრინაციულ-ფიბრინოლიზურ სინდრომს. ეს სისხლის დისემინირებული შედედების სინდრომის განვითარებას ნიშნავს, რაც კბენიდან 1-3 საათის განმავლობაში ხდება.
მრავალ ავტორს მიაჩნია, რომ ასპიტებისა და ჩხრიალა გველების შხამით მოწამვლის პათოგენეზში ჰემოკოაგულაციური მოქმედება უმთავრეს როლს ასრულებს და სიკვდილის მთავარი მიზეზია. ასპიტებისა და ჩხიალა გველების შხამით მოწამვლის პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს აგრეთვე მისი ჰემოლიზური მოქმედება. შხამი ძირითადად ლიმფური გზით ვრცელდება. შესაძლოა, სისხლის ნაკადისა და ნერვული ბოჭკოების გზითაც გავრცელდეს. ორგანიზმიდან შხამი გამოდის კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის, თირკმელებისა და გარე სეკრეციის (სარძევე) ჯირკვლების საშუალებით.
გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისერზე, სახეზე, თავის თმიან ადგილებზე. რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები.
ასპიტებისა და ჩხრიალა გველების ნაკბენ ადგილას იმწამსვე აღმოცენდება ძლიერი ტკივილი. რამდენიმე საათის შემდეგ ტკივილი აუტანელი ხდება. კბენიდან სულ რამდენიმე წუთში ვითარდება მთელი კიდურის ჰემორაგიული შეშუპება, რომელიც ხშირად ტანზეც გადადის. კანი კიდურსა და მთელ სხეულზე მოლურჯო ან რუხ ფერს იღებს. ნაკბენთან ხშირად წარმოიქმნება ჩირქგროვა ან ჩირქიანი მუწუკი, რომელიც შემდეგ დაწყლულდება და ძალიან ძნელად ხორცდება. ნაკბენის ირგვლივ ჩნდება ბუშტუკები სეროზული ან სისხლიანი შიგთავსით და ჰემორაგიები. ნელ-ნელა ისინი მთელ კიდურსა და სხეულს მოედება და თან ახლავს ლიმფანგოიტი და ლიმფადენიტი. თუ ნაკბენმა დააზიანა ვენა, მეტადრე - მისი ვარიკოზული გაგანიერების ადგილი და შხამი დიდი რაოდენობით მოხვდა პირდაპირ სისხლში, ზოგადი მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ადამიანი ადგილობრივი სიმპტომების გამოვლენამდე კვდება.
მოწამვლის ზოგადი ნიშნებია ძილიანობა, სისუსტე, თავბრუხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ჭარბობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები. იწყება გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავს იჩენს ცხელება, მერე - შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად - ქუთუთოების ფთოზი, მხედველობის შესუსტება ან სიბრმავე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების მჭრელი ტკივილი. თანდათან ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა, რასაც მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მოსდევს.
კობრის ნაკბენს, ასპიტების ნაკბენის მსგავსად, თან ახლავს მწველი ტკივილი, იმ განსხვავებით, რომ სწრაფად, რამდენიმე საათში გაივლის. შეშუპება უფრო სუსტად არის გამოხატული და უფრო ნაკლებად ვრცელდება, ვიდრე ასპიტისა და ჩხრიალა გველების კბენის დროს. კანის ფერი არ იცვლება. ჭრილობიდან ერთხანს მოედინება სისხლიანი სითხე, შემდეგ კი ის ქერქით იფარება.
ინტოქსიკაცია ელვისებურად, თითქმის კბენისთანავე იწყება. თავს იჩენს სისუსტე, შფოთვა, მოძრაობის კოორდინაცია ირღვევა, სიარული მერყევი ხდება. ამას მოჰყვება გულისრევა, სლოკინი, ღებინება, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა, სუნთქვის მოშლა. კიდურების დამბლა იწყება კბენის ადგილიდან (უმეტესად ეს არის ქვედა კიდურები), ვრცელდება ზევით, გადადის ტანსა და სახეზე. ქუთუთოები და ქვედა ყბა ჩამოშვებულია, თვალების მოძრაობა - მოშლილი. მეტყველება ჯერ გაუგებარია (ლუღლუღი), შემდეგ კი აფონიური ანუ უხმო. ვითარდება გულის უკმარისობა, უნებლიე შარდვა და უნებლიე დეფეკაცია. ავადმყოფი შესაძლოა მოკვდეს სუნთქვის გაჩერებით კბენიდან 2-7 საათის შემდეგ.