H1N1 - პანდემია 2009 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

H1N1 - პანდემია 2009

- გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თეა კაკაბაძე.

- გრიპი იმ დაავადებათაგანია, რომლებსაც ადამიანები კარგა ხანია იცნობენ, თუმცა ბოლო ხანს გაჩნდა ამ ძველი დაავადების ახალი სახელები. ჩვენს მკითხველებს კარგად ახსოვთ ფრინველის გრიპთან დაკავშირებული შიში. ახლა კი ღორის გრიპი გავრცელდა... რატომ აქვს ამ დაავადებებს ასეთი უცნაური სახელები და რით განსხვავდება ღორის გრიპი აქამდე გავრცელებული გრიპებისგან?

ჩვენთვის კარგად ცნობილი გრიპი გრიპის A, B და C ვირუსებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. ის შესაძლოა იყოს როგორც სეზონური, ასევე პანდემიური გავრცელებისა. სეზონური გრიპის შემთხვევები ზომიერი კლიმატის რეგიონებში (მაგალითად, აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში) სეზონურად, წლის განსაზღვრულ პერიოდში ხშირდება. სეზონური აფეთქებები 5-6 კვირა გრძელდება და მოსახლეობის 5-15%-ს მოიცავს.

ამჟამად სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპისა და B ტიპის ვირუსები. საქართველოში სეზონური გრიპის პერიოდია დრო გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე. სეზონურ გრიპს ახასიათებს შემცივნება, ტემპერატურის უეცარი მატება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი და სხვა რესპირაციული (სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული) სიმპტომები. დაავადება 3-5 დღე გრძელდება და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა არც გართულებების განვითარებაა გამორიცხული, უპირატესად - ბრონქიტისა, ფილტვების ანთებისა, შუა ყურის, სინუსების ანთებისა.

სეზონური გრიპისაგან განსხვავებით, პანდემიური გრიპი საუკუნეში 3-4-ჯერ იფეთქებს. ის აბსოლუტურად ახალი, უცხო გრიპის ვირუსია, რომელიც ადამიანისგან ადამიანს იოლად გადაედება. მსოფლიოს მოსახლეობას მის მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნია, ამიტომ ავადდება მისი უდიდესი ნაწილი.

პანდემიური გრიპი დიდ პრობლემას უქმნის ქვეყნების საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ეკონომიკას და სოციალურ ყოფას. ღორის გრიპი ანუ პანდემიური (H1N1) 2009 გრიპი, როგორც მას სამედიცინო ლიტერატურაში უწოდებენ, წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომლის აფეთქება დაიწყო მექსიკაში 2009 წლის აპრილის ბოლოს. დაავადების გამომწვევია A გრიპის ვირუსი, რომელიც გენეტიკურად ახლოს დგას ღორის გრიპის ვირუსთან. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეს შტამი ადრე ღორებისგან არასოდეს ყოფილა გამოყოფილი. ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის შემადგენლობაში შედის: ჩრდილოამერიკული ღორის, აზია-ევროპის ღორების, ადამიანისა და ფრინველის გრიპის ვირუსების გენეტიკური მასალა. ამიტომაა, რომ მეცნიერები ამ ვირუსს ,,ოთხმაგი რეასორტაციის" ვირუსს უწოდებენ.

პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის სინონიმებს წარმოადგენს 2009 წლის პანდემიური გრიპი, მექსიკური გრიპი A(H1N1), კალიფორნიული გრიპი A(H1N1), ადამიანის ღორის გრიპი და ასე შემდეგ.

- როგორია ღორის გრიპის სიმპტომები? განსხვავდება თუ არა ისინი სეზონური გრიპისათვის დამახასიათებელი გამოვლინებებისგან?

- ღორის გრიპის ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სიმპტომებისა. პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის ინკუბაციური (ინფიცირებიდან დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე) პერიოდი საშუალოდ 3-4 დღეს შეადგენს. ინკუბაციური პერიოდის მაქსიმალურ ვადად უნდა ჩაითვალოს 7 დღე. პაციენტთა უმრავლესობას დაავადება ეწყება მაღალი ცხელებით (ჩვეულებრივ 38 გრადუსზე მეტი) და რესპირაციული სიმპტომებით – ყელის ტკივილით, ხველითა და თავის ტკივილით. ხშირია ცხვირიდან გამონადენის არსებობა, ცხვირის გაჭედვა. გარდა ამისა, აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა ანუ ფაღარათი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ადვილად დაღლა. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ვლინდება სუნთქვის უკმარისობა და დეჰიდრატაცია (გამოშრობა), ნევროლოგიური მოშლილობები და სხვა.

- შესაძლოა თუ არა, ღორის გრიპი ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობდეს? რა განასხვავებს კლინიკური გამოვლინების მხრივ გრიპსა და ჩვეულებრივ გაციებას? უკავშირდება თუ არა გაციება ვირუსებით ინფიცირებას?

- პანდემიური (H1N1) 2009 გრიპი შესაძლოა მსუბუქად წარიმართოს, ზოგჯერ ცხელების გარეშეც კი, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ტიპურ შემთხვევებში მას ახასიათებს უეცარი დასაწყისი შემცივნებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მაღალი ცხელებით. გამოვლინების ამ თავისებურებით ის განსხვავდება სხვა რესპირაციული დაავადებებისგან, რომელთაც პაციენტები ჩვეულებრივ გაციებას ეძახიან. ეს უკანასკნელი თანდათანობით იწყება, ტემპერატურის ნაკლები მატება ახასიათებს, თავისა და კუნთების ტკივილიც ნაკლებად არის გამოხატული. ეგრეთ წოდებული გაციება წარმოადგენს სხვადასხვა ვირუსით (პარაგრიპის ვირუსით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, რინოვირუსით, ადენოვირუსით და სხვა) გამოწვეულ ინფექციებს.

- რა გართულებებია მოსალოდნელი ღორის გრიპის ანუ პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის დროს? რამდენად მაღალია სიკვდილიანობა?

- პანდემიურ (H1N1) 2009 გრიპს იგივე გართულებები ახასიათებს, რაც სეზონურს. კერძოდ:

. ზემო სასუნთქი გზების დაავადებები (სინუსიტი ანუ ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება, ოტიტი ანუ ყურის ანთება, კრუპი);

. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები (ფილტვების ანთება - პნევმონია, ბრონქიოლიტი, ასთმის შეტევა);

. გულის ანთებითი დაავადებები (მიოკარდიტი, პერიკარდიტი);

. ნევროლოგიური დარღვევები (მწვავე ინფექციის შემდგომი ენცეფალოპათია, ენცეფალიტი, ფებრილური კრუნჩხვა, ეპილეფსიური სტატუსი);

. დეჰიდრატაცია ან შოკის სინდრომი;

. თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამწვავება.


ჩვენი პაციენტებისთვის კარგად ნაცნობი სეზონური გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა მაღალია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, ორსულებსა და ასაკოვნებში. ასეთივე ვითარებაა პანდემიურ (H1N1) 2009 გრიპთან მიმართებითაც. სტატისტიკური მონაცემებიდან ცნობილია, რომ მექსიკაში ღორის გრიპის 10262 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან მხოლოდ 119 დასრულდა პაციენტის სიკვდილით. სიკვდილის შემთხვევები დაკავშირებული იყო სუნთქვის უკმარისობასთან, ფილტვების მძიმე ანთებასთან და მწვავე რესპირაციულ დისტრეს სინდრომთან.

სუნთქვის უკმარისობასთან ერთად შემთხვევათა 24 პროცენტში აღინიშნებოდა თირკმლის ან მულტიორგანული (მრავალი ორგანოს) უკმარისობა. დღეისთვის პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის დადასტურებულ შემთხვევებში სიკვდილიანობა დაახლოებით 0,6%-ს შეადგენს.

- როდის წყდება ღორის გრიპით დაავადებულის სტაციონარში გადაყვანა?

- არსებობს სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც აუცილებელია ინფექციონისტის კონსულტაცია ან სტაციონარში მკურნალობა. მათ შორის აღსანიშნავია 380C-ზე მაღალი ცხელება, რომელსაც თან ახლავს:

. სუნთქვის რიტმის დარღვევა ან სუნთქვის გაძნელება;

. სუნთქვაში დამხმარე (კისრის, მხრის, ნესტოების) კუნთების მონაწილეობა;

. სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, რასაც სპეციალური ხელსაწყოთი ადგენენ;

. ცვლილებები გულმკერდის რენტგენოგრამაზე;

. თანმხლები დაავადებების დამძიმება;

. ცნობიერების მოშლა.

გარდა ამისა, საყურადღებოა ის შემთხვევები, როცა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება და ამის გამო საჭირო ხდება ექიმის განმეორებითი კონსულტაცია. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როცა პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფს ეკუთვნის. ცნობილია, რომ განსაზღვრული კატეგორიის პაციენტებში გრიპი გართულებებით, მძიმედ მიმდინარეობს. მაღალი რისკის მქონე პაციენტები არიან:

. ორსულები, განსაკუთრებით - ორსულობის გვიანდელ სტადიაში;

. 65 წელს გადაცილებულები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები (განსაკუთრებით - 2 წლამდე ასაკის პატარები);

. ფილტვების ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, მუკოვისციდოზი) მქონე პაციენტები;

. გულის ქრონიკული დაავადებების (გარდა არტერიული ჰიპერტენზიისა) მქონე პაციენტები;

. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები (ეს უკანასკნელი შესაძლოა აივ-ინფექციით ან კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობით იყოს გამოწვეული);

. სისხლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები;

. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები;

. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები;

. 18 წლამდე ასაკის პაციენტები, რომლებიც დიდი ხანია იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას ანუ ასპირინს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ხანდაზმულებს (65 წელს გადაცილებულებს) პანდემიური (H1N1) 2009 ვირუსული ინფექციის მიმართ ნაკლები მიმღებლობა ახასიათებთ, თუმცა მაინც რისკის ჯგუფში ირიცხებიან, რადგან ინფიცირების შემთხვევაში დაავადება მათ ორგანიზმში მძიმედ, გართულებებით მიმდინარეობს.

- როგორია გრიპის მკურნალობის პრინციპები?

- დაავადების მსუბუქი ფორმის დროს, რომელიც ყველაზე ხშირია, საკმარისია სიმპტომური მკურნალობა, მაგალითად, ტკივილის შემსუბუქება, ტემპერატურის დაწევა.

მძიმე შემთხვევებში, პროგრესირებადი დაავადებისას, ასევე რისკის ჯგუფის პაციენტებში საჭიროა ანტივირუსული მკურნალობა. ამ კატეგორიის პაციენტებს ანტივირუსული მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაუტარდეთ.

დაავადების მსუბუქი, გაურთულებელი ფორმის დროს და იმ შემთხვევებში, როცა არ არსებობს მძიმე ფორმის განვითარების რისკი, ანტივირუსული მკურნალობა საჭირო არ არის.

- მოსახლეობამ უკვე დაისწავლა გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატების სახელები. რას ნიშნავს ტერმინი "ანტივირუსული", რამდენად აუცილებელია ეს მედიკამენტები და როგორია მათი გამოყენების ჩვენება?

- ანტივირუსული პრეპარატი არის საშუალება, რომელიც მოქმედებს უშუალოდ ვირუსზე და ხელს უშლის მის გამრავლებას. ამჟამად არსებობს ორი ამგვარი პრეპარატი - ოსელტამივირი და ზანამივირი. ორივე მათგანი ბლოკავს ვირუსის პროტეინის – ნეირამინიდაზის მოქმედებას.

სეზონური გრიპის დროს მათ მოქმედებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პრეპარატები ამცირებენ დაავადების ხანგრძლივობას, გართულებათა სიხშირესა და სიკვდილიანობას. ვინაიდან ეს პრეპარატები ეფექტური იყო სეზონური გრიპის მკურნალობისას, მოსალოდნელია, რომ ეფექტური იქნება პანდემიური (H1N1) 2009 ინფექციის შემთხვევაშიც. ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების პრიორიტეტი მძიმედ მიმდინარე შემთხვევების მკურნალობაა.


- აუცილებელია თუ არა ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე ღორის გრიპის დიაგნოზის ლაბორატორიული დადასტურება?

- კვლევებმა ცხადყო, რომ ანტივირუსული მკურნალობის ადრეული, განსაკუთრებით - დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაწყებული მკურნალობისას კლინიკური დასასრული უკეთესია. დაგვიანების შემთხვევაში მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაციენტებს, რომლებსაც დაავადება თავიდანვე მწვავედ განუვითარდათ და შემდგომ მდგომარეობა გაუუარესდათ, ანტივირუსული მკურნალობა უნდა დაეწყოთ დაუყოვნებლივ, ლაბორატორიის შედეგების მიღებამდე. იგივე რეკომენდაცია ვრცელდება იმ პაციენტებზეც, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების განვითარების დიდი ალბათობა.

- ჩვენს მკითხველს აინტერესებს, რატომ აღარ ახსენებენ ღორის გრიპთან დაკავშირებით ისეთ ანტივირუსულ პრეპარატებს, როგორიც არის ამანტადინი და რემანტადინი.

- ცნობილია, რომ ამანტადინისა და რემანტადინის მიმართ, რომლებიც ანტივირუსული პრეპარატების სხვა ჯგუფს ეკუთვნის, პანდემიური გრიპის ვირუსი რეზისტენტულია. მათ უმთავრესად სეზონური გრიპის სამკურნალოდ იყენებენ.

- შესაძლებელია თუ არა, ადამიანი ღორის გრიპით ხელმეორედ დაავადდეს?

- ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, ადამიანი პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის ვირუსით გარმეორებით არ ავადდება.

- როგორ ხდება პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის დიაგნოსტიკა, ვის უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული კვლევა?

- როდესაც ცნობილია ქვეყანაში ვირუსის ცირკულაციის შესახებ, გაურთულებელი გრიპის დიაგნოზი შეიძლება დაისვას კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით.

ლაბორატორიული კვლევის ჩატარება რეკომენდებულია მაღალი რისკის მქონე პაციენტებში დიაგნოზის დასადასტურებლად. სადღეისოდ ერთადერთი ტესტი, რომელსაც აქვს საკმარისი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის სადიაგნოზოდ, არის პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია - პჯრ (/PCR).

ასევე საიმედო მეთოდია გრიპის ვირუსის გამოყოფა, თუმცა მას პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია, რადგან კვლევის შედეგი გვიან ხდება ცნობილი. ლაბორატორიული კვლევისთვის მასალას იღებენ ცხვირ-ხახიდან, ცხვირის ღრმა მიდამოებიდან, ზოგჯერ კი კვლევისთვის ხორხის ან ბრონქულ ასპირატს იყენებენ.

- როგორ მოვიქცეთ ღორის გრიპის გაურთულებელ შემთხვევებში? ამ დროსაც მნიშვნელოვანია თუ არა წოლითი რეჟიმის დაცვა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღება? როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში?

- თუ ექიმი შესაძლებლად მიიჩნევს დაავადებულის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

. ავადმყოფი განცალკევებული უნდა იყოს ოჯახის სხვა წევრებისგან, სულ მცირე, 1 მეტრის მოშორებით;

. ავადმყოფის მოვლისას ცხვირ-პირზე ნიღაბი აიფარეთ. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომერციული, ასევე შინ ნაკეთი ქსოვილის, მაგალითად, ოთხკეცი დოლბანდის ნიღაბი. გამოყენების შემდეგ ნიღაბი უნდა გადააგდოთ ან სათანადოდ გაასუფთაოთ (გარეცხოთ გააუთოოთ);

. ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით;

. ხშირად გაანიავეთ ის ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი;

. გამოიყენეთ საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს.

რეკომენდებულია:

. კუნთების ტკივილის, მაღალი სიცხისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ პარაცეტამოლი, იბუპროფენი;

. წოლითი რეჟიმი;

. სითხეების მიღება;

. არ შეიძლება მოწევა ან მწეველთა გარემოში ყოფნა.


- როგორ მოვიქცეთ გრიპის სიმპტომების გამოვლენისას?

- თუ გაქვთ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, ანუ მაღალი სიცხე, ხველა, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, შეასრულეთ მისი დანიშნულება და გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები.

დახმარებისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ მწვავედ განვითარდა შემდეგი სიმპტომები:

. 380C-ზე მაღალი ცხელება და გრიპისთვის დამახასიათებელი ერთი ან რამდენიმე ნიშანი – ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ღებინება, ფაღარათი;

. სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადება, რომელიც ქოშინით ან სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს;

. სუნთქვის გახშირება;

. გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას;

. ჩირქიანი ნახველი;

. შეუჩერებელი ღებინება.

გახსოვდეთ, პროგრესირებადი დაავადების ნიშნებია:

. მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში;

. სუნთქვის გაძნელება ან ციანოზი;

. სისხლიანი ან შეფერადებული ნახველი;

. ტკივილი გულმკერდის არეში ან დაბალი წნევა;

. ბავშვებში - სწრაფი ან ხმაურიანი სუნთქვა;

. ძილად მივარდნა, აგზნება, ძლიერი სისუსტე;

. დეჰიდრატაცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუხვევა, შარდის გამოყოფის შემცირება ან ლეთარგია.

ამ ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.