ნეიროინფექციები: მენინგიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეიროინფექციები: მენინგიტი

გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ლალი ნებიერიძე.

- მენინგიტს ყველაზე ხშირად მენინგოკოკი იწვევს, თუმცა ადამიანი შესაძლოა ამ ბაქტერიის მატარებელი იყოს და მენინგიტით არ დაავადდეს. რით აიხსნება ეს?

- მენინგოკოკური ინფექცია დედამიწის ყველა კონტინენტზე გვხვდება. მე-20 საუკუნეში 10-15-წლიანი ინტერვალით აღირიცხა რამდენიმე ეპიდემიური ტალღა. დაავადების გამომწვევი, მენინგოკოკი, გარემოში ნაკლებად გამძლეა, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და 1000C-ზე მყისვე იღუპება. ასევე ცუდად იტანს დაბალ ტემპერატურას, გაშრობას, მზის სხივებს. სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით იღუპება რამდენიმე წუთში. ინფექციის წყაროა ადამიანი, კერძოდ:

  • მენინგიტითა და მენინგოკოქცემიით დაავადებული;
  • ნაზოფარინგიტით დაავადებული;
  • მენინგოკოკის მატარებელი.

ავადმყოფი გადამდებია პროდრომულ პერიოდში (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) და დაავადების პირველ დღეებში. დაავადებული ექვსჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე მენინგოკოკის მატარებელი, მაგრამ მატარებლობის ფართო გავრცელების გამო (2-30%) ინფექციის ძირითად წყაროდ მაინც ეს უკანასკნელი გვევლინება. აქვე უნდა ითქვას, რომ ტერმინი `მატარებლობა~ პირობითია, ვინაიდან ამ დროს ინფექციური პროცესი მაინც მიმდინარეობს, თუმცაღა კლინიკური გამოვლინების გარეშე. მატარებელთა რიცხვი იმატებს ეპიდემიის დროს (მოსახლეობის 20-30%), ეპიდემიათა შორის პერიოდში კი 1-2%-მდე მცირდება. ადამიანისგან ადამიანს ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ვინაიდან მენინგოკოკი გარემოში მალე იღუპება, ადამიანი ავადდება ინფექციის წყაროსთან ხანგრძლივი და ახლო (0,5 მეტრზე) კონტაქტის შემთხვევაში. მენინგოკოკურ ინფექციას ახასიათებს პერიოდულობა. ავადობა იმატებს 10-15 წელიწადში ერთხელ, ზამთარში და გაზაფხულზე. წლიურ შემთხვევათა 70% თებერვალ-მაისის წილად მოდის. ავადობის სეზონურ მატებას ხელს უწყობს მომატებული ტენიანობა და ტემპერატურის ცვალებადობა, რაც ქმნის პირობებს ადამიანთა მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისთვის, ამიტომ მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ხშირია დახურულ კოლექტივებში - ბავშვთა ბაგა-ბაღებში, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, საერთო საცხოვრებლებში და სხვა.

- რა ასაკისანი ავადდებიან ყველაზე ხშირად?

- მენინგოკოკური ინფექციით ავადდება ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ შემთხვევათა 70-75% 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილად მოდის. მეორე ადგილზეა 15-დან 25 წლამდე ასაკი. ეპიდემიის დროს ინფექცია მოწიფული ასაკის ადამიანებშიც გვხვდება, ეპიდემიათა შორის პერიოდში კი უმთავრესად (80%) ადრეული ასაკის ბავშვები ავადდებიან, თუმცა მენინგოკოკის მატარებლები უპირატესად მოზრდილები არიან. სიკვდილიანობა უმთავრესად ელვისებური ფორმებითა და დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციით არის განპირობებული. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი ავადობა იშვიათია.

- როგორ ხვდება ორგანიზმში და რას აზიანებს მენინგოკოკი?

- მენინგოკოკი ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან. უმეტესად ყალიბდება ე. წ. ჯანმრთელი მატარებლობა. ათიდან 1-3 შემთხვევაში ვითარდება ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთება - ნაზოფარინგიტი. უფრო იშვიათად (1-3%) მენინგოკოკი ლახავს ადგილობრივ ბარიერს, სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება და იწვევს გენერალიზებულ ინფექციას - ბაქტერიემიას. მენინგოკოკების სწრაფი კვდომის გამო ბაქტერიემიას თან სდევს ტოქსინემია - მკვდარი მენინგოკოკები გამოყოფენ ტოქსინს, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, არღვევს ცენტრალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების მოქმედებას. როდესაც მენინგოკოკი ლახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ვითარდება ტვინის გარსების ჩირქოვანი ანთება. რბილი გარსები შეშუპებული და ჰიპერემიულია,  გახვეულია ჩირქოვან ექსუდატში. რბილი გარსებიდან ანთება გადადის თავის ტვინზე.

- რას უჩივის ამ დროს ადამიანი?

- ჩივილები იმაზეა დამოკიდებული, მენინგოკოკური ინფექციის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე. განასხვავებენ:

  • ადგილობრივ ფორმებს: მენინგოკოკის მატარებლობას და მწვავე ნაზოფარინგიტს;
  • გენერალიზებულ ფორმებს:
  • მენინგიტს;
  • მენინგოენცეფალიტს;
  • მენინგოკოქცემიას (ტიპურს,  ელვისებურს);
  • შერეულს (მენინგიტ-მენინგოკოქცემია);
  • იშვიათ ფორმებს:
  • გულის გარსების დაზიანებით მიმდინარეს (ენდოკარდიტი);
  • სახსრების დაზიანებით მიმდინარეს (პოლიართრიტი);
  • პნევმონიას;
  • ოსტეომიელიტს და სხვა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მენინგოკოკური ინფექცია ყველაზე ხშირად ნაზოფარინგიტით ვლინდება. ავადმყოფს ეწყება თავის ტკივილი, განსაკუთრებით - შუბლისა და საფეთქლის არეში, ტემპერატურა 37-380C-მდე იმატებს და გრძლდება 1-3 დღე. მასთან ერთად თავს იჩენს ტკივილი ყლაპვის დროს, ყელში ფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა. ცხვირის გასავლების შეშუპების გამო ჭირს სუნთქვა, ვითარდება ე.წ. მშრალი სურდო, იშვიათად აღინიშნება ცხვირიდან ლორწოვან-ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენი. გასინჯვისას ვლინდება ხახის უკანა კედლის შეშუპება, შეწითლება და მარცვლოვანება, 10-15%-ში დაავადების მე-2-3 დღეს ტუჩებისა და ცხვირის არეში ჩნდება ჰერპესი. დაავადება 3-5 დღე გრძელდება. მძიმე ფორმას თან სდევს მაღალი სიცხე, თავბრუხვევა, სიფითრე, აჩქარებული მაჯისცემა. ავადმყოფი მივარდნილია, აღებინებს. ასეთ დროს კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების გაჩენა და მენინგეალური სინდრომის გამოვლენა პროცესის გენერალიზაციის მაუწყებელია. საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ადეკვატური ზომების მიღება სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად.

მენინგიტი უეცრად იწყება. ავადმყოფი (თუ გონზეა და კონტაქტში შემოდის) დაავადების დაწყების საათსაც კი მიუთითებს. ათიდან 2-3 შემთხვევაში მენინგიტი შესაძლოა განვითარდეს ნაზოფარინგიტის ფონზე. დასაწყისი ამ შემთხვევაშიც მძაფრია - შემცივნების ფონზე ტემპერატურა 39-400C-ს აღწევს, ვითარდება თავის ტკივილი, რომელიც მალე აუტანელი ხდება, ძლიერდება ღამით, ხმაურისა და მოძრაობის დროს. იწყება ღებინება, თუმცა მას შვება არ მოაქვს. ამ სამ ძირითად ნიშანს: ტემპერატურას, თავის ტკივილსა და ღებინებას - მენინგიტური ტრიადა ეწოდება. ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად დამახასიათებელია კუნთების ტკივილი,  მკვეთრი ჰიპერესთეზია,  ჰიპერკინეზია (ავადმყოფს ტანჯვას აყენებს ხმაური, შეხება, სინათლე), უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდვა. ავადმყოფი წამოწითლებული და აგზნებულია, ცნობიერება თავდაპირველად შენარჩუნებული აქვს, თუმცა მალევე უვითარდება მენინგეალური სინდრომი, კუნთები დაჭიმული აქვს, წევს დამახასიათებელ, ე. წ. მეძებარი ძაღლის პოზაში. მძიმე შემთხვევებში - დაავადების პირველსავე საათებში, უმეტესად კი მეორე დღეს ტვინის შეშუპების გამო ვითარდება მოტორული აგზნება, იწყება ბოდვა, ჰალუცინაციები, ავადმყოფი თანდათან კარგავს გონებას, ზოგჯერ აქვს ტონური და კლონური კრუნჩხვებიც. ჰერპესული ინფექციის გააქტიურების შემთხვევაში დაავადების მე-3-4 დღეს ვითარდება ცხელების მეორე ტალღა.


- ტოვებს თუ არა მენინგიტი ნარჩენ მოვლენებს, ავადმყოფი სავსებით გამოჯანმრთელდება თუ არა?

- სუფთა მენინგიტის დროს დაზიანებები გარდამავალი ხასიათისაა. ნარჩენი მოვლენები უმთავრესად გამოხატულია ასთენიური სინდრომის (სისუსტე, მოდუნება) სახით. დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სიყრუე (2-3%), პატარებში - ყრუმუნჯობა. ენცეფალიტით მიმდინარე შემთხვევებში იშვიათად გვხვდება პარეზი, დამბლა და ჰიდროცეფალია.

- როგორ მიმდინარეობს მენინგიტი ბავშვებში?

- წლამდე ასაკის პატარებში მენინგიტი ატიპურად მიმდინარეობს. დაავადების ძირითადი ნიშნებია ცხელება, ღებინება და უეცარი, უმიზეზო ტირილი. ბავშვს ეწყება ხელების კანკალი, თავი უკან აქვს გადავარდნილი, მენინგეალური სინდრომი უმთავრესად ყიფლიბანდის ამობურცვითა და დაჭიმულობით ვლინდება. დამახასიათებელია ტონურ-კლონური კრუნჩხვები. პათოლოგიური რეფლექსები არამუდმივია. წამყვანია ზოგადი ტოქსიკოზი. ჰიპოტროფიულ (კვებანაკლულ) ბავშვებს ყიფლიბანდი შესაძლოა არამცთუ დაჭიმული და ამობურცული, არამედ, პირიქით, ჩაწეულიც კი ჰქონდეთ. ამდენად, ყიფლიბანდის მდგომარეობის მიხედვით მენინგიტის დიაგნოზს ვერ დავსვამთ. რაც უნდა მიუღებელი იყოს მშობლებისთვის, ბავშვებს მენინგიტის სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ უნდა ჩაუტარდეთ თავზურგტვინის პუნქცია. მიღებული სითხის ფერისა და წნევის დადგენის, მიკროსკოპიული ანალიზის შემდეგ ისმება დიაგნოზი. მკურნალობის პროცესში რამდენიმე პუნქციის ჩატარებაც კი ხდება საჭირო. შედარებით მოზრდილ ბავშვებთან, რომელთაც თავიანთი ჩივილების გადმოცემა შეუძლიათ, დიაგნოზის დასმა უფრო ადვილია, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ვირუსული ინფექციის ფონზე ვითარდება მენინგიტისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ცხელება, თავის ტკივილი და ღებინება. ეს არის არა მენინგიტი, არამედ მენინგიზმი. ამ დროს თავზურგტვინის პუნქტატში არ ჩანს მენინგიტისთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანი, გარდა წნევის მომატებისა. პუნქციის შემდეგ მენინგეალური სინდრომი 1-2 დღეში გაივლის.

- ახდენს თუ არა გავლენას მენინგიტის მიმდინარეობაზე მისი გამომწვევი ბაქტერია?

- როგორც აღვნიშნეთ, ჩირქოვანი მენინგიტი შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ მენინგოკოკმა, არამედ პნევმოკოკმა, სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა, ჰემოფილურმა ჩხირმა, ტუბერკულოზურმა ჩხირმა და სხვა. დიფერენცირება მხოლოდ თავზურგტვინის პუნქტატის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზეა შესაძლებელი, თუმცა კლასიკური მიმდინარეობის შემთხვევაში მათი განსხვავება სწორად შეკრებილი ანამნეზის მეშვეობითაც შესაძლებელია. მენინგოკოკურ მენინგიტს კლინიკურად ძალიან ჰგავს პნევმოკოკური და სტრეპტოკოკური მენინგიტი. პნევმოკოკური მენინგიტით უმთავრესად ადრეული ასაკის ბავშვები ავადდებიან. ამ დროს, მენინგოკოკური მენინგიტისგან განსხვავებით, ნერვული სისტემის კეროვანი დაზიანებანი ვლინდება დაავადების პირველ-მეორე დღეს. დაავადება ხშირად რთულდება ტვინის შეშუპებით. ზურგის ტვინის სითხე  მომწვანო ფერისაა, ცილა უფრო შესამჩნევად იმატებს. პფეიფერის ბაქტერიით გამოწვეული ჩირქოვანი მენინგიტი 2-დან 14 თვემდე ასაკის ბავშვებს ემართებათ, უმთავრესად - რაქიტულ და ჰიპოტროფიულ პატარებს ოტიტის,  პნევმონიის და სხვა დაავადებების ფონზე. ზურგის ტვინის სითხე დიდი ოდენობით ბაქტერიების არსებობის გამო მომწვანო და ძალიან მღვრიეა. სტაფილოკოკური მენინგიტი უმთავრესად სეფსისის ან სხვა ჩირქოვანი კერების არსებობის ფონზე ვითარდება. ახასიათებს აბსცედირება (თავის ტვინში ჩირქოვანი კერების წარმოშობა). ტუბერკულოზურ მენინგიტს, მენინგოკოკურისგან განსხვავებით, ახასიათებს თანდათანობითი დასაწყისი თავის ზომიერი ტკივილით. მენინგეალური სინდრომი ყალიბდება დაავადების მე-6-8 დღეს. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს პერიფერიული სისხლისა და ლიქვორის გამოკვლევას. საჭიროა სპეციალური გამოკვლევებიც - მანტუს რეაქცია, ფილტვების რენტგენოგრაფია.

- ვიცით, რომ დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მენინგიტით დაავადებული სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ რა პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება იქ, სადაც ცხოვრობდა, მუშაობდა ან სწავლობდა დაავადებული? როგორ უნდა მოიქცნენ მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები?

- მენინგიტით დაავადებულთან კონტაქტში მყოფებს კვირის მანძილზე უნდა ჩაუტარდეთ ცხვირ-ხახის ნაცხის ორჯერადი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მატარებელთა გამოვლენის მიზნით. ამასთანავე, 10 დღის განმავლობაში იკრძალება კოლექტივში ახალი პირების მიღება. ნაზოფარინგიტით დაავადებულს და ჯანმრთელ მატარებელს მკურნალობენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ათავისუფლებენ ბავშვთა დაწესებულებიდან (სკოლა, ბაღი) ან სამუშაოდან და დაუშვებენ მკურნალობის (სანაციის) დამთავრებიდან 3 დღის შემდეგ, 1-2-დღიანი ინტერვალით ჩატარებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზის უარყოფითი პასუხით. მენინგოკოკის გადაცემის აღსაკვეთად საჭიროა კერაში მყოფი პირების განცალკევება, შენობის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით, ჭურჭლისა და სათამაშოების გამოხარშვა, ჰაერის ულტრაიისფერი დასხივება, საერთო ჰიგიენური რეჟიმის დაცვა. აფეთქების დროს მიზანშეწონილია, მოსახლეობაში ჩატარდეს სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რათა სიცხიანმა და ნაზოფარინგიტით დაავადებულმა დროულად მიმართოს ექიმს. მენინგოკოკური ინფექციის აქტიური პროფილაქტიკისთვის შექმნილია A, C და B ჯგუფის პოლისაქარიდული ვაქცინები. თავად მენინგიტით დაავადებულის კოლექტივში დაშვება შეიძლება საავადმყოფოდან გაწერიდან 10 დღისა და ლიქვორის ერთი უარყოფითი ბაქტერიოლოგიური პასუხის შემდეგ.