ნეიროინფექციები: მენინგიტი

გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ლალი ნებიერიძე.
- მენინგიტს ყველაზე ხშირად მენინგოკოკი იწვევს, თუმცა ადამიანი შესაძლოა ამ ბაქტერიის მატარებელი იყოს და მენინგიტით არ დაავადდეს. რით აიხსნება ეს?- მენინგოკოკური ინფექცია დედამიწის ყველა კონტინენტზე გვხვდება. მე-20 საუკუნეში 10-15-წლიანი ინტერვალით აღირიცხა რამდენიმე ეპიდემიური ტალღა. დაავადების გამომწვევი, მენინგოკოკი, გარემოში ნაკლებად გამძლეა, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და 1000C-ზე მყისვე იღუპება. ასევე ცუდად იტანს დაბალ ტემპერატურას, გაშრობას, მზის სხივებს. სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით იღუპება რამდენიმე წუთში. ინფექციის წყაროა ადამიანი, კერძოდ:
- მენინგიტითა და მენინგოკოქცემიით დაავადებული;
- ნაზოფარინგიტით დაავადებული;
- მენინგოკოკის მატარებელი.
ავადმყოფი გადამდებია პროდრომულ პერიოდში (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) და დაავადების პირველ დღეებში. დაავადებული ექვსჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე მენინგოკოკის მატარებელი, მაგრამ მატარებლობის ფართო გავრცელების გამო (2-30%) ინფექციის ძირითად წყაროდ მაინც ეს უკანასკნელი გვევლინება. აქვე უნდა ითქვას, რომ ტერმინი `მატარებლობა~ პირობითია, ვინაიდან ამ დროს ინფექციური პროცესი მაინც მიმდინარეობს, თუმცაღა კლინიკური გამოვლინების გარეშე. მატარებელთა რიცხვი იმატებს ეპიდემიის დროს (მოსახლეობის 20-30%), ეპიდემიათა შორის პერიოდში კი 1-2%-მდე მცირდება. ადამიანისგან ადამიანს ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ვინაიდან მენინგოკოკი გარემოში მალე იღუპება, ადამიანი ავადდება ინფექციის წყაროსთან ხანგრძლივი და ახლო (0,5 მეტრზე) კონტაქტის შემთხვევაში. მენინგოკოკურ ინფექციას ახასიათებს პერიოდულობა. ავადობა იმატებს 10-15 წელიწადში ერთხელ, ზამთარში და გაზაფხულზე. წლიურ შემთხვევათა 70% თებერვალ-მაისის წილად მოდის. ავადობის სეზონურ მატებას ხელს უწყობს მომატებული ტენიანობა და ტემპერატურის ცვალებადობა, რაც ქმნის პირობებს ადამიანთა მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისთვის, ამიტომ მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ხშირია დახურულ კოლექტივებში - ბავშვთა ბაგა-ბაღებში, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, საერთო საცხოვრებლებში და სხვა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რა ასაკისანი ავადდებიან ყველაზე ხშირად?
- მენინგოკოკური ინფექციით ავადდება ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ შემთხვევათა 70-75% 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილად მოდის. მეორე ადგილზეა 15-დან 25 წლამდე ასაკი. ეპიდემიის დროს ინფექცია მოწიფული ასაკის ადამიანებშიც გვხვდება, ეპიდემიათა შორის პერიოდში კი უმთავრესად (80%) ადრეული ასაკის ბავშვები ავადდებიან, თუმცა მენინგოკოკის მატარებლები უპირატესად მოზრდილები არიან. სიკვდილიანობა უმთავრესად ელვისებური ფორმებითა და დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციით არის განპირობებული. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი ავადობა იშვიათია.
- როგორ ხვდება ორგანიზმში და რას აზიანებს მენინგოკოკი?
- მენინგოკოკი ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან. უმეტესად ყალიბდება ე. წ. ჯანმრთელი მატარებლობა. ათიდან 1-3 შემთხვევაში ვითარდება ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთება - ნაზოფარინგიტი. უფრო იშვიათად (1-3%) მენინგოკოკი ლახავს ადგილობრივ ბარიერს, სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება და იწვევს გენერალიზებულ ინფექციას - ბაქტერიემიას. მენინგოკოკების სწრაფი კვდომის გამო ბაქტერიემიას თან სდევს ტოქსინემია - მკვდარი მენინგოკოკები გამოყოფენ ტოქსინს, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, არღვევს ცენტრალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების მოქმედებას. როდესაც მენინგოკოკი ლახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ვითარდება ტვინის გარსების ჩირქოვანი ანთება. რბილი გარსები შეშუპებული და ჰიპერემიულია, გახვეულია ჩირქოვან ექსუდატში. რბილი გარსებიდან ანთება გადადის თავის ტვინზე.
- რას უჩივის ამ დროს ადამიანი?
- ჩივილები იმაზეა დამოკიდებული, მენინგოკოკური ინფექციის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე. განასხვავებენ:
- ადგილობრივ ფორმებს: მენინგოკოკის მატარებლობას და მწვავე ნაზოფარინგიტს;
- გენერალიზებულ ფორმებს:
- მენინგიტს;
- მენინგოენცეფალიტს;
- მენინგოკოქცემიას (ტიპურს, ელვისებურს);
- შერეულს (მენინგიტ-მენინგოკოქცემია);
- იშვიათ ფორმებს:
- გულის გარსების დაზიანებით მიმდინარეს (ენდოკარდიტი);
- სახსრების დაზიანებით მიმდინარეს (პოლიართრიტი);
- პნევმონიას;
- ოსტეომიელიტს და სხვა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მენინგოკოკური ინფექცია ყველაზე ხშირად ნაზოფარინგიტით ვლინდება. ავადმყოფს ეწყება თავის ტკივილი, განსაკუთრებით - შუბლისა და საფეთქლის არეში, ტემპერატურა 37-380C-მდე იმატებს და გრძლდება 1-3 დღე. მასთან ერთად თავს იჩენს ტკივილი ყლაპვის დროს, ყელში ფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა. ცხვირის გასავლების შეშუპების გამო ჭირს სუნთქვა, ვითარდება ე.წ. მშრალი სურდო, იშვიათად აღინიშნება ცხვირიდან ლორწოვან-ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენი. გასინჯვისას ვლინდება ხახის უკანა კედლის შეშუპება, შეწითლება და მარცვლოვანება, 10-15%-ში დაავადების მე-2-3 დღეს ტუჩებისა და ცხვირის არეში ჩნდება ჰერპესი. დაავადება 3-5 დღე გრძელდება. მძიმე ფორმას თან სდევს მაღალი სიცხე, თავბრუხვევა, სიფითრე, აჩქარებული მაჯისცემა. ავადმყოფი მივარდნილია, აღებინებს. ასეთ დროს კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების გაჩენა და მენინგეალური სინდრომის გამოვლენა პროცესის გენერალიზაციის მაუწყებელია. საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ადეკვატური ზომების მიღება სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად.
მენინგიტი უეცრად იწყება. ავადმყოფი (თუ გონზეა და კონტაქტში შემოდის) დაავადების დაწყების საათსაც კი მიუთითებს. ათიდან 2-3 შემთხვევაში მენინგიტი შესაძლოა განვითარდეს ნაზოფარინგიტის ფონზე. დასაწყისი ამ შემთხვევაშიც მძაფრია - შემცივნების ფონზე ტემპერატურა 39-400C-ს აღწევს, ვითარდება თავის ტკივილი, რომელიც მალე აუტანელი ხდება, ძლიერდება ღამით, ხმაურისა და მოძრაობის დროს. იწყება ღებინება, თუმცა მას შვება არ მოაქვს. ამ სამ ძირითად ნიშანს: ტემპერატურას, თავის ტკივილსა და ღებინებას - მენინგიტური ტრიადა ეწოდება. ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად დამახასიათებელია კუნთების ტკივილი, მკვეთრი ჰიპერესთეზია, ჰიპერკინეზია (ავადმყოფს ტანჯვას აყენებს ხმაური, შეხება, სინათლე), უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდვა. ავადმყოფი წამოწითლებული და აგზნებულია, ცნობიერება თავდაპირველად შენარჩუნებული აქვს, თუმცა მალევე უვითარდება მენინგეალური სინდრომი, კუნთები დაჭიმული აქვს, წევს დამახასიათებელ, ე. წ. მეძებარი ძაღლის პოზაში. მძიმე შემთხვევებში - დაავადების პირველსავე საათებში, უმეტესად კი მეორე დღეს ტვინის შეშუპების გამო ვითარდება მოტორული აგზნება, იწყება ბოდვა, ჰალუცინაციები, ავადმყოფი თანდათან კარგავს გონებას, ზოგჯერ აქვს ტონური და კლონური კრუნჩხვებიც. ჰერპესული ინფექციის გააქტიურების შემთხვევაში დაავადების მე-3-4 დღეს ვითარდება ცხელების მეორე ტალღა.