როგორ ვლინდება ბავშვებში სტრეპტოკოკური ინფექცია?
ცნობილია, რომ არსებობს სტრეპტოკოკების რამდენიმე ჯგუფი. რომელი მათგანია ადამიანისთვის ყველაზე საშიში?
- ყველაზე საშიშია ა ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი - GAS და B ჯგუფის სტრეპტოკოკი - GBS, რომლებიც ახალშობილებში ადგილობრივ ინფექციებსა და მძიმე გენერალიზებულ დაავადებას იწვევს. სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები უმთავრესად ცხოველთა ორგანიზმში ცირკულირებს, თუმცა ბოლო დროს ზოგიერთი მათგანიც იწვევს ადამიანის პათოლოგიას.
სტრეპტოკოკები ძლიერ მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების, განსაკუთრებით - პენიცილინის, ერითრომიცინის მიმართ, მალე იხოცებიან სადეზინფექციო ნივთიერებების ზემოქმედებით, სამაგიეროდ, კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას, გამომშრალ ჩირქში ან სისხლში სიცოცხლის უნარს კვირაობითა და თვეობით ინარჩუნებენ.
- რა ნიშნებით იჩენს თავს სტრეპტოკოკური ინფექცია?
- GAS-ს ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინება, ძლიერ მსუბუქი ფორმებიდან დაწყებული, მძიმე სეფსისური მიმდინარეობით დამთავრებული. კლინიკური სურათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი და იმუნური სტატუსი. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო ადვილია მისი დიაგნოსტიკა. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 7 დღემდე გრძელდება. სტრეპტოკოკური ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადგილობრივი, ასევე გენერალიზებული ფორმებით.
ადგილობრივ ფორმებს მიეკუთვნება ანგინა, რინიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი და სხვა. ეს ფორმები ვითარდება სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების ფონზე და მათ გართულებად მიიჩნევა, ისევე, როგორც ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პიელიტი, ნეფრიტი და სხვა. დაავადების ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოვლინება პირველადი ანთებითი კერების ლოკალიზაციით, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებით, სხვადასხვა ინტენსივობის ტემპერამენტული რეაქციით და სისხლში მიმდინარე ცვლილებებით - ლეიკოციტების, ედს-ის მომატებით.
- დამოკიდებულია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციის გამოვლინება ბავშვის ასაკზე?
- სტრეპტოკოკური ინფექცია 6 თვემდე, ჩვეულებრივ, ვლინდება ნაზოფარინგიტის სახით. ამ დროს აღინიშნება:
ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან;
ნესტოების ირგვლივ კანის აქერცვლა;
არარეგულარული ტემპერატურული რეაქციები.
მწვავე პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ ცხვირის გაღიზიანებამ და ცხვირით სუნთქვის გაძნელებამ (გაგუდვა) შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს. სამიდან თორმეტ წლამდე დაავადება სუბფებრილური ტემპერატურით იწყება. საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები საშუალოდ არის გამოხატული. ზოგჯერ ვითარდება ნაზოფარინგიტი ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენით. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია, რბილი. სტრეპტოკოკური ანგინისთვის (ტონზილოფარინგიტისთვის) დამახასიათებელია მოთეთრო ნადები ნუშურებზე ალისფერი ხახის ფონზე.
შესაძლოა, გართულდეს სინუსიტით, ოტიტით და სხვა. დაავადება გრძელდება 4-დან 8 კვირამდე, ზოგჯერ იღებს მორეციდივე ხასიათს. იმპეტიგოს ახასიათებს კანის ზედაპირული ჩირქოვანი დაზიანება, ფუფხი. შესაძლოა ჰიპერემიული კანის ფონზე გაჩნდეს მრგვალი, მწებავი ქარვისფერი ფუფხის მქონე 1-2მმ დიამეტრის გარდამავალი ვეზიკულური (შიგთავსიანი) გამონაყარი. შეინიშნება მახლობელი ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
- დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა. რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკები ითვლება არჩევის პრეპარატებად?
- სტრეპტოკოკური ინფექციის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით ათდღიანი მკურნალობა. გახსოვდეთ: 10 დღე საჭიროა სტრეპტოკოკის სრული განადგურებისთვის, ამიტომ კურსი ნაადრევად არ უნდა შეწყდეს, კლინიკური გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, რათა არ მოხდეს რეციდივი და საბოლოოდ რევმატიზმი არ ჩამოყალიბდეს. ქირურგიული ჩარევა შეიძლება პიოდერმიული (ჩირქოვანი) კერების არსებობის დროს. ინიშნება აგრეთვე ვიტამინთერაპია, სრულფასოვანი კვება.