რატომ ვითარდება Covid-19-ის დროს უეცარი სენსონევრალური სმენის დაქვეითება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება Covid-19-ის დროს უეცარი სენსონევრალური სმენის დაქვეითება

ფაქტია, რომ ვერაგი ვირუსის მავნე ზემოქმედებასა და მის შედეგებზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები საუბრობენ. აღარც ის გვაკვირვებს, რომ Covid-გადატანილი ზოგი ადამიანი სმენის დაქვეითებას უჩივის.

სწორედ ამ პრობლემაზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ოტორინოლარინგოლოგი, კლინიკური ნეიროოტოლოგი, მედიცინის დოქტორი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ეკატერინე ხარხელი (მასთან სრულ ინტერვიუს ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თებერვლის ნომერში წაიკითხავთ).

- Covid-19 ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ზედა სასუნთქი გზების უპირატესი დაზიანების გარდა, როგორც აღმოჩნდა, SARS-Cov-2 ვირუსი ასევე აზიანებს აუდიო-ვესტიბულურ სტრუქტურებსაც, შესაბამისად, გახშირდა კოვიდით გამოწვეული სენსონევრალური სმენის დაზიანების, თავბრუხვევების, ტინიტუსის შემთხვევები.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სმენის დაქვეითების სამი ტიპი არსებობს: სენსონევრალური (რომელიც შიგნითა ყურში განთავსებულ კოხლეარულ რეცეპტორულ აპარატს და სმენის ნერვს ეხება), კონდუქტიური ანუ ბგერის გამტარებლობითი და შერეული. ყველაზე მეტად გავრცელებულია სმენის სენსონევრალური დაქვეითება.

ცალკე ფენომენად უნდა განვიხილოთ უეცარი სენსონევრალური სმენის დაქვეითება (უსსდ), რომელიც ვითარდება მწვავედ, ყალიბდება წუთებიდან სამი დღის განმავლობაში. აუდიომეტრიულად ამ დროს სამ მოსაზღვრე სიხშირეზე მინიმუმ 30 დბ-ით სმენის ზღურბლთა მატება აღინიშნება. ჩვეულებრივ, სმენის დაქვეითება ვლინდება პირველი საათების განმავლობაში და თან ახლავს ტინიტუსი, შესაძლოა განვითარდეს თავბრუხვევაც. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ტინიტუსი ანუ ბგერის ან ხმაურის ფანტომური აღქმა სმენის სენსონევრალურ დაქვეითებას შეიძლება რამდენიმე დღითაც უსწრებდეს წინ.

მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად 100000 სულ მოსახლეზე უსსდ-ის 160-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

 

- რა არის, საზოგადოდ, უეცარი სენსონევრალური სმენის დაქვეითების (უსსდ) გამომწვევი ფაქტორები?

- ესენია: ვირუსები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, თრომბოემბოლიური დაავადებები, ტრავმები (როგორც ფიზიკური, ისე აკუსტიკური), სიმსივნეები (1-2%-ში მერვე წყვილი ნერვის და ნათხემ-ხიდის კუთხის სიმსივნეები), პერილიმფური ფისტულა, შუა და შიგნითა ყურის ინფექციები, აუტოიმუნური დაავადებები, ოტოტოქსიკური მედიკამენტებით მკურნალობა.

 

იდიოპათიურ სენსონევრალურ სმენის დაქვეითებას ვუწოდებთ სმენის დაქვეითების ისეთ შემთხვევას, როცა სენსონევრალური სმენის დაქვეითების ეტიოპათოგენეზი უცნობია.

 

რაც შეეხება SARS-Cov-2 ვირუსით გამოწვეულ უეცარ სენსონევრალურ სმენის დაქვეითებას. როგორც მოგეხსენებათ, Covid-19 მსოფლიო პანდემიად 2020 წლის მარტში გამოცხადდა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ კლინიკაში 45 წლის მამაკაცს, რომელიც ბრონქული ასთმით იყო დაავადებული და საკმაოდ მძიმე ფორმის Covid-19–ით მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ცალმხრივად სმენის მძიმე ხარისხის დაქვეითება დაუდგინა. საყურადღებოა, რომ ამ პაციენტს რემდესივირს და პლაზმოთერაპიასაც უტარებდნენ, ეს შემთხვევა მალევე მოექცა ოტოლოგების ყურადღების ცენტრში, თუმცაღა, ასეთი შემთხვევები უკვე მრავლად აღინიშნება, მათ შორის ჩვენთან- საქართველოშიც.

 

- თუ არის ამ ეტაპზე ცნობილი, რა მექანიზმით აზიანებს სმენის ანალიზატორს ახალი კორონავირუსი?

- SARS-Cov-ვირუსით გამოწვეული უსსდ-ის მიზეზებიდან რამდენიმეა აღსანიშნავი:

 

1) ACE-2 რეცეპტორები: ცნობილია, რომ SARS-Cov-2 ვირუსი უკავშირდება ACE-2 რეცეპტორებს, რომლებიც უჯრედში შეჭრის ჭიშკარს უზრუნველყოფენ. აღნიშნული რეცეპტორები უპირატესად ალვეოლებში ეპითელურ და ენდოთელურ უჯრედებზე გვხვდება, თუმცა, ისინი შუა და შიგნითა ყურის ქსოვილებშიც იქნა ნანახი, კერძოდ, სისხლძარღვოვან ზოლში და სპირალურ განგლიაში;

 

2) უჯრედული სტრესი: SARS-Cov-2 -ით გამოწვეული ციტოკინური შტორმი, რომელიც თავის მხრივ იწვევს უჯრედულ სტრესს ასევე განიხილება სენსონევრალური სმენის დაქვეითების გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად;

 

3) კოაგულოპათია: Covid-19-ის ერთ-ერთ საშიშ გართულებას კოაგულოპათია წარმოადგენს. კვლევებზე დაყრდნობით ნანახია, რომ კოვიდით დაავადებულ პაციენტებთან მომატებულია მეხუთე ფაქტორი, პროტეინი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და პროთრომბინის თრომბინად გარდაქმნას უზრუნველყოფს. მეხუთე ფაქტორის მომატებული დონე ხელს უწყობს ღრმა ვენების თრომბოზს და ფილტვის ემბოლიას. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხდება შიგნითა ყურის მკვებავი სისხლძარღვის – შიგნითა სასმენი არტერიის, ან მისი რომელიმე ტოტის თრომბოზიც, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა იწვევდეს იშემიური წარმოშობის აუდიო-ვესტიბულურ დისფუნქციას.

 

4) ანტივირუსული მედიკამენტების გვერდითი მოქმედება: არ გამორიცხავენ, რომ ვირუსული ინტოქსიკაციის გარდა, სენსონევრალური სმენის დაქვეითებას ანტივირუსული მედი-კამენტების (Chloroquine/hydroxychloroqiuine) გვერდითი მოქმედებაც განაპირობებს.

 

- როგორ მკურნალობთ სენსონევრალური სმენის დაქვეითებას, მათ შორის SARS-Cov-2 ვირუსით გამოწვეულს?

- მკურნალობის ორი ძირითადი მიმართულებაა: მიკროცირკულაციის გაუმჯობესება და ანთების რეაქციის დათრგუნვა. კოხლეარული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ხდება ვაზოდილატატორების და სისხლის წებოვნების დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენებით. ანთების რეაქციის დასათრგუნად და იმუნომოდულატორის სახით, ეფექტურად გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, სისტემურად ან ლოკალურად: პრედნიზოლონი და მეთილპრედნიზოლონი.

 

თრომბოლიზური, ვაზოდილატაციური, ვაზოაქტიური პრეპარატების რუტინულად დანიშვნა არ შეიძლება, ეს უნდა მოხდეს სათანადო ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე და ექიმის გადაწყვეტილებით.

 

მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია სმენის დაქვეითების ხარისხზე, არის თუ არა შეუღლებული ვესტიბულური სტრუქტურების დაზიანებასთან და რაც მთავარია, მკურნალობის დაწყების დროულობაზე.

 

სენსონევრალური სმენის დაქვეითება გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კატეგორიად განიხილება, რადგან დროული დიაგნოსტიკა, ცალკეულ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის საშიში პათოლოგიების, მაგალითად, სიმსივნეების და იშემიური პროცესების გამოვლენას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ, დაუყოვნებელი მკურნალობა ხელს უშლის პათოლოგიური პროცესის შეუქცევად ფორმაში გადასვლას.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ გოგირდოვანი საცობიც ასევე იწვევს სმენის უეცარ დაქვეითებას, ხშირად ამბობენ პაციენტები, აბაზანიდან რომ გამოვედი, შევნიშნე - სმენა აღარ მქონდაო, ძირითადად ცალ ყურში. ლოგიკურია, რადგან ამ დროს საცობის გაჯირჯვება და მილის სრული დახშობა ხდება, ბგერა აღარ ტარდება და ადამიანს დაგუბების, დაყრუების შეგრძნება აქვს.

 

თუმცა, არის შემთხვევები, როცა სენსონევრალური სმენის დაქვეითებაც იგივე გარემოში ვითარდება. სჯობს ვიფიქროთ ყოველთვის ცუდზე ანუ სმენის ნერვის დაზიანებაზე, ვიდრე გოგირდოვან საცობზე და არ გადავდოთ ექიმთან ვიზიტი. უნდა გვახსოვდეს, რომ სმენის ნერვის აღდგენას დაუყოვნებელი და მიზანმიმართული სამედიცინო ჩარევა სჭირდება!