როგორ ვიქცევით თუ კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა? - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიქცევით თუ კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა? - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები

პანდემიასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საგულისხმო რჩევებს გვაძლევს:

ვადევნებ თვალს საქართველოში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობას და გადავწყვიტე დავუბრუნდე ფეისბუკს და ასე შეგეხიდოთ ამ, ჯერაც ბოლომდე შეუცნობელი, დაავადების მართვაში. პანდემიის დაწყების დღიდან ვიყავი ჩართული ნიუ-იორკის ყველაზე ცხელ წერტილში, მაიმონიდის ჰოსპიტალში, კოვიდ ინფექციასთან ბროძოლაში. ჩვენი ჰოსპიტალი, შედეგებით საუკეთესოებში აღმოჩნდა, ამიტომაც თავს უფლებას მივცემ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. შევეცდები გავაკეთო პოსტების სერია დაავადების დიაგნოსტიკასა და მართვაზე, მანამდე კი მინდა ყველაზე მნიშვნელოვანს და გადაუდებელს შევეხო...

ეს, არც ისე მოკლე, მაგრამ სასარგებლო ინსტრუქცია იქნება ჩემი და ზურაბ გურულის პატარა წვლილი მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფაში.

1. როგორ ვიქცევით თუ კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს!

ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან!

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს (რისკ ფაქტორებზე ქვემოთ ვისაუბრებ) და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატიურად გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატიური მკურნალობა? სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა, ნუ დაიმდუღრებით).

დაიწყეთ სიმპტომების მონიტორინგი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის ვისაც ზედა სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.

იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. მომიტევეთ იმათ ვისაც ამის საშუალება არ გაქვთ, მაგრამ იქნებ როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქოდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. ნუ შეგეშინდებათ ერთმანეთის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს. ასე მოჰქონდათ ჩემთან პროდუქტი ოჯახის წევრებს როცა ავად ვიყავი და იზოლაციის წესებს ვიცავდი.

ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. თუ ხვდებით რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

* უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას

* გონების დაბინდვა

* მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას

* გამოხატული სუნთქვის უკმარისობა

როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?

- ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი

- სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში)

- ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას

* ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნომალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია

* პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.

* უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას.

* ქოშინი მინიმალური დატვირთვისას

* ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში

* საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო

* დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს

* ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ღრუ ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს)

----------------------------------------------------

რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას:

!!! არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტიტრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!! ანტიკოაგულაციასა და ატიტრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი... სხვა და სხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს). გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, შინაგანი ორგანოების სისხლდენები, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

!!! სტეროიდები, ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი... მესმის, რომ მომხიბლველად ჟღერს მათი სარგებლიანობა კოვიდ ინფექციის მართვაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით მიღებული იყო მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებზე. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. ასევე გაითვალისწინეთ, სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავის სისხლდენის განვითარებას.

!!! ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე. იმედია ექიმებიც არ გამოიყენებენ მათ არამიზნობრივად. კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.

!!! რაც შეეხება ვიტამინებს. არ არსებობს კვლევა რომელიც ადასტურებს ""ც"" ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება ""დ"" ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. ვინაიდან მცირე ხნით ""დ"" ვიტამინის გამოყენება ზედოზირებას არ იწვევს, შეგიძლიათ ის მიიღოთ.

!!! არ არსებობს მტკიცებულება მარიხუანის ეფექტურობაზე კოვიდ ინფექციისას. ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ საკუთარ თავზე. მეტიც, ფსიქიკური სტატუსის ზუსტი, ყოველდღიური შეფასება აბსოლიტურად აუცილებელია, მარიხუანას მოხმარებამ კი შეიძლება ეს გაართულოს.

---------------------------------------------------------

მოკლედ, მთავარია არ შეგეშინდეთ, პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებების არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისთვის აუცილებელი არ არის.

აქვე, შეპირებული რისკის ჯგუფების შეფასება. მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.

რისკის კრიტერიუმებია:

- ასაკი >65 წელზე

- მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები

- იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები როგორიცაა შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმონოდეფიციტები

- ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი

- კარდიოვასკულარული დაავადებები, ჰიპერტენზია განსაკუთრებით

- ონკოლოგიური დაავადებები

- სიმსუქნე

- დიაბეტი

- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა

- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა

- ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები

- ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუტრებით დემენცია

- სისხლის დაავადებები როგორიცაა თალასემია, ნამგლისებური ანემია

2. ვინ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს?

- პაციენტებმა რომელთაც არენიშნებათ დაავადების სწრაფი და დრამატული პროგრესირება (ზემოთ უკვე აღვწერე რას გულისხმობს გაუარესება)

- პაციენტებმა რომელთაც თავიდანვე აღენიშნებათ საშუალო სიმძმის სუნთქვის უკმარისობა ან მენტალური სტატუსის საგრძნობი ცვლილება

- პაციენტებმა რომელთა სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94%-ს (ეს მათთვის ვისაც ასეთი მონიტორინგის საშუალება აქვს)

3. ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს (ემერგენცყ როომ)?

- პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გაზრდილი სუნთქვის სიხშირე და მძიმე, ზედაპირული სუნთქვა)

- ლეთარგია, ძილად მიგდება, გონების სრული დაბინდვა

- გამოხატული მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას

----------------------------------------------------------

იზოლაციიდან გამოსვლის წესები:

* მინიმუმ 10 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში!

* იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე!

* განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის. ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ.

P.შ. მოგვიანების შევეცდები მოვიცვა სხვა და სხვა რისკის ჯგუფები და მოგაწოდოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მათში კოვიდ ინფექციის მართვის თავისებურებებზე. ვგულისხმობ ორსულებს და სხვა და სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.