ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მის მოვალეობას დროებით, სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.
"კვირას საღამოდან პრემიერ-მინისტრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ლონდონში, საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის სიმპტომებით იქნა შეყვანილი.
დღეს, დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა გაუარესდა და მისი სამედიცინო გუნდის რჩევით, საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს",-ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პრემიერზე შესანიშნავად ზრუნავენ და ბორის ჯონსონი მადლობას უხდის მედიკოსებს შრომისმოყვარეობისა და თავდადებისთვის.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
პრემიერის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.