ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში იქნება ერთ-ერთი სამაგალითო და გამორჩეული! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში იქნება ერთ-ერთი სამაგალითო და გამორჩეული!

ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში იქნება ერთ-ერთი სამაგალითო და გამორჩეული!
"მკურნალის" რედაქციამ არაერთხელ გამოუცხადა მადლობა საქართველოში არსებული ეპიდემიის მართვასა
და პაციენტთა მკურნალობაში ჩართულ ყველა პირს - ექიმს, მედდას, თითოეულ პერსონალსა და სხვადასხვა პროფესიის მუშაკს თავგანწირვისა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის!

ამჯერად მადლობას ვუხდით რესპუბლიკური საავადმყოფოს მთელს კოლექტივს, მედპერსონალს, ადმინისტრაციას, დაცვის თანამშრომლებს, ყველას, მთელს გუნდს გაწეული შრომისათვის, კარანტინის ზონაში მყოფი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვისათვის!

მადლობა პირადად რესპუბლიკური საავადმყოფოს ციფრული მარკეტინგის, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს - ნატალია ხურციძეს, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობის მიუხედავად "მკურნალისთვისაც" მოიცალა. უნდა
მოგახსენოთ, რომ ქალბატონმა ნატალიამ 2 წლის წინ, NCDC - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წვრთნა ("ტრენინგი") - გადაუდებელი მდგომარეობების კომუნიკაციური მართვა.

როგორც ნატალია ხურციძე აღნიშნავს - სწორედ კომუნიკაციაა ერთადერთი იარაღი ამ ახალ ვირუსთან ბრძოლაში, მთავარია სწორი მესიჯები და
მორჩილება!
გთავაზობთ მასთან საინტერესო, დამაიმედებელ და მეტად პოზიტიურ ინტერვიუს! თუ ვინმე იცნობს ამ ქალბატონს, დამეთანხმება, რომ ის თავადაა ძალზედ პოზიტიური და სიკეთით აღსავსე პიროვნება, ადამიანებთან კომუნიკაციის დიდოსტატი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი.

- ქალბატონო ნატა, რა მდგომარეობაა ბოლო მონაცემებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში? ცნობილია, რომ ეს კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულთა მთავარ ცენტრად მობილიზდა. რამდენია ამ ეტაპზე კარანტინში, თუ მკურნალობთ დაინფიცირებულებს ანუ დადასტურებულ შემთხვევებს?

- მოგეხსენებათ, საქართველოში COVID-19 –ის ეპიდემიის აფეთქების პირველივე დღეებიდან ჩვენი კლინიკა გადაკეთდა საკარანტინო ზონად, სადაც ზოგჯერ იმყოფებოდა 40, ზოგჯერ 47 მოქალაქე, ანუ იზოლირებულთა რიცხვი ცვალებადი იყო, რადგან უმრავლესობა თანახმა იყო და ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა; ამას აკონტროლებდა და ახლაც აკონტროლებს სახელმწიფო.

mkurnali.ge

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო 112-ს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც კომპლექსურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა საეჭვო მოქალაქე დროულად იქნას იზოლირებული შესაბამის პირობებში და რაც მთავარია, თუ პირს სურს მის მშობლიურ ქალაქსა ან რეგიონში გამოყოფილ საკარანტინო ზონაში გადასვლა (ჩვენც გვყავდნენ მოქალაქეებიA ბათუმიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან), მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში ეხმარებიან მათ საკარანტინო ზონის შეცვლაში.

ეს პროცესი რეგულირდება სპეციალური სააპლიკაციო ფორმით, რომელსაც ავსებს მოქალაქე, თუ ვერ ავსებდნენ ფორმას ჩვენთან მყოფი ადამიანები, ჩვენი სოციალური მუშაკები, ექიმები, მენეჯერები, ყველანი ეხმარებოდნენ მათ, ყველა იყო ჩართული ამ პროცესში, რომ კარანტინში მყოფი პირები ზედმეტად არ დაძაბულიყვნენ, კომფორტით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი, დროულად მომხდარიყო მათი თვითიზოლაციაში ან სხვა საკარანტინო ზონაში გადასვლა.

ამ ეტაპზე კლინიკა აღარ არის საკარანტინო ზონა, თუმცა, კლინიკაში რჩება რამდენიმე მოქალაქე, რომელსაც არ აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, არ გააჩნია ამისათვის სათანადო პირობები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს არ დაუდასტურდათ COVID-19, მაინც რჩებიან ჩვენს კლინიკაში, რადგან აღენიშნებათ სუბფებრილიტეტი, სხვადასხვა კატარალური სიმპტომი, ხოლო ჩვენ, როგორც მაღალპასუხისმგებლობიანი კლინიკა, ვალდებული ვართ ბოლომდე ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, სრულად გამოვაჯანმრთელოთ ჩვენი მოქალაქეები და მხოლოდ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ გავწეროთ ისინი ბინაზე.

ბევრი პირი გადამისამართდა სხვა საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში, ამჟამად გვყავს ერთი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ის სამი დღის წინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში და, სამწუხაროდ, როგორც უკვე საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ერთ პაციენტს, გუშინ, 25 მარტს დაუდასტურდა COVID-19, ის, ასე ვთქვათ, ამერიკული კლასტერიდანაა და უკვე გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჩვენი კლინიკა მომავალში იქნება საქართველოს მთავარი "ემერჯენსი", ყველა საეჭვო შემთხვევის მიმღები, არსებული პანდემიის ფონზე. მოხდება ყველა საეჭვო პირის მიღება, მათი გამოკვლევა და ინფექციის დადასტურების შემთხვევაში გადანაწილება შესაბამის პროფილურ კლინიკებში.

აქვე აღვნიშნავ, რომ სამინისტრომ გადმოგვცა ძალიან ძვირადღირებული, მაღალი დონის ტექნიკა, ვგულისხმობ სასუნთქი აპარატების შემოტანას კლინიკაში, რაც ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის მაღალი დონის აპარატები, რომლებიც აკმაყოფილებს მაღალი კლასის სტანდარტებს, შესაბამისად, ჩვენი კლინიკა მზად არის მძიმე პაციენტების სამკურნალოდ და კორონავირუსით გამოწვეული გართულებული შემთხვევების ადეკვატურად სამართავად.

- მოდით, აუხსენით მკითხველს რას ნიშნავს კარანტინი, როგორია მისი ვადები, რა ეკრძალება კარანტინში მყოფს, რა პირობებში და როგორი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან მოქალაქეები?

- კარანტინი ნიშნავს ადამიანის გარკვეული ვადით იზოლაციას. ამ კონკრეტული, ახალი კორონავირუსული ინფექციისათვის მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 14 დღეს მოიცავს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში პირი უნდა იყოს სხვათაგან იზოლირებული. კარანტინში მყოფს ეკრძალება ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან კონტაქტი, დერეფანში გამოსვლა, უფლება აქვს ეკონტაქტოს მხოლოდ მედდას, რომელიც უსაფრთხოებისთვის სათანადოდ არის შემოსილი და აღჭურვილი.

ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი მოქალაქეების სამჯერადად კვებას. საკვები რაციონი არის სასარგებლო, რაციონალურად გათვლილი.
კარანტინში იზოლირებულებს კომპანიები "ბორჯომი" და "სნო" უზრუნველყოფენ წყლით. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან თავად გადაწყვიტეს ეს დახმარება, თანადგომა, მათთვის არავის უთხოვია, საკუთარი სურვილით გამოიჩინეს ეს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია! ისინი ულიმიტოდ და უფასოდ აწვდიან ჩვენს კლინიკას წყალს, რათა კარანტინის პირობებში მყოფ მოქალაქეებს არ მოაკლდეთ ის. ეს არის ძალზედ დასაფასებელი და მისასალმებელი, რადგან ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მე არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა, მსხვილმა კომპანიამ მოგაწოდოს ამ რაოდენობის პროდუქცია და რაც მთავარია, გაჩუქოს ისე, რომ არ გთხოვოს საპასუხო, სანაცვლო "პიარი"; ეს ძალიან მნიშვენლოვანი და მამულიშვილური საქმეა! უდიდესი მადლობა მათ ასეთი პატრიოტული ნაბიჯისთვის!

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კარანტინში მყოფნი უზრუნველყოფილნი არიან პირველადი მოხმარების საშუალებებით, კლინიკაში არის დისპანსერები, მიმდინარეობს ყველა ადამიანის მონიტორინგი, მათი სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევები; შეიძლება კარანტინში ყოფნისას მოქალაქეს სხვა მიმართულებით აღენიშნებოდეს გართულებები, განსაკუთრებით ქრონიკულად მოავადეებს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, ასეთ დროს ვრთავთ ენდოკრინოლოგს და სხვა საჭირო სპეციალისტებს; გვყავდა ძალიან ბევრი ნერვული პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა ნევროლოგის კონსულტაცია, ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რამდენჯერმე განვახორციელეთ რევმატოლოგების კონსულტაციებიც, რადგან ადამიანებს სახსრების ტკივილი და სხვა ჩივილები აღენიშნებოდათ.

ჩვენი გუნდი ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, არა მხოლოდ COVID-19- ინფექციასთან დაკავშირებული სიმპტომების, არამედ ნებისმიერი სხვა პრობლემის გამოვლენისას ჩვენი კოლექტივი მაქსიმუმს აკეთებდა კლინიკაში მყოფი თითოეული პირისათვის.

-კარანტინიდან გაწერის წინ, საბოლოოდ, კიდევ თუ უტარდებათ ტესტირება მოქალაქეებს, საბოლოოდ რომ დარწმუნდეთ მათ ჯანმრთელობაში? (ამას იმიტომ გეკითხებით, რომ კარანტინიდან გამოსულებს მაინც ეჭვის თვალით უყურებენ თანამოქალაქეები)

- რა თქმა უნდა, ადამიანს რეტესტირება უტარდება გაწერის წინ, რომ დავრწმუნდეთ მის ჯანმრთელობასა და საზოგადოებისათვის უსაფრთხოებაში. უმრავლესობა მიდის კმაყოფილი, ფსიქოლოგიურად რეაბილიტირებული.

მე ყველა მათგანს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მადლობა გადავუხადო იმ შეგნებისათვის, რაც ჩვენთან კარანტინში ყოფნის დროს გამოიჩინეს. მე პირადად ბევრი ადამიანი, მეგობარი შევიძინე, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები იყვნენ მაგალითი გამორჩეული თვითშეგნებისა, იმ დიდი პასუხსიმგებლობისა, რომელიც შესაძლოა ბევრი მაღალგანვითარებული ქვეყნის მოქალაქეს არ გააჩნდეს. ამიტომაც ვუხდი მე მათ მადლობას!

10 წელზე მეტია ვმუშაობ და ასეთი მაღალი პასუხისმგებლობა, ასეთი აქტივობა მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის მხრიდან არ მახსოვს. ჩვენ არავისთვის არაფერი გვითხოვია, რადგან კლინიკას თავად აქვს ყოველივე ამის მართვის გარკვეული რესურსი, სახელმწიფოც გვიდგას გვერდით, მაგრამ მოქალაქეები, კომპანიები, კერძო სექტორი თავად მოდიან, თავისი ინიციატივით, თავისი სურვილით, გვირეკავენ, გვიკავშირდებიან, მოაქვთ საკვები, პროდუქცია, ცალკე კარანტინში მყოფი პირებისათვის, პერსონალურად მედპერსონალისთვის, ექიმების, მედდების, სანიტრებისთვის, დაცვის თანამშრომლებისთვის.

ჩვენ ვართ დღეს ისე ერთიანი და თანასწორი, როგორც არასდროს! ემერჯენსის ტიპის სტრატეგიული ობიექტები, საზოგადოდ, რთული ვითარებები სწორედ ერთიანობის ასეთი მაღალი კულტურისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შედეგად იმართება ასე მაღალ დონეზე. დიდი მადლობა ამ ერთიანობისთვის ყველას!

დიდი მადლობა "მკურნალს", მის რედაქციას, რომ დაინტერესდა ჩვენი "შიდა მდგომარეობით"!
მეგობრებო, ყოველთვის გვახსოვდეს, ადამიანია ფუნდამენტური ფასეულობა, სხვა შემთხვევაში ყველა პროტოკოლი, ყველა კომუნიკაცია და სტრატეგია აზრს კარგავს!

ამ ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი კომუნიკაციაა, სწორი მესიჯები და მორჩილება!
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში იქნება ერთ-ერთი სამაგალითო და გამორჩეული!
საქართველოში ეპიდემიის მართვას მსოფლიო პანდემიის დამარცხებაში ერთ-ერთი დიდი როლი ექნება!
ჯანმთრელობას ვუსურვებ ყველას!


ასევე წაიკითხეთ
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ზოოპარკის მმართველი, ამერიკის ბუნების დაცვის საზოგადოება (WCS) იუწყება,
ა.შ.შ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს მძიმე კვირისთვის მომზადებას ურჩევს - ქვეყნის ზოგიერთ ნაწილებში
კვირას საღამოს, ინგლისის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში, კორონავირუსზე "გეგმიური ტესტირების" მიზნით მოათავსეს.
მთელი მსოფლიოს მეცნიერების კოლოსალური ძალისხმევის მიუხედავად, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ გაუგებარია.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად