კორონავირუსი

რა ხდება სოხუმში - სოხუმელი ექიმი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს

აფხაზეთში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა მთავარმა ექიმმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის საუბრობს, თუ როგორ მიმდინარეობს კორონავირუსთან ბრძოლა. მისი თქმით, არანაირი ბრძოლა და ზომების მიღება არ ხდება. ე.წ. მიმდინარე არჩევნებზე დამკვირვებლებიც და ამომრჩევლებიც დამცავი ნიღბების გარეშე არიან. არც დისტანციის ან სხვა ზომები არის დაცული.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა პაციენტი, რომელიც საქართველოში გადიოდა ქირურგიულ მკურნალობას. მას აღენიშნებოდა მშრალი ხველება, მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე. მორიგე ექიმებმა ოპერატიულად შეატყობინეს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს, მათგან კიი მიიღეს პასუხი, რომ შაბათი და კვირა
არასამუშაო დღეებია და პაციენტი ორშაბათისთვის დაიბარეს. ავადმყოფი სახლში წავიდა.

"შტაბი საერთოდ ვერ მუშაობს. ნორმალურ სახელმწიფოში გააუქმებდნენ არჩევნებს და დახურავდნენ საარჩევნო უბნებს, გადადებდნენ ქორწილებს, დახურავდნენ მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, დაკეტავდნენ ყველაფერს, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა; შეზღუდავდნენ ადამიანების გარეთ გასვლას განსაკუთრებული საჭიროებების გარეშე. ჩვენს ქვეყანაში არაფერი
მსგავსი არ გაკეთებულა. დღეს ჩვენ არანაირი მთავრობა არ გვყავს. სრული განუკითხაობაა, ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიტოვებულები", - ამბობს ექიმი.