შიდსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდსი

ეს არის დაავადების აივ ინფიცირების სტადია, რომელიც შეიძლება 2 წლიდან 8-10 წლამდე გაგრძელდეს. ეს გახლავთ პერიოდი დაავადების სიმპტომების გარეშე, აივ ინფიცირების სტადიას არანაირი ჩივილი არ ახასიათებს, პაციენტი თავს ჯანმრთელად გრძნობს. მიუხედავად ამისა, შემდგომ ვითარდება შიდსის ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის სტადია და თავს იჩენს დაავადების კლინიკური ნიშნებიც.

- როგორ ვლინდება შიდსი, როგორია მისი კლინიკა?

- შიდსის სიმპტომთაგან აღსანიშნავია:

  • გახანგრძლივებული ფაღარათი
  • ოფლიანობა
  • წონის კლება
  • ცხელება - ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 370C-ის ფარგლებში ან შესაძლოა აღინიშნებოდეს მაღალი ცხელება
  • ლიმფური კვენძების გადიდება ანუ ლიმფადენოპათია.

ყველა ჩამოთვლილი სიმპტომის ერთდროული არსებობა არ არის აუცილებელი, მაგრამ როცა ერთდროულად თავს იჩენს დასახელებულთაგან ორი სიმპტომი მაინც, საფუძველი გვაქვს სერიოზულად ვიფიქროთ, რომ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს შიდსი და საჭიროა შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.

ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ შიდსი პაციენტის იმუნური სისტემის მკვეთრ დათრგუნვას გულისხმობს. ეს კარგად აისახება დაავადების სახელწოდებაშიც (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი). დაბალი იმუნიტეტის ფონზე კი შეიძლება ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება, ამ დროს ვლინდება ნებისმიერი ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი თუ პარაზიტული ინფექცია. ოპორტუნისტული ინფექციებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ტუბერკულოზი, პნევმოცისტური პნევმონია, ჰერპესული ინფექციები, კანდიდოზი, კრიპტოკოკული მენინგიტი, ტოქსოპლაზმოზი. ასევე ხშირია გარკვეული სიმსივნეებიც.

-  რომელი ბაქტერიული ინფექცია იჩენს თავს ადამიანის შიდსით დაავადების შემთხვევაში?

- შიდსის დროს განვითარებულ ბაქტერიულ ინფექციათა შორის უნდა აღვნიშნოთ პნევმონია ანუ ფილტვების ანთება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებულია პნევმოცისტური პნევმონია. პნევმოცისტური პნევმონია სხვა ბაქტერიული პნევმონიებისაგან განსხვავებით ხასიათდება ძლიერი სუნთქვის უკმარისობითა და ღარიბი რენტგენოლოგიური მონაცემებით. სხვა შემთხვევებში კი პნევმონიის სურათი ზოგადად ფილტვების ანთების გამოვლინების ანალოგიურია. პაციენტს აღენიშნება ხველა, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ცხელება. გარდა პნევმონიისა შიდსის დროს განვითარებულ ბაქტერიულ ინფექციათა შორის უნდა დავასახელოთ ტუბერკულოზი. შეიძლება შეგვხვდეს მისი როგორც ლიმფური კვანძების, ასევე ფილტვის ფორმა.

- რომელი ვირუსული დაავადებების განვითარებაა მოსალოდნელი შიდსის დროს?

- შიდსთან ასოცირებულ ვირუსულ დაავადებათა შორის აღსანიშნავია ჰერპეს ზოსტერი ანუ შემომსარტყლავი ჰერპესი, მარტივი ჰერპესი და მისი გენერალიზებული ფორმა, რომლის დროსაც ჰერპესული გამონაყარი თითქმის მთელ სახის არეს მოიცავს. მნიშვნელოვანი პრობლემაა ციტომეგალოვირუსული ინფექციაც.

- რომელი სიმსივნეები უვითარდებათ შიდსით დაავადებულებს?

- ხშირია კაპოშის სარკომა და თავის ტვინის პირველადი ლიმფომა. კაპოშის სარკომას იწვევს მე-8 ტიპის ჰერპეს ვირუსი,  რომელიც ასევე ცნობილია კაპოშის სარკომასთან ასოცირებული ჰერპეს ვირუსის სახელით. კაპოშის სარკომა კანის ავთვისებიანი სიმსივნეა. ის შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილზე განვითარდეს, ხშირად გვხვდება სახეზე, კიდურებზე, კანის გარდა ასევე შესაძლოა დაზიანდეს ლორწოვანიც. პირის ღრუში კაპოშის სარკომის ელემენტები ყველაზე ხშირად განლაგებულია მაგარ სასაზე, იშვიათად ენაზე. კანზე ელემენტები წარმოდგენილია ცისფერი ან მეწამული ფერის პაპულებით ან კვანძებით. ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში კი კაპოშის სარკომა შეიძლება განგრენის მიზეზიც გახდეს. კაპოშის სარკომის მკურნალობა ტარდება ონკოლოგების მიერ.

- რა თავისებურებები ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანებას შიდსის დროს?

- შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის შემთხვევაში ხშირია მენინგიტი ანუ ტვინის გარსების ანთება. კლინიკური გამოვლინების მხრივ შიდსის დროს აღმოცენებული მენინგიტი არაფრით განსხვავდება სხვა დროს განვითარებული მენინგიტისაგან. მას ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, კისრის კუნთების რიგიდობა (ძლიერი დაჭიმვა). შიდსის დროს მენინგიტი უმეტესად ტუბერკულოზური და სოკოვანი გენეზისაა, კერძოდ, ვითარდება კრიპტოკოკული მენინგიტი, რის გამოც მსოფლიოში იღუპება აივ ინფიცირებულთა 10%. ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ კრიპტოკოკოზი - სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც კრიპტოკოკი იწვევს. კრიპტოკოკოზი ხშირად მიმდინარეობს მენინგიტის ფორმით, რომელიც საკმაოდ მძიმეა და როგორც ვთქვით, შიდსის დროს სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. დაავადება ხასიათდება კანზე გამონაყარის არსებობით. ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება ტოქსოპლაზმოზის დროსაც, რაც იწვევს თავის ტვინში მრავლობითი კისტების წარმოქმნას. აივ ინფიცირებულებში ტოქსოპლაზმოზი ძირითადად გამოვლინდება ენცეფალიტის ან დისემინირებული დაავადების სახით. ცერებრული (ტვინის) ტოქსოპლაზმოზი, როგორც წესი, ვლინდება თავის ტკივილითა და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით, კერძოდ მონოპარეზით (ერთი კიდურის დამბლა), ჰემიპარეზით (სხეულის ნახევრის დამბლა), ეპილეფსიური გულყრებით. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის აივ ასოცირებული დემენცია ანუ ჭკუასუსტობა. ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტიკაში გვეხმარება როგორც სისხლის სეროლოგიური ტესტები, ასევე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

- რას გვეტყვით პარაზიტულ ინფექციებზე?

- პარაზიტული ინფექციებიდან გვხვდება კრიპტოსპორიდია,  იზოსპორიდია, მიკროსპორიდია, ასევე ტოქსოპლაზმოზი, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ამათგან ყველაზე ხშირად გვხვდება ტოქსოპლაზმოზი. ჩვენ მიერ დასახელებულ დაავადებათა ნაწილი საკმაოდ კარგად არის ცნობილი მოსახლეობისთვის ფართო გავრცელების გამო. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ტუბერკულოზი და ჰერპესული ინფექცია.

- შეიძლება მკითხველებს გაუჩნდეთ შთაბეჭდილება, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში ეჭვი შიდსზე უნდა მივიტანოთ. როდის უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენს მიერ დასახელებული ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის მიზეზი შიდსია?

- როდესაც ადამიანს აღენიშნება შიდსის ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და ყოველივე ამასთან ერთად მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის რისკის ჯგუფს - არის ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებელი ან მეძავი, აუცილებლად უნდა იქნეს ნავარაუდევი აივ ინფექცია/შიდსი და ჩატარდეს სათანადო გამოკვლევა.


- რომელი გამოკვლევები ტარდება შიდსის სადიაგნოსტიკოდ?

- შიდსზე გამოკვლევისათვის აუცილებელია ვენური სისხლის აღება. სისხლს იკვლევენ სწრაფი/მარტივი მეთოდით, ასევე იმუნოფერმენტული ანალიზით, რომელიც მაღალი მგრძნობელობით და სპეციფიკურობით ხასიათდება. მათი საშუალებით აივ ანტისხეულები ვლინდება ინფიცირებიდან 4-8 კვირის შემდეგ. დადებითი პასუხის შემთხევაში კვლევა გრძელდება დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული მეთოდით - იმუნობლოტინგით. იმუნობლოტინგის მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს სპეციფიკური ანტიგენების, ანუ ვირუსის ცალკეული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულები. სადღეისოდ ყველაზე ზუსტი და მაღალმგრძნობიარე მეთოდია ვირუსის გენომის (რნმ, პროვირუს-დნმ) გამოვლენა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის (Pჩღ) მეთოდით (ანუ "პისიარი", როგორც პაციენტები უწოდებენ). დიაგნოზის დადგენის შემდეგ აუცილებელია პაციენტის იმუნური სისტემის სტატუსის (მდგომარეობის) დეტალური შესწავლა. ადამიანის იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვთ ლიმფოციტებს. ეს უჯრედები კი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი ფუნქციის მიხედვით. აივ ინფექცია/შიდსის დროს ხდება სხვადასხვა ლიმფოციტების რაოდენობის დეტალური შესწავლა. გარდა ამისა, ყველა პაციენტს უტარდება კვლევა ჩვენს მიერ დასახელებული ოპორტუნისტული ინფექციების დიაგნოსტიკის მიზნით. უნდა აღვნიშნოთ, რომ მითითებული კვლევები ჩვენს ქვეყანაში ხორცილედება უახლესი ლაბორატორიული ტექნიკისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

- როგორც თქვენი სიტყვებიდან ჩანს, შიდსით უმეტესად განსაზღვრული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები ავადდებიან. ხელმისაწვდომია თუ არა აღნიშნული კვლევები მათთვის?

- აღნიშნული კვლევები ხელმისაწვდომია, რადგან აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში ფინანსდება.

- როგორია თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები შიდსის მკურნალობის თვალსაზრისით, რამდენად ეფექტურია არსებული მედიკამენტები?

- თუ პაციენტმა დროულად დაიწყო ექიმის დანიშნული ანტირეტროვირუსული (შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო) მკურნალობა, მედიკამენტების ზემოქმედებით ხდება დაავადებული პირის იმუნიტეტის შესაბამის დონეზე აწევა და ორგანიზმში შიდსის ვირუსის კონცენტრაციის ისეთი შემცირება, რომ მისი განსაზღვრა სისხლში ვეღარ ხერხდება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ეს არ ნიშნავს დაავადებისაგან განკურნებას. მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მედიკამენტების მუდმივი მიღება მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. გარდა ამისა, პაციენტი მკურნალობის პერიოდში საჭიროებს სამ თვეში ერთხელ  გამოკვლევების ჩატარებას, რათა განისაზღვროს იმუნური სტატუსი და ვირუსის კონცენტრაცია.

- მკითხველები ხშირად ფიქრობენ, რომ საქართველოში შიდსის კლინიკის შესახებ საუბარი მხოლოდ თეორიულია, სამედიცინო ლიტერატურას ემყარება, რომ ეს დაავადება ჩვენში ფაქტობრივად არ არის გავრცელებული ან საკმაოდ იშვიათია. რამდენად საფუძვლიანია ასეთი განწყობა?

- ალბათ მსგავსი უსაფუძვლო ოპტიმიზმით უნდა ავხსნათ ის გარემოება, რომ პაციენტები მეტწილად დაგვიანებით მოგვმართავენ. უნდა ვაღიაროთ, რომ შიდსის დიაგნოსტიკა ჩვენს ქვეყანაში უმთავრესად ჯერ კიდევ დაგვიანებით ხდება. საჭიროა ყველამ იცოდეს ამ დაავადების და მისი მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რათა დროულად მოხდეს აივ ინფექცია/შიდსის თავიდან აცილება. სამწუხაროდ, სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში შიდსის სფეროში ცოდნა კარგა ხანია ემყარება არა მარტო სამედიცინო ლიტერატურას, არამედ ექიმების კლინიკურ გამოცდილებასაც. აღნიშნულის საილუსტრაციოდ სტატისტიკური მონაცემებიც დაგვეხმარება - დღეისათვის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1977 შემთხვევა, შიდსი განუვითარდა 1020 პაციენტს, 427 მათგანი გარდაიცვალა.

- რას ურჩევდით შიდსით დაავადებულებს დაავადებასთან დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციებისაგან თავის დასაცავად?

- აუცილებელია ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა, მისი მითითებების ზუსტი შესრულება, რიგ შემთხვევაში ზოგიერთი ინფექციისგან თავის დაცვის მიზნით ვაქცინაცია ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

- დაბოლოს, ტრადიციული შეკითხვა - როგორ ავიცილოთ თავიდან შიდსი?

- საამისოდ აუცილებელია:

  • თავი ვარიდოთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს;
  • არასოდეს გამოვიყენოთ სხვის მიერ ნახმარი შპრიცი;
  • არ გამოვიყენოთ სხვისი სააბაზანო აქსესუარები;
  • არ გამოვიყენოთ სხვისი საპარსი ან მაკრატელი;
  • არ შევეხოთ სისხლით დაბინძურებულ საგნებს.