რით არის საშიში ციტომეგალოვირუსული ინფექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით არის საშიში ციტომეგალოვირუსული ინფექცია

ციტომეგალოვირუსული ინფექცია ვირუსული დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება ადამიანის ციტომეგალოვირუსით დასნებოვნებისას. იგი მიეკუთვნება მე-5 ტიპის ჰერპესვირუსს და ფართოდაა გავრცელებული. ვირუსით ერთხელ დასნებოვნებისას ადამიანი მთელი ცხოვრება ინფიცირებული რჩება, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება. ვირუსი აქტიურდება მხოლოდ იმუნიტეტის დაქვეითებისას, რაც ხშირია აივ ინფექციის შემთხვევაში ან იმუნოდეპრესანტების მიღებისას.

ორსულის ციტომეგლოვირუსით დასნებოვნებამ შესაძლოა ნაყოფის სერიოზული პათოლოგიები გამოიწვიოს.

მიზეზები და რისკფაქტორები

ციტომეგალოვირუსი გადადის ადამიანის ადამიანთან ახლო კონტაქტით. გადადების გზებია:

  • ჰაერწვეთოვანი;
  • სისხლი (მათ შორის - სისხლის გადასხმა და ორგანოების ტრანსპლანტაცია);
  • ტრანსპლაცენტური;
  • სქესობრივი;
  • კონტაქტური.

ინფიცირება შესაძლებელია კოცნით ან იმ საგნებთან შეხებისას, რომლებზეც დაავადებული ადამიანის შარდის ან ნერწყვის ნაწილაკებია. დასნებოვნება ძირითადად ხდება ბავშვობაში, ჩვეულებრივ, ბაგა-ბაღებში, იშვიათად - 10-35 წლის ასაკში.

რა ხდება ციტომეგალოვირუსული ინფექციისას

ვირუსთან პირველი შეხვედრა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მხოლოდ შემთხვევათა 2%-ში აღინიშნება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის (სხეულის ტემპერატურის მატება, ცხელება, ყელის, სახსრების, კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება) მსგავსი სიმპტომები. ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირებში ინფექცია, ჩვეულებრივ, სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.

ორსულობა და ციტომეგალოვირუსული ინფექცია

ყველაზე ხშირად ორსულები ციტომეგალოვირუსს მცირეწლოვანი ბავშვებისგან იღებენ. ვირუსი მნიშვნელოვნად ზრდის ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის განვითარების შეფერხებისა და ორსულობის სპონტანური შეწყვეტის რისკს.

ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ე.წ. თOღჩH-ინფექციებს, რომლებიც ყველაზე ხშირად უკავშირდება ნაყოფის განვითარების ანომალიებსა და ორსულობის პათოლოგიებს. ვირუსით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს ორსულობამდე ან ბავშვის ჩანასახოვანი განვითარების დროს. პირველ შემთხვევაში კლინიკური გამოვლინებები არ აქვს, სისხლშიც მხოლოდ „გვიანი“ ანტისხეულებია. ასეთი სიტუაცია საშიში არ არის არც ნაყოფისთვის და არც ქალისთვის, გართულებების რისკიც 1%-ს არ აღემატება.

ორსულის პირველადი ინფიცირება (30-50%) ნაყოფისთვის მეტად სახიფათოა. შედეგად ახალშობილთა 10-15%-ს შესაძლოა ჰქონდეს სმენის ან მხედველობის დარღვევები, კრუნჩხვა, მიკროცეფალია, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, ღვიძლის დაზიანება, რაც ხშირად ვლინდება სიყვითლით, ელენთის გადიდება.

არსებობს გარკვეული დამოკიდებულება ნაყოფზე ვირუსის არახელსაყრელ მოქმედებასა და ორსულობის ვადას შორის. ორსულობის ადრეულ ვადაზე ნაყოფის ინფიცირებისას სპონტანური აბორტის ან ბავშვის განვითარების ანომალიის დიდი ალბათობა არსებობს.

უფრო გვიან ვადაზე ინფიცირებისას ნაყოფის განვითარების მანკი არ აღინიშნება, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვხვდება მრავალწყლიანობა, ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილის „თანდაყოლილი ციტომეგალია“.

ციტომეგალოვირუსული ინფექციის სიმპტომები

ჯანმრთელ პირებში დაავადება შეიძლება არც გამოვლინდეს და ადამიანმა ვერც კი გაიგოს ვირუსით დასნებოვნების შესახებ. ზოგჯერ დაავადება მიმდინარებს მწვავე ციტომეგალოვირუსული ინფექციის ფორმით, ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომებით. ესენია:

  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და მეტად;
  • სისუსტე, ადვილად დაღლა, მადის დაქვეითება;
  • კუნთების, სახსრების ტკივილი;
  • ყელის ძლიერი ტკივილი, ნუშურების ანთება;
  • თავის ტკივილი.

როგორც წესი, გამოჯანმრთელება 2 კვირაში დგება. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია ღვიძლის დაზიანება, სიყვითლე, გულმკერდის არეში ტკივილი, ხველა, ქოშინი, დიარეა, მუცლის ტკივილი.

იმუნოდეფიციტის მქონე პირებში ვირუსის ორგანიზმში სწრაფად გავრცელების გამო ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარებს და იწვევს:

  • ცნს-ის დაზიანებას შესაძლო გულყრითა და კომის განვითარებით;
  • მძიმე დიარეას;
  • პნევმონიას;
  • რეტინიტს (ბადურას დაზიანება);
  • ჰეპატიტს.

ციტომეგალოვირუსული ინფექციით დასნებოვნებულ ახალშობილებში შეიძლება აღინიშნოს:

  • სიყვითლე;
  • პნევმონია;
  • წვრილწერტილოვანი პურპურული გამონაყარი;
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
  • დაბადებისას მცირე წონა;
  • თავის მცირე ზომა.

დიაგნოსტიკა

ინფექცია შეიძლება ვიეჭვოთ სისხლის საერთო ანალიზით, რომელშიც ლიმფოციტების დონე 50%-ს აჭარბებს და ატიპური ლიმფოციტები სისხლის ყველა ამ უჯრედის მეათედს შეადგენს.

ციტომეგალოვირუსული ინფექციის ზუსტი დიაგნოზისთვის, ჩვეულებრივ, პოლიმერულ ჯაჭვურ რეაქციას ან იმუნოფერმენტულ ანალიზს მიმართავენ.

ციტომეგალოვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და თუ ორგანიზმში უკვე არის ებშტეინ-ბარის ვირუსი (ასევე ჰერპესვირუსების ოჯახიდან), შედეგი ცრუდადებითი შეიძლება აღმოჩნდეს.

მკურნალობა

ნორმალური იმუნიტეტის მქონე პაციენტები სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებენ, დაავადება თავისით გაივლის რამდენიმე კვირაში. მაღალი ტემპერატურის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს საჭიროა სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. მნიშვნელოვანია ბევრი სითხის დალევა, რაც არა მარტო დაავადების სიმპტომებს შეამცირებს, არამედ გაუწყლოებასაც აგვარიდებს.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს უნიშნავენ ანტივირუსულ პრეპარატებს, რომლებსაც ციტომეგალოვირუსის ორგანიზმიდან სრულად გამოდევნა და განკურნება არ შეუძლია, მაგრამ ვირუსის გამრავლებას ამცირებს.

პროფილაქტიკა

ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა არ არსებობს. ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინაც ჯერჯერობით ვერ შექმნეს. პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიეკუთვნება ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების დაბანა საპნითა და წყლით საკვების მომზადების, მიღების წინ, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ.