როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმი თამარ მამაცაშვილი ღორის გრიპის შესახებ საგულისხმო რჩევებს გვაძლევს
დასრულების უკვე რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა.
მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი ღორის გრიპის გართულებულ შემთხვევებზე გვესაუბრება:
მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გრიპის პნევმონიით გართულებული შემთხვევები, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ გართულებული გრიპის კლინიკას და მკურნალობის საშუალებებს.
ადრინდელ პუბლიკაციაში უკვე გიამბეთ ღორის გრიპის ეპიდემიოლოგიასა და კლინიკურ ნიშნებზე.
ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
თუმცა ამჯერად მოკლედ ჩამოვთვალოთ გაურთულებელი ღორის გრიპის სიმპტომები:• ტემპერატურის მატება 38-39 გრადუსამდე;
• გულისრევა, პირღებინება (რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან) მაღალი ტემპერატურის ფონზე, დიარეა (აღენიშნება პაციენტთა 45%-ს);
• თვითშეგრძნების გაუარესება, ძილიანობა, სისუსტე, მოდუნება;
• კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
• რესპირატორული სიმპტომები გამოხატულია ხველით, ყელში ფხაჭნის შეგრძნებით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით;
H1N1 გრიპის მძიმე ფორმის ნიშნები
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც მძიმე ფორმის H1N1 გრიპის განვითარებაზე მიგვანიშნებს, არის მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, რომელსაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ეს გახლავთ:
• ტკივილი ლოკალიზებულია შუბლის არეში, წარბების რკალების ზემოთ;
• ტკივლი ძლიერდება ამ არეში კუნთების მოძრაობისას (თვალების ხამხამისას, მიმიკის შეცვლისას);
• ზოგჯერ აღინიშნება სინათლის შიშიც;
• აღინიშნება თვალის კაკლების ტკივილი თვალების მოძრაობისას.
მძიმედ მიმდინარე ღორის გრიპს თან ახლავს გამოხატული სუნთქვის უკმარისობა: პაციენტს არ ჰყოფნის ჰაერი, აჩქარებული აქვს სუნთქვა, აქვს შეგრძნება, რომ ფილტვები ჰაერით ბოლომდე არ ივსება (უჭირს ღრმად ჩასუნთქვა).
H1N1 გრიპის გართულებები
ღორის გრიპის გართულებები დაავადების ლეტალური დასასრულის ძირითადი მიზეზია. H1N1 გრიპის ყველაზე საშიში გართულებაა პირველადი (ვირუსით გამოწვეული) პნევმონია. ფილტვების ანთება ღორის გრიპის ფონზე შეიძლება უშუალოდ H1N1 ვირუსით იყოს გამოწვეული ანუ იყოს ვირუსული პნევმონია. თუმცა შეიძლება პროვოცირებული იყოს ბაქტერიული ინფექციითაც, რომელიც ძირითადი დაავადების ფონზე გააქტიურდება ხოლმე. ასევე შეიძლება ჰქონდეს ვირუსულ-ბაქტერიული ანუ შერეული ხასიათი.
პირველადი (ვირუსული) პნევმონია ღორის გრიპის დროს განსაკუთრებულად საშიშია. იგი დაავადების დაწყებიდან 2-3 დღეში ვითარდება და ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, სუნთქვის გახშირებით 2-3 ჯერ ნორმასთან შედარებით (შეგახსენებთ, რომ ნორმაში ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20), სუნთქვა ხდება ზედაპირული, მასში ჩართულია დიაფრაგმის კუნთები, მუცლის პრესი, აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობის ნიშნებიც (ციანოზი, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სილურჯე, ასევე ციანოზური ხდება ხელისა და ფეხის თითები), ქოშინი, მშრალი ხველა მცირე რაოდენობით გამჭვირვალე ნახველით.
ვირუსული ეტიოლოგიის ფილტვების ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს დისტრეს-სინდრომი, ფილტვების შეშუპება, რომელიც რეანიმაციული ღონისძიებების გარეშე სიკვდილის მიზეზი ხდება.
ბაქტერიული ეტიოლოგიის პნევმონია, როგორც წესი, დაავადების დაწყებიდან მე-7-10 დღეს ვითარდება. ვირუსულისგან განსხვავებით, მას ახასიათებს ხველის გაძლიერება, ტკივილი გულმკერდში, ნახველი შედარებით მუქია, ჩირქის მინარევით. მეორეული ინტოქსიკაცია ტემპერატურის ხელმეორედ მატების და თვითშეგრძნების გაუარესების მიზეზი ხდება. მკურნალობა ხანგრძლივია, 1,5 თვემდე გრძელდება, პროგნოზი კი დიდწილად არის დამოკიდებული სწორ მკურნალობაზე. მნიშვნელოვანია გამომწვევის ცოდნაც. ბაქტერიული პნევმონიების თითქმის ნახევარი გამოწვეულია პნევმოკოკებით, ყოველ მეექვსე პაციენტს ოქროსფერი სტაფილოკოკი ამოეთესა, იშვიათად კი ბაქტერიულ პნევმონიას ჰემოფილუსის ჩხირი იწვევს. ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული პნევმონიის დროს, არც თუ იშვიათად, ფილტვის ქსოვილში იწყება ანთებითი პროცესი და ყალიბდება აბსცესი.
შერეული პნევმონია სიმპტომების ფართო სპექტრით ხასიათდება. მკურნალობა კომპლექსურია, ხანგრძლივი და საჭიროა სტაციონარში ყოფნა.
ღორის გრიპის სხვა გართულებებს შორის აღსანიშნავია პერიკარდიტის, მიოკარდიტის, ჰემორაგიული სინდრომის განვითარების მაღალი რისკი, აგრეთვე შეიძლება განვითარდეს თრომბები, ნეფრიტი, ენცეფალიტი, სეროზული მენინგიტი.
როგორ მივხვდეთ, რომ გართულება ვითარდება?
რომელი ნიშნები მოწმობს H1N1 გრიპის საშიში გართულებების განვითარებაზე?
• სუნთქვის გახშირება, მზარდი ქოშინი, კანის მოლურჯო ელფერი;
• ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდში;
• ძილიანობა, მოდუნება, თავბრუსხვევა და ზოგჯერ ცნობიერების დარღვევის ეპიზოდები;
• განმეორებითი ღებინება, ადრეული ასაკის პაციენტებში - გახშირებული ამოქარვება;
• სიმპტომების (ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა) ხელახლა განვითარება მდგომარეობის დროებით გაუმჯობესების შემდეგ.
მკურნალობა და საერთო რეკომენდაციები ღორის გრიპის დროს თუ ღორის გრიპი ემართება ადამიანს, რომელიც არ არის რისკ-ჯგუფში და დროულად იწყება მკურნალობა, უმრავლეს შემთხვევაში დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს.
როგორია ძირითადი რეკომენდაციები H1N1 გრიპის დროს:
- აუცილებელია წოლითი რეჟიმი დაავადების მიმდინარეობისას და კიდევ 7 დღე სიმპტომების შემცირებიდან - გართულებების თავიდან ასაცილებლად.
- უნდა შეიზღუდოს კონტაქტები, ეს აუცილებელია დაავადების გავრცელების ტავიდან ასაცილებლად და აგრეთვე სხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად;
- საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება (კომპოტები, C ვიტამინით მდიდარი სასმელები - ასკილის, მოცხარის ნაყენები);
- აუცილებელია კვების სრულფასოვანი რეჟიმი, რაციონი უნდა შეიცავდეს ადვილად ათვისებად ცილებს (უცხიმო ხორცს, რძემჟავა პროდუქტებს, კვერცხს და სხვა). უნდა გამოირიცხოს ცხიმოვანი, შემწვარი, ცხარე საკვები, კონსერვირებული პროდუქტი, ნახევარფაბრიკატები და სწრაფი კვების პროდუქტები;
- საჭიროა ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება კვებისას, თეთრეულის, პირსახოცების ხშირად ცვლა, შენობის ხშირი განიავება;
- რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტები დაავადების სირთუელის მიუხედვადა აუცილებლად უნდა მოთავსდნენ სტაციონარში.
ანტივირუსული პრეპარატები (რელენზა, ტამიფლუ) აუცილებელია H1N1 გრიპის ლაბორატორიულად დიაგნოსტირებისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში მომატებული რისკის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტებში კი, ვინც რისკ-ჯგუფში არ არიან, საშუალო და მსუბუქი ფორმის გრიპის დროს ინიშნება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები.
იმიშნება სიმპტომური მკურნალობა, რომელიც მიმართულია გამოხატული სიმპტომების წინააღმდეგ: სიცხის დამწევები, ტკივილგამაყუჩებლები, ცხვირის წვეთები (სისხლძარღვთა შემავიწროვებლები), მუკოლიზური საშუალებები ნახველის გასათხელებლად;
პათოგენეზური თერაპია მხოლოდ სტაციონარში ტარდება და გულისხმობს გლუკოკორტიკოიდების (ჰორმონების), სიმპატომიმეტიკების დანიშვნას ორგანიზმის დეზინტოქსიაკციის და დისტრეს-სინდრომის თავიდან აცილების მიზნით.
მეორეული ანუ ბაქტერიული პნევმონიის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები გამომწვევის შესაბამისად, სიმპტომური საშუალებები, აგრეთვე ფიზიოთერაპიული პროცედურები რეაბილიტაციის პერიოდში.