როგორც ლევან ბაიდოშვილი აღნიშნავს, ივლისსა და აგვისტოში მოსალოდნელია დიარეის შემთხვევების ზრდა, ოქტომბრიდან კი შემცირება.
„ზაფხულის პერიოდში შვებულებებისა და არდაგეგების, დასასვენებლად გასვლისა და მგზავრობების გამო, როგორც წესი, დიარეის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. როგორც ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, ყოველწლიურად სავარაუდო საკვებისმიერი ინფექციური წარმოშობის დიარეის დაახლოებით 18 000-მდე შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 8000 ან 9000 გაზაფხულ-ზაფხულის 4 თვის განმავლობაში აღინიშნება. ამ 8 000 შემთხვევაში დაახლოებით 60-65% 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რაც ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ამ პერიოდში ეზოში ძალიან ბევრს თამაშობენ და შესაბამისად, დაუბანელი ხელებითაც ხშირად მიირთმევენ გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულს. წელსაც იგივე ვითარებაა, იქნება, რაც შარშან იყო, რადგან საქართველოს კლიმატური გარემო და გეოგრაფიული მდებარეობა ამ დაავადებების სწორედ ზაფხულის განმავლობაში გავრცელებას განაპირობებს. განსაკუთრებით იზრდება დიარეის შემთხვევები საკურორტო ზონებში და ეს ძირითადად არის შავიზღვისპირა საკურორტო ზონა,“ - აღნიშნა ლევან ბადოშვილმა.
რაც შეეხება მწერების მიერ გადატანილი ინფექციების საკითხს, ლევან ბაიდოშვილის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ასეთი დაავადება არ დაფიქსირებულა, თუმცა როგორც წესი, საქართველოში ფლებოტომუსის მწერის მიერ ლეიშმანიოზის გადატანის საფრთხე არსებობს.
„ზაფხულის პერიოდში აღინიშნება ისეთი მწერების გააქტიურება, რომელთაც ლეიშმანიოზი გადააქვთ, თუმცა დაავადებისთვის დამახასიათებელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდიდან გამომდინარე, ზაფხულში დაინფიცირებული და დაინვაზირებული პაციენტების გამოვლენას დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის თვიდან ველოდებით. კოღოებისგან გადატანილი მალარია ან ფლებოტომუსებიდან გატანილი ლეიშმანიოზი ამ ეტაპზე, ზაფხულის პერიოდში ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში რამდენიმე, დაახლოებით 10-მდე პაციენტი გვიან შემოდგომით ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება, იმიტომ რომ წლების დინამიკა დაახლოებით ასე გვიჩვენებს“, - აღნიშნა მან.
ლევან ბაიდოშვილმა ასევე განმარტა, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველოში მალარიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.