დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს
როგორც ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი , საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური (მოსახლეობის) კვლევა მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე. ცენტრი მოუწოდებს თანამოქალაქეებს დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მათ წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად ახორციელებს საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციურ (მოსახლეობის) კვლევას, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
მათი განმარტებით, კვლევის მიზანია საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის დონის შეფასება. აღნიშნულის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე.
ცენტრის ინფორმაციით, კვლევის განსახორციელებლად CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინეტრვიუერი და 20 ფლებოტომისტი. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული ინდივიდებისგან. ინფორმაციის შესაგროვებლად გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ.
11 მაისს კვლევა თბილისში დაიწყო და 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო შემდეგ ჯგუფები გავლენ რეგიონებში და იმუშავებენ 12 აგვისტოს ჩათვლით.
"მიმდინარე კვლევა იქნება C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ ახალ, ზუსტ მონაცემებს როგორც C ჰეპატიტის ისე მისი გენოტიპების გავრცელების შესახებ ეროვნულ დონეზე. ამ ეტაპისთვის უკვე დაახლოებით ოთხასმა პიროვნებამ მიიღო მასში მონაწილეობა და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ფაზის დაწყებისთვის და ყველა ადამიანს, თავისი მონაწილეობით, წვლილი შეაქვს ამ დიდი პროცესის წარმატებულად განხორციელებაში. ამასთანავე, განსაკუთრებულად ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს - ექიმებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რადგან მათი მხრიდან პირველ დღეებში ყველაზე მაღალი იყო რეზისტენტობა კვლევაში მონაწილეობაზე", - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, კვლევის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა.
"ამიტომ მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს დაეხმარონ ჩვენს წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში, ხელი შეგვიწყონ და ნუ აყვებიან ჭორებს, რომლებიც ვრცელდება ყვითელი პრესისა და არაპროფესიონალების მხრიდან, რომლებსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არა აქვს და მიმართულია მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრესული და ინოვაციური პროცესების დისკრედიტაციისთვის", - აცხადებს გამყრელიძე.