ღვიძლს დაცვა სჭირდება! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლს დაცვა სჭირდება!

ყველამ ვიცით, რომ საუკეთესო მკურნალობა დაავადებისგან თავდაცვაა, შესაბამისად, პირველ ყოვლისა, საჭიროა იმ ფაქტორებს ვიცნობდეთ, რომელთაგანაც ღვიძლი უნდა დავიცვათ.

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება

ღვიძლში მიმდინარეობს ალკოჰოლური სასმელების მთავარი შემადგენელი კომპონენტის – სპირტის – ეთანოლის მეტაბოლიზმი. მისი მცირე დოზით მიღებისას ჰეპატოციტები ასწრებენ გადამუშავებას, მოჭარბებული დოზებისას კი ეთანოლი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს და იწვევს მათში ცხიმის დაგროვებას (ცხიმოვანი ჰეპატოზი ან ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია), ანთებით პროცესს (ალკოჰოლური ჰეპატიტი) და დაშლას. ამავდროულად ღვიძლში ჭარბი შემაერთებელი ქსოვილი წარმოიქმნება – ღვიძლის ფიბროზი, მოგვიანებით კი ციროზი და ავთვისებიანი სიმსივნეც კი.

დასაწყისში ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება პაციენტების ზოგად სისუსტეს, მოდუნებას, მადის დაქვეითებას, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლებებს იწვევს, მოგვიანებით ამას ემატებს ტაქიკარდია, სიყვითლე და სხვა, გასათვალისწინებელია, რომ ალკოჰოლური დაზიანება ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

არასწორი კვება

ცხიმიანი საკვებით მდიდარი რაციონი და ნაკლებმომძრავი ცხოვრების წესი არღვევს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, შედეგად ცხიმი გროვდება ღვიძლის უჯრედებში და იწვევს მათ დისტროფიას – სტეატოზს. აქტიურად წარმოიქმნებიან თავისუფალი რადიკალები – ელექტრული მუხტის მქონე ნაერთები, რომლებიც უჯრედებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.

ღვიძლში ანთებისა და ნეკროზული უბნები ჩნდება, შე­მაერთებელქსოვილოვანი ჩანართები ვითარდება, შედეგად კი – ციროზი.

არასწორი კვება შესაძლოა იქცეს ისეთი დაავადებების განვითარების მიზეზადაც, როგორებიცაა არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება და ღვიძლის კიბო.

სამკურნალო მედიკამენტების უკონტროლო მიღება

სამკურნალო საშუალებების უკონტროლო მიღება ღვიძლისთვის დიდი დატვირთვაა, სამკურნალო პრეპარატების ორგანიზმზე გვერდითი ეფექტების 10% ღვიძლის დაზიანებას მოიცავს, ამასთან, ამ სიმპტომებმა, შესაძლოა, პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 2-3 თვის შემდგომაც კი იჩინოს თავი.

მსგავსი ეფექტი აქვს საყოფაცხოვრებო და მცენარეულ შხამებს. ზოგიერთ მათგანთან ხანგრძლივი კონტაქტი ჰეპატიტითა და ღვიძლის უკმარისობით სრულდება.

სამკურნალო მედიკამენტებითა და ტოქსიკური ნაერთებით ინტოქსიკაციისას ვლინდება ტკივილი ღვიძლის არეში, ზოგადი სისუსტე, ასევე შესაძლებელია სიყვითლის განვითარება.

ვირუსების შეტევა

ვირუსთა შეტევა საშიშია, უპირველეს ყოვლისა, ვირუსული ჰეპატიტის გამო. ეს ღვიძლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვირუსითაა გამოწვეული, შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

ხშირად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ პაციენტები უჩივიან სისუსტეს, ციებ-ცხელებას, მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილს, სიყვითლეს, მძიმედ მიმდინარე ჰეპატიტისას შესაძლოა ღვიძლის ქსოვილთა ნეკროზი განვითარდეს.

ღვიძლის დაავადებათა პრევენცია

  • აკონტროლეთ წონა – ღვიძლის უჯრედებში ჩალაგებული ცხიმი აზიანებს მათ და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის გარდა, შესაძლოა ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, მადეფორმირებელი ოსტეოათროზის და სხვა დაავადებათა მიზეზად იქცეს;
  • ნუ მიიღებთ სამკურნალო პრეპარატებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ის, რაც დაეხმარა სხვას, როდი ნიშნავს, რომ დაგეხმარებათ თქვენც!
  • აკონტროლეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისას დოზები, რომელთა მავნე რაოდენობაც არა მარტო ღვიძლს, ტვინსა და გულს ვნებს, არამედ ხელს უწყობს წონის სწრაფმატებას;
  • მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ღვიძლის დასაცავად ქრონიკული დაავადებების მართვა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის;
  • B ჰეპატიტის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით, რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი აცრა, შემდეგ რევაქცინაცია ერთი და ექვსი თვის შუალედით, ამასთან, ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აჭარბებს.

კვლევა ვირუსულ ჰეპატიტებზე

გვჭირდება შემდეგ შემთხვევებში:

  • გადასხმული გაქვთ დონორის სისხლი 1990 წლამდე;
  • ჩატარებული გაქვთ რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია;
  • შიდავენური გზით მოიხმარდით ნარკოტიკებს;
  • ხშირად სტუმრობთ სტომატოლოგს;
  • ხშირად სტუმრობთ გინეკოლოგს;
  • გაკეთებული გაქვთ პირსინგი;
  • გაკეთებული გაქვთ ტატუ;
  • ხშირად იცვლით სქესობრივ პარტნიორ­ებს;
  • ხშირად იკეთებთ პედიკიურსა და მანიკიურს კოსმეტიკურ სალონში;
  • პრაქტიკაში გაქვთ ანალური სექსი.

ოჯახში ვირუსული ჰეპატიტით მოავადეა?

გაითვალისწინეთ, რომ ინფიცირება შესაძლებელია პაციენტის სისხლთან კონტაქტისას, ამის თავიდან აცილება კი მარტივად შესაძლებელია პირადი ჰიგიენის რამდენიმე მარტივი წესის დაცვით:

  • აუცილებელია ოჯახის თითოეულ წევრს გააჩნდეს პირადი კბილის ჯაგრისი, საპარსი მოწყობილობა, მანიკიურის ნაკრები, სავარცხელი, მაკრატელი, პირსახოცი;
  • დაზიანებისას დახმარების აღმომჩენს უნდა ეკეთოს რეზინის ხელთათმანი;
  • ინფიცირება არ ხდება ხელის ჩამორთმევისას, გადახვევის, ჩახუტების ან კოცნისას, საერთო აბაზანის და ტუალეტის მოხმარებისას;
  • დაცული სექსისას ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, დაუცველისას – კი, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ერთი და მუდმივი პარტნიორის შემთხვევაში პრეზერვატივის გამოყენება საჭირო არ არის.

დიეტა კი ასეთია

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის სამკურნალო დიეტა ასეთი უნდა იყოს – აკრძალულია:

  • ღორისა და ბატის ცხიმიანი ხორცი, ნახარშები და ასევე ცხიმიანი თევზი;
  • ზოგიერთი ტიპის ფაფები: სიმინდის, შვრიის, ქერის;
  • ცხიმიანი რძე და რძის პროდუქტები;
  • ფენოვანი ცომისგან გამომცხვარი ნაწარმი;
  • ცხარე სანელებლები.

რეკომენდებულია:

  • შავი ან წინა დღით გამომცხვარი პური;
  • ინდაურის, ძროხის, კურდღლისა და ქათმის ხორცი;
  • მაწონი და ნაკლებცხიმიანი ხაჭო;
  • მცენარეული, რაფინირებული ცხიმი.

რაც შეეხება მომზადების წესს, დაშვებულია:

  • ორთქლზე მოხარშული, ჩაშუშული, გამომცხვარი, ნაკლებ რეკომენდებულია შემწვარი, შებოლილი, დამარილებული საკვები.
  • კარგია, თუ საჭმელს მიიღებთ თბილს;
  • კვება უნდა იყოს დანაწევრებული, დღეში 5-6-ჯერ;
  • აკრძალულია შიმშილი და წონის სწრაფი კლება;
  • დაშვებულია სხვადასხვა ტიპის მცენარეული ნახარშების გამოყენება: ქრისტესისხლას, გულყვითელას, ჭინჭრის და სხვა, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ღვიძლის გაწმენდა

ღვიძლის სრული შრომისუნარიანი ფუნქციობისთვის მისი პერიოდული გაწმენდაა საჭირო.

ამ მიზნით გამოყენებული პრეპარატები განსხვავდებიან ძირითადი მოქმედი ნივთიერების მიხედვით, თუმცა ნებისმიერი მათგანის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, იმის დასადგენად, ნამდვილად საჭიროებთ თუ არა და კონკრეტულად რომელი მედიკამენტია ოპტიმალური თქვენთვის.

ფოსფოლიპიდები

ჰეპატოციტების საშენ მასალას შეიცავენ, ორგანიზმს ალკოჰოლის, მედიკამენტების, შხამების დამაზიანებელი მოქმედებისგან იცავენ, აძლიერებენ და აღადგენენ ღვიძლის ფუნქციებს, არეგულირებენ ცილებისა და ფერმენტების ცვლას, წინ ეღობებიან უჯრედის მემბრანის დაზიანებას და აჩერებენ შემაერთებელქსოვილოვან ზრდას.

ბიოფლავონოიდები

ამ მედიკმენტების ძირითადი მოქმედი ნივთიერება ნატურალური წარმოშობის მცენარეული ანტიოქსიდანტებია: ქრისტესისხლა, კურკუმა, რძის ეკალი. მათ გააჩნიათ გვერდითი მოქმედების მინიმალური სპექტრი, ამიტომ აქტიურად გამოიყენება ისეთი მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას, როგორებიცაა:

  • ღვიძლის უჯრედების ტოქსიური დაზიანება;
  • ქრონიკულად მიმდინარე ვირუსული ჰეპატიტი;
  • ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
  • ჭარბი წონისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლისთვის თანმდევი ცხიმოვანი დარღვევები.

ამინომჟავების პრეპარატები

ისინი არა მხოლოდ აღადგენენ ღვიძლის უჯრედებს, არამედ ორგანიზმს ტოქსიკური ნიშადურისგან წმენდენ. ასეთ პრეპარატებს ნიშნავენ მწვავე და ალკოჰოლური მოწამვლებისას.

ურსოდეზოქსიმჟავას პრეპარატები

ისინი არეგულირებენ ნაღვლის ბუშტის მუშაობას. გამოჰყავთ ჭარბი ნაღველი და ანორმალიზებენ მის გამომუშავებას.

გამოიყენება ალკოჰოლური და მედიკამენტური მოწამვლებისას, ღვიძლის გარდა, ისინი მთელ ორგანიზმზე დადებითად მოქმედებენ:

  • ანორმალიზებენ სითხეების ცვლას;
  • არეგულირებენ ნაწლავების მუშაობას;
  • სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებენ.

სელენის შემცველი ჰეპატოპროტექტორები

ორგანიზმში სელენის, A და C ვიტამინების დეფიციტისას ინიშნება.

ჰეპატოპროტექტორები აღადგენენ ღვიძლის სტრუქტურას, აგრეთვე გამოიყენება ალკოჰოლით, ქიმიური და ბიოლოგიური შხამებით ინტოქსიკაციისას. დადებითი შედეგისთვის საჭიროა მათი ხანგრძლივი დროით თერაპია.

სინთეზური საშუალებანი

გამოიყენება ქრონიკულად მიმდინარე ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობის, ციროზის და აგრეთვე ნაღველკენჭოვანი დაავადებისას.

ამ ჯგუფის პრეპარატები აღადგნენ ჰეპატოციტების მემბრანას, აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ დაცვას და ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი გააჩნიათ.

სხვა პრეპარატები

ღვიძლის გაწმენდისა და საჭმლის მომნელებელ სხვა ორგანოთა ფუნქციების გასაუმჯობესებლად გამოიყენება კომპლექსური ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, მცენარეული კომპონენტები ჰეპატოპროტექტორებთან ერთად.

მათი მოქმედება ორგანიზმზე კომპლექსურია:

  • ზრდიან ჰეპატოციტების მემბრანული გარსის აღმდგენ უნარს;
  • იცავენ უჯრედებს ტოქსიკური ნივთიერებების მოქმედებისგან;
  • ზრდიან საჭმლის მომნელებელ ორგანოთა იმუნურ ძალებს;
  • არეგულირებენ ნაღვლის გადინებას;
  • გამოიყენება ალკოჰოლური და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის მოგვიანებითი შედეგების პროფილაქტიკისთვის.

დაბოლოს!

საკუთრივ ღვიძლი ნერვულ დაბოლოებებს არ შეიცავს, შესაბამისად, იგი არ გვაწუხებს ტკივილით, ტკივილის აღმქმელი ნოცირეცეპტორები იმ კაფსულაშია, რომელშიც ღვიძლია მოთავსებული, მწვავე ტკივილი დამახასიათებელია ნაღვლის სადინარების დახშობისთვის, ღვიძლი კი საშველ სიგნალებს მაშინ აგზავნის, როდესაც დაზიანების შემდგომ ზომაში იზრდება და კაფსულას ჭიმავს.

ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი და ბიოქიმიური ლაბორატორია ფარულად, ლატენტურად და უსიმპტომოდ ზიანდება, სწორედ ამიტომ გარკვეულ რისკჯგუფებში მყოფთათვის, პრევენციისთვის, წელიწადში ერთხელ ღვიძლის და სანაღვლე გზების გეგმური კვლევების ჩატარებაა საჭირო.